ბურაქ ქიზილოზი

burakkiziloz@gmail.com





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:2, ნომერი:1, 27-32 გვ.

ბუნებრივი გამწმენდი სისტემების და მათი მოქმედების მექანიზმის სწავლების მეთოდები სხვადასხვა ტიპის აუდიტორიასთან

ბურაქ ქიზილოზი*, ქეთევან კუპატაძე**

კოჯაელის მუნიციპალიტეტი, წყლის და საკანალიზაციო სისტემების ადმინისტრაცია, დარიჯას ფილიალის გენერალური მენეჯერი, მეცნიერებათა დოქტორი; თურქეთი

რეზიუმე: სტატიაში საუბარია ბუნებრივი გამწმენდი სისტემების ტიპების და მათი მოქმედების მექანიზმის სწავლების მეთოდებზე სხვადასხვა დონის აუდიტორიასთან. როგორიცაა, სასკოლო აუდიტორია, სადაც ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა, უნივერსიტეტის შესავალი კურსების სტუდენტები, რომლებსაც მომავალში შესაძლოა ქონდეთ განსხვავებული პროფესიები და მათთან ინფორმაცია არის ზოგადი და აღწერილობითი; ბიოლოგიის და ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტები, რომლებიც მექანიზმების დონეზე შეისწავლიან აღნიშნულ საკითხს. დახასიათებულია რამდენიმე დიდაქტიკური მიდგომა და საგანთაშორისი კავშირების ეფექტურად გამოყენების ხერხები.

საკვანძო სიტყვები: ბუნებრივი გამწმენდი სისტემები, ხელოვნური ჭაობი, ჩამდინარე წყალი, დიდაქტიკური პრინციპები, საგანთაშორისი კავშირები

შესავალი

21-ე საუკუნეში ეკოლოგიურ განათლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი განათლება ჭირდებათ, როგორც მომავალ ეკოლოგებს და ბიოლოგებს, ასევე იმ სტუდენტებსაც, ვინც აღნიშნული პროფესიის არჩევას არ აპირებს, ასევე აუცილებელია სკოლის მოსწავლეებისთვისაც.

კითხვაზე რა საჭიროა ასეთი განათლება მათთვის, ვინც მომავალ პროფესიას სხვა სფეროს დაუკავშირებს, პასუხი მარტივია. ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ ერთიან გარემოში და თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა იცოდეს ამ გარემოს ქიმიური და ეკოლოგიური მახასიათებლები, რათა თუ არ იზრუნებს მის მომავალზე, არც არაფერი დაუზიანოს მას. გარემოზე საუბრისას განსაკუთრებით გამოვყოფთ წყალს, რადგან წყალში ხსნადი აგენტები (როგორც ცნობილია, აბსოლუტურად უხსნადი ნივთიერება არ არსებობს) ხსნად სტაბილურ ფორმებს წარმოქმნიან, რომლებიც მიწისქვეშა წყლებით ვრცელდებიან და აბინძურებენ, როგორც ნიადაგს, ასევე ზედაპირულ წყლებსაც. აქედან კი აეროზოლების შემადგენლობაში ჩაერთვებიან და ატმოსფეროში ვრცელდებიან. იქიდან, კვლავ დედამიწაზე ბრუნდებიან, თუნდაც მჟავა წვიმების შემადგენლობაში და ფაქტიურად თავისებური ციკლი იკვრება. სწორედ ამიტომ, წყალზე განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ და არანაკლები დრო ეთმობა დაბინძურებული წყლის ბუნებრივი გამწმენდი სისტემების შესწავლას.

სტატიაში სწორედ ბუნებრივი გამწმენდი სისტემების სწავლების მეთოდიკის სხვადასხვა დონეს განვიხილავთ.

მიმოხილვა

საკითხი შესაძლებელია სამ დონეზე ისწავლებოდეს.

