რეზო კლდიაშვილი

rezo.kldiashvili@yahoo.com





ასევე იხილეთ

ტომი: 1, ნომერი: 1, გვ: 39-40

ტომი: 1, ნომერი: 1, გვ: 42-44

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:1, 21-22 გვ.

ვახტანგ VI (1703-1737) - ქიმიის წიგნი

რ. კლდიაშვილი, თ. აბულაძე

პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

რეზიუმე: XVIII საუკუნის პირველ ნახევარი უაღრესად ნაყოფიერი პერიოდია ქართლის ისტორიაში.ვახტანგ VI დიდი დამსახურება მიუძღვის ქიმიის, ასტრონომიის, მათემატიკის და სხვა დარგების გამოცოცხლებაში, რაც მნიშვნელოვან წილად განაპირობა ვახტანგის მეცნიერულ-მთარგმნელობითმა მოღვაწეობამ.

საკვანძო სიტყვები: ქიმია, ვახტანგ VI, პირველი თარგმანი

XVIII საუკუნის პირველ ნახევარი უაღრესად ნაყოფიერი პერიოდია ქართლის ისტორიაში. ეს არის დიდად განათლებული სახელმწიფო მოღვაწის, ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის მმართველობისა და მეფობის ხანა. მაჰმადიანთა ძალმომრეობის პერიოდში ვახტანგი ეროვნულ-ქრისტიანული პოლიტიკის მედროშედ გამოვიდა. ამ რთულ პერიოდში მისი თაოსნობით ყალიბდება „სწავლულ კაცთა-კომისია“, რომელმაც შეკრიბა და დაადგინა „ქართლის ცხოვრების“ წყაროები და დაწერა საქართველოს ისტორია მე-XIV საუკუნიდან - მე-XVIII საუკუნემდე. ვახტანგ VI ადგენს ქართული სამართლის, ორიგინალურ ქართულ ადმინისტრაციულ-სამეურნეო წესდებას “დასტურლამალს“, სხვადასხვა სახის სახელმძღვანელოებს ბაგრატიონთა ქართლ-კახეთის სამეფო სახლის გენიალოგიას, მისი უშუალო ხელმძღვანელობით იქმნება ქართული სტამბა, სადაც იბეჭდება არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი, მათ შორის „ვეფხისტყაოსანი“, მისივე კომენტარებით. ვახტანგ VI დიდი დამსახურება მიუძღვის ქიმიის, ასტრონომიის, მათემატიკის და სხვა დარგების გამოცოცხლებაში, რაც მნიშვნელოვან წილად განაპირობა ვახტანგის მეცნიერულ-მთარგმნელობითმა მოღვაწეობამ. ქართული მეცნიერება საჭიროებდა შემოქმედებით ბიძგს, თუნდაც ელემენტარული საფუძვლების შემოტანას, შევსებას და განვითარებას. ამ პერიოდში “ცოდნის გადმოქართულება“ ევროპული და აღმოსავლური აზროვნების ეროვნულ ნიადაგზე დანერგვა საჭირბოროტო პრობლემად იქცა, რაც განუყრელად უკავშირდება ქართული კულტურის სასიცოცხლო ინტერესებს.

ვახტანგ VI მთარგმნელობითი მოღვაწეობას უთავსებს მეცნიერ-თანაავტორობას, რედაქტორობას, ცდილობს ესა თუ ის წიგნი „სახმარ წიგნად“, სახელმძღვანელოდ აქციოს. მან თარგმნა მთელი რიგი მეცნიერული თხზულებები. ვახტანგის მიერ თარგმნილი თხზულებები ძირითადად აღმოსავლური წარმოშობისაა და იგი მეცნიერული აზროვნების განვითარების XVIII საუკუნეზე უფრო ადრინდელ პერიოდს განეკუთვნება. თარგმანებს ასტრონომიაზე თეირანში, ქირმანსა და ისპაჰანში ყოფნისას ასრულებდა, რადგან ხელი მიუწვდებოდა ამ თხზულებებზე და მუშაობისთვისაც ჰქონდა შესაბამისი პირობები.

„ზიჯის“ ვახტანგისეული თარგმანის ორი სრული ხელნაწერი მოიპოვება: პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ხელნაწერი M-12 და თბილისის კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ნუსხა S- 162. მასში ვახტანგის მიერ ცვლილებებია შეტანილი, როგორიცაა 244 ქალაქის გეოგრაფიული კოორდინატები. იგივე პლანიფერა-ასტრონომიული და გეოდეზიური დაკვირვების ჩასატარებელი მოწყობილობა, რომლის მეშვეობით წარმოებდა მნათობთა მდებარეობის გარკვევა მე-18 საუკუნემდე. ეს ხელსაწყო ცნობილი იყო არმოსავლეთში ჯერ კიდევ მე-9 საუკუნეში, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და დაიხვეწა აღმოსავლეთში.

