ნათია ბოტკოველი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი

nbotkoveli1995@gmail.ge





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:1, ნომერი:2, 26-27 გვ.

"სიკვდილი სიცოცხლის სამსახურში"

ნათია ბოტკოველი

რეზიუმე: ყოველგვარი საბუნებისმეტყველო განათლების გარეშეც კი, ბუნებაზე დაკვირვებული ადამიანი მიხვდება, რომ სამყაროში უკვალოდ არაფერი ქრება, მხოლოდ მათი გარდაქმნა ხდება. ერთი სიცოცხლე მეორეს წარმოშობს. ბუნების მესაიდუმლე, ვაჟა-ფშაველა წერდა: "სიცოცხლეს სიცოცხლე უყვარს".

საკვანძო სიტყვები: ნივთიერებათა ცვლის კანონზომიერებანი, რედუცენტები, ბიოცენოზი, პროდუქტიულობა



"თაობები მიდიან და მოდიან, ქვეყანა კი უცვლელია.
ამოდის მზე და ჩადის მზე, კვლავ თავის ადგილს უბრუნდება.
მდინარეები ზღვას ერთვიან და მისგან გაედინებიან.
ზღვა იტევს მათ და იმავე ადგილას რჩება"
სიბრძნე სოლომონისა, I. 3-41

შეიძლება ბავშობაში ბევრს აწუხებდა მსგავსი კითხვა, სად ქრება მკვდარი ცხოველების გვამები? მათ ხომ არავინ მარხავს, ნუთუ უკვალოდ იკარგებიან?

ამ კითხვაზე პასუხს მაშინ ვიღებთ, როდესაც ვსწავლობთ ნივთიერებათა ცვლის კანონზომიერებებს ბიოსფეროში.

ყოველგვარი საბუნებისმეტყველო განათლების გარეშეც კი, ბუნებაზე დაკვირვებული ადამიანი მიხვდება, რომ სამყაროში უკვალოდ არაფერი ქრება, მხოლოდ მათი გარდაქმნა ხდება. ერთი სიცოცხლე მეორეს წარმოშობს. ბუნების მესაიდუმლე, ვაჟა-ფშაველა წერდა: "სიცოცხლეს სიცოცხლე უყვარს".

ერთი სიცოცხლიდან მეორის წარმოქმნა ბიოსფეროს მუდმივობას უზვრუნველყოფს. ნივთიერებათა ცვლის პროცესში ქიმიური ელემენტები არც წარმოიშობა და არც ისპობა. მათი მარაგი უცვლელი რჩება. სამაგიეროდ, წრებრუნვისას ქიმიური ელემენტის ბუნებაში არსებობის ფორმა იცვლება.

ნივთიერებათა წრებრუნვის საკითხები ბიოქიმიაში განიხილება, თუმცა იგი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ბიოქიმიის გარდა სხვა სფეროებშიც შეიმჩნევა მისით დაინტერესება.

დასაწყისში ციტატა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან შემთხვევითი არაა, სწორედ ვაჟა იყო ის მწერალი, რომლის შემოქმედებაც გვაფიქრებინებს, რომ არა ნივთიერებათა ცვლის კანონზომიერებანი, ამქვეყნად სიცოცხლე არ იარსებებდა.

ვაჟა-ფშაველა ბუნების წიაღში გაზრდილი და ბუნებასავით სწორუპოვარი შემოქმედია, მისი სახელი ყველა ქართველისათვის საყვარელი და ახლობელია.

სანამ უშუალოდ ვაჟას შემოქმედებაში განვიხილავდეთ ნივთიერებათა ცვლის კანონზომიერებებს, მანამ ზოგადად მიმოვიხილოთ იგი. ამისათვის მოვიყვანოთ ტიმირიაზევისეული განმარტება:

"ორგანიზმების დამახასიათებელი ძირითადი თვისება, რითაც ისინი განსხვავდებიან არაორგანიზმებისგან, მდგომარეობს მუდმივი ქმედითი გარემოს ცვლაში მათ ნივთიერებასა და გარემომცველ არეს შორის. ორგანიზმი ღებულობს ნივთიერებას, გარდაქმნის მას და თავის მსგავსად (ითვისებს, ასიმილირებს), კვლავ ცვლის და გამოყოფს."2

ანტუან ლავუაზიე წერდა: "მცენარეები ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს არაცოცხალი ბუნებისაგან იღებენ. ცხოველები მცენარეებით ან ბალახისმჭამელი ცხოველებით იკვებებიან. ასე რომ, ყველა ორგანიზმი საბოლოოდ ნივთიერებებს ჰაერის, წყლისა და მინერალებისაგან იღებს. დუღილი, ლპობა, წვა, ჟანგვა განუწყვეტლივ აბრუნებს გარემოში იმ საწყის ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმებმა ოდესღაც ისესხეს."3

როგორც ვთქვით, ორგანიზმები იხრწნებიან კვლავ ბუნების წიაღს უბრუნდებიან. როგორ ხდება ეს? ამ პროცესში უდიდეს როლს ორგანული დამშლელები, ანუ რედუცენტები ასრულებენ. ძირითადად ესენი ბაქტერიები და სოკოები არიან, რომლებიც მკვდარ ცხოველებს, მცენარეებს ან მათ ნაწილებს (ფოთლები, ტოტები, ნაყოფი) შლიან მარტივ არაორგანულ ნაერთებად.

