ვახტანგ ბოჭოროშვილი

თბილისის 69-ე საჯარო სკოლა,
598 91 61 62





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:1, ნომერი:1, 14-15 გვ.

შერლოქ ჰოლმსი და ქიმია

ვახტანგ ბოჭოროშვილი

რეზიუმე: სტატიაში განხილულია არტურ კონან დოილის რომანებში აღწერილი ქიმიური ნაერთები და ქიმიური კრიმინალისტიკის ელემენტები. დოილის ნაწარმოებებიდან, როგორიცაა შერლოქ ჰოლმსი, ბასკერვილების ძაღლი და სხვა, აშკარად იკვეთება, რომ ავტორი ქიმიას კარგად იცნობდა.

საკვანძო სიტყვები: შერლოქ ჰოლმსი, კოკაინი, უხლავი მელანი, ფოსფორი, კრიმინალისტიკა



ვის შეუძლია თქვას სად და როდის გაევლო საზღვარი ქიმიასა და ალქიმიას შორის? ასევე ძნელი სათქმელია, თუ როდის წარმოიშვა პირველად სიტყვა „ქიმია“ და რა აზრს იტევდა იგი თავდაპირველად თავის თავში. ამის შესახებ მრავალ ისტორიკოსს აქვს გამოთქმული საკუთარი ჰიპოთეზა, თუმცა დღემდე არ მოხერხდა საერთო აზრამდე მისვლა. ტერმინები - „ქიმია“, „ქიმიკოსი“ ინტენსიურად გამოიყენება სამეცნიერო ლიტერატურაში, მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებში XVII საუკუნიდან მოყოლებული.

ფრანგი ქიმიკოსი მარსელენ ბერტლო, თავის თანამოაზრეებთან ერთად ამტკიცებდა, რომ „ქიმია“ იმ ცოდნის ერთობლიობას წარმოადგენდა, რომელიც დედამიწის წიაღის შესწავლასთან იყო დაკავშირებული. გამოთქმული იყო ასეთი „ეგზოტიკური“ მოსაზრება, თითქოს „ქიმია“ წარმოსდგება ძველი ჩინური სიტყვისაგან „კიმ“, რაც „ოქროს“ ნიშნავს. ისტორიული წყაროების თანახმად ტერმინი „ქიმია“ იმ მნიშვნელობით, რომელიც, მან დასავლურ ევროპულ ცივილიზაციაში შეიძინა, პირველად გამოიყენა ზოსიმე პანოპოლიტანელმა ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნის მეორე ნახევარში.

ქიმიის ერთ-ერთი განშტოება ალქიმია შუა საუკუნეების მეცნიერება იყო, რომლის მიზანი სხვადასხვა ლითონების ძვირფას ლითონებად (ოქრო, ვერცხლი) გარდაქმნა გახლდათ. ალქიმიკოსებს ოქრო ყველაზე სრულყოფილ ნივთიერებად მიაჩნდათ და ისეთ ნივთიერებას ეძებდნენ, რომელიც უბრალო ლითონის ოქროდ გარდაქმნას დააჩქარებდა. ამ ნივთიერებას ზოგი „ფილოსოფიურ ქვას“, ზოგი „წითელ ლომს“, ზოგი კი „უკვდავების ელექსირს“ უწოდებდა. ალქიმიკო¬სებმა, მიუხედავად იმისა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაინც დიდი წვლილი შეიტანეს ქიმიის განვითარებაში. მათ შექმნეს მრავალი ქიმიური ლაბორატორია, სადაც შეისწავლეს ნივთიერების ბევრი თვისება, გამოიგონეს მრავალი ლაბორატორიული ხელსაწყო. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძველად XIV-XVI საუკუნეებამდე ალქიმიკოსებს ეროტიკოსებად მიიჩნევდნენ და სიკვდილით სჯიდნენ.

