ირმა ლაგვილავა

ასისტ. პროფესორი

irma_lagvilava@gtu.ge





ასევე იხილეთ

ტომი: 1, ნომერი: 1, გვ: 63-68

ტომი: 1, ნომერი: 2, გვ: 16-20

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:1, ნომერი:2, 21-25 გვ.

სიყვარული, ჰორმონები და ქიმია

ირმა ლაგვილავა

რეზიუმე: რა არის სიყვარულის ქიმია? სიყვარული-ეს ამაღლებული გრძნობაა, მაგრამ მისი ბევრი ასპექტი შეიძლება აიხსნას ექვსი ძირითადი ჰორმონით, ესენია: დოფამინი, სეროტონინი, ადრენალინი, ენდორფინი, ოქსიტოცინი და ვაზოპრესენი. ეს ჰორმონთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს ურთიერთობებზე.

საკვანძო სიტყვები: ჰორმონები, სეროტონინი, ადრენალინი, დოფამინი



„სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება,
სიღარიბე სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები -მარგალიტებად“.
სერვანტესი

ამ სტატიის დაწერა რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე. სიყვარული ეს ის თემაა, რაზეც ძალიან ბევრი თქმულა და ალბათ მომავალშიც ითქმება. არ ვაპირებ უშუალოდ სიყვარულის თემაზე საუბარს, როგორც ქიმიკოსი სიყვარულის ქიმიაზე გაგესაუბრებით.

სასიამოვნო მომენტები ცხოვრებაში ყველას გვქონია. ამ დროს განწყობაც გვიფუჭდება, თუმცა განწყობა შესაძლოა უმიზეზოდაც წაგვიხდეს. ოპტიმიზმის საფუძველი ჩვენსავე ორგანიზმშია. ენდოკრინული სისტემის დახმარებით საკუთარი თავის დახმარება და განწყობის მოდელირება შეგვიძლია. კარგი განწყობის განმაპირობებელი ჰორმონები თავის ტვინის ქერქზე მოქმედებენ და პასუხს აგებენ ფსიქოემოციურ კომფორტზე. სისხლში მოხვედრის შემდეგ ისინი იწვევენ გაუტკივარებას, ბედნიერების შეგრძნებას, სიმსუბუქეს, კმაყოფილებას. ერთი სიტყვით, ეს მორფინის მსგავსი ნივთიერებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სტრესის მოხსნაში.

