თამარ ჩითინაშვილი

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

tamar.chitinashvili@mail.ru





ტომი: 3, ნომერი: 1, გვ: 26-28

ტომი: 1, ნომერი: 1, გვ: 16-16

ტომი: 1, ნომერი: 1, გვ: 45-54

 

 

 



"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:2, 35-37 გვ.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება საქართველოში

თამარ ჩითინაშვილი

რეზიუმე: ჰაერი გარემოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია და წარმოადგენს ატმოსფეროს აირების ბუნებრივ ნარევს. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ე.წ. ინდუსტრიალიზაციის ეპოქის დადგომასთან ერთად აქტუალური გახდა ატმოსფეროს დაბინძურების პრობლემა მთელ მსოფლიოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად 2014 წელს მსოფლიო მასშტაბით ნაადრევი სიკვდილიანობის 7 მილიონი შემთხვევა გამოწვეულია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით.

საკვანძო სიტყვები: ატმოსფერო, ჰაერი, დაბინძურება, მოსახლეობა, სამრეწველო საწარმოები, სოფლის მეურნეობა, ადმინისტრაციული მექანიზმები, გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენცია



ბუნებრივ პროცესთა მიმდინარეობის შედეგად სამყაროში სხვადასხვა ტიპის ცვლილებები განუწყვეტლივ ხორციელდება. ატმოსფერო, რომელიც დედამიწის გარემოს ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია, მუდმივ ცვლილებებს განიცდის. ასეთი ცვლილებები მნიშვნელოვანი გახდა დედამიწის მოსახლეობისა და ადამიანთა საქმიანობების მასშტაბების ზრდის გამო. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ე.წ. ინდუსტრიალიზაციის ეპოქის დადგომასთან ერთად აქტუალური გახდა ატმოსფეროს დაბინძურების პრობლემა.

ზოგადად, ატმოსფეროს დაბინძურება არის ატმოსფერული ჰაერის შემადგენლობის ცვლილება მასში დამბინძურებელ ნივთიერებათა არსებობის შედეგად. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას განაპირობებს როგორც ტექნოგენური, ასევე ბუნებრივი დაბინძურების წყაროების ფუნქციონირება, მაგრამ უმთავრესი დამბინძურებელი ანთროპოგენური წყაროებია: ტრანსპორტი, სამრეწველო საწარმოები, ენერგეტიკული ობიექტები და სოფლის მეურნეობა. დედამიწის მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ, მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა, ურბანიზაციის და ინდუსტრიალიზაციის პროცესების სწრაფი ტემპებით განვითარებამ გაზარდა მოთხოვნა ენერგო, საკვებ და სხვა რესურსებზე. იზრდება მსოფლიოს ენერგეტიკული სიმძლავრეების და წარმოებული პროდუქციის რაოდენობა, რაც მრავალ გარემოსდაცვით პრობლემას უქმნის მსოფლიოს ურბანულ ცენტრებს. ენერგეტიკული სექტორის სიმძლავრე საშუალოდ ყოველ 12 წელიწადში, ხოლო სამრეწველო სექტორისა ყოველ 15 წელიწადში ორმაგდება. ბუნებრივი რესურსების ინტენსიური ხარჯვა და არასრულყოფილი ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის ანთროპოგენურ დატვირთვას გარემოზე და იწვევს ეკოსისტემების უარყოფით ცვლილებას.

ატმოსფერული ჰაერის დაცვას ანთროპოგენური საქმიანობებით დაბინძურებისგან დიდი ყურადღება ეთმობა მთელ მსოფლიოში. ატმოსფერულ ჰაერს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბიოსფეროს სხვა კომპონენტებს შორის და მისი მნიშვნელოვნება დედამიწაზე შეუფასებელია ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის. ეპიდემიოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ევროპაში ნაადრევი სიკვდილიანობის 100 ათასი შემთხვევა გამოწვეულია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით.

კაცობრიობამ მე-20 საუკუნის განმავლობაში უფრო მეტი რაოდენობით წიაღისეული საწვავი მოიხმარა (ქვანახშირი, ტორფი, ბუნებრივი აირი, ნავთობი სხვადასხვა ნავთობპროდუქტის სახით), ვიდრე მთელი ისტორიის მანძილზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური კომისიის მონაცემებით, გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში კაცობრიობას ყოფნიდა 3 მილიარდი ტონა ნავთობი. ხოლო ყველა სახის ენერგო- რესურსის ხარჯი შეადგენდა 8 მილიარდ ტონას, დღეისათვის ყველა სახის ენერგო- რესურსის მოხმარება გასამმაგდა და შეადგენს 25 მილიარდ ტონას წელიწადში.