ცნობიერად თუ არაცნობიერად ქიმია ყოველთვის კაცობრიობის განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა. მისი შესწავლა ადამიანებს ბევრ ახალ და საინტერესო შესაძლებლობებს აძლევდა. სხვა საკითხია თუ როგორ იყენებდნენ მეცნიერულ მიღწევებს მავანნი. ერთი კი ნათელია, რომ ქიმია თავისი სირთულისა და იდუმალების გამო ყველაზე გვიან ჩამოყალიბდა და განვითარდა როგორც ცალკე მეცნიერება. ჩემი ღრმა რწმენით ყველაზე საინტერესო ეტაპი სწორედ ქიმიისა და ალქიმიის გასაყარია XVII-XVIII სს., როდესაც უამრავი ცდები, აღმოჩენები და ბოლოს XIX საუკუნეში ყოველივე ზემოთთქმულის გვირგვინი დ.ი. მენდელეევის პერიოდულობის კანონი ჩამოყალიბდა.

თუ ქიმიის განვითარების ისტორიული ჭრილის კონტექსტში განვიხილავთ ინგლისელი მწერლის არტურ კონან დოილის დეტექტიურ ნაწარმოებს “შერლოქ ჰოლმსის თავგადასავალს”, უთუოდ ბევრ, იმ დროისათვის უნიკალურ სიახლეს ამოვიკითხავთ. დავრწმუნდებით, თუ როგორი “მოდური” იყო ქიმიური ანალიზი და ექსპერტიზა იმ პერიოდში. ამ ჟანრის პოპულარობა ჩემი აზრით სწორედ, ავტორის მიერ ქიმიის ღრმა ცოდნამ განაპირობა, რაც დღემდე გრძელდება.

როგორც ცნობილია არტურ კონანდოილი დაიბადა 1859 წლის 22 მაისს, შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში. 1881 წელს მან დაამთავრა ედინბურგის უნივერსიტეტი, სადაც მიიღო მედიცინის ბაკალავრისა და ქირურგის მაგისტრის ხარისხი. რის საფუძველზედაც შეგვიძლია ვთქვათ რომ მან კარგად იცოდა ქიმია.

ის ფაქტი, რომ ნაწარმოებში “ოთხთა ნიშანი” თავად მთავარი გმირი შერლოქ ჰოლმსი გაუთავებლად იღებს კოკაინს ინექციის სახით მეტყველებს იმაზე, რომ ეს პრეპარატი არ იყო იმ დროისათვის შესწავლილი სათანადოდ და არტურ კონან დოილი, როგორც თავისი პერსონაჟი ჰოლმსი, კოკაინის ხშირი მომხმარებელი გახლდათ. იმ დროისთვის კოკაინის მოხმარება დანაშაულს არ წარმოადგენდა არამედ პირიქით მიზანშეწონილი იყო რადგან ის ამშვიდებდა და უკეთ აზროვნებას უწყობდა ხელს. ამბობენ არტურ კონან დოილი თავის გენიალურ დეტექტივს კოკაინის ზემოქმედების ქვეშ წერდაო . . .

არ შემიძლია ასევე არ შევჩერდე დეტექტივზე ,,ბასკერვილების ძაღლი“. არსებობდა ლეგენდა ჭაობში მობინადრე ურჩხულის შესახებ, რომელიც ღამე მწვანედ ანათებდა. ამ ძალზედ საინტერესო ამბით ბატონი შერლოქ ჰოლმსი დაინტერესდა და შეუდგა საქმის გამოძიებას. იმ ხანად ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ეს შეიძლება ერთ-ერთი ქიმიური ელემენტის დახმარებით მომხდარიყო, ჩვეულებრივი ძაღლი მანათობელ მონსტრად გადაექციათ. ეს ამბავი ხდება მაშინ როდესაც ქიმია ალქიმიის გასაყარზე იყო და აკადემიკოსი ი. ვოლფკოვიჩი ფოსფორზე ცდებს ატარებდა. იგი თავის მოგონებებიდან იხსენებს: ,,აირადი ფოსფორით გაჟღინთული საღამო ხანს უნივერსიტეტიდან სახლში ვბრუნდებოდი, ჩემი ტანსაცმელი საოცრად ანათებდა, ხოლო ფეხსაცმელს კი (ტროტუართან ხახუნისას) ნაპერწკლები სცვიოდა. ხალხი ,,მანათობელ ბერს მეძახდა’’ . სწორედ ფოსფორი იყო ეს ნივთიერება, რომელიც ასეთ აჟიოტაჟს იწვევდა იმ ხანად. ფოსფორის ელემენტური ბუნება დაადგინა ფრანგმა მეცნიერმა ა.ლავუაზიემ.