ადამიანის წარმოსახვის უნარი, რომლითაც მრავალი ენა, მუსიკალური და მხატვრული ნაწარმოები, მეცნიერული თეორემა შეიქმნა, ჩვენი წინაპრების ძალისხმევით გამომუშავდა, რომლებიც ასწლეულებისა და ათასწლეულების მანძილზე უპირატესობას ჭკვიან საინტერესო პარტნიორებს ანიჭებდნენ. ზუსტად ასე აისახება ჩვენი არჩევანი მომავალ თაობაზე. გონება გვეხმარება დავარწმუნოთ სხვა, რომ კარგ გენებს ვფლობთ. ვინაიდან ნებისმიერი მუტაცია, რომელიც ზეგავლენას ახდენს ტვინის ზომაზე აუცილებლად აისახება გონებრივ შესაძლებლობებზე. მაგრამ გონიერების გარდა ჩვენ შემოქმედებითი საწყისებიც გვიზიდავს. ბიოლოგიურ მეცნიერებათა სამეფო საზოგადოების ამასწინანდელ მოხსენებაში ნათქვამია, რომ მხატვრებსა და პოეტებს ორჯერ უფრო მეტი სექსუალური პარტნიორი ჰყავდათ, ვიდრე არაშემოქმედი პროფესიის წარმომადგენლებს. ეს გამოკვლევა ადასტურებს ფსიქოლოგ ჯეფრი მილერის თეორიას, რომ პიკასოს მსგავსი ადამიანების მომხიბვლელობა მათი შემოქმედებითი ნიჭიერებით აისახება. არის კიდევ ერთი თვისება რომლის დემონსტრირებასაც გირჩევდით. ის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჭკუა და შემოქმედებითი პოტენცია. ბევრ კულტურაში ყველაზე მნიშვნელოვან თვისებად ჭკუა და სიკეთე ითვლება, თანაც ამ ორიდან სიკეთე უფრო ძვირად ფასობს ვიდრე ჭკუა. რატომ გვხიბლავს სიკეთე, ძნელი მისახვედრი არ არის, კეთილი ადამიანი კარგი პარტნიორი და მზრუნველი მშობელი იქნება. მაგრამ ასეთ არჩევანს მეცნიერული დასაბუთებაც აქვს. სიკეთე კარგი გენების ინდიკატორია. სიკეთე ძვირად ფასობს და ბევრ რამეზე მეტყველებს. სხეულის ან ტვინის ნებისმიერი ტრამვა, ნებისმიერი დარღვევა ადამიანს უფრო ბოროტს ხდის. გარდა ამისა გარეგნობისგან განსხვავებით სიკეთის იმიტაცია უფრო ძნელია. სხეულის მოვლა არც ისე რთულია. დღეს 40-ს მიღწეული ადამიანი ისე გამოიყურება, როგორც 20 წლის ახალგაზრდა ერთი საუკუნის წინ. გარკვეული თვალსაზრისით ჭკუის ან სიკეთის იმიტაცია უფრო ძნელია, ვიდრე გარეგნობისა და სილამაზისა. სწორედ ამაში მდგომარეობს სექსუალური გადარჩევის ხიბლი. ჩვენ ვირჩევთ იმ ნიშნებით, რომელთა გაყალბება რთულია. ახალგაზრდა შეყვარებულმა წყვილმა რამდენიმე პაემნის შემდეგ შეძლეს ერთმანეთისათვის გადაეცათ ინფორმაცია თავიანთ გენებზე. ეს მათ სხვადასხვა უხილავი ხერხებით მოახერხეს. თუმცა ვერცერთი ვერ ხვდება, რა ხდება მათ გონებაში. ამბობენ, რომ შეყვარებულ ადამიანს ანთებული მზერა აქვს, ამ დროს მისი ტვინის ზოგიერთი უბანიც ანათებს. მეცნიერები ცდილობენ ტვინის ნეიროქირურგიული სიგნალები გაშიფრონ, რომლებიც ვლინდება იმ ეტაპზე, როცა ორი ვნება სიყვარულში გადადის. მაინც რაში მდგომარეობს სექსუალური მიმზიდველობა, რატომ გვიზიდავს ესა თუ ის ადამიანი? მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ნდომა ევოლუციის კანონებს ემორჩილება. ჩვენ გვიზიდავს სხეულის ფორმა, სიმეტრია და ჭკუა. ჩვენ მივილტვით ადამიანისაკენ და მისი თანაგრძნობის იმედი გვაქვს. მაგრამ ეს ლტოლვა ამორჩევითია. ჩვეულებრივ ჩვენს ყურადღებას იპყრობს რომელიღაც ერთი ობიექტი. როგორც ჰელენ ფიშერი თვლის, სწორედ ამ ლტოლვას აკონტროლებს მეორე მაკონტროლებელი ძალა. მის კლასიფიკაციაში რომანტიკული სიყვარული იმდენად სერიოზული ავადმყოფობაა, რომ ზოგჯერ შეიძლება სიცოცხლისათვის საშიშიც აღმოჩნდეს. სიყვარული ყოველთვის პოეტების, მწერლების და მუსიკოსების ნავსაყუდელი იყო. სიყვარული ყველაზე ძლიერი გრძნობაა დედამიწაზე. რომანტიკული სიყვარული პოეტთა გამონაგონი არ არის. ის შეიძლება გაიზომოს, რადგან ბიოქიმიური პროცესის შედეგია. ფსიქოლოგმა არტურ არონმა და ანდროპოლოგმა ჰელენ ფიშერმა ერთობლივი ძალებით უნიკალური ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ მიზნად სიყვარულის ქიმიისა და ტვინის ჰორმონების რუკის შექმნა გადაწყვიტეს. ფიშერი თვლის, რომ რომანტიკული სიყვარული გატაცების მეორე უფრო ღრმა სტადიაა. თუ რამოდენიმე გყვარებიათ, გეცოდინებათ რა ძალისა შეიძლება იყოს ეს გრძნობა. თქვენ ეიფორიაში იმყოფებით, აღტკინებული ხართ. ხშირად გეცვლებათ ხასიათი, დამოკიდებული ხდებით თქვენი სიყვარულის ობიექტზე, თქვენთვის აუცილებელია მისი ფლობა, თქვენ მხოლოდ მასზე ფიქრობთ. ეს უფრო მანიას გავს. არონს და ფიშერს სურთ გაიგონ განსხვავდება თუ არა რომენტიკული სიყვარული და სექსუალური ვნება. ამ მიზნით ისინი უზომოდ შეყვარებული სტუდენტების ზოგიერთი ტვინის უბანს აანალიზებენ. გაირკვა რომ შეყვარებული ადამიანის ტვინში გააქტიურებულია ის ზონა, რომელსაც კუდიანი ბირთვის ზონა ეწოდება. ეს ზონა ტვინის წახალისების სუსტ ზონას განეკუთვნება. აღმოჩნდა, შეყვარებულობა ტვინზე ისე მოქმედებს, როგორც იმოქმედებდა ძლიერი ნარკოტიკი. შეყვარებული ადამიანის ტვინის რეაქცია, როცა ის თავის რჩეულს უყურებს ძალიან გავს ტვინის რეაქციას კოკაინზე.