ბიოცენოზი გარემოდან განუწყვეტლივ მიიღებს ენერგიას, რომელსაც გარდაქმნის და შინაგანი სტრუქტურის ორგანიზაციისა და სხვადასხვა საციცოცხლო პროცესებისათვის იყენებს. იგი ხმარდება ნივთიერებათა წრებრუნვას და სისტემის მთლიანობის შენარჩუნებას. ეკოსისტემაში ენერგიის ნაკადი სხვადასხვა კვებით (ტროფულ) დონეებს გაივლის. დედამიწაზე დაცემული მზის სხივური ენერგიის მხოლოდ 1-2% ასიმილირდება მცენარეების მიერ. შთანთქმილი ენრგიის მხოლოდ 30-70% ხმარდება ცხოველმყოფელობას.4

ავტოტროფების ბიომასას ეკოსისტემის პირველად პროდუქციას უწოდებენ, ხოლო ორგანული ნივთიერებების წარმოქმნის ინტენსივობას კი პირველად პროდუქტიულობას. კონსუმენტები, რომლებიც საკვებად პირველად პროდუქციას იყენებენ, ქმნიან მეორად პროდუქციას, მისი წარმოქმნის ინტენსივობას მეორეული პროდუქტიულობა ეწოდება.5

ეკოსისტემაში ხორციელდება ნივთიერებათა გადაცემა ერთი ჯგუფიდან მეორეში.

უდავოა, რომ ვაჟა ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი იმ შემოქმედთაგანია, რომელიც სიკვდილისადმი სტეპტიკურად არ არის განწყობილი, იგი წერს: "შენ გენაცვალე, სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა." სიკვდილი ახალი სიცოცხლის დასაწყისს ნიშნავს, ვაჟას ლექსი, "ნატვრა", ამ ფაქტის ნათელი მაგალითია:

"ამ ბეჩაურის ჟამითა
დაჰშალო დაანაწილო
ძვლები და ლეში კანითა?
ზეზეურ დარჩეს, ღვთის მადლსა
ყელგამოჭრილი დანითა
რომ ფერფლი ჩემის ლეშისა
გადატანილი ქარითა,
მიეხლოს იმის ნეშტის ფერფლს
განედლებული ცვარითა." 6

მინერალური ნივთიერებანი ორგანიზმებში იმყოფებიან ან სათანადო იონების სახით, ან შედიან უფრო რთულ არაორგანულ ნაერთებში. ისინი ორგანიზმში იმყოფებიან სხვადასხვა მდგომარეობაში და ერთმანეთისგან განსხვავებულ როლს ასრულებენ. ჩვენი ორგანიზმიდან ისინი კვლავ მიწას უბრუნდებიან, საიდანაც ახალი სიცოცხლის საწყისები ხდებიან, სწორედ ისე, როგორც ეს ვაჟას ლექსში იყო ნათქვამი.

ამრიგად, ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბიოსფეროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ქიმიური ელემენტების წრებრუნვაა. ბიოგენური ნივთიერებები გარემოდან აღწევენ ორგანიზმში, ხოლო ამ უკანასკნელიდან კვლავ გარემოში ხვდებიან. ბიოსფეროში მიმდინარეობს წყლისა და ორგანიზმის შემადგენელ ნივთიერებათა შენებაში მონაწილე

ელემენტების წრებრუნვა. მწვანე მცენარეები მზის ენერგიის გამოყენებით ასინთეზირებენ ორგანულ ნივთიერებებს, რომლის ნაწილს იყენებენ ჰეტეროტროფები (კონსუმენტები, რედუცენტები) და შლიან მათ. დაშლის საბოლოო პროდუქტებს კვლავ მცენარეები იყენებენ ორგანულ ნაერთთა სინთეზისათვის. ვაჟა-ფშაველას გენიალურობის კიდევ ერთი დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ მან ეს პროცესები მარტივად, გასაგებად და, რაც მთავარია, მხატვრულად გადმოსცა თავის შემოქმედებაში. დასასრულს, მის ლამაზ სტროფებს მოვიხმობთ ლექსიდან, "სოფლისა წესი ასეა":

"სოფლისა წესი ასეა:
ჩვენ წავალთ, სხვანი რჩებიან;
იმათ მაგივრად მალედვე
მეორეები ჩნდებიან.
სიცოცხლეს სიცოცხლე უყვარს,
ეს მიტომ დადვა წესადა;
სიკვდილი გაუჩენია
მას თავის გასაკვებადა".7



ლიტერატურა:

1. თევზაძე ლ., ჯავახიშვილი ნ., 2006წ. "ქიმია", X კლასის სახელმძღვანელო, თბილისი, გამომცემლობა "დიოგენე".

2.გახოკიძე ა., ივანოვი ბ., 1973წ. "ორგანული და ბიოლოგიური ქიმია", თბილისი, გამომცემლობა "განათლება".

3.თევზაძე ლ., ჯავახიშვილი ნ., 2006წ. "ქიმია", Xკლასის სახელმძღვანელო, თბილისი, გამომცემლობა "დიოგენე".

4.გახოკიძე ა., ივანოვი ბ., 1973წ. "ორგანული და ბიოლოგიური ქიმია", თბილისი, გამომცემლობა "განათლება".

5.გახოკიძე ა., ივანოვი ბ., 1973წ. "ორგანული და ბიოლოგიური ქიმია", თბილისი, გამომცემლობა "განათლება".

6.ვაჟა-ფშაველა, 2009წ. "შვლის ნუკრის ნაამბობი", თბილისი, გამომცემლობა "ბაკმი".

7. ვაჟა-ფშაველა, 2009წ. "შვლის ნუკრის ნაამბობი", თბილისი, გამომცემლობა "ბაკმი".

 

გამოქვეყნებულია: 04-04-2014