მაია ჩაგანავა

chmaia21@gmail.com





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:4, 26-27 გვ.

ქიმია, ფურცელი, ექსპერიმენტი

მაია ჩაგანავა

რეზიუმე: ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის, რაც ძალიან მარტივად ვისწავლე თეორიულად, ასე ძნელი განსახორციელებელი იქნებოდა ლაბორატორიაში.

საკვანძო სიტყვები: ქიმია, სწავლება, ექსპერიმენტი

დილის 6 საათია. ვერ ვიძინებ. ფიქრს სადღაც შორს მივყავარ და სუნთქვას მიძნელებს. სასწრაფოდ წამოვხტები. დილის სუფთა ჰაერს ხარბად ჩავისუნთქავ და სივრცეს მივაშტერდები. გონებაგაფანტულს, გამიჭირდება დილის ლოცვები. „მამაო, ჩვენო“... შინაგანიდან მოდის ხმა... ფიქრი არ ნელდება. მაგარ ყავას მივირთმევ. ფანჯარა გამოვაღე. უჰაერობაა... მეეზოვე საგულდაგულოდ ასუფთავებს ეზოს… ცდილობს ვეება ცოცხით მოხვეტოს ცოდვის ნაფეხურები, რომ არ დაეტყოს მიწას უსულგულობის კვალი... და ემზადება ეს ადგილი მორიგი ცოდვებისათვის...

ნელ-ნელა იღვიძებს ქალაქი... ვფორიაქობ... მზე ამოდის... სულის ფსკერიდან ამოაქვს სადღაც კუნჭულში მიმალული ჭუჭყი და შლამი... და ცხვირწინ დამიგდებს უსუსურობის და უმწეობის დასაბუთებად... გაოგნებული თვალს მოვარიდებ სივრცეს... მაღვიძარა რეკავს. 8 საათია. ჩემი ტელეფონი ჯერ კიდევ სამუშაო რეჟიმშია. თითქოს მაფრთხილებს, რომ დასვენების უფლება არ მაქვს... ფინჯან ყავას ხელმეორედ უაზროდ ვწრუპავ...

ქიმია მიიჩნევა ერთ-ერთ რთულ საგნად და მოსწავლეებს უჭირთ მისი დაძლევა. აქედან გამომდინარე, ქიმიის სწავლების პროცესში ბევრი პრობლემა არსებობს. ქიმია, როგორც ექსპერიმენტული საგანი, აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს პრაქტიკული მეცადინეობების გამოყენებით, რადგან მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ფორმულები ვერ გააღვიძებს მოსწავლეში საგნის ინტერესს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თითოეული ჩატარებული ცდა მხოლოდ სანახაობრივი დანიშნულების იყოს და მოსწავლეებს არ ვაჩვენოთ, თუ რა საფუძველი აქვს ამა თუ იმ მრავალფეროვან ექსპერიმენტს. მოტივაციის გასაზრდელად მოსწავლეებს სჭირდებათ მკაფიოდ ხედავდნენ კავშირს ქიმიის საგანსა და ყოფაცხოვრებაში ქიმიის გამოყენებას შორის.

დაახლოებით 40 წლის წინ შევაბიჯე ქიმიის საოცარ სამყაროში, პირველად მოვისმინე პირველი გაკვეთილი და მას მერე ქიმიას არ მოვცილებივარ – ხან სახლში, ხანაც მასწავლებელთან ერთად, გაკვეთილების შემდეგ, დავიწყე ხეტიალი მენდელეევის ტაბულის სიღრმეებში. ქიმიის გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება, მითუმეტეს დღეს, როცა ჩვენ გარშემო მუდმივად ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს – მაგალითად, როცა ჰაერს შევისუნთქავთ, ჟანგბადის მოლეკულები ჩადის, ამოვისუნთქავთ – CO2-ის მოლეკულები ამოდის; როცა წყალს ან თუნდაც ჩაის ან ყავას ვსვამთ, წყლის მოლეკულებს ვყლაპავთ... რასაც ჩვენ აქ, ლაბორატორიაში ვაკეთებთ, ეს, ფაქტობრივად, სახლში ტაფებზე და ქვაბებში კეთდება – იქნება ნამცხვრის, პურის გამოცხობა თუ სადილის გაკეთება – ყველაფერი ქიმიაა. ჩვენს ორგანიზმშიც ქიმიური პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ფერმენტები წარმართავენ და ასე შემდეგ…  

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის, რაც ძალიან მარტივად ვისწავლე თეორიულად, ასე ძნელი განსახორციელებელი იქნებოდა ლაბორატორიაში. ყველაფერი თავიდან უნდა ვისწავლო და გავიაზრო. ეს ძალიან კარგი გაკვეთილია ჩემთვის. თეთრ ხალათში მუშაობა უჩვეულო და სასიამოვნოა. დიდი მადლობა ამისთვის“, – ესაა ამონარიდი მარი ბროსეს სკოლის მოსწავლის, სოფო მებაღიშვილის შთაბეჭდილებიდან. ვისაც ექსპერიმენტი მოსწავლეებთან ერთად ერთხელ მაინც ჩაუტარებია, მან ძალიან კარგად იცის, რა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს ეს აქტივობა ხელმძღვანელისაგან. იმისათვის,რომ მოსწავლეები ღრმად ჩასწვდნენ სამყაროში მიმდინარე პროცესებს, აუცილებელია თვითონ მოახდინონ დაკვირვება, ჩაატარონ ექსპერიმენტი. მარტივი ექსპერიმენტით, კვლევით, თამაშ–თამაშით შემოტყუება ამ რთული დისციპლინის სამყაროში, სადაც ისინი ‘ჯადოქრებად“ იგრძნობდნენ თავს. მართლაც ძნელი განსახორციელებელი იყო დასაწყისში ლაბორატორიაში ცდის ჩატარება,მაგრამ დროთა განმავლობაში არა თუ მე, არამედ ჩემი კლუბის წევრებიც ატარებდნენ ცდებს. “ექსპერიმენტორიუმი“ ასე დაარქვეს ჩატარებულ აქტივობებს, რომელიც სკოლის ქიმიის კლუბმა „რადიუმმა“ და ამ თაობის წინამორბედმა მეათეკლასელებმა გაუზიარეს II-ბ კლასს, ეს იყო თაობების თანამშრომლობა. ჩაატარეს ცდები: ინდიკატორი, სპილოს ხორთუმი, ფარაონის გველი, ჯადოსნური რძე, წარწერაზე ფერის მიცემა და დროშა სინჯარებში.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები მუდმივად სარგებლობენ ისეთი საგნებით და ნივთიერებებით, რომლებიც ქიმიური გარდაქმნის შედეგადაა მიღებული. საითაც უნდა გავიხედოთ, დავინახავთ საგნებსა და ნაკეთობებს, რომლებიც დამზადებულია ქიმიურ ქარხნებსა და ფაბრიკებში მიღებული მასალებისა და ნივთიერებებისგან. ამდენად, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენდაუნებურად, ყველა ჩვენგანი ვატარებთ ქიმიურ რეაქციას, მაგალითად, საპნით ხელის დაბანის, სარეცხის რეცხვის, ცხელ ჩაიში ლიმონის ნაჭრის ჩაგდების დროს – როცა ჩაი, ლაკმუსის მსგავსად, ინდიკატორია. საკვების მომზადებაც ქიმიური პროცესია. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ ქიმიკოსები კარგი კულინარები არიან – საკვების მომზადება ხშირად ლაბორატორიაში ორგანული ნაერთების სინთეზს მოგვაგონებს.

საყოფაცხოვრებო ქიმიის შერჩევისას ქართველი მომხმარებლების დიდი ნაწილი ყურადღებას აქცევს ფასს, არომატს, ეკონომიურობას, მაგრამ ავიწყდებათ მთავარი - შედგენილობა. ბზინვარე ზედაპირი ყოველთვის არ ნიშნავს სისუფთავეს. მავნე ნივთიერებების შემცველი, არაეკოლოგიური საშუალებები უამრავ დაავადებას, მათ შორის, ალერგიებს, ასთმას, სასუნთქი გზების დაავადებებს და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, სიმსივნეებსაც კი იწვევენ. მოსწავლეებს დაებადათ სურვილი მოეძებნათ და გაეგოთ, არსებობდა თუ არა ისეთი სარეცხი საშუალებები, რომლებიც არ იწვევენ უარყოფით შედეგებს, ამ საკითხში გასარკვევად მე–11 კლასში პროექტის ფარგლებში განვახორციელე პროექტი“სარეცხი ფხვნილი პრობლემაა?“ და კლუბ’’რადიუმში“ განვახორციელეთ ’’ ტიბრზე გაფენილი სარეცხი’.’

და მაინც რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საწმენდი ან სარეცხი საშუალების შეძენისას? ეკოლოგიურობას. დღეს თანამედროვე ცხოვრებამ ათასგვარი ჰიგიენური საშუალებები შემოგვთავაზა, ტრადიციულმა კი რა თქმა უნდა, ადგილი დაუთმო ახალს, რადგან უფრო მარტივია იყიდო სარეცხი საშუალება მაცდური ეტიკეტით, რომელზეც უამრავი პრობლემის მოგვარებას გპირდებიან. თუმცა გირჩევთ მათ შეძენამდე გულმოდგინეთ მაინც წაიკითხოთ მისი შედგენილობა და შეამოწმოთ თავი ალერგიულობაზე. კლუბში სხვა პროექტებიც განვახორციელეთ: “საპონი ჩვენი მტერი თუ აუცილებელი ჰიგიენური საშუალება“, “პერიოდული სისტემა იუბილარია“, “ჩაი“,  „შოკოლადის საიდუმლო“...

რა შეიძლება ჰქონდეს საერთო ქიმიასა და მხატვრობას? ალბათ გგონიათ, იმაზე საუბარს ვაპირებ, რა ნივთიერებებისგან შედგება საღებავები… არა, მე ის უფრო მაინტერესებს, რატომ იქცა ქიმია ამდენი მხატვრის მუზად. დავიდ ტენიერსი (1610-1690), „ალქიმიკოსი”  ცნობილი ინგლისელი მხატვარი ჯოზეფ რაიტი (1734-1797) ფოსფორის აღმოჩენის ისტორიით დაინტერესებულა. ფოსფორი რობერტ ბოილმა აღმოაჩინა, თუმცა მასზე ათიოდე წლით ადრე ერთმა ალქიმიკოსმა ეს ნივთიერება თავისივე შარდში იპოვა. აი, როგორ იყო ეს ამბავი: ალქიმიკოსი ფილოსოფიურ ქვას ეძებდა და მიაჩნდა, რომ ის აუცილებლად ადამიანის ორგანიზმში უნდა ყოფილიყო; აიღო და თავისივე შარდი აადუღა. როდესაც მასში არსებულმა ფოსფორმა ნათება დაიწყო, ალქიმიკოსი სიხარულისა და აღტაცებისგან მუხლებზე დაეცა – ეგონა, თვით ფილოსოფიური ქვა ანათებდა. ეს ცდა მოგვიანებით ბოილმა გაიმეორა და მიხვდა, რომ მანათობელი ნივთიერება რომელიღაც ელემენტი იყო. სახელი კი ლავუაზიემ უბოძა: “ფოსფოროუს” – მანათობელი.  

სწორედ ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ დაუხატავს რაიტს ძალიან ცნობილი ტილო “ფოსფორის აღმოჩენა” (1771 წ.), რომელიც ინგლისში, დერბის მუზეუმში ინახება.  

მოსწავლეთა ნამუშევრებს ვასწორებ….

საღამოა... ისევ კომპიუტერთან ვზივარ... გარეთ წვიმს... ჩემი საქაღალდე „გლობალური პრობლემებითაა სავსე“... საწერ მაგიდაზე ბორგავს გრანელი... სულის ფსკერზე ჩაძირული მზე კი ჯერ კიდევ ასხივებს სითბოს...

 

გამოქვეყნებულია: 24-12-2019