"ქიმიის უწყებანი" ტომი:1, ნომერი:2, 49-52 გვ.
მიკროელემენტები და მათი მნიშვნელობა მცენარეთათვის
სტუდენტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
რეზიუმე: ნიადაგში მიკროელემენტების უკმარისობისას კლე¬ბუ-ლობს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა და მისი ხარისხიც მკვეთრად ეცემა. შესაბამისად მცენარეული პროდუქტებიც არასრულ¬ფა-სოვანი ხდება. ხარისხის გაუარესება კი შეიძლება გახდეს გამომწვევი მიზეზი სერიოზული დაავა¬დე¬ბების, როგორც ადამიანის, ისე პირუტყვის. ცნობილია, მაგალითად, ცხვრისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადე¬ბები, რომლებიც გამოწვეულია საკვებში კობალტისა და თუთიის უკმარისობით. ასე რომ, საძოვრებშიც კვებითი ღირებულება დიდად არის დამოკიდებული ნიადაგში მიკროელემენტების შემცველობაზე.
საკვანძო სიტყვები: მიკროელემენტები, ნიადაგი, მანგანუმი, რკინა, სპილენძი, თუთია
პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ როდესაც საკითხის უკეთ შესწავლა დავიწყე, ნამდვილად არ ველოდი ასეთ შედეგებს. მართალია, ეს საკითხი ისეთ პრობლემას არ წარმოადგენს კაცობრიობისთვის, როგორც ვთქვათ გლობალური დათბობა, მაგრამ საბოლოოდ შედეგები ნამდვილად პრობლემატური და კატასტროფულია. მე არ ვიცი რა ხდება მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ საქართველოში ეს საკითხი არ კონტროლდება ისე, რომ პრობლემა გადაჭრილი იყოს.
ფიზიოლოგიური გამოკვლევებით დადგენილია, რომ მიკროელემენტები წარმოადგენენ მრავალი ფერმენტის, ვიტამინისა და ზრდის ნივთიერებათა განუყოფელ ნაწილს. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მცენარის ზრდა-განვითარებაზე, დიდ გავლენას ახდენენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის რაოდენობასა და ხარისხზე. რადგანაც მცენარის მასაზრდოებელი ნივთიერებები ნიადაგშია და მათ მცენარე სწორედ ნიადაგიდან ითვისებს, ამიტომ მიკროელემენტებთან ერთად ნიადაგში მიკროელემენტების შემცველობაც დიდ ყურადღებას იმსახურებს. სწორედ, ნიადაგში მიკროელემენტების შემცველობაზე გავამახვილებ დიდ ყურადღებას და შევეცდები ჩამოვაყალიბო ის შედეგები, რასაც ნიადაგში მიკროელემენტების უკმარისობა იწვევს. ასევე უკმარისობასთან ერთად
ხშირად დიდ პრობლემებს იწვევს ნიადაგში მიკროელემენტების სიჭარბე, მაგრამ ეს საკითხი ცალკე განხილვის საგანს წარმოადგენს და ამიტომ მე მხოლოდ მიკორელემენტების ნიადაგში უკმარისობაზე გავაკეთებ მთავარ აქცენტს.
ნიადაგში მიკროელემენტების უკმარისობისას კლებულობს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა და მისი ხარისხიც მკვეთრად ეცემა, მაშასადამე, მცენარეული პროდუქტებიც არასრულფასოვანი ხდება. ხარისხის გაუარესება კი შეიძლება გახდეს გამომწვევი მიზეზი სერიოზული დაავადებების, როგორც ადამიანის, ისე პირუტყვის. ცნობილია, მაგალითად, ცხვრისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია საკვებში კობალტისა და თუთიის უკმარისობით. ასე რომ, საძოვრებშიც კვებითი ღირებულება დიდად არის დამოკიდებული ნიადაგში მიკროელემენტების შემცველობაზე. ეხლა კი განვიხილავ ზოგიერთი მიკროელმენტის ადგილსა და როლს ბუნებაში.
მანგანუმი (Mn) აუცილებელია მცენარეთა ზრდა-განვითარებისთვის. იგი მცენარის სუნთქვის პროცესში კატალიზატორის როლს ასრულებს და ასევე მონაწილეობს ფოტოსინთეზის პროცესში. ამ ელემენტის შემცველობა 1 კგ. მშრალ მცენარეულ ნივთიერებაში 0.01-0.001 %-ს შეადგენს.
