მარიამ ელიაშვილი

ქიმიკოსი, ბლოგერი, ჟურნალისტი

mariam.eliashvili@unik.edu.ge





ტომი: 3, ნომერი: 4, გვ: 4-5

 

 

 



"ქიმიის უწყებანი" ტომი:4, ნომერი:1, 37-38 გვ.

შავი ხვრელის „კვანტური სიკეთე“ აინშტაინის წინააღმდეგ - ახალი კვლევის შედეგები

მარიამ ელიაშვილი

რეზიუმე: იცოდით, რომ დედამიწაზე აბსოლუტურად სუფთა ნივთიერება არ არსებობს ? მისი ხელოვნურად მიღებაც პრაქტიკულად თითქმის შეუძლებელია. ბუნებაში შავი ფერიც კი არაა. ახლა ჩვენს პლანეტას გავცდეთ და აბსოლუტურად ერთფეროვანი ობიექტები კოსმოსში ვეძებოთ

საკვანძო სიტყვები: შავი ხვრელი, სტივენ ჰოუკინგი, გრავიტაციული ტალღები, განმეორებითი ექოები



თუკი გეტყვით, რომ კეთილი ადამიანები არ არსებობენ, რა რეაქცია გექნებათ? ალბათ ისეთი, როგორიც ნატრიუმს წყალთან ურთიერთქმედებისას - აფეთქდებით.  არ არსებობენ არც ბოროტი ადამიანები და მით უფრო არ არსებობს სრულყოფილება. ეს პირველად ჰომეროსისგან, მერე კი სხვა ავტორებისა თუ  ადამიანებისგან გავიგე.

მოდით, თქვენც სცადეთ. გაიხსენეთ ლიტერატურული ან ფილმის ბოროტი პერსონაჟი. ახლა, დაფიქრდით , რა სიკეთე გაუკეთებია . არ გახსენდებათ? ალბათ, არა. ჩვენ ხომ ასე მჭიდროდ მოვარგებთ ბოროტის სამოსელს ადამიანს და არც ვფიქრობთ მისთვის შანსის მიცემაზე.

„იდეალური“ , აბსოლუტური“ , „სრულყოფილი“ - ამ სიტყვების მიზანი ჩვენთვის ოცნების აფრების აშლა იყო. სინამდვილეში, სამყარო ჩვენ მიერ დაწესებულ სიტყვიერ ჩარჩოებს არ სცნობს და სანამ თქვენ კითხულობთ, ის პირდაპირი მნიშვნელობით ამსხვრევს საზღვრებს - ფართოვდება.

იცოდით, რომ დედამიწაზე აბსოლუტურად სუფთა ნივთიერება არ არსებობს ? მისი ხელოვნურად მიღებაც პრაქტიკულად თითქმის შეუძლებელია. ბუნებაში შავი ფერიც კი არაა. ახლა ჩვენს პლანეტას გავცდეთ და აბსოლუტურად ერთფეროვანი ობიექტები კოსმოსში ვეძებოთ.

ყველაზე საშიში და საზარელი რამ - შავი ხვრელი, რომელიც მზის სხივსაც კი შთანთქავს, შესაძლოა, სულაც არ იყოს ისეთი შავი, როგორადაც აქამდე ვხატავდით. ეს აზრი  ჯერ კიდევ 1970-იან წლებში თეორიტიკოს სტივენ ჰოუკინგს გაუჩნდა.

აინშტაინის თეორიის მიხედვით კი, უკან დაუბრუნებლობისთვისაა განწირული ყველა ის ობიექტი, რომელიც შავ ხვრელს გარკვეულ რადიუსზე მიუახლოვდება. პირობითად, ამ არეალს მოვლენათა ჰორიზონტსაც უწოდებენ. ანუ მიიჩნევა, რომ ყველაფერი, რაც ამ ზღვარს გადასცდება, შავი ხვრელის მსხვერპლი გახდება. ეს თეორია ჰოუკინგის ჰიპოთეზამდე მყარად იდგა, თუმცა  კვანტურ მექანიკაზე დაყრდნობით, მან განაცხადა, რომ შავი ხვრელის სიღრმიდან კიდეებისკენ სიცარიელის გატყორცნა უცნაურ რადიაციას იწვევს, რასაც დღეს ჰოუკინგის რადიაციას ვეძახით. ეს კი ნიშნავს, რომ ვაკუუმში წარმოქმნილი ნაწილაკის ყოველი წყვილიდან ერთს აქვს შანსი შავი ხვრელიდან დასხლტომისა. თუკი ჰოუკინგის რადიაცია მართლაც არსებობს, მაშინ შავი ხვრელის გარშემო უნდა არსებობდეს კვანტური „ბუმბულიც“,  მასში უნდა შეიჭრას გრავიტაციული ტალღები და წარმოიქმნას განმეორებადი ექოს მსგავსი სიგნალები.

თეორია   „გულის სიღრმეში შავი ხვრელის სიკეთის“ შესახებ 2020 წლამდე მხოლოდ ჰიპოთეზად რჩებოდა, თუმცა...

ვატერლოოს უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის პროფესორმა ნიაეშ აფშორდიმ და მისმა კოლეგა ჯაჰედ აბიდიმ ამ განმეორებითი ექოების პირველი სავარაუდო შედეგები აღმოაჩინეს, რაც ექსპერიმენტულ მტკიცებულებებს გვაწვდის იმის შესახებ, რომ შავი ხვრელები შეიძლება, რადიკალურად განსხვავდებოდეს  აინშტაინის ფარდობითობის თეორიის პროგნოზებიდან და არ ჰქონდეს მოვლენათა ჰორიზონტი. .

აფშორდი არც იმას გამორიცხავს, რომ აღმოჩენილი ექოები შემთხვევითობა იყოს, თუმცა ამის შანსი ძალიან მცირეა და ჯერჯერობით ფაქტები ჰოუკინგის რადიაციას ადასტურებს.

ეს ექსპერიმენტული მტკიცებულებაა იმისა, რომ შავი ხვრელი არაა ისეთი მკვლელი ობიექტი, როგორადაც ის აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მიხედვით მიიჩნეოდა.

ეს მეცნიერულად დასაბუთებაცაა ამ ბლოგის პირველი წინადადებისა და იმისა, რომ სამყაროში არაფერია ერთგვაროვანი, მათ შორის არც  ბოროტი ძალები.

პრიმიტიული ამბავია სიკეთესა და ბოროტებაზე საუბარი, მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში, მიხარია, რომ ბოროტი ადამიანები არ არსებობენ და რომ მათაც ოქროს თევზებივით შეიძლება დაუსხლტეთ სიკეთე, როგორც შავ ხვრელს - სიცოცხლე.

 

ინფორმაცია კვლევაზე იხილეთ ბმულზე: ნიაეშ აფშორდი, ჯაჰედ აბიდი. PHYSICS AND ASTRONOMY, TUESDAY, JANUARY 21, 2020.

 

გამოქვეყნებულია: 25-08-2020