გაფართოებული ძებნა
"ქიმიის უწყებანი" ტომი:1, ნომერი:2, 15-20 გვ.
ICHO თუ IChO?
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი
რეზიუმე: IChO (International Chemistry Olympiad) არის ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის აკრონიმი. ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება ივლისის თვეში. წელს იგი უკვე 45-ედ ჩატარდა. დასაბამი კი 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში დაედო. მოკლედ მიმოვიხილავთ ოლიპიადის ისტორიას და საქართველოს გაწევრიანების პროცესს.
საკვანძო სიტყვები: IChO, ოლიმპიადა ქიმიაში, საქართველო
IChO (International Chemistry Olympiad) არის ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის აკრონიმი. ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება ივლისის თვეში. წელს იგი უკვე 45-ედ ჩატარდა. დასაბამი კი 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში დაედო.
„1968 წელი ჩეხოსლოვაკიისათვის საკმაოდ დაძაბული იყო, - იგონებს ოლიმპიადის ცოცხალი მემატიანე, ბატონი ანტონ სიროტა, – გაზაფხულზე ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ახალი ლიდერები და ქვეყანაში დიდი ეკონომიკური რეფორმები დაიწყო. ხელახლა გაჩნდა დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის მოთხოვნილება და უკვე დამოუკიდებლობის სუნი იგრძნობოდა. არაერთი ჩემი თანამემამულე სავსე იყო იდეებით, რომელთა განხორციელება ერთი ქვეყნის საზღვრებს სცილდებოდა. ამიტომ გაჩნდა მოთხოვნილება, კავშირი დაგვემყარებინა სხვა ქვეყნებთან, თუმცა ამის საშუალებას სოციალისტური რეჟიმი პრაქტიკულად არ იძლეოდა. და სწორედ მაშინ რამდენიმე კოლეგასთან ერთად გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა საერთაშორისო ოლიმპიადა ქიმიაში, რომელშიც მონაწილეობას ჩეხოსლოვაკიელი მოსწავლეების გარდა სხვებიც მიიღებდნენ.
ანტონ სიროტა,
IChO-ს ერთ-ერთი პირველი ორგანიზატორი
დასახელების შერჩევაც არ იყო მარტივი. ოლიმპიადის აკრონიმი ICHO უკვე გამოიყენებოდა და ეკუთვნოდა International Curled Horse Organization-ს. ამიტომ საორგანიზაციო კომიტეტს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ იგი დაეთანხმებინა და საბოლოოდ მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა იქნებოდა IChO.“
პირველი ოლიმპიადა საკმაოდ მოკრძალებული იყო. მასში სულ სამი 6–კაციანი გუნდი მონაწილეობდა სოციალისტური ბანაკის სახელმწიფოებიდან (ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, უნგრეთი). საორგანიზაციო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემდეგი ოლიმპიადისათვის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მიეწვიათ, თუმცა საუბარი მხოლოდ სოციალისტურ ქვეყნებზე იყო.
1969 წელს ოლიმპიადა პოლონეთში ჩატარდა და მონაწილეებს ბულგარეთი შეუერთდა, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა და საბჭოთა კავშირი მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდნენ. მომდევნო წელს შვიდი ქვეყნის (ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, გდრ, რუმინეთი, სსრკ) გუნდებმა მოსინჯა ძალები ოლიმპიადაზე ბუდაპეშტში. ამასთანავე, ოლიმპიადის ოფიციალურ ენათა შორის შეიტანეს ინგლისური ენაც მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ინგლისურენოვანი ქვეყანა ოლიმპიადაში არ მონაწილეობდა. ოლიმპიადა წარმატებით ჩატარდა, თუმცა საორგანიზაციო კომიტეტმა ვერ მოახერხა შემდგომი ოლიმპიადის დაგეგმვა და ამიტომ ოლიმპიური გუნდები იმავე წარმომადგენლობით ერთმანეთის პირისპირ მხოლოდ 1972 წელს მოსკოვში წარდგნენ. მოსკოვის მე-4 ოლიმპიადაზე საორგანოზაციო კომიტეტმა კორექტირება შეიტანა დებულებაში და დასაბამი დაედო ახალ წესს, რომლის მიხედვითაც ყოველი ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე მომდევნო წლის მასპინძელი ქვეყანა ოფიციალურ განცხადებას აკეთებს მონაწილეთა მიპატიჟების შესახებ და საზეიმო ვითარებაში იბარებს ალამს.
1974 წელს მე-6 ოლიმპიადაზე რუმინეთმა გამოიჩინა გამბედაობა და პირველად მოიწვია კაპიტალისტური ბანაკის ქვეყანა - შვედეთი და სოციალისტურ ბანაკს დაშორებული იუგოსლავია. მონაწილე ქვეყნების რაოდენობა ათამდე გაიზარდა. ამავე წელს იქნა მიღებული ოლიმპიადის ჰიმნიც: "Gaudeamus igitur ".
რუმინეთის გაბედულ ნაბიჯს მალე სხვა ორგანიზატორმა სახელმწიფოებმაც აუწყვეს ფეხი. 1975 წელს უნგრეთში უკვე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ავსტრიისა და ბელგიის ნაკრებებმაც იასპარეზეს.
