ინდიუმი
ინდიუმი დიმიტრი ელემენტების პერიოდულობის ცხრილის მეხუთე პერიოდის ქიმიური ელემენტია, ატომური ნომრით 49.
ისტორია
ინდიუმი აღმოაჩინეს გერმანელმა ქიმიკოსებმა ფერდინანდ რეიხმა და თეოდორ რიხტერმა 1863 წელს მაღაროების საბადოების შემოწმებისას. იცოდნენ რომ იმ რეგიონში მადნები შეიცავდა თალიუმს, ამიტომ სპექტრის ხაზებში თალიუმის მწვანე ხაზებს ელოდნენ. თუმცა მათ კაშკაშა ლურჯი ხაზები აღმოაჩინეს და რადგანაც ლურჯი ხაზები იმ დროისათვის ცნობილ არცერთ ელემენტს არ ჰქონდა, ივარაუდეს რომ ახალი ელემენტი აღმოაჩინეს. სპექტრში არსებული ინდიგოს ფერის გამო ამ ელემენტს ინდიუმი უწოდეს.
იზოტოპები
ინდიუმისათვის ცნობილია 39 იზოტოპი, მასური რიცხვით 97-დან 135-მდე. მათ შორის მხოლოდ ორი იზოტოპია ბუნებრივი: 113In-ერთადერთი სტაბილური იზოტოპია. 115In-ის ნახევარდაშლის პერიოდია 4.41×1014 წელი. ინდიუმის 95.7%-ს 115In წარმოადგენს. ყველაზე სტაბილური ხელოვნური იზოტოპია 111In, რომლის ნახევარდაშლის პერიოდი 2.8 დღეა. ყველა სხვა დანარჩენი იზოტოპის ნახევარდაშლის პერიოდი 5 საათზე მცირეა.
ფიზიკური თვისებები
ინდიუმი ვერცხლისებრ-თეთრი, რბილი ლითონია. ნატრიუმის მსგავსად შესაძლებელია მისი დანით დაჭრა. იგი პერიოდულობის ცხრილის მეცამეტე ჯგუფის ელემენტია და თვისებებით გალიუმისა და თალიუმის მსგავსია. მისი დუღილის ტემპერატურაა 2072 °C, ,რაც თალიუმის დუღილის ტემპერატურას აღემატება, გალიუმისაზე კი მცირეა.
ქიმიური თვისებები
ინდიუმს 49 ელექტრონი აქვს და მისი ელექტრონული კონფიგურაციაა [Kr]4d105s25p1. ნაერთებში ძირითადად ინდიუმი გასცემს სამ ელექტრონს და წარმოქმნის In3+ იონს, ზოგიერთ შემთხვევაში კი მხოლოდ ერთ ელექტრონს გასცემს და In+ იონს წარმოქმნის.
ინდიუმის (I) ნაერთები ამჟღავნებენ ფუძე ბუნებას, ინდიუმის (III) ნაერთები კი მჟავური ბუნების მატარებელია. თავისუფალ მდგომარეობაში ინდიუმი არ შედის რეაქციაში წყალთან.
ინდიუმ(III)-ის ოქსიდი In2O3 წარმოიქმნება მეტალური ინდიუმის ჰაერზე წვისას ან ინდიუმის ნიტრატის გახურებისას. In2O3 ამჟღავნებს ამფოტერულ თვისებებს. იგი ურთიერთქმედებს როგორც მჟავასთან, ასევე ფუძესთან.
ინდიუმი იხსნება წყალში და წარმოქმნის ჰიდროქსიდს, რომელიც ასევე ამფოტერულია.
In(OH)3 + 3 HCl → InCl3 + 3 H2O
ინდიუმ(I)-ის ოქსიდი შავი ფერის ფხვნილია, რომელიც In2O3-ის 700°C-ზე გახურებისას მიიღება.
გამოყენება
ინდიუმის შენადნობები გალიუმთან და კალასთან გამოიყენება ზოგიერთ თერმომეტრში ვერცხლისწყლის ნაცვლად. ინდიუმის შენადნობები ბისმუტთან, კადმიუმთან და რკინასთან გამოიყენება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებში.
ინდიუმი იყენებენ სტომატოლოგიაში.
ინდიუმის ოქსიდი გამოიყენება მინის ზედაპირის დასაფარად, რის შემდეგაც იგი ხდება ელექტროგამტარი და ინარჩუნებს გამჭვირვალობას.
ბიოლოგიური როლი
ინდიუმს ორგანიზმში მეტაბოლური როლი არ გააჩნია. ალუმინის მარილების მსგავსად, ინდიუმის (III) იონები შესაძლოა ინექციის დროს მომწამვლელი იყოს თირკმლისთვის. ინდიუმის ფოსფიდი ზიანს აყენებს ფილტვებსა და იმუნურ სისტემას. რადიოაქტიური 111In გამოიყენება ბირთვულ მედიცინაში.
მასალა მომზადებულია www.wikipedia.com -ის მიხედვით