საქართველოში პოპულარული იყო მოძღვრება ზოდიაქოს შესახებ. მოგვეპოვება მრავალი ასეთი ქართული ხელნაწერი, რომელთაგან ზოგიერთი მათგანი X-XI სს მიეკუთვნება. არსებობს ცნობა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ XII საუკუნეში ფუნქციონირებდა ასტრონომიული ობსერვატორია გელათში, რომელიც დავით აღმაშენებელმა დაარსა. დიდია მისი როლი როგორც ლექსიკოგრაფის. იგი მიჩნეულია ქართული ორიგინალური მათემატიკური სახელმძღვანელოს ავტორად. ვახტანგის „ქიმია“ და „მათემატიკა“, მხოლოდ ნაწილობრივაა თარგმნილი. მათში ვახტანგ VI-ის, როგორც შემდგენლის, წვლილი უმნიშვნელოვანესია. ვახტანგ VI კარგად გრძნობდა ეროვნული მეცნიერების ჩამორჩენას. მან დიდი წვლილი დასდო ქართული ქიმიის განვითარებასაც. მისი კრებითი ხასიათის ნაშრომი „წიგნი ზეთების შეზავების და ქიმიის ქმნის“ იძლევა მდიდარ მასალას. ამ ნაშრომით ვახტანგი გვევლინება პრაქტიკოს მეცნიერად, “ტექნოქიმიკოსად“, რომლის დონე და მასშტაბი სცილდება მოყვარულისა და განმანთავისუფლებელის მოღვაწეობის საზღვრებს. ზემოთხსენებულ ნაშრომში აგვიწერს ალქიმიის შემდგომ პერიოდს. ამ დროს გამრავლდა ცნობები ქიმიურ ნაერთებზე, გაუმჯობესდა მათი მიღების მეთოდები, აღმოჩენილი იქნა ახალი ნაერთები, რომელთაც უკვე პრაქტიკულადაც იყენებდნენ. ამასთან გვაცნობს ქიმიის გარკვეული დარგების განვითარების მდგომარეობას ირანში, რუსეთსა და საქართველოში. ვახტანგის წიგნი „ქიმია“ მიუთითებს ვახტანგ VI-ის, როგორც პრაქტიკოს-მეცნიერის მაღალ პროფესიონალიზმსა და XVIII ს-ის ქართული მეცნიერების აზროვნების მაღალ დონეზე.

 

ვახტანგის ნაშრომში მნიშვნელოვნადაა ასახული აღმოსავლური, ლათინური და რუსული წყაროების კვალი. მაგალითად, რამდენიმე პარაგრაფი ირანელი ალქიმიკოსის არ-რაზის (865-925) თხზულებიდან „საიდუმლო საგანძური“ აქვს შეტანილი. არ-რაზის მსგავსად ის სამყაროს სამ ნაწილად ჰყოფს: მინერალური, მცენარეული და ცხოველური. ვახტანგმა არ-რაზის კონცეფციის ზოგად-თეორიული ნაწილი გაიზიარა, აიღო მისგან გარკვეული სისტემა და არა მისი ალქიმიური არსი. რუსეთში გადასვლასთან დაკავშირებით მას ხელი მიუწვდებოდა რუსულ და ლათინურ პირველწყაროებთან. მას გამოუყენებია რუსული კრებული წამალთა დამზადებისა და დაავადებათა მკურნალობის შესახებ.

ვახტანგმა მოახდინა მრავალ კრებულში გაფანტული მასალის გამოკრეფა და დაჯგუფება, მის ნაშრომში თავმოყრილია მნიშვნელოვანი რეცეპტი და ტექნიკური მითითება. რუსეთში ვახტანგს ხელი მიუწვდებოდა ევროპულ წყაროებზეც. მის პირად ექიმად 1732 წელს დაინიშნა პეტრე პირველის ყოფილი ექიმი გოტლიბ შობერი, რომელიც ამასთანავე შესანიშნავი ქიმიკოსიც იყო. მისი საშუალებით უნდა გასცნობოდა ვახტანგი ლათინურ წყაროებში არსებულ ზოგიერთ რეცეპტს. ვახტანგი ახლო ურთიერთობაში იყო ცნობილ სწავლულებთან, აკადემიკოს დელილთან და მის ჯგუფთან, რომლის წევრი თავადაც იყო. ქართულ წყაროთაგან „ქიმიაში“ აისახა სულხან-საბას ლექსიკონის კვალიც. მოცემულია ძვირფას ქვათა აღწერილობა. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ვახტანგის ორიგინალური პარაგრაფები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ეყრდნობა ეროვნულ პრაქტიკულ ჩვევებს და ტრადიციებს, რაც ძეგლში ვახტანგისეული წარმოდგენითაა გადმოცემული.

 „ქიმიაში“ მოცემულ წესებს ფერადი და ოპტიკური მინების, სულფიდური პრეპარატების, ფერადი მელნის დამზადებისა და სხვა მის მიერ დამოუკიდებლად აღწერილი ქიმიური პროცესებს მაღალ შეფასებას აძლევენ თანამედროვე მკვლევარები. ამ ნაშრომით ვახტანგი გვევლინება პროფესიონალ ქიმიკოსად, პრაქტიკოსად, ერუდირებულ მეცნიერად.

 

გამოქვეყნებულია: 03-10-2017