1976 წელს კიდევ ერთი დიდი სიახლე მოხდა ოლიმპიადის ისტორიაში. 1976 წლამდე ოლიმპიადის ორგანიზატორებად ძირითადად განათლების სამინისტროები და სხვა სამთავრობო ორგანიზაციები გვევლინებოდნენ. 1976 წლის გაზაფხულზე კი მე-8 ოლიმპიადის წინ (რომლის მასპინძელი ქვეყანა იყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) ჩეხოსლოვაკიაში მოწვეულ იქნა სპეციალური სემინარი, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო UNESCO-მაც. მიღებულ იქნა ოლიმპიადის ახალი დებულება და ამ დღიდან ოლიმპიადის ორგანიზატორთა რიგებში არასამთავრობო ორგანიზაციები სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ოლიმპიადაც დამოუკიდებელი გახდა და მის მუშაობაში განათლების სამინისტროები ნაკლებად ერეოდნენ. ეს დამოუკიდებლობა მალე დადებითად აისახება კიდეც ოლიმპიადის განვითარება-გაფართოებაზე.
მე-8 ოლიმპიადაზე კიდევ ერთი სიახლე დაინერგა. მენტორებს უფლება მიეცათ მშობლიურ ენაზე ეთარგმნათ ამოცანები. ამით დასაბამი დაედო ოლიმპიადის ე.წ. "გრძელ ღამეებს". მენტორებს ამოცანების თარგმნა ძირითადად უწევთ მთელი ღამის განმავლობაში, ვინაიდან დილით იგი უკვე გუნდებს უნდა გადაეცეს.
1977 წელს მე-9 ოლიმპიადაზე 12–მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა და დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდნენ: თურქეთი, ფინეთი და UNESCO. ამ წელს პირველად გაიცა ნამდვილი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. გარდა ამისა, შემდგომი ოლიმპიადის ორგანიზატორ ქვეყანას (პოლონეთი) ნება დაერთო ჰყოლოდა ერთით მეტი დამკვირვებელი, რაც შემდგომში საერთო წესად იქცა.
მე-10 ოლიმპიადაზე პოლონეთში პირველად იასპარეზეს თურქეთისა და ფინეთის ნაკრებებმა. ამავე ოლიმპიადაზე დაწესდა დღემდე მოქმედი წესი საპრიზო ადგილების განაწილებაზე. მე-10 ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მიიღო მონაწილეთა 10%-მა, ვერცხლის – 20%–მა და ბრინჯაოსი – 30%–მა.
1982 წლამდე ოლიმპიადის რიგები კიდევ უფრო გაფართოვდა მონაწილე ქვეყნებისა და ორგანიზატორ-პატრნიორების მხრივ. UNESCO-ს დაემატა სხვა ორგანიზაციებიც, როგორიცაა: IUPAC და FECS.
მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე პიტერ ვოთერსი (დიდი ბრიტანეთი)
შემაჯამებელი სიტყვა, 45-ე ოლიმპიადა, 2013 წელი, მოსკოვი
1983-1991 წლებში ოლიმპიადა აღმავლობის გზას ადგას. ევროპაში პოლიტიკური რეფორმების შედეგად ჩნდებიან ახალი სახელმწიფოები, რომლებიც თანდათანობით IChO–ში წევრიანდებიან და უკვე დამოუკიდებლად ასპარეზობენ. 1983 წელს ოლიმპიადას შეუერთდა დიდი ბრიტანეთი, 1984 წელს დაბრუნდა ბელგია, რომელიც 1980 წლიდან აღარ ასპარეზობდა, 1985 წელს დაემატა კუბა და ქუვეითი. 1986 წელს – კანადა, 1987 წელს მონაწილე მოსწავლეების რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა, ხოლო ქვეყნების რაოდენობამ 26-ს მიაღწია ახალი წევრების – ჩინეთისა და შვეიცარიის ჩათვლით. 1988 წელს დაემატა სინგაპური და ავსტრალია. 1990 წელს საფრანგეთში შემომატებული ქვეყნების რიცხვში მოხვდნენ კვიპროსი და ტაილანდი. ოლიმპიადაზე საბჭოთა ნაკრებმა ვერ იასპარეზა ვიზების არქონის (არ გაცემის) გამო. 1991 წელს კი დამოუკიდებლობის მიღებისთანავე ოლიმპიადას შეემატა ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა – ლიტვა, ლატვია, ესტონეთი.
უკვე ნათელი იყო, რომ შემდგომ წლებში ოლიმპიადა კიდევ უფრო მეტად გაფართოვდებოდა. ამიტომ დღის წესრიგში დადგა მუდმივმოქმედი მმართველი კომიტეტის შექმნა, რომელიც კოორდინაციას გაუწევდა ოლიმპიადის ორგანიზებას. 1992 წელს შეიქმნა ასეთი კომიტეტი, ხოლო 1994 წელს ბრატისლავაში, სადაც დასაბამი დაედო ამ ოლიმპიადას, ჩამოყალიბდა საინფორმაციო ცენტრი.