სკოლის მოსწავლეებთან ამ საკითხებზე პოპულარულ დონეზე ვსაუბრობთ. ისინი, ისევე, როგორც სტუდენტები ხვალინდელ საზოგადოებას წარმოადგენენ და მათი გათვიცნობიერება სწორედ დღეს არის საჭირო. ინფორმაციის მიწოდება ხდება პოპულარული ლექციების ფორმატში. ასეთი ლექციები ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი ტიპის პროექტში-„ახალი განმანათლებლობა“ და „სამეცნიერო კაფე“. ასევე კოჯაელის სამეცნიერო ცენტრში. ასეთ ლექციებზე მთავარია დიდაქტიკის ისეთი პრინციპების დაცვა, როგორიც არის: 1. მასალის დოზირებული მიწოდება; 2. თვალსაჩინოების პრინციპის რეალიზება; 3. საგანთაშორისი კავშირები [1].

მოკლედ მიმოვიხილავთ სამივე მათგანს.

მასალის დოზირებულად მიწოდებაში იგულისხმება ბუნებრივი გამწმენდი სისტემების მოკლე მიმოხილვა, მათი ტიპების და ფუნქციების დახასიათება და იმის აღნიშვნა, თითოეული მათგანი გაწმენდის დროს რა უპირატესობას ავლენს. რა ტიპის დაბინძურებისთვის გამოიყენება ბუნებრივი გამწმენდი სისტემის სახეები და ტრადიციულ გამწმენდ სისტემებთან შედარებით რა უპირატესობა ახასიათებს. სამეცნიერო-პოპულარული ლექციის ფორმატში არ განვიხილავთ ბუნებრივ გამწმენდ სისტემებში მიმდინარე პროცესების ქიმიურ ან ბიოლოგიურ მექანიზმებს. არ ვსაუბრობთ სავარაუდო ჰიბრიდულ ფორმებზე. თვალსაჩინოების პრინციპში იგულისხმება ბუნებრივი გამწმენდი სისტემების ტიპების სლაიდების ჩვენება. შესაძლებელია ვაჩვენოთ ვიდეო ჩანართები (ლექციები) და ბუნებრივია, თვალსაჩინოებად გამოვიყენებთ გამოცდილების მქონე ქვეყნების შესახებ სლაიდებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფ. ქ. კუპატაძის მიერ წაკითხულ პოპულარულ ლექციებში გამოყენებული იქნა ინფორმაცია ორი ქვეყნის-საბერძნეთის და თურქეთის გამოცდილებიდან. საქართველოში ჯერ ბუნებრივი გამწმენდი სისტემების გამოყენების გამოცდილება არ გვაქვს. პოპულარული ლექციების დროს აუდიტორიის (განსაკუთრებით სასკოლო აუდიტორიის) ყურადღების მისაქცევად და შესანარჩუნებლად, აუცილებელია საგანთაშორისი კავშირები. ამ შემთხვევაში, ეს კავშირები რაც უფრო მოულოდნელი იქნება, მით უკეთესი. ბუნებრივია, ლექციას წყალზე და მის დაბინძურებაზე, დაუკავშირებთ ბიოლოგიას და განვიხილავთ წყლის სახეებს ადამიანის ორგანიზმში, ასევე დაუკავშირებთ ქიმიას და ჩამოვთვლით იმ დამაბინძურებელ აგენტებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება წყალში. გარდა ამისა, აქ დამაბინძურებელი აგენტების გავრცელების მიხედვით შეიძლება სხვადასხვა ქვეყნების შედარება (მაგალითისთვის კვლავ მოვიყვანთ თურქეთს და საბერძნეთს). ანუ, რომელ ქვეყანაში რა ტიპის დაბინძურება ჭარბობს.