ნიადაგში მანგანუმის უკმარისობა მცენარეთა ქლოროზით დაავადებას იწვევს. მანგანუმით ღარიბი საკვების მიღებისას ცხოველები წყვეტენ ზრდას, ფერხდება ჩონჩხის გაძვალების პროცესი და ვითარდება დაავადება- პეროზი.
ბორიც (B), მანგანუმის მზგავსად მცენარეების აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მისი შემცველობა 1 კგ. მშრალ მცენარეულ ნივთიერებაში 2-3დან 100 მგ-მდე. ბორი დადებითად მოქმედებს მცენარის ზრდა-განვითარებაზე. იგი ხელს უწყობს მცენარეში საკვები ნივთიერებების ცვლას და გადაადგილებას, ასევე აძლიერებს ნახშირწყლებისა და ცილების სინთეზს. ბორის ძირითადი ფუნქციაა უჯრედის სტრუქტურის ჩამოყალიბება და დიფერენცირება. შესაბამისად ამ ელემენტის უკმარისობა იწვევს მცენარეში ზრდის წერტილების დაკნინებას და მცენარეთა დეფორმაციას. სტრუქტურის დეფორმაციის გარდა ბორის ნაკლებობა იწვევს ფესვისა და ღეროს ზრდის შეჩერებას, რასაც საბოლოოდ ზრდის წერტილების გაყვითლებამდე და სიკვდილამდე მივყავართ.
თუთიის (Zn) შემცველობა ნიადაგებში დამოკიდებულია უშუალოდ ნიადაგწარმომქმნელ ქანებში ამ ელემენტის არსებობაზე. თუთია შედის მთელი რიგი მინერალების შემადგენლობაში, რომელთა დაშლისა და გამოფიტვის შედეგად იგი გადადის როგორც გაცვლით, ისე წყალხსნარ ფორმაში.
თუთიით ღარიბ ნიადაგებზე განვითარებული მცენარეები განიცდიან ქლოროფილის ნაკლებობას. ცხოველთა ორგანიზმში თუთიის შემცველობა საშუალოდ შეადგენს 0.003 %-ს. მისი ნაკლებობა კი იწვევს ცხოველთა ზრდის შეჩერებას, კანის დაავადებას და ბეწვის ცვენას. შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ ცხოველთა ორგანიზმში თუთიის შემცველობაზე საუბარი ერთი შეხედვით თემასთან უადგილოა, რადგან ჩემი თემა მცენარეთათვის მიკროლემენტების მნიშვნელობას შეეხება, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ცხოველი საჭირო მიკროლემენტებს მცენარიდან იღებს, საკვების სახით.
სპილენძი (Cu) მცენარისათვის შეუცვლელი ელემენტია. ნიადაგში სპილენძის შემცველობა შეადგენს 0.002 %-ს. მცენარეები, რომლებიც სპილენძის 0.001 %-ზე ნაკლები შემცველობის ნიადაგებზე ხარობენ, ავადდებიან, რაც გამოიხატება ზრდის შესუსტებაში, ყვავილებისა და თესლის წარმოქმნის პროცესში. მის ნაკლებობას განსაკუთრებით განიცდიან მარცვლოვანი მცენარეები.
ამრიგად, მცენარის სასიცოცხლო პროცესის წარმართვაში სპილენძი დიდ როლს ასრულებს. იგი ფერმენტების და ჟანგვითი პროცესების აუცილებელი კომპონენტია. მისი ნაკლებობა მცენარეში იწვევს ასევე მცენარის ქლოროზს, ანუ გაყვითლებას. საძოვრ-სათიბებში, მაგალითად, თივაში სპილენძის ნაკლებობა იწვევს დაავადებას- ლიზუნას, რაც გამოიხატება პირუტყვის მადის დაკარგვასა და ჰემოგლობინის რაოდენობის დაცემაში.
ამ მიკროელემენტების ჩამოთვლას, რომ გავყვეთ შეიძლება დ. მენდელეევის პერიოდულ სისტემაში შემავალი ელემენტების დაახლოებით ½-ის ჩამოთვლა მოგვიწიოს. ვფიქრობ ამ ოთხი ელემემენტის (Mn, B, Zn, Cu) ჩამოთვლაც საკმარისია იმისთვის, რომ მივხვდეთ თუ რა რიგ პრობლემებს ვაწყდებით იმ შემთხვევაში, როდესაც მცენარე მიკროელემენტების უკმარისობას განიცდის. მე შევეცდები წარმოვაჩინო პრობლემის გადაჭრის ