გიგა ჩალიგავა

Chaligava1997@gmail.com





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:1, 19-20 გვ.

არაბული ალქიმია:ახალი ეტაპი ქიმიის განვითარებაში

გიგა ჩალიგავა

სტუდენტი/თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი/ბაკალავრი/593262149

რეზიუმე: ქიმიის განვითარების ეტაპების ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია არაბულ ალქიმიას, რომელიც ბევრი ფაქტის გამოა აქტუალური. ბერძნულ-ეგვიპტური ეპოქის შემდეგ არაბებმა იტვირთეს მეცნიერების მთელი სირთულე და მდიდარი მასალა გადასცეს ევროპელ სწავლულებს. არაბებმა გამოთქვეს მოსაზრება „ფილოსოფიურ ქვაზე“ , ე.წ “ელექსირზე“, მის თვისებებზე. საუკუნეების განმავლობაში არაბებმა შეისწავლეს მეტალების, წყლის , ნივთიერებათა თვისებები, რამაც წარმატებით იმოქმედა ქიმიაში მსოფლიო ცოდნის დაგროვებაზე.

საკვანძო სიტყვები: ალქიმია, ფილოსოფიური ქვა, სულემა, ბერძნული ცეცხლი, ოქრო



ალქიმიური პერიოდი ეფუძნება განვითარების სხვადასხვა ეტაპებს. ესენია: ძველ ბერძნული, ეგვიპტური , არაბული და ევროპული. ბერძნულ-ეგვიპტურმა ეტაპმა, რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, განვითარება ჰპოვა არაბულ სახალიფოში. 642 წელს არაბებმა დაიპყრეს ეგვიპტე, სადაც ალქიმიური მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ბაზა იყო დაგროვილი. სახალიფოს ტერიტორიის გაზრდამ ხელი შეუწყო ალქიმიის სფეროში ერთიანი მუშაობის დაწყებას, რომელსაც შეუერთდნენ ირანელი სწავლულებიც. 670 წელს, კონსტანტინოპოლის ალყისას, არაბები გაეცნენ „ბერძნულ ცეცხლს“, რომელსაც წყალი ვერ აქრობდა. ბერძნები ამ იარაღს მტრის გასანადგურებლად იყენებდნენ და მისი დამზადების საიდუმლო მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. ამის შემდეგ იწყება ფიქრი მსგავსი ნივთიერების შექმნაზე, რომელსაც წყალი ვერაფერს დააკლებდა. არაბებმა ქიმიას ზედსართი „ალ“ დაუმატეს, რომელიც „ალქიმიის“ სახელით გავრცელდა ევროპაში.

სურათი. © Chemical Heritage Magazine, L.A. Mayer Museum for Islamic Art, Jerusalem.


არაბულმა ალქიმიამ ბერძნულ-ეგვიპტურ გამოცდილებაზე დაფუძნებით შექმნა ახალი ეტაპი ქიმიის განვითარებისთვის, რომლის თეორიული საფუძველი გახდა არისტოტელეს თეორია ოთხი ელემენტის შესახებ. 711 წელს არაბებმა გადალახეს გიბრალტარის სრუტე და დაიპყრეს პირინეის ნახევარკუნძული, მათ უშუალო კავშირი დაამყარეს ევროპელებთან, რის შემდეგადაც ორმხრივი ურთიერთობა იწვევდა გამოცდილების მატებას ხალხებს შორის.
არაბულ ალქიმიაში საპატიო ადგილი უჭირავს აიუბ ალ-რუჰავის (769-831), რომელიც თავის ნაშრომებში საუბრობს მეტალთა თვისებების შესახებ. მან დაადგინა, რომ ოქრო უფრო ადვილად ჭედადია, ვიდრე ვერცხლი, იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ოქროს მეტი ტენი აქვს.


მან ასევე შეისწავლა რკინისა და ვერცხლის თვისებები. მისი მოღვაწეობამდე ადრე აღსანიშნავია ჯაბირ იბნ ჰაიანი (721-815), რომელიც ევროპაში „გებერის“ სახელითაა ცნობილი. მან აღწერა ნიშადურის სპირტი, შექმნა ტყვიის თეთრი საღებავი. ძმრის გამოხდით მან მიიღო ძმარმჟავა. ასევე, მის სახელს უკავშირდება აზოტმჟავას მიღება. ჰაიანი გოგირდს ფერის გამო ოქროს ადარებდა. ოქროს მიღება შესაძლებელი გახდებოდა ნივთიერების „ალ-იკსირ“ - ფილოსოფიური ქვის მიღების შემდეგ. “ალ-აკსირ“ იქცა ევროპული ელექსირის ანალოგად. ფილოსოფიური ქვა წარმოადგენს სუბსტანციას, რომელიც ნებისმიერ ლითონს ოქროდ აქცევდა, ასევე მკურნალობდა ყველა დაავადებას. მან შემოგვთავაზა უკვდავების რეცეპტი, რომელიც 1000 წლიანი ღამურისა და ბაყაყის შიგნეულობის დაქუცმაცების შედეგად მიიღებოდა. ჰაიანის მოღვაწეობა მრავალფეროვანი იყო. მისი ცნობილი ნაშრომებია:“წიგნი საწამლავებზე“, „წიგნი ფილოსოფიურ ღუმელებზე“. ეს შესაბამისად აისახა დარგის განვითარებაზე. ჰაიანმა დიდი ყურადღება დაუთმო პრაქტიკულ მუშაობას. აორთქლება, გახსნა , კრისტალიზაცია. მან მიიღო ვერცხლის ნიტრატი (AgNO3), ასევე სულემა (HgCl2). შეიმუშავა ქსოვილის შეღებვის წესი.