რაც შეეხება, ე.წ. მოულოდნელ საგანთაშორის კავშირებს (ასეთი ტიპის კავშირების გამოყენებას სასწავლო პროცესში ქიმიის დიდაქტიკის წამყვანი მეცნიერები გვირჩევენ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე სპეციალური სესიები აქვს დათმობილი) [2,3], აქ ლექციის თემატიკა შესაძლებელია დაუკავშიროთ ქიმიის ისტორიას ან მითოლოგიას. ქიმიის ისტორიიდან შეგვიძლია ვახსენოთ ლავუაზიე, რომელიც წყლის ანალიზს აკეთებდა. თუმცა, ძალიან საინტერესო ფაქტია ე.წ. გვირგვინოსან ქიმიკოსებზე, ესპანეთის მეფე ფილიპე II და საქართველოს მეფე ვახტანგ VI. ორივე მათგანი ქიმიით იყო დაინტერესებული. ფილიპე II-ს ალქიმიური საზოგადოებაც კი ყავდა შეკრებილი სამეფო კარზე, რომელთაც კარგად აფინანსებდა და მისი ინტერესის ერთ-ერთი სფერო სწორედ წყლის გამოხდა და გაწმენდა იყო ბუნებრივი მეთოდებით. კერძოდ, ის ვარდის ფურცლებით ცდილობდა წყლის გაწმენდას [4]. ვახტანგ VI საქართველოში მეთვრამეტე საუკუნეში მეფობდა, ანუ იმ პერიოდში, როდესაც რობერტ ბოილის მიერ ალქიმია უკვე დაგმობილი იყო და ქიმია ჭეშმარიტ მეცნიერებად იყო გამოცხადებული. ვახტანგმა დაწერა წიგნი „ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა“. ეს წიგნი ვახტანგ მეექვსის მიერ შედგენილია (შეკრებილი მეფის ვახტანგისაგან) და მოიცავს სხვადასხვა ნაერთების დამზადების ჩანაწერებს (მეთოდებს) [5]. ამ მეთოდებს შორის ნახსენებია წყლის გაწმენდა სხვადასხვა მინარევისგან მცენარეების მიერ. ფაქტიურად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მეფე შესაძლოა გულისხმობდა ჭაობის მცენარეებსაც. აქვე, რადგან თვალსაჩინოების პრინციპის დროს, თურქეთის მაგალითზე ვისაუბრეთ, შეგვიძლია მოვიხმოთ ინფორმაცია სულთან მეჰმედ II-ზე (1453), რომელიც მეტალთა შენადნობებით იყო დაინტერესებული და ახალი მეთოდიკით სწორედ მან დაამზადებინა ზარბაზანი. მართალია, მის ინტერესზე წყლის მიმართ, ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ აუდიტორიის ყურადღების დასაჭერად, მაინც კარგი მაგალითია.

მსგავსი მეთოდიკით პოპულარულ დონეზე ინფორმაციის მიწოდება უფრო ეფექტური იქნება გასვლითი ექსკურსიებით ბუნებრივი გამწმენდი სისტემების ადგილზე. ამის ძალიან კარგი შესაძლებლობაა გამოცდილების მქონე ქვეყნებში. მაგ. კოჯაელის (თურქეთი) წყლის ადმინისტრაციას კარგი შესაძლებლობა აქვს მსგავსი სასწავლო ექსკურსიების მოწყობისთვის. გარდა ამისა, ასეთი ექსკურსიების დროს შესაძლებელია ორი ტიპის გამწმენდი სისტემის ურთიერთშედარება. მაგალითისთვის, სოფელ ბალჯიკში არსებული ბუნებრივი გამწმენდი სისტემის მოქმედების შედარება ვალიდეკორპუს ან სხვა მოდულარულ სისტემასთან. შესაძლებელია ცალკე სასწავლო ექსკურსიის დაგეგმვა გებზეს ჩამდინარე წყლების გამწმენდ ცენტრში.

გებზეს ჩამდინარე წყლების გამწმენდი სადგური აგებული იქნა ნახშირბადის, აზოტის და ფოსფორის მოსაცილებლად. ძირითადი პროცესი აქ აერირებად ბიოლოგიურ აუზში მიმდინარეობს მიკროორგანიზმების თანაობისას, თუმცა აქ წყალი ჯერ მექანიკურად იწმინდება და საბოლოო ეტაპზე უკვე აქტივირებული შლამი გამოიყენება.

რადგან ექსკურსია ვახსენეთ, აქვე ისიც შეიძლება ვახსენოთ რომ ბუნებრივი გამწმენდი სისტემები და ხელოვნური ჭაობი მრავალ ქვეყანაში ეკო-ტურიზმის მარშრუტებშიცაა შეტანილი.

ეკოტურიზმი არის მოგზაურობის ტიპი, რომელსაც სარგებელი მოაქვს გარემოსთვის და მის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის. იგი გამორიცხავს რაიმე უხეშ ჩარევას ბუნებაში. ტურიზმის ეს სახეობა უპირველეს ყოვლისა მიმართულია ადგილობრივი კულტურის შენარჩუნებისკენ.