სიყვარული-ეს ამაღლებული გრძნობაა, მაგრამ მისი ბევრი ასპექტი შეიძლება აიხსნას ექვსი ძირითადი ჰორმონით, ესენია: დოფამინი, სეროტონინი, ადრენალინი, ენდორფინი, ოქსიტოცინი და ვაზოპრესენი. მოდით განვიხილოთ ისინი:

ჰორმონები მოლეკულებია, რომელთაც უჯრედებს შორის ინფორმაცია გადააქვთ.

ტვინის სათანადო უბნებში განლაგებულია ჰორმონ დოფამინის დიდი რაოდენობის რეცეპტორები. დოფამინი ნეირომედიატორია, რომელიც აკონტროლებს მოტორულ კოორდინაციას, იმუნურ სისტემას, მოტივაციას, ფიზიკურ ენერგიას, აზროვნებას, ხანმოკლე მეხსიერებას და ემოციებს, მათ შორის სექსუალურ ლტოლვას.


დოფამინი

სეროტონინი



ადრენალინი

დოფამინი სეროტონინი ჰორმონია, რომელიც სიამოვნებაზეა პასუხისმგებელი. ამ ჰორმონის უნიკლაური თვისებაა ის, რომ აუმჯობესებს ადამიანის განწყობას, ხოლო კარგი განწყობა აწესრიგებს ურთიერთობას. შეყვარებული ადამიანის ორგანიზმში მცირდება ამ ჰორმონის რაოდენობა, რაც იწვევს დეპრესიას. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს ჰორმონი ებრძვის კიბოს უჯრედებს და დადებით გავლენას ახდენს მთლიანად ორგანიზმზე. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ის ასევე დადებით გავლენას ახდებს ძილზე, მისი დეფიციტი კი იწვევს უძილობას.

სეროტონინი

ადრენალინი - ეს ჰორმონი ადამიანს ყოვლისშემძლედ თავს აგრძნობინებს, ყველა საქმეში და მათ შორის მეორე ნახევართან დაკავშირებულ ურთიერთობაშიც.

ადრენალინი

ენდორფინები მიეკუთვნება ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც გამომუშავდება თავის ტვინში. მათ შეუძლია, მტკივნეული შეგრძნებების ბლოკირება და ადამიანის ემოციური მდგომარეობის განსაზღვრა. ენდორფინები წარმოიქმნება ნივთიერებისგან, რომელიც ჰიპოფიზში სინთეზირდება. არსებობს მოსაზრება, რომ ენდორფინები ადამიანის ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციას არეგულირებს. ზოგადად, ჰიპოფიზი ორგანიზმის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ინარჩუნებს რა ჰორმონალურ წონასწორობას.

