თამარ ჩითინაშვილი
ასევე იხილეთ
გაფართოებული ძებნა
"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:1, 26-28 გვ.
საქართველოს ბრძოლა საშიში ქიმიური ნივთიერებების წინააღმდეგ
სტუდენტი, მესამე კურსი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 592-05-88-07
რეზიუმე: ქიმიური ნივთიერებები გამოიყენება მრეწველობაში, სოფლისა მეურნეობაში და ასევე ყოველდღიური ცხოვრებაში. თუმცა, რიგი ქიმიური ნივთიერებები გარემოსთვის, ადამიანთა ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისთვის შესაძლო სახიფათო იყოს, ხოლო არასწორმა გამოყენებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მოიტანოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ქიმიურ ნივთიერებათა სათანადო მართვა.
საკვანძო სიტყვები: საშიში ნივთიერებები, პესტიციდები, აგროქიმიკატები,სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტრო, კანონმდებლობა
საშიში ქიმიური ნივთიერებები არის ის ტოქსიკური ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც მავნე ზემოქმედებას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. ევროკავშირში არსებობს ქიმიურ ნივთიერებათა ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რეგულაცია REACH, რომლის მიზანია დაიცვა ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მაღალი ხარისხი ქიმიური ნივთირებების მიერ შექმნილი რისკებისგან და ამავდროულად უზრუნველყოს ევროკავშირის ქიმიური წარმოების კონკურენტუნარიანობა. პრინციპში, რეგულაცია მიესადაგება ყველა ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის ნივთერებებს რომლებიც გამოიყენება ჰიგიენის პროდუქტებში, საღებავებში, ტანსაცმელში, ავეჯში, ელექტრონულ მოწყობილობებსა და სხვ. ამასთან, არსებობს ქიმიური ნივთირებები, რომლებიც დამატებით რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით, მათ შორის ბიოციდები, პესტიციდები, ფარმაცევტული ნივთიერებები და კოსმეტიკა და სხვა.
2014 წლის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით საქართველომ აიღო მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ვალდებულებები, მათ შორის ქიმიური ნივთიერებებათა უსაფრთხოების და მართვის კუთხით. საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები გაწერილია 2015-2019 წლებზე და ქვეყნის ქიმიური უსაფრთხოებისა და პოტენციურად საშიში ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში მოიცავს შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებას, არსებული კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე მის ჰარმონიზაციას ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან, ქიმიური ნივთიერებების აღრიცხვას, ქიმიურად დაბინძურებული ობიექტების იდენტიფიცირების ერთიანი სისტემის შექმნას, მოსალოდნელი ავარიების რისკების შეფასებას, ნარჩენების მართვის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას, ქიმიური ნივთიერებების ეროვნული რეესტრის შექმნას და წარმოებას.
საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა და ინიციატივები
1993 წელს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით შეუერთდა ლონდონის სახელმძღვანელო პრინციპებს და პოტენციურად ტოქსიკურ-ქიმიური ნივთიერებების საერთაშორისო რეგისტრს, რითაც მნიშვნელოვანი ვალდებულებები აიღო ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში. 1998 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა (UNEP) და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მოთხოვნათა გათვალისწინებით მიღებულ იქნა კანონი „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ“, რომელმაც ჩამოაყალიბა საშიში ქიმიური ნივთიერებების მართვის ერთიანი სამართლებრივი საფუძვლები.
მთავარ კომპეტენტურ ორგანოდ აღნიშნულ სფეროში განისაზღვრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. კანონის მიღებას გარკვეული წინააღმდეგობა შეხვდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან, რომელსაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდიდან გააჩნდა აგროქიმიკატებისა და პესტიციდების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება და ნაკლებად იყო ორიენტირებული აპრობირებული პრაქტიკის შეცვლაზე, განსაკუთრებით საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოცდის, რეგისტრაციისა და მათი ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოების სფეროში. თუმცა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არასაკმარისმა გამოცდილებამ ამ სპეციფიკურ სფეროში და აუცილებელი დამატებითი სამართლებრივი ნორმების (სტანდარტები, სახელმძღვანელო პრინციპები, დებულებები) არარსებობამ, ხელი შეუშალა კანონის ამოქმედებას.
2010 წელს კანონი გაუქმებულ იქნა, რამაც პრაქტიკულად ერთიანი მარეგულირებელი ნორმების გარეშე დატოვა ეს მნიშვნელოვანი სფერო. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კანონის გაუქმებას არ მოჰყვა მისგან გამომდინარე რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გაუქმება და ისინი დღესაც ძალაში რჩება.