ეკოტურიზმის სახეობებს წარმოადგენს სამეცნიერო ტურიზმი, ბუნების ისტორიის ტურები, სათავგადასავლო ტურიზმი. მოგზაურობა დაცულ ტერიტორიებზე. ეკოტურიზმის ჩამოთვლილ სახეობებში შესაძლებელია ადგილობრივი ბუნებრივი გამწმენდი სისტემების მარშრუტის მოაზრება და ტურისტებისთვის საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის მიწოდება.

ტურისტულ მარშრუტში ზოოპარკების ჩართვა ასევე ძალიან კარგი იქნება, რადგან მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ ზოოლოგიურ პარკებში ხელოვნური ჭაობები ეფექტურად გამოიყენება. აქ კიდევ ერთი უპირატესობაა, ის ჭაობის ფრინველების საცხოვრებელი გარემოცაა.

ასევე, ტურისტულ მარშრუტში შეგვიძლია ჩავრთოთ ის დაცული ტერიტორიები, სადაც ხელოვნური ჭაობი ფუნქციონირებს და სწორედ მის მაგალითზე გავაცნოთ დამთვალიერებლებს ჭაობის თავისებური მცენარეები, ვესაუბროთ მათ მიერ განხორციელებულ გამწმენდ მექანიზმებზე.

ამგვარად, ეკო ტურიზმის მარშრუტებში ხელოვნური ჭაობის ადგილების ჩართვა მნიშვნელოვანი იქნება ეკოლოგიისთვის, გარემოსთვის, რადგან უფრო მეტი ადამიანი გაიგებს მათ შესახებ და თავისი თვალით ნახავს ამგვარ ადგილებს. შეიტყობს იმასაც, თუ რამდენად მომგებიანია ქვეყნისთვის ამგვარი გამწმენდი სისტემა ეკონომიურადაც. ტურიზმის განვითარება კი წაადგება ეკონომიკას.

ტურისტულ მარშრუტებში ბუნებრივი გამწმენდი სისტემების ჩართვის შესახებ ინფორმაცია შესავალი კურსის სტუდენტებსაც ვაწვდით. თუმცა, მათთან ოდნავ განსხვავებულ მეთოდიკას ვიყენებთ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასეთ კურსებს გადიან პირველი კურსის სტუდენტები, რომლებსაც სპეციალობა ჯერ არ აქვთ არჩეული. კურსი ასევე პოპულარულ დონეზე იკითხება, ოღონდ სამეცნიერო პრინციპი უფრო მეტად გამოიყენება. კურსის სახელწოდებაა: „წყალი-სიცოცხლის საწყისი“ და შემდეგი სალექციო თემატიკა განიხილება: წყალი-ქიმიის ისტორიაში; წყლის ქიმიური შემადგენლობა, აგებულება და ფუნქციები; წყლის სახეები ბუნებაში; წყლის სახეები ადამიანის ორგანიზმში; წყალი, როგორც გამხსნელი; წყლის დაბინძურება მძიმე მეტალებით; წყლის დაბინძურება ორგანული დამაბინძურებლებით; მჟავა წვიმები; დაბინძურებული წყლის გაწმენდა ხელოვნური ჭაობით; წყლის ცირკულაცია; ოკეანის წყლის ქიმიური შემადგენლობა;

ასევე არსებობს მეორე კურსიც „ალქიმიიდან 21-ე საუკუნემდე“, სადაც წყლის დაბინძურებას და ბუნებრივ გამწმენდ სისტემებს სამი ლექცია აქვს დათმობილი.

შესავალ კურსში მიმოვიხილავთ, როგორც დამაბინძურებელ აგენტებს, ასევე ბუნებრივი გამწმენდი სისტემების ტიპებს (ამ შემთხვევაში აქცენტი ხელოვნურ ჭაობზე კეთდება) და წმენდის პროცესის მექანიზმს [6,7].

