მაკა მაისურაძე

maka.maisuradze12@gmail.com





ასევე იხილეთ

ტომი: 2, ნომერი: 1, გვ: 21-24

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:2, ნომერი:1, 18-20 გვ.

ქიმიური ელემენტისა და მარტივი ნივთიერების ცნებების გააზრება ქიმიის სწავლის საწყის ეტაპზე

მაკა მაისურაძე

სსიპ ქალაქ გორის #6 საჯარო სკოლა, ქიმიის სერტიფიცირებული პედაგოგი

რეზიუმე: განხილულია ქიმიის სწავლების საწყის ეტაპზე პირად პედაგოგიურ პრაქტიკაში მოტივაციის ამაღლებისთვის გამოყენებული სტრატეგიები: რესურსების დამოუკიდებლად შექმნა; წარმოდგენის არალინგვისტური ხერხების გამოყენება. აღვწერილია, ამ სტრატეგიების გამოყენებით როგორ აქტიურად ერთვებიან მოსწავლეები სწავლის პროცესში და უადვილლებათ ქიმიის ძირითადი, საკმაოდ აბსტრაქტული ცნებების გააზრება ქიმიურ ელემენტსა და ნივთიერებაზე.

საკვანძო სიტყვები: არალინგვისტური ხერხები, არავერბაური ხერხები, ქიმიური ელემენტები

ქიმიის სახელმძღვანელოს გადაშლისთანავე მოსწავლე ხედავს, რომ სხვა საბუნებისმეტყველო საგნებიდან ქიმიას განასხვავებს სპეციფიკური ქიმიური ენა - სიმბოლოები, ფორმულები და რეაქციათა ტოლობები. ქიმიური სიმბოლოები ქიმიის ანბანია, ფორმულები - სიტყვები, ქიმიური რეაქციები კი - წინადადებები, რომლებიც დასრულებულ აზრს გადმოსცემენ. აზრი, რომელიც შეიძლება ვრცლად გადმოიცეს წინადადებებით, ქიმიური რეაქციებით მოკლედ და კონკრეტულად გადმოიცემა. თუ ქართულში 33 ასო-ბგერაა, ქიმიის ანბანი 118 ქიმიურ სიმბოლოს აერთიანებს. „მშრალი“ და „შინაარსგამოცლილი“ ქიმიური ელემენტების სიმბოლოების სისტემაში მოყვანა და დამახსოვრება, უფრო ზუსტად დაზეპირება თავისი ვალენტობებით, ერთ-ერთი ის სირთულეა, რომელიც პირველივე გაკვეთილებიდან მოსწავლეს ქიმიის სწავლის მოტივაციას უმცირებს და საგნისადმი ინტერესს თანდათან უკარგავს.

ამ სირთულის დაძლევას ინტერაქტიურ გაკვეთილზე არავერბალური ხერხების გამოყენებისა და რესურსებზე მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობით ვახერხებ.

საყრდენ რესურსად თავიდანვე ქიმიური ელემენტების პერიოდულ სისტემას ვიყენებ (პლაკატს ან სახელმძღვანელოს დანართს) და განვუმარტავ მოსწავლეებს, რომ ამ სისტემის თითოეულ უჯრაში ერთი ატომის სახე ანუ ერთი ქიმიური ელემენტია მოთავსებული. თან ვთხოვ რვეულში ჩაიწერონ განსაზღვრება: ქიმიური ელემენტი - ატომის ერთი სახეობაა. შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ, დააკვირდნენ რომელიმე უჯრას და ჩამოთვალონ, რა ინფორმაციაა მოცემული მასში ქიმიური ელემენტის შესახებ. მათ ჩამონათვალს დაფაზე (პლაკატზე) ვწერ: ქიმიური სიმბოლო, სახელწოდება, ატომური ნომერი, ატომური მასა.

შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენებ სქემას, რომლითაც დაინახავენ, რომ თითოეული ქიმიური ელემენტის უკან გრძელი ისტორიაა:

I შექმნა - "დაბადება"
II აღმოჩენა
III სახელწოდება - "ნათლობა"
IV სიმბოლოს შერჩევა
V პერიოდულ სისტემაში ადგილის მიჩენა

ვთანხმდებით, რომ ქიმიური ელემენტი, როგორც ატომის სახე, შორეულ წარსულში სამყაროს წარმოქმნასთან ერთად შეიქმნა. მათგან ზოგი (ოქრო, ვერცხლი, რკინა, გოგირდი....) უძველესი დროიდანვე აღმოაჩინეს, ზოგი მოგვიანებით, ზოგი ისე გაქრა, აღმოჩენაც ვერ მოასწრეს, ზოგის აღმოჩენას დღესაც ცდილობენ. ახლადაღმოჩენილ ელემენტის სახელწოდება ანუ "ნათლობა" თავიდან აღმომჩენის გემოვნებასა და სურვილზე იყო დამოკიდებული, დღეს ამ ფუნქციას IUPAC - სუფთა და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირი ასრულებს. ელემენტების სახელებში ერთგვარი ქაოსია - დასახელებისთვის გამოიყენება ღმერთების, ქალღმერთების, ქალაქების, ქვეყნების, გვარების ლათინური, ბერძნული, არაბული წარმოშობის სიტყვები. ასეთი უწესრიგობა გასაგები გახდება, თუ გაეცნობით თითოეული ქიმიური ელემენტის აღმოჩენის ისტორიას. მათში ბევრია შემთხვევითი, ბუნდოვანი, მითიური, ბურუსით მოცული. მაგალითისათვის გავაცნობ, რომ ოთხი ელემენტი (№39, 65, 68, 70) ევროპის (შვედეთის) ერთი პატარა სოფლის - იტერბის სახელიდან წარმოიქმნა. რით დაიმსახურა ამ სოფელმა ასეთი პატივი? ოთხივე ეს ელემენტი ამ სოფლის ახლოს მდებარე მინერალის შედგენილობაში აღმოაჩინეს. არის შემთხვევა, როცა ახლადაღმოჩენილ ელემენტებს ქვეყნის ან ქალაქის ძველ სახელებს არქმევდნენ.

ორი, უძველესი დროიდან ცნობილი ელემენტის - ოქროსა და გოგირდის სახელები მზეს უკავშირდება. ყვითელ ოქროს სახელი მზის ღმერთის აურას სახელიდან ეწოდა (ქართული ოქრო უქრობს ნიშნავს). ყვითელ გოგირდს "სულფურ"- სანკრისტულ ენაზე მზისფერი ჰქვია.

ასეთი შესავლის შემდეგ გადავდივართ ქიმიური სიმბოლოს ისტორიაზე და აღვნიშნავ, რომ ეს პროცესი ალქიმიური პიქტოგრამებიდან დაიწყო, დალტონის მოდელებით გაგრძელდა და ბერცელიუსის ქიმიური სიმბოლოების შექმნით დასრულდა. ვთხოვ გადაშალონ სახელმ-ძღვანელო და მოიძიონ ეს სიმბოლოები (თითქმის ყველა სახელმძღვანელოშია, თუ არა ცნობარში ნახავენ). შეიძლება დავავალო, რომ სამუშაო რვეულში შეავსონ შემდეგი ცხრილის სახით:

ქიმიური ელემენტი ალქიმიური პიქტოგრამა დალტონის მოდელი ბერცელიუსის ქიმიური სიმბოლო
       

ამის შემდეგ ვიწყებთ ქიმიის ანბანის - ქიმიური სიმბოლოს არსის დადგენას. მოსწავლეებთან ერთად შევარჩევ ლათინური ანბანის პირველ ასოს A და ქიმიური ანბანის პირველ სიმბოლოს H და ვთხოვ შეავსონ მათი ასოციაციური სქემა ნიმუშის მიხედვით:

მოსწავლეები იმუშავებენ ელემენტთა სისტემაზე, შეაჯერებენ თავიანთ შევსებულ სქემებს, რომელთაც საბოლოოდ ასეთი სახე ექნება:

შესაძლებელია არჩევანი რაიმე სხვა ნიშნით გააკეთონ და ასოციაციური სქემები ისე შეადგინონ.

სქემების შევსების შემდეგ ერთმანეთთან (და ჩემთანაც) შეთანხმებით, განსაზღვრავენ რა არის ქიმიური სიმბოლო - ელემენტის აღნიშვნა მისი ლათინურ/ბერძნული სახელწოდების პირველი ან პირველი და რომელიმე მომდევნო ასოთი და თავიანთი განსაზღვრება შეადარონ სახელმძღვანელოში მოცემულს.

ელემენტის სახელწოდებისა და ქიმიური სიმბოლოს გაცნობის შემდეგ, კლასის წინაშე ვსვამ კითხვას: თქვენი აზრით, რას უნდა ნიშნავდეს სიტყვა "ელემენტი"? მოვისმენ სავარაუდო პასუხებს. ამის შემდეგ ვთხოვ, რვეულებში ჩაიწერონ განმარტება: ელემენტი - შემადგენელი ნაწილი.

რისი შემადგენელი ნაწილია ქიმიური ელემენტი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ვთხოვ წარმოიდგინონ, რომ ელემენტების ატომები პერიოდული სისტემის უჯრებიდან "გადმოხტნენ" და ბუნებაში დაიწყეს არსებობა? რა მოხდება? ისინი ცალკეული ატომების სახით დიდხანს ვერ იარსებებენ და აუცილებლად თავისსავე მსგავს ან სხვა სახის ელემენტს დაუკავშირდებიან. ე.ი. გახდებიან მარტივი ან რთული ნივთიერების "შემადგენელი ნაწილი":

მარტივი ნივთიერება - ერთელემენტიანი ნაერთი, რთული ნივთიერება - ორ ან მეტი ელემენტის შემცველი ნაერთი.