ხაზგასასმელია, რომ ქვეყანაში როგორც ქიმიური მრეწველობის, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება (განსაკუთრებით ღია წესით) ქმნის ტექნოგენური ავარიების პოტენციალს. ამასთან, მნიშვნელოვან წყაროდ რჩება ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მიტოვებული სამრეწველო და სამხედრო ობიექტები, რაც ქმნის როგორც გარემოს დაბინძურბის ასევე მათლსაწინააღმდეგო დაუფლების სერიოზულ საფრთხეებს. ამასთან, საქართველოს არ გააჩნია სრული სურათი და ზუსტი აღრიცხვა პოტენციური საფრთხის შემცველი ადგილების. არსებობს მხოლოდ ცალკეული ადგილების რუკები, რომელთა შედგენა მოხდა სხვადასხვა პროგრამის ან გრანტის ფარგლებში. აღნიშნული რუკები არასრულყოფილი და ფრაგმენტულია. ამავდროულად, ისინი თითქმის არ შეიცავს მონაცემებს ქიმიური დაბინძურების კერების შესახებ.
შესაბამისად, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ინფორმაციის მოგროვებისა და დამუშავების სრულყოფილი სისტემების არ ქონა, რის შედეგადაც არ არსებობს სრული ინფორმაცია:
- რა საშიში ქიმიური ნივთიერებები იწარმოება ან შემოდის ან გადაიზიდება ქვეყანაში და რა რაოდენობით;
- სად გამოიყენება საშიში ქიმიური ნივთიერებები, რა რაოდენობით, რა ტექნოლოგიებით;
- რა სახიფათო ნარჩენები წარმოიქმნება ქვეყანაში, რა რაოდენობით, სად და როგორ ხდება მათი გაუვნებელყოფა ან განთავსება, დაცულია თუ არა გარემო დაბინძურებისგან;
- რა რაოდენობით საშიში (მავნე) ქიმიური ნივთიერებები ხვდება გარემოში; როგორია ამ ნივთიერებათა კონცენტაცია ჰაერში, წყალში, ნიადაგში;
- როგორია საშიშ (მავნე) ნივთიერებების ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზემოქმედება (უშუალოდ ან დაბინძურებული გარემოს ან სურსათის/სასმელი წყლის მეშვეობით)
- რამდენად დაცულია უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ნორმები;
აღსანიშნავია, რომ არ არსებობს სპეციალური ინფრასტრუქტურა სახიფათო ქიმიური ნივთიერებების განთავსებისა და/ან გაუვნებელყოფისთვის. ამასთან, მთელი რიგი პრიექტების ფარგლებში იდენტიფიცირებულია ქიმიურ ნივთიერებათა მთელი რიგი ცხელი წერტილები, მათ შორის საბჭოთა პერიოდში დაგროვილი სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სამხედრო დანიშნულების ნარჩენები. მაგალითად, 4-9% დარიშხანის შემცველი 100 ათას ტონამდე ნარჩენი განთავსებულია სოფლებში ცანასა და ურავში; ცნობილია, რომ ყოფილ კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების საწყობების ტერიტორიებზე დაგროვილია 5000 ტონამდე პესტიციდების და აგროქიმიკატების ნარჩენი.
გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და ევროკავშირის (FAO/EU) პროექტის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ტერიტორიაზე 210 ტონა ვადაგასული პესტიციდის შეგროვების, შეფუთვა და დროებითი განთავსება, ხოლო შემდგომში მათი გატანა ბელგიასა და საფრანგეთში გაუვნებელყოფის მიზნით.
საშიში ქიმიური ნივთიერებების მართვის ერთიანი სამართლებრივი ნორმების და ამ ნივთიერებების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის არარსებობის მიუხედავად, შედარებით დარეგულირებულია აგროქიმიკატებისა და პესტიციდების მართვა კანონით „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“.
დასკვნა
ამრიგად, საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ევროკავშირი- საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ქიმიური ნივთიერებების მართვის საგზაო რუკის თანახმად, სამინისტრომ 2017-2019 წლებში უნდა მოამზადოს ახალი კანონი „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ“ და შექმნას „საშიში ქიმიური ნივთიერებების ეროვნული რეესტრის“, აგრეთვე შეიმუშავოს კანონი და კანონქვემდებარე აქტები ნივთიერების და ნარევების კლასიფიკაციის, ეტიკეტირებისა და შეფუთვის შესახებ, აგრეთვე კანონქვემდებარე აქტი ვერცხლისწყლის შესახებ.
ახალ კანონპროექტთან მიმართებაში აღსანიშნავია, ორი გარემოება: 1) მთავარ კომპეტენტურ ორგანოდ კვლავ განსაზღვრულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2) განსხვავებით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გარემოს დაცვის და კლიმატის ცვლილების საგზაო რუკაში შესული სხვა სექტორებისგან განსხვავებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ამ საქმიანობისთვის არა აქვს მოპოვებული დონორების მხარდაჭერა.
ამასთან, კანონის დადგენილ ვადებში მიღების შემთხვევაში, საბოლოო წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად ადექვატური ნაბიჯები გადაიდგმება კანონის ეფექტიანი და სრულფასოვანი ამოქმედებისთვის.
ლიტერატურა:
1. საქართველოს კანონი "საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ". 2010 წელი. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/28090
2. საქართველოს კანონი "პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ". 1998 წელი. https://matsne.gov.ge/ka/document/view/18106.
3. ევროკავშირის კანონმდებლობა REACH ქიმიურ ნივთიერებათა შესახებ. 2007 წელი.
გამოქვეყნებულია: 09-01-2018