ფიქრია აფხაზავა

ელიოთერაპიული და ორთოპედიული ინსტიტუტი Villa Salus, იტალია

piki_a@libero.it





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:1, ნომერი:1, 35-38 გვ.

ჭრილობების ინოვაციური მეთოდებით მკურნალობის საშუალებები

ფიქრია აფხაზავა

რეზიუმე: სტატიაში მიმოხილულია ჭრილობებისა და ნაწოლების ტრადიციული და ინოვაციური მეთოდით მკურნალობის შესახებ.

საკვანძო სიტყვები: ჰემოსტაზი, ანტისეფსი, ჟანგბადით მომარაგება, ინფექციებისაგან დაცვა, ალგინატი, ჰიდროგელი, პოლიურეთანის ქაფი, ღრუბელი.



გეგულებათ ვინმე, ვისაც ბავშვობაში ერთხელ მაინც არ გაუჭრია თითი? გაუკაწრავს სახე ან კიდური? რა თქმა უნდა, არა! ისიც გვემახსოვრება, რომ ასეთ შემთხვევაში თავადვე გაგვიწევია პირველადი სამედიცინო დახმარება: ჭრილობა თუ ნაკაწრი იოდის ხსნარით გაგვისუფთავებია და მარლით გადაგვიხვევია. იმ შემთხვევაში კი, როცა ჩვენს სიცელქეს ღრმა ჭრილობამდე მივუყვანივართ, ქირურგის ჩარევა გამხდარა საჭირო, რომელსაც ლამაზი ნაკერით დავუჯილდოვებივართ. ზოგჯერ კი ჭრილობის მოსაშუშებლად ანტიბიოტიკების მიღება ან შრატის გაკეთებაც კი დაგვჭირვებია.

მედიცინის განვითარებამ ხელი შეუწყო ჭრილობებისა და ნაწოლების სამკურნალო ახალი მასალებისა და მეთოდების დანერგვას, რომლებმაც წარმატებით ჩაანაცვლეს ძველი, ტრადიციულად გამოყენებადი საშუალებები.

ჭრილობების შეხვევის ტრადიციული მეთოდების მთავარი მიზნები იყო:

  • სისველის მთლიანი გაშრობა,
  • ჰემოსტაზი, ანუ სისხლდენის შეჩერება,
  • ანტისეფსი, ანუ სასწრაფო სტერილიზაცია ინფექციების თავიდან ასაცილებლად,
  • ჭრილობის დაფარვა-შეხვევა.

ინოვაციური მეთოდებით ჭრილობების მკურნალობის მიზნები კი შემდეგია:

  • ნოტიო გარემოს შენარჩუნება,
  • ჭარბი სითხისა და ნეკროზული მასალის მოშორება,
  • ჟანგბადით მომარაგება,
  • ინფექციებისაგან დაცვა,
  • არატრავმატული ნახვევის გამოყენება,
  • დაბალი ფასი.

 

ინოვაციური მეთოდით ჭრილობებისა და ნაწოლების შასახვევად გამოსაყენებელ მასალას უნდა ჰქონდეს ბიოთანმხვედრი თვისებები. ამ მასალის მიზანია, შექმნას შეხორცებისათვის იდეალური გარემო და დაიცვას ჭრილობა ტრავმისა და ინფექციებისაგან.

სურ.1. ნაწოლი ქუსლზე სურ.2. ნაწოლი საჯდომზე (კუდუსუნის ძვლის არე)
   

სურ.3. ნაწოლი ქვედა კიდურზე

 

მინდა გაგაცნოთ რამოდენიმე ინოვაციური მასალა, რომელიც წარმატებით დაინერგა რთული ჭრილობების, წყლულებისა და ნაწოლების მკურნალობაში. ესენია: ჰიდროგელი, ალგინატი და პოლიურეთანის ქაფი (ღრუბელი).

ჰიდროგელი - ამორფული გელია, რომელიც დამზადებულია წყლისა და გლიცერინის, ხშირ შემთხვევაში კი პროპილენგლიკოლის ბაზაზე. წყლის მაღალი შემცველობის გამო ჰიდროგელი ვერ ახერხებს ჭრილობიდან ჭარბი სისველის შეწოვას, ამიტომ ხელს უწყობს ტენიანი გარემოს შენარჩუნებას, ქსოვილების გრანულაციასა და ეპითელიზაციას. მისი შემადგენლობის გამო რეკომენდებულია ასევე ქვედა კიდურების წყლულების მკურნალობისას (არ სრიალებს).

წარმოებაში არსებობს კარბოქსიმეთილცელულოზას სხვადასხვა პროცენტული შემცველობის ჰიდროგელი და ალგინატი, რომელთა მიერ ჭრილობიდან სისველის შეწოვის უნარი მინიმალურია.

ჰიდროგელი უშუალოდ უნდა წაესვას ჭრილობას ან ნაწოლს. მანამდე კი აუცილებელია დაზიანებული ადგილის გასუფთავება-მორწყვა ფიზიოლოგიური ხსნარით და შემდგომ სტერილური მარლით გამშრალება. ჰიდროგელის ფენას კი ზემოდან ეფარება ალგინატი.

სურ. 4. ჰიდროგელი

 

ალგინატი - მიიღება წყალმცენარეების - ლამინარიასა და ასკოფილუმისაგან. მათგან გამოყოფენ ალგინმავას ანუ D-მანურონმჟავის პოლიმერს, რომელიც გადაჰყავთ მისივე კალიუმის ან კალციუმის მარილში (ალგინატი). პირველი მათგანი წყალში ხსნადია და გამოიყენება როგორც შემადედებელი (გამასქელებელი) კომპონენტი საკვები პროდუქტებისა და ფარმაცევტულ წარმოებაში. მეორე კი წყალში უხსნადია და ფართოდ იხმარება მედიკამენტებისა და ჰემოსტატიკური მარლების დასამზადებლად.

ნატრიუმისა და კალიუმის ალგინატი ქსოვილის ან ლენტის ფორმით გამოიყენება განსაკუთრებულად სველი ჭრილობების შესახორცებლად, როგორიცაა წყლულიანი ნაწოლები, ქვედა კიდურების წყლულები, ღრმულოვანი ჭრილობები და კანის გადანერგული ნაწილები. ალგინატს თავის წონაზე 20-ჯერ მეტი სითხის შეწოვა შეუძლია.

ალგინატის გამოყენება არარეკომენდებულია მესამე ხარისხის დამწვრობის, ქირურგიული იმპლანტატის, ძალიან მშრალი და სისხლმდენი ჭრილობების სამკურნალოდ.

ალგინატის ქსოვილი იმ ზომაზე უნდა მოიჭრას, რა ზომისაცაა ჭრილობა და ზემოდან დაეფაროს ჭრილობაზე წინასწარ დატანილ ჰიდროგელის ფენას. ღრმულოვანი ჭრილობის შემთხვევაში ღრმული ჰოდროგელით დასველებული ლენტის ფორმის ალგინატით უნდა ამოივსოს. საბოლოოდ ჭრილობას ზემოდან ეფარება სტერილური მარლა და მაგრდება ლეიკოპლასტირით. განსაკუთრებულ შემთხვევაში კი ჭრილობის დასახურად გამოიყენება პოლიურეთანის (იხ. ქვემოთ) ქაფი (ღრუბელი).

ამ გზით შეხვეული ჭრილობა შეიძლება ხელუხლებელი დარჩეს 7 დღის განმავლობაში. თუ ჭრილობა ძალიან სველია, შეხვევა შეიძლება ყოველ 24 საათში განმეორდეს. ხელახალი შეხვევისას ძველი მასალა ფრთხილად უნდა მოშორდეს და გასუფთავდეს ფიზიოლოგიური ხსნარით. თუ ალგინატი მიეკრა ჭრილობას, საჭიროა ნახვევის ფიზიოლოგიური ხსნარით მორწყვა. ჭრილობის ამგვარი დამუშავება-შეხვევა უნდა გაგრძელდეს მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

ზოგჯერ სპეციალურად ხდება საჭირო შეხვეული ჭრილობის რამოდენიმე დღით ხელუხლებლად დატოვება. ეს მაშინ, როცა ჭრილობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია გარკვეული მიკროგარემოს შექმნა. ამ შემთხვევაში გამოიყენება პოლიურეთანის ქაფი (ღრუბელი).

სურ. 5. ალგინატი ქსოვილისა და ლენტის სახით

 

პოლიურეთანის ქაფი (ღრუბელი) - პოლიურეთანი ჰეტეროციკლური პოლიმერია, რომლის მაკრომოლეკულა შეიცავს ჩაუნაცვლებელ ან ჩანაცვლებულ ურეთანულ ჯგუფს -N(R) – C(0)0 - სადაც R=H, ალკილი, არილი ან აცილია. პოლიურეთანის მაკრომოლეკულა ასევე შეიძლება შეიცავდეს მარტივ და რთულეთეროვან, შარდოვანის, ამიდურ და სხვა ფუნქციონალურ ჯგუფებს, რომლებიც განაპირობებენ ამ პოლიმერების თვისებებს. პოლიურეთანები განეკუთვნებიან სინთეზურ ელასტომერებს და სიმყარის დიდი დიაპაზონის გამო ფართოდ გამოიყენებიან წარმოებაში.

რაც შეეხება ჭრილობებისა და ნაწოლების სამკურნალოდ გამოყენებად პოლიურეთანის ქაფს (ღრუბელი), იგი სამ ფენას შეიცავს: პირველი უშუალოდ კონტაქტშია ჭრილობასთან, შუა, ცენტრალური ფენა განსაკუთრებულად რბილი და ჰიდროფილურია, მესამე ფენა კი წყალგაუმტარია და მყარ ბარიერს ჰქმნის ბაქტერიებისათვის. პოლიურეთანის ქაფის (ღრუბელი) გამოყენების საბოლოო შედეგია ჭრილობის უმტკივნეულო და ტრავმაგარეშე განკურნება.

სურ.6. სხვადასხვა წარმოების პოლიურეთანის ქაფი (ღრუბელი)

   



სურ.7. ალგინატის ქსოვილით ამოვსებული ჭრილობა

სურ. 8. პოლიურეთანის ღრუბელით დაფარული ჭრილობები ქვედა კიდურზე

ვფიქრობ, მოყვანილი მასალით ასე თუ ისე შევძელი, წარმოდგენა შეგქმნოდათ ჭრილობებისა და ნაწოლების ინოვაციური მეთოდით მკურნალობის შესახებ. ამ თემაზე საუბარს კვლავაც გავაგრძელებ, თუ თქვენი მხრიდან დაინტერესება იქნება.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Le medicazioni avanzate per il trattamento delle ferite acute e croniche – Commissione Regionale Dispositivi Medici (Delibera Giunta Regionale n. 1523/2008).

2. Andrea Bellingheri – Il prontuario per la gestione delle lesioni cutanee – edizioni CdG, 2011.

3. A.Calosso – Manuale “Le lesioni cutanee” – editore Carocci Faber, 2004.

4. U.Tortorolo, P.Stizzoli – Materiali e tecniche di Medicazione – Rizzoli editore, 2011.

5. M. Romanelli – Le medicazioni avanzate, 2009.

6. A. Peghetti – Progetto contenimento costi con medicazioni avanzate per lesioni da pressione – Università degli Studi di Milano – Bicocca, Facoltà di Medicina e Chirurgia, 2011.

7. P. Chiari, A. Santullo – L’infermiere case manager, McGraw-Hill, Milano, 2001.

8. P.Pacitto – il sito informativo www.piagadadecubito.it

 

გამოქვეყნებულია: 04-04-2013