რა თქმა უნდა ასეთი ფაქტები კონან დოილს არ გამორჩებოდა მხედველობიდან, ამბავიც საინტერესო, დაძაბული და იდუმალი გამოუვიდა.

და ბოლოს შევჩერდები “უხილავ მელანზე”, რომელზეც საუბარია დეტექტივში - “ვულტონის ციხე”. კერძოდ, დამნაშავე თავის ბანდას ციხიდან ბრძანებებს უგზავნის, რომელიც უხილავი მელნითაა დაწერილი. ამისათვის კი ის სავარაუდოდ უმი კარტოფილის წვენს იყენებს. ადრე სახლის პირობებში საამისოდ ლიმონის წვენსაც იყენებდნენ. ლიმონმჟავა გახურებისას იშლება ყავისფერი ფერის მქონე რთულ ნაერთებად. ასე, რომ ცხელი უთო ნაწერის წასაკითხად შესანიშნავი საშუალება გახლდათ.

მეორე ფაქტია ის, რომ შერლოქ ჰოლმსის მოღვაწეობის პერიოდში ციხის მენიუს შემადგენლობაში ლიმონის შეტანა, რომელიც იმ დროისათვის დელიკატესად ითვლებოდა არ იყო მიღებული. ხოლო კრიპტოგრაფიისათვის უმი კომბოსტოს, ხახვისა და ტოპინამბურის გამოყენება უცნობი გახლდათ თადეუშ შტამპისათვის.

მოგეხსენებათ, რომ სახამებელი მცენარეული წარმოშობის პოლისაქარიდების - ამილაზისა და ამილოპექტინის ნარევია. იოდის მოქმედებით მისი შეფერილობის ცვლილება გამოწვეულია განსაკუთრებული ნაერთების კლატრატების წარმოქმნით. ამილაზა გვაძლევს ლურჯ შეფერილობას, ამილოპექტინი კი წითელს.

თუმცა დღეს უფრო საინტერესო და აპრობირებული, ჩემის აზრით, ამ მხრივ კობალტის ნაერთები და მისი კრისტალ ჰიდრატებია.

ამინდის მაჩვენებელი თაიგულის დამზადება: CoCl2 - 1 წილი, ჟელატინი – 10 წილი და დისტილატი (გამოხდილი წყალი) – 100 წილი. ამ ხსნარით უნდა გავჟღინთოთ ხელოვნური ყვავილების თაიგული, ფერადი ქსოვილებისაგან გაკეთებული: თეთრი, ვარდისფერი და ყვითელი (ეს უკანასკნელი ფოთლებისათვის). როცა თაიგული გაშრება, მას მკრთალი და მუქი ვარდისფერი დაედება, ფოთლები კი ისევ ყვითელი დარჩება, თუ ცა მოღრუბლულია და ჰაერი ნოტიოა, მაგრამ როგორც კი გამოიდარებს – ჩვენი თაიგულის ყვავილები იცვლიან ფერს – ლაჟვარდი და იისფერი გახდებიან, ფოთლები კი გამწვანდებიან.

სამწუხაროდ ერთი სტატია ვერ დაიტევს ანალიზური ქიმიის ყველა იმდროინდელ სასწაულებს. იმედი მაქვს დანარჩენებზე შემდეგ წერილებში ამ საკითხებით დაინტერესებული სხვა ახალგაზრდები მოგითხრობენ. შეიყვარებენ წიგნის კითხვას და დეტექტიურ ჟანრს ქიმიური ექსპერტიზის კუთხითაც შეხედავენ.

ლიტერატურა:

1. http://www.alto-lab.ru/chemists/sherlok-xolms-i-ximiya/?fbclid=IwAR3GRE_QXxf2QgrRKA2YDwtA69ND6xJfx8Cg 9nuZ5fGB5EhovvyGuJHQr5k

 

გამოქვეყნებულია: 28-02-2013