ბიოლოგიის და ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებთან აღნიშნული საკითხები ოდნავ სხვა კუთხით და სხვა მეთოდიკით ისწავლება. ბუნებრივი გამწმენდი სისტემები შეტანილია სავალდებულო კურსის „ქიმიის საფუძვლების“ შემადგენლობაში. ეს კურსი კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდიკით ისწავლება და ერთ-ერთ საკვლევ თემად სტუდენტებს სწორედ „წყალი“ აქვთ შეთავაზებული. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან (ძირითადად, საიდანაც სტუდენტები არიან) ჩამოაქვთ წყლის ნიმუშები და ლაბორატორიაში ახდენენ მის ანალიზს. ხდება შემდეგი ანალიზის ჩატარება: 1. საერთო სიხისტის განსაზღვრა; 2. საერთო მჟავიანობის განსაზღვრა; 3. საერთო ტუტიანობის განსაზღვრა; 4. ალუმინის და მძიმე მეტალების განსაზღვრა; 5. ნიტრატების და ნიტრიტების შემცველობის განსაზღვრა.

რანჟირების მეთოდით ხდება ყველაზე უფრო დაბინძურებული რეგიონის წყლის გამოვლენა, რის შემდეგაც ჯგუფებად დაყოფილი სტუდენტები მსჯელობენ, აღნიშნულ დამაბინძურებლებს რა ტიპის ხელოვნური ჭაობი (ან მისი ჰიბრიდი, სხვა ბუნებრივ გამწმენდ სისტემასთან), მოაცილებს უფრო ეფექტურად. წყლის წმენდის ცნობილი სამი დონიდან, რომელ დონეზე შეგვიძლია ხელოვნური ჭაობის რომელიმე სახეობის გამოყენება. თუ მიწისქვეშა წყლებია დაბინძურებული, მაშინ რატომ არის უფრო ეფექტური თავისუფალი წყლის ზედაპირული ჭაობი და ა.შ. რა მნიშვნელობა აქვს შლამს და როგორ ხდება მისი შემდგომა გაწმენდა და კვლავ გამოყენება.

არსებობს კიდევ ერთი არჩევითი კურსი „საველე ჰიდრო ბიოლოგია და ეკოლოგიური ქიმია“, სადაც წყლის დაბინძურებას და მის გაწმენდას ბუნებრივი გამწმენდი სისტემებით ოდნავ მეტი დრო აქვს დათმობილი და უშუალოდ მოქმედების მექანიზმი განიხილება. მაგ. კურსის დროს თურქეთის მაგალითზე განიხილება ორი ტიპის ხელოვნური ჭაობის შედგენილობა და ურთიერთშედარება-ერთი მათგანი თავისუფალი ზედაპირის მქონე ჭაობია და მეორე ვერტიკალური ნაკადის ხელოვნური ჭაობი [8].

ასევე, სტუდენტები მსჯელობენ ხელოვნური ჭაობის მოქმედების ეფექტურობაზე, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს წყლის ტემპერატურამ, მცენარეულმა საფარმა, pH-მა და ა.შ. [9].

საქართველოში ხელოვნური ჭაობის გამოყენების გამოცდილება არ გვაქს და ამ მხრივ ინფორმაციის გავრცელება მათ შესახებ გაორმაგებულ მნიშვნელობას იძენს. შესაბამისად ილიას უნივერსიტეტში სტუდენტებს ინფორმაცია ზემოთ განხილულ სამ მეთოდურ დონეზე მიეწოდებათ.

შედეგები და მათი განსჯა:

თემის შესწავლის ბოლოს სტუდენტებს შევთავაზეთ ანონიმური კითხვარი. აქ ძირითადად მონაწილეობდნენ ორი შესავალი კურსის სტუდენტები ( 600 სტუდენტი). კითხვარი შემდეგი კითხვებისგან შედგებოდა:

1. თუ გაიგეთ ახალი ინფორმაცია წყლის დაბინძურების შესახებ:
ა) დიახ;
ბ) არა;
გ) ნაწილობრივ;
დ) სხვა: _______________________ (ბოლო პასუხის არჩევისას, ახსენით რატომ).

შემდეგ კითხვებში შესაძლო ვარიანტებს აღარ დავწერთ, რადგან მეორდება.