1994 წლიდან მმართველი კომიტეტის სხდომები ყოველწლიურად იმართება. 1999 წელს მმართველმა კომიტეტმა მიიღი ახალი დებულება, რომელიც მცირეოდენი შესწორებებით დღემდე მოქმედებს.
1999 წელს ოლიმპიადის მონაწილეთა რიცხვმა 196-ს მიაღწია მსოფლიოს 52 ქვეყნიდან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1991-1999 წლებში ოლიმპიადას შეურთდა ახლადწარმოქმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოები, უზბეკეთისა და საქართველოს გარდა.
2013 წელს ოლიმპიადაში 291–მა მოსწავლემ მიიღო მონაწილოება, ხოლო მონაწილე ქვეყნების რაოდენობამ 77-ს მიაღწია (მათ შორის 3 დამკვირვებლის სტატუსით).
საქართველომ პირველად განაცხადი 2011 წლის ზაფხულში გააკეთა. მომზადდა სპეციალური სააპლიკაციო ფორმა და გაეგზავნა IChO-ს მმართველ კომიტეტს. კომიტეტმა თავის მორიგ სხდომაზე იმავე წლის დეკემბერში მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და საქართველოს ნება დართო მიეღო მონაწილეობა ოლიმპიადაში ორი წლის განმავლობაში დამკვირვებლის სტატუსით. ოლიმპიადის წესდების თანახმად, ახალი წევრი ოლიმპიადას ორი წლის განმავლობაში ესწრება მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით. 2012 წელს საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში დამკვირვებლის რანგში (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობითა და დაფინანსებით). დამკვირვებელი ქვეყანა ვალდებულია მმართველი კომიტეტის წინაშე წარსდგეს მოხსენებით ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილე მოსწავლეების შერჩევის წესის შესახებ. ჩვენდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველივე მოსმენაზე საქართველომ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, რაშიც ლომის წილი მიუძღვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კერძოდ კი, გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს. მათ მიერ შემუშავებული ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის მოსწავლეთა შერჩევის წესი, ორგანიზებულობა, გამჭვირვალობა, მიუკერძოებლობა და მასშტაბურობა არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რომელზეც აპელირებას აკეთებს IChO-ს მმართველი კომიტეტი.
ქართველი დამკვირვებლები ყაზახეთის, ჩინეთისა და უზბეკეთის მენტორებთან ერთად
IChO-45, მოსკოვი, 2013
2013 წელს საქართველო უკვე ორი დამკვირვებლით წარდგა 45-ე ოლიმპიადაზე, რომელზეც ჩვენი მხრიდან ხელახლა გაკეთდა მოხსენება და კომიტეტმა პრაქტიკულად დამატებითი შეკითხვების გარეშე ერთხმად მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. საქართველოსთან ერთად დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდნენ ლიხტენშტეინი (მეორედ), მონტენეგრო და ომანი (პირველად). ლიხტენშტეინისა და მონტენეგროსათვის დამაბრკოლებელ ფაქტორად ეროვნული ოლიმპიადის არარსებობა წარმოადგენდა, ომანისათვის კი შერჩევის წესის ბუნდოვანება. იმავე პრობლემის წინაშე იდგა 2012 წელს მეორე წლის დამკვირვებლის სტატუსით მონაწილე უზბეკეთი.
ჩვენი მოხსენება კომიტეტის სხდომის ბოლოსთვის დაინიშნა, და ერთადერთი კომენტარი, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ, პიტერ ვოთერსმა გააკეთა, იყო "აქ ყველაფერი ნათელია", რასაც დუკვან ლიუმ (კორეა) დაამატა "მათ საიტზეც ყველაფერი ნათლად აქვთ წარმოდგენილი"...
ამით დასრულდა ჩვენი დამკვირვებლობის სტატუსიც და იმ დღის კომიტეტის სხდომაც. საქართველოს წარმომადგენლები სხდომათა დარბაზს სიხარულითა და სიამაყით ვტოვებდით, თუმცა ნათლად გვესმოდა შემდეგი წლის სიმძიმე... 2014 წელს საქართველო პირველად მის ისტორიაში ოთხი წევრისაგან შედგენილი გუნდით უნდა ჩაერთოს ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში ვიეტნამში.
და კიდევ ერთი, უკვე ფოიეში გამოსულებს პროფ. ერიომინი (რუსეთი) წამოგვეწია და გვკითხა: ასე მოწესრიგებული გაქვთ სისტემა და რატომ აქამდე არ იღებდითო მონაწილეობას. სამწუხაროდ, ეს ალბათ ერთადერთი კითხვა იყო, რაზეც ჩვენ იმ დღეს პასუხი არ გვქონდა...
დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა საქართველოს ნორჩ ქიმიკოსთა სახელით დიდი მადლობა გადავუხადო გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს. რომ არა მათი ძალისხმევა, ქიმიაზე შეყვარებული ქართველი მოსწავლეები კიდევ დიდხანს ვერ ეზიარებოდნენ ქიმიის "დიდ ავიაციას".
გამოქვეყნებულია: 13-08-2013