ზოგადად, წვის პროცესები ატმოსფერული ჰაერის ერთ-ერთი უმთავრესი დამბინძურებელია ისეთი მავნე ნივთიერებებით, როგორიცაა: ნახშირბადის მონოოქსიდი, აზოტის და გოგირდის ოქსიდები, მყარი ნაწილაკები, არამეთანური აქროლადი ორგანული ნაერთები (ააონ), ბენზ(ა)პირენი, დიოქსინ/ფურანები და ა.შ. ისინი ჰაერში დაგროვებისას ცვლიან მის ბუნებრივ ფიზიკო-ქიმიურ შემადგენლობას და კონცენტრაციის გარკვეულ ზღვრამდე მიღწევის შემდეგ ეს ნივთიერებები უარყოფითად ზემოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემებსა და მატერიალურ ფასეულობებზე.

მეორე მსოფლიო ომამდე გლობალური მასშტაბით ელექტროენერგიის გამომუშავების, წარმოებისა და საყოფაცხოვრებო გათბობისთვის ენერგიის ძირითად წყაროს ნახშირი წარმოადგენდა. იმ პერიოდში პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა აირგამწმენდი დანადგარები, რაც განაპირობებდა ატმოსფერული ჰაერის მაღალ დაბინძურებას ჭვარტლით, მტვრით, გოგირდის ანჰიდრიდითა (გოგირდის დიოქსიდი) და აზოტის ოქსიდებით. ჰაერის დაბინძურება საგანგაშო მასშტაბებს აღწევდა მსხვილ ქალაქებში. ამის თვალსაჩინო მაგალითია ლონდონის სმოგი, რომელიც 1952 წელს წარმოიქმნა და 3-4 დღეში 4000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იგი რამდენიმე ასეულ ტონა კვამლსა და გოგირდოვან ანჰიდრიდს შეიცავდა. ამ ფაქტის შემდეგ ბრიტანეთში შეიცვალა დამოკიდებულება გარემოს დაბინძურების მიმართ, მიიღეს რამდენიმე კანონი, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს აწესებდა. მოგვიანებით ემისიის შემცირების მიზნით მოხდა ერთი წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება შედარებით ნაკლები ემისიის მქონე სხვა წიაღისეული საწვავით (მაგ., ნახშირი შეიცვალა ბუნებრივი აირით და ნავთობით). დროთა განმავლობაში გაუმჯობესდა ტექნოლოგიური პროცესები, სამრეწველო და სატრანსპორტო სექტორებში დაინერგა მაღალეფექტური ფილტრები და კატალიზატორები, გაიზარდა ჰიდრო- და სხვა განახლებადი ენერგორესურსების გამოყენებაც, რის შედეგადაც, ზამთრის სმოგი იშვიათი მოვლენა გახდა.

მიუხედავად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვისა სამრეწველო, ენერგეტიკულ თუ სატრანსპორტო სექტორებში, ჰაერის დაბინძურება მთელ მსოფლიოში კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. აღსანიშნავია საავტომობილო პარკის თანამედროვე ზრდის ტემპი, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ატმოსფეროს ეკოლოგიურ მდგომარეობას. ავტოტრანსპორტი ყოველწლიურად მსოფლიოში წარმოებული სათბობ-ენერგეტიკული მასალების 20%-ზე მეტს მოიხმარს. ცნობილია, რომ მსოფლიოს დიდ ქალაქებში ყველა სახის ტოქსიკური ნაერთების ჯამური რაოდენობის 40-60% მოდის საავტომობილო ტრანსპორტზე. დადგენილია, რომ ერთი მსუბუქი ავტომობილი ყოველწლიურად შთანთქავს საშუალოდ 4 ტ. ჟანგბადს, ნამუშევარ აირებთან ერთად გამოყოფს დაახლოებით 800 კგ ნახშირბადის მონოოქსიდს, 40 კგ აზოტის ოქსიდებს და თითქმის 200 კგ სხვადასხვა ნახშირწყალბადს.