შემდეგ მოსწავლეთა ყურადღებას მივაქცევ იმ ფაქტზე, რომ ქიმიური ელემენტისა და მარტივი ნივთიერების სახელწოდება ერთნაირია და ვთხოვ ახსნან მიზეზი (რადგან მარტივი ნივთიერება ერთი ელემენტისაგან შედგება, ამიტომ ამ ელემენტის სახელი ჰქვია).

ვთხოვ გამოთქვან აზრი, როგორ გაარჩიონ ქიმიური ელემენტი ჟანგბადი და მარტივი ნივთიერება ჟანგბადი (წინადადებაში აზრის მიხედვით). შემდეგ პასუხის დადასტურებას მოვთხოვ მაგალითებით. (მაგ. ჟანგბადი შედის ჰაერში (მარტივი ნივთიერება) და წყალში (ქიმიური ელემენტი).

მოსწავლეებს ვთხოვ მოამზადონ ქიმიური ელემენტისა და მარტივი ნივთიერების სავიზიტო ბარათები:

ქიმიური ელემენტი მარტივი ნივთიერება
ატომური ნომერი სახელწოდება
სახელწოდება ქიმიური ფორმულა
ქიმიური სიმბოლო  

ამ სავიზიტო ბარათებს შევავსებთ რამდენჯერმე და საბოლოოდ ცნებებსაც დავაზუსტებთ.

ქიმიური ელემენტის სახელწოდებისა და ქიმიური სიმბოლოების დამახსოვრებისათვის კარგია თამაშები: "ელემენტოლოგია" [1] და “საიდუმლო წერილი“:

ქართული ანბანის ასო ბგერებს თანმიმდევრულად შეუსაბამეთ ქიმიის ანბანის 33 სიმბოლო.

1. მიწერეთ საიდუმლო ქიმიური წერილი მეგობარს: MgFCrCHCIGaHCI . (მიყვარხარ)
2. გაშიფრეთ ეგზიუპერის ფრაზა: CuCrHNaSi, MnBAl CaHCI ArFCoAlCoGaNaB. (წყალო, შენ ხარ სიცოცხლე).

ასეთი აქტიური ჩართულობებით ვეცდები მოსწავლეებმა თავიდანვე სწორად გაიაზრონ და ქიმიური ელემენტი მარტივი ნივთიერებისაგან გაარჩიონ.

ქიმიური ელემენტისა და მარტივი ნივთიერების სავიზიტო ბარათები ყოველ მომდევნო გაკვეთილზე ახალ-ახალი ინფორმაციით შეივსება და საბოლოოდ ასეთ სახეს მიიღებს:

ქიმიური ელემენტის სავიზიტო
ბარათი
მარტივი ნივთიერების
სავიზიტო ბარათი:
ატომური ნომერი სახელწოდება
სახელწოდება ქიმიური ფორმულა (მოლეკელეური სტრუქტურურა)
ქიმიური სიმბოლო მოლეკულური მასა
ატომური მასა ფიზიკური თვისებები (ფერი, სუნი, გემო, აგრეგატული მდგომარეობა)
ვალენტობა ქიმიური თვისებები
ჟანგვის რიცხვი მიღების ხერხები
ელექტროუარყოფითობა ბუნებაში არსებობა
ატომური რადიუსი გამოყენება
იონიზაციის ენერგია  
ელექტრონისადმი სწრაფვის ენერგია   

საშინაო დავალებად მივცემ დაწერონ თავისუფალი თემა: "რას დაკარგავდა/ შეიძენდა ქიმია, ელემენტები სიმბოლოების ნაცვლად მარტო ატომური ნომრებით რომ გამოგვესახა".

ამრიგად, რესურსების შექმნაზე მუშაობა და წარმოდგენის არალინგვისტური ხერხების გამოყენება ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და ამაღლებს ქიმიის სწავლის მოტივაციას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ჟურნალი სკოლა "ქიმია", №5-6, 2004, 11
  2. ჯ.მარზანო...ეფექტური სწავლება სკოლაში. მასწავლებელთა პროფ.განვ. ცენტრი,2009.
  3. წარმოსახვითი განათლება სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, 2012.
  4. ეფექტური სწავლება. თეორია და პრაქტიკა. გამოცდების ეროვნული ცენტრი,2010.
  5. ლ.თევზაძე ქიმია -11, 2013, დანართები.

 

 

გამოქვეყნებულია: 30-08-2015