2. გსმენიათ თუ არა, ადრე წყლის ბუნებრივი გამწმენდი სისტემების შესახებ?

3. მიღებული ინფორმაცია, თქვენთვის, როგორც არა-ქიმიკოსისთვის სასარგებლო იქნება თუ არა მომავალში?

4. როგორია თქვენი აზრი ბუნებრივი და ტრადიციული გამწმენდი სისტემების შესახებ? რომელი უფრო ეფექტურია მოქმედებით და მეგობრულია გარემოს მიმართ. რატომ.

5. ჩამოგიყალიბდათ თუ არა წარმოდგენა წყლის დამაბინძურებლებზე და ბუნებრივი მეთოდებით მათი მოცილების შესაძლებლობაზე?

6. შესაძლებლობა რომ გქონდეთ, თუ მოინახულებდით ხელოვნურ ჭაობს ან სხვა ტიპის ბუნებრივ გამწმენდ სისტემას?

ტურიზმის მენეჯმენტის სტუდენტებთან ასევე დასმული იყო შეკითხვა:

7. სასარგებლოდ მიგაჩნიათ თუ არა ტურისტულ მარშრუტებში ბუნებრივი გამწმენდი სისტემების ჩართვა;

8. რისთვის იქნება სასარგებლო ტურისტულ მარშრუტებში ბუნებრივი გამწმენდი სისტემების ჩართვა:
ა) გარემოსთვის;
ბ) ეკონომიკისთვის;
გ) ტურისტების ინფორმირებისთვის;
დ) სხვა: ________________________ (ბოლო პასუხის არჩევისას, ახსენით რატომ).

შედეგები:

კითხვაზე “თუ გაიგეთ ახალი ინფორმაცია წყლის დაბინძურების შესახებ“:

პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ა)დიახ-400
ბ)არა-20;
გ)ნაწილობრივ-150;
დ)სხვა: 30 უმეტესობამ დაწერა, რომ იცოდნენ საკითხის შესახებ, თუმცა ოდნავ ღრმად შეიტყვეს. (ბოლო პასუხის არჩევისას, ახსენით რატომ).

კითხვაზე “გსმენიათ თუ არა, ადრე წყლის ბუნებრივი გამწმენდი სისტემების შესახებ?“ პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ა)დიახ - 0;
ბ)არა - 572;
გ)ნაწილობრივ - 28;
დ) სხვა - 0.

კითხვაზე „მიღებული ინფორმაცია, თქვენთვის, როგორც არა-ქიმიკოსისთვის სასარგებლო იქნება თუ არა მომავალში?“ პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ა) დიახ - 470;
ბ) არა - 30;
გ) ნაწილობრივ - 100;
დ) სხვა - 0.

კითხვაზე “როგორია თქვენი აზრი ბუნებრივი და ტრადიციული გამწმენდი სისტემების შესახებ? რომელი უფრო ეფექტურია მოქმედებით და მეგობრულია გარემოს მიმართ. რატომ?” პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

600-ვე პასუხი იყო, რომ მცირე ტიპის დასახლებებისთვის ბუნებრივი გამწმენდი სისტემები გაცილებით ეფექტურია და იაფია. არ აზიანებს გარემოს, ოღონდ ჭირდება მიწის დიდი ფართობი;

კითხვაზე „ჩამოგიყალიბდათ თუ არა წარმოდგენა წყლის დამაბინძურებლებზე და ბუნებრივი მეთოდებით მათი მოცილების შესაძლებლობაზე?“ პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ა) დიახ - 575;
ბ) არა - 0;
გ) ნაწილობრივ - 25;
დ) სხვა - 0 .

კითხვაზე “სასარგებლოდ მიგაჩნიათ თუ არა ტურისტულ მარშრუტებში ბუნებრივი გამწმენდი სისტემების ჩართვა”; პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ა) დიახ - 580;
ბ) არა - 9;
გ) ნაწილობრივ - 11;
დ) სხვა - 0.

კითხვაზე “რისთვის იქნება სასარგებლო ტურისტულ მარშრუტებში ბუნებრივი გამწმენდი სისტემების ჩართვა” პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ა) გარემოსთვის-400;
ბ) ეკონომიკისთვის-100;
გ) ტურისტების ინფორმირებისთვის-100;
დ) სხვა: ________________________ (ბოლო პასუხის არჩევისას, ახსენით რატომ).