ენდორფინების მოქმედების მექანიზმი წააგავს ზოგიერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოქმედების მექანიზმს, რომლის არსიც ნერვული დაბოლოებების ბლოკირებაშია. ნერვული დაბოლოებები მტკივნეულ შეგრძნებებზე აგებს პასუხს. ნარკოტიკული ნივთიერების ან ენდორფინის მოლეკულა უკავშირდება რეცეპტორს, რის შედეგადაც იწყება თავის ტვინის ქერქის კონკრეტული უბნების აქტივაცია და აღმოცენებული ნერვული იმპულსები ბლოკავს მტკივნეულ სიგნალებს. ადამიანი, რომელიც ენდორფინების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, ვერ გრძნობს უსიამოვნო ზემოქმედებას, რადგან განსაზღვრული ნერვული დაბოლოებები დათრგუნულია. ენდორფინს ადამიანი ეიფორიაში მოჰყავს, მას ასევე „ბუნებრივ ნარკოტიკს“ ან „ბედნიერების ჰორმონს“ უწოდებენ. ნებისმიერი დადებითი განცდა იწვევს სისხლში ენდორფინების დონის მატებას.

ვაზოპრესენი- მამაკაცის ერთგულების ჰორმონი. გამოიყოფა ოქსიტოცინის წარმოების გვიან სტადიაზე.

ოქსიტოცინი არის ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება ადამიანის ორგანიზმში (ჰიპოთალამუსში, გამოიყოფანეიროჰიპოფიზში). ისიც ნეირომედიატორია, ოქსიტოცინი ბუნებით 9 ამინომჟავისგან შემდგარი პეპტიდია და სტრუქტურით ვაზოპრესინის მსგავსია. ვინსენტ დიუ ვიგნიაუდმა (Vincent du Vigneeaud) 1953 წელს გამოყო და შესძლო ვაზოპრესინის და ოქსიტოცინის დასინთეზება, რაშიც მან ნობელის პრემია მიიღო ქიმიაში 1955 წელს. ოქსიტოცინი მოქმედებს, როგორც პერიფერიაზე (მთელ ორგანიზმში), ასევე ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

ადრე ითვლებოდა, რომ ეს მხოლოდ გამრავლების ფუნქციასთან და დედის რძესთან იყო დაკავშირებული. მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისი მოქმედების სპექტრი ბევრად ფართოა. მას ასევე ალერსის ჰორმონსაც უწოდებენ.

ის მონაწილეობს ჭრილობის შეხორცებაში, ამცირებს ანთებით რეაქციას. დადებითად მოქმედებს სოციალურ ქცევაზე. სექსუალური აგზნების დროს იმატებს ოქსიტოცინის რაოდენობა. ოქსიტოცინი ადამიანში იწვევს სიმშვიდის გრძნობას, დაცულობის განცდას პარტნიორის გვერდით. ოქსიტოცინი აძლიერებს მიჯაჭვულობას. აძლიერებს ადამიანურ ნდობას (რწმენას). ამცირებს შიშის განცდას. მონაწილეობს რომანტიულ მიზიდულობაში. სავარაუდოდ ახდენს ტვინის იმ უბნების ინჰიბირებას, რომლებიც იწვევენ შიშს და შფოთვას. ოქსიტოცინი ზრდის სექსუალურ აგზნებას, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. უზრუნველყოფს რომანტიულ დამოკიდებულებას.

ეს ჰორმონთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს ურთიერთობებზე. თუ თქვენ გაქვთ პრობლემა თქვენს მეორე ნახევართან, ამის მიზეზი შესაძლებელია რომელიმე ჰორმონი იყოს. ჭეშმარიტ სიყვარულს კი შეუძლია მტკიცედ დაგვაკავშიროს ერთმანეთთან.

და ბოლოს სტატია მინდა დავასრულო დიდი ვაჟა-ფშაველას სიტყვებით - “სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არა გაუჩენია-რა” .

 

ლიტერატურა" 

1. სექსუალური განათლება საქართველოში. ოქსიტოცინი. გადასვლა
2. wwww.angel.ge. სიყვარულის ფიზიკა . გადასვლა

 

 

 

გამოქვეყნებულია: 18-12-2013