ეკა კაპანაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ekakapanadze1111@gmail.com





 

 

 



"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:2, 38-41 გვ.

მწვანე ქიმია და მდგრადი განვითარება

ანა გაბისონია, ეკა კაპანაძე*

რეზიუმე: დღეს, დედამიწა გლობალური ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას. დემოგრაფიულმა, პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და ა.შ. ფაქტორებმა კაცობრიობას დაანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების იდეა ქიმიაში. მწვანე ქიმიის ან მდგრადი ქიმიის მიზანია მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, ისეთი ქიმიური პროდუქტების შექმნის გზით, რომელიც იქნება უსაფრთხო ადამიანისა და გარემოსთვის. თანამედროვე სამყაროში, მდგრადი განვითარება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. სწორედ მან უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდის ისეთი გეგმის შემუშავება, რომელიც ამავდროულად გაითვალისწინებს ერთის მხრივ, ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენების საკითხებს და მეორეს მხრივ, გარემოსა და ადამიანს მაქსიმალურად დაიცავს ეკოლოგიური საფრთხეებისგან.

საკვანძო სიტყვები: მწვანე ქიმია, მდგრადი განვითარება, ეკოლოგიური საფრთხეები, ეკონომიკა, თანამდეროვე ტექნოლოგიები.



საკითხი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენების შესახებ, თანამედროვე სახელმწიფოთა უმრავლესობისთვის, მნიშნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მე- 20 საუკუნის 60-იანი წლებიდან მსოფლიო აღმოჩნდა გლობალური ეკოლოგიური პრობლემების წინაშე. მეოცე საუკუნის ბოლოდან, უკვე წარმოიშვა გარკვეული შიში იმისა, რომ შეიძლება კაცობრიობის არსებობა დადგეს საფრთხის წინაშე. ეს უპირველეს ყოვლისა დაკავშირებული იყო ინდუსტრიალიზაციისა და ურბანიზაციის განვითარებასთან და მისი უფრო მძლავრად განვითარების პერსპექტივასთან. ტექნოლოგიურმა მიღწევებმა, ტყეებისა და ფერმების განადგურებამ ქალაქების ზრდის ხარჯზე, ატომური იარაღის გამოცდასთან დაკავშირებულმა ფაქტორებმა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებამ, წყლის დაბინძურების პრობლემებმა და ა.შ უკვე აშკარა გახადა გარემოსდაცვითი პრობლემების აქტუალურობა. მნიშვნელობა არა აქვს, რომელიმე ქვეყანა განვითარებულ სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნება, თუ განვითარებადს. თითოეულ მათგანს, თავისი წვლილი შეაქვს ეკოლოგიური პრობლემების ასე გამწვავების საქმეში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოხდა გარემოსდაცვითი პრობლემების სოციალურ და პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენება, რისი ლოგიკური გაგრძელებაც მწვანე პოლიტიკის პოპულარიზაცია და განვითარება გახლავთ.

ზოგადად, „მწვანე“, როგორც ეკოლოგიური საკითხებისადმი კეთილგანწყობის აღმნიშვნელი ტერმინი, სოციალურ და სამეცნიერო წრეებში, გამოიყენება მე-20 საუკუნის 50- იანი წლებიდან. განსაკუთრებით პოპულარული კი მწვანეთა პარტიების ჩამოყალიბებისა და განვითარების შემდეგ ხდება. დღეს, მწვანე პოლიტიკა გლობალური მოვლენაა. მწვანე პოლიტიკის მიზანია გარემოსდაცვითი პრობლემების წინა პლანზე წამოწევა და მათი გადაჭრისთვის ბრძოლა. გარემოს დაცვა, მონაწილეობითი დემოკრატია და სოციალური ლიბერალიზმი წარმოადგენს მწვანე პოლიტიკს ფუნდამენტურ ღირებულებებს. სწორედ აღნიშნულ ფასეულობებზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნისაკენ მიისწრაფვიან ისინი.[1]

შესაბამისად, კაცობრიობისთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი გახდა მდგრადი განვითარების საკითხი. „გარემოსა და განვითარების მსოფლიო კომისიის“ 1987 წელს მიღებული განმარტების მიხედვით, მდგრადი განვითარება არის აწმყოს მოთხოვნების დაკმაყოფილება, რესურსების ისეთი ათვისებით, რომელიც არ იქნება კომპრომისული მომავალი თაობების მიმართ. [2]