კითხვაზე “შესაძლებლობა რომ გქონდეთ, თუ მოინახულებდით ხელოვნურ ჭაობს ან სხვა ტიპის ბუნებრივ გამწმენდ სისტემას?” პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ა) დიახ - 501;
ბ) არა - 80;
გ) ნაწილობრივ ან/არ ვიცი - 19;

დასკვნა:

დიდაქტიკური ექსპერიმენტის მონაცემებმა აჩვენა, რომ სტუდენტთა უმრავლესობამ არ იცოდა ბუნებრივი გამწმენდი სისტემების შესახებ. კურსის დასრულების შემდეგ მიიღეს ინფორმაცია და ჩამოუყალიბდათ გარკვეული წარმოდგენა ასეთი სისტემების უპირატესობაზე.

ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაოს მიზანიც სწორედ ეს იყო, ინფორმაციის გავრცელება ხვალინდელი ქვეყნის საზოგადოებაში.

გარდა ამისა, სწავლების გამოყენებული მეთოდიკაც ეფექტურ შედეგს გვაძლევს.

აქ უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გამოკითხვა ჩატარდა ორ შესავალ კურსის სტუდენტებთან (ორი სემესტრის განმავლობაში). ბიოლოგიის და ეკოლოგიის სტუდენტებთან გამოკითხვა არ ჩაგვიტარებია, რადგან მათთან საკითხი უფრო ღრმად, კვლევის და დისკუსიის რეჟიმში ისწავლება და შედეგი სახეზეა მათ მიერვე წარმოდგენილი პრეზენტაციების და ნაშრომის სახით.

მადლიერების გამოხატვა:

სტატიაში აღნიშნულ კურსებზე გამოიყენებოდა პროექტის- A Black Sea network promoting integrated natural WAStewater Treatment systEms – WASTEnet- ფარგლებში გამოქვეყნებული სასწავლო მასალა და კვლევა. პროექტი დაფინანსებული იყო EU INTERREG IV “Black Sea Basin Joint Operational Programme 2007-2013”.

მასალა დამუშავებულია პროფესორ გეორგიოს სილაოსის ხელმძღვანელობით.

ავტორები გულწრფელ მადლობას უხდიან პროფესორ სილაოსს და პროექტის გუნდის სხვა წევრებს.

ლიტერატურა:

1. Kupatadze K., Gverdtsiteli M. (2014.) “ History of chemistry and scientific tourism as a means to increase students motivation to learn chemistry” Tchê-Quimica, Vol. 11, No. 22, pp. 24-33.

2. ICCECRICE2012 ; http://www.yesmeet.com/congressi/iccecrice2012.org/www.iccecrice2012.org/en/privacy.php.html

3. ICHSTM 2013; http://www.ichstm2013.com/

4. Eamon C. (2010) “Masters of Fire: Italian Alchemists in the Court of Philip II” Chymia: Science and Nature in Medieval and Early Modern Europe. Cambridge Scholars Publishing. pp. 138-156.

5. ვახტანგ VI (1991) “ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა“. სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,თბილისი.

6. ბუნებრივი გამწმენდი სისტემების კვლევა მცირე და სოფლის ტიპის დასახლებებში (თურქეთის მაგალითი) (2015) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა (ქართული თარგმანი).

7. Sylaios G (2014) “სასწავლო მასალა”. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა (ქართული თარგმანი).

8. Kiziloz B., Kupatadze K. (2015)“The Impact of "Wastenet project" on the ecology of Turkey and Georgia” Tchê-Quimica, Vol. 12, No. 23, pp. 39-47.

9. Kotti I., Georgios D. Gikas G. D. and Vassilios A. (2010) “Effect of operational and design parameters on removal efficiency of pilot-scale FWS constructed wetlands and comparison with HSF systems” Journal Ecological Engineering. No. 36. pp.862–875

10. Laarman, J. G. and Perdue, R. R. (1989) “Tropical science and tourism” Annals of Tourism Research Vol.16, No.2, pp.205.

 

გამოქვეყნებულია: 25-10-2015