არაბი ალქიმიკოსი და ექიმი არ-რაზი (854-925) აგრძელებს ჰაიანის გზას. მან ცდების შედეგად მიიღო თაბაშირი და გამოიყენა იგი მოტეხილობის დასაფიქსირებლად. დეტალურად შეისწავლა ნივთიერება Sb (სტიბიუმი) , მაგრამ ჰაიანისგან განსხვავებით არ-რაზი მეტ ყურადღებას მედიცინისადმი იჩენდა. აღსანიშნავია, რომ არ-რაზის წიგნი „საიდუმლოებათა საგანძური“ - გამოიყენა ქართლის მეფემ ვახტანგ VI-მ თავის წიგნში „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა“. არ-რაზიმ პირველმა გამოყო ნაერთის სამი სახე: მინერალური, მცენარეული და ცხოველური. აქროლადი ვერცხლისწყლისა და აალებადი გოგირდის საშუალებით, რაზიმ მიიღო მყარი ნივთიერება. მისი აზრით, ნივთიერების თვისებები განისაზღვრება მისი შემადგენელი ატომებით და მათ შორის თავისუფალი ადგილის მიხედვით.
X-XI საუკუნეებში მოღვაწე ალ-ბირუნი - მეტალთა სიმკვრივის ცხრილს აქვეყნებს, რომელიც თითქმის სიზუსტით ასახავს მეტალთა სიმკვრივის მონაცემებს.
იბნ სინა (ავიცენა- 980-1037) მრავალ სფეროში მოღვაწეობდა, მათ შორის ქიმიაშიც. იგი ეწინააღმდეგებოდა იმ შეხედულებას, რომ შესაძლებელი იყო ოქროს მიღება. მან გამოიკვლია წყლის თვისებები. მიიღო ნივთიერებები: HCL, NAOH, H2SO4, HNO3.

დასკვნა. არაბულმა ალქიმიამ გზა დაუთმო ევროპულ ალქიმიას. ევროპელებმა ბევრი რამ გადაიღეს მათგან. აღსანიშნავია, ფრენსის ბეკონი, თომა აქვინელი, იოანე სკოტ ერიუგენა, პიერ აბელარი.
მონღოლების შემოსევების შემდეგ , სამეცნიერო საქმიანობის ხარისხი დაეცა რეგიონში, თუმცა ნაშრომები დღესაც შემოგვრჩა და ევროპელმა სწავლულებმა განავითარეს.
არაბული ალქიმიის პერიოდი გამორჩეული ეტაპია, რადგან ჩამოყალიბდა ბევრი ახალი მოსაზრება, უტოპიურიდან დაწყებული, რეალურით დამთავრებული. იუსტუს ლიბიხი წერდა, რომ ალქიმია ჩვეულებრივი საფეხურია ქიმიის განვითარებაში. „იმისათვის ,რომ დავრწმუნდეთ ფილოსოფიური ქვის უსარგებლობაში, საჭიროა შევისწავლოთ და დავაკვირდეთ, და ამაში მდგომარეობს ამ იდეის საოცარი გავლენა“. მართლაც, არაბული ალქიმიის „საოცარი გავლენა“ ევროპელებსაც გადაედო, რომელიც გახდა თანამედროვე ქიმიის ჩამოყალიბების საწინდარი.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. თათრიშვილი თ. ქიმიის ისტორია, თბილისი, 2016
2. მათითაშვილი შ. ალქიმიკოსები, ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, N3 (27) თბილისი 2015.
3. Alchemy and chemistry Islam https://en.wikipedia.org/wiki/Alchemy_and_chemistry_in_medieval_Islam#Alchemical_and_chemical_theory
4. Christopher D , Alchemy in the mddle east , http://www.asfar.org.uk/alchemy-in-the-middle-east/



 

გამოქვეყნებულია: 24-07-2017