წვის პროცესების ერთ-ერთი უარყოფითი შედეგია აგრეთვე ატმოსფეროში ნახშირბადის დიოქსიდის დაგროვებაც, რაც ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი აღმოჩნდა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში გამოვლენილი კლიმატის გლობალური ცვლილებისა ე. წ. სათბურის ეფექტის გამო. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით მისი წვლილი ,,თბურ” ეფექტში 50-65%-მდეა. სხვა სათბურ აირებს მიეკუთვნება მეთანი (~20%), აზოტის ოქსიდები (~5%), ოზონი, ფრეონები (ქლორფტორნახშირბადები) და სხვა აირები (დაახლოებით 10-15%-მდე თბური ეფექტით). ანთროპოგენული წარმოშობის CO2-ის უმთავრესი წყარო წიაღისეული საწვავის მოხმარებაა, რაც ნახშირბადის დიოქსიდის საერთო გლობალური ემისიის დაახლოებით 80%-ს შეადგენს. სათბური ეფექტის მქონე გაზები აკავებენ დედამიწიდან არეკლილი თბური სხივების ატმოსფეროდან გაღწევას, რის შედეგადაც ირღვევა სითბური ბალანსი და დედამიწაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა იწყებს ზრდას. XX საუკუნის დასასრულს ატმოსფეროში ნახშირბადის დიოქსიდის კონცენტრაციამ მთელი 30%-ით მოიმატა და დედამიწის სითბური ბალანსის შეცვლა გამოიწვია. ასეთი მავნე ზეგავლენა აღმოაჩნდა, აგრეთვე, მეთანს, აზოტის მონოქსიდს და წვის პროდუქტებს - ნახშირბადის მონოოქსიდსა და აზოტის სხვა ოქსიდებს. ბოლო შეფასებებით, კიდევ უფრო გაფართოვდა გლობალური კლიმატის ცვლილების ზემოქმედების არეალი და აშკარა გახდა მისი გავლენა კლიმატის ისეთ ელემენტებზე, როგორიცაა ოკეანის ზედაპირის ტემპერატურა, საშუალო კონტინენტური ტემპერატურები, ტროპიკული ქარიშხლების სიძლიერე და ინტენსივობა. დადგენილია, რომ 1850 წლიდან მოყოლებული საშუალო გლობალურმა ტემპერატურამ დაახლოებით 0,74 0C-ით მოიმატა. კლიმატოლოგების წინასწარმეტყველებით 21-ე საუკუნის ბოლოსთვის მოსალოდნელია საშუალო გლობალური ტემპერატურის შემდგომი ზრდა 1,4-დან 5,80C-მდე, ხოლო ზღვის დონე, 1990 წელთან შედარებით, 9-დან 88 სმ-მდე აიწევს.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადასაწყვეტად ქვეყნები ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე ატარებენ კომპლექსურ ღონისძიებებს ადმინისტრაციული თუ საბაზრო მექანიზმების გამოყენებით. მათ შორის გარემოს ხარისხობრივი და ემისიების მკაცრი ნორმების დაწესებით, ეფექტური საკანონმდებლო სისტემების შექმნით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სუფთა ტექნოლოგიებისა და ენერგოეფექტური სისტემების დანერგვას, ენერგიის წარმოების ალტერნატიული და განახლებადი წყაროების გამოყენებას (ბიოგაზი, მცირე ჰესები, ქარის, თერმული წყლების და მზის ენერგია), მცირენარჩენიანი და უნარჩენო წარმოებების განვითარებას, ეკონომიური ავტომობილების, ეკოლოგიურად სუფთა საწვავისა და ტრანსპორტის დანერგვას, ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეგულირებას და ა.შ.

ატმოსფეროს დაბუნძურებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისთვის გაწეული მრავალი ძალისხმევის მიუხედავად, ამ სიძნელეების გადალახვა ჯერაც რთულია, ვინაიდან გასატარებელი ღონისძიებების ეფექტურობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე, მათი სამართლებრივ- ინსტიტუციური პოტენციალის სიძლიერესა და მოსახლეობის ცნობიერების დონეზე.

ლიტერატურა:

1. გარემოყენებითი ეკოლოგიის საფუძვლები. გარემოს დაცვის ეკოლოგიური პრინციპები, ქაჯაია გ. გვ.145-162 (თბილისი 2002წ).

2. საქართველოს ეროვნული მოხსენება გარემოს მდგომარეობის შესახებ, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, თბილისი, გამომცემლობა შპს „ტორი პლიუსი“ 2011, გვ.25-33. http://soegeorgia.blogspot.com ; http://moe.gov.ge/

3. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენცია - კლიმატის ცვლილების პროექტებში 2006 წელს მიღებული შედეგები. გვ. 5-40.

4. Air Quality Guidelines for Europe, Second Edition 2000, WHO Regional Publications, European Series, No. 91. pp. 1-220.

5. Handbook for the 1979 Convention on Long-range Transboundary Air Pollution and its Protocols. New York, United Nations, 2004, 341pp. 1-13

 

 

 

გამოქვეყნებულია: 23-04-2018