მდგრადი განვითარების ფარგლებში, საქმე გვაქვს, გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივასთან, გარემოს დაცვის საკითხების მაქსიმალური გათვალისწინებით. მდგრადი განვითარების შესახებ კოპენჰაგენის მსოფლიო სამიტმა 1995 წელს ხაზი გაუსვა, სოციალური სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობას. რაც გულისხმობს ბიოლოგიური რესურსების ისე გამოყენებას, რომ საფრთხე არ შეექმნას ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას და გათვალისწინებული იქნეს შემდგომი თაობის საჭიროებებიც.

მდგრადი განვითარების სამი ძირითადი ასპექტი გამოიყოფა, ესენია : გარემო, ეკონომიკა და საზოგადოება. [3]



ჩვენი დღევანდელი არჩევანი, ხვალ, აისახება მომავალი თაობის ცხოვრებაზე. მწვანე ქიმია კი წარმოადგენს სწორ არჩევანს, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს მომდევნო თაობისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს. მწვანე ქიმია, ქიმიის ერთ-ერთი სამეცნიერო მიმართულებაა. ის მოიცავს ნებისმიერ ქიმიურ პროცესს, რომელიც დადებითად ზემოქმედებს გარემოზე. როგორც სამეცნიერო მიმართულება, მწვანე ქიმია წარმოიშვა მე-20 საუკუნის 90-იან წლებში. [4]

მწვანე ქიმიის განვითარებამ უზრუნველყო ეკონომიკური სფეროს გაძლიერება, ნაკლები ეკოლოგიური ზარალით. მწვანე ქიმია გამოყენებულ იქნა ეკოლოგიურად სუფთა სინთეზური პროტოკოლების, სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი მედიკამენტების, ეკოლოგიური აგროქიმიკატების, ბიოკალიტიკური ქიმიური პროცესების ახალი ფერმენტების, ინოვაციური განახლებადი ენერგიული წყაროების, ქიმიური რეაქციების ენერგოეფექტურობისა და ინოვაციური მასალების შესაქმნელად. [5]

2008 წლის უკანასკნელმა ფინანსურმა კრიზისმა, რომელმაც საგრძნობლად შეასუსტა ბევრი დიდი ქვეყნის ეკონომიკა დააფიქრა მსოფლიო საზოგადოება, რომ საჭიროა უფრო მდგრადი განვითარება. 2009 წელს გაეროს მიერ გამოცხადდა ახალი გლობალური მწვანე შეთანხმების Global Green New Deal (GGND) კონცეფცია. [3]

ჩვენს დროში,გარემოსდაცვითი საიკითხები, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. აშკარაა ინტერესი, როგორც საზოგადოების, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. თანამედროვე სამყაროს , მთავარი გამოწვევაა მწვანე ქიმიის გამოყენებით შექმნას ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც იქნება, ერთის მხრივ, ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი და მეორეს მხრივ, ეკოლოგიურად უსაფრთხო. მწვანე ქიმია არის მთავარი გამოსავალი მსოფლიოს მდგრადი განვითარებისთვის.

ლიტერატურა :

1. ჰეივუდი ე. პოლიტიკური იდეოლოგიები. თბილისი : ლოგოს პრესი. ქართული თარგმანი 2004, რეპრინტი 2005. გამოცემა მე-3, გვ. 308-325
2. http://younggreens.ge/მდგრადი-განვითარება/ ( უკანასკნელად გადამოწმებულია - 22.05.2018)
3. http://greenalt.org/wp-content/uploads/2013/12/mwvane_politika_da_garemos_dacva.pdf , (უკანასკნელად გადამოწმებულია - 22.05.2018)
4. https://studfiles.net/preview/2674550/ (უკანასკნელად გადმაოწმებულია - 22.05.2018)
5.https://www.researchgate.net/publication/305207284_Green_Chemistry_and_New_Technological_Developments_New_Avenues_for_the_Green_Economy_and_Sustainable_Future_of_Science_and_Technology (უკანასკნელად გადამოწმებულია - 22.05.2018)


 

გამოქვეყნებულია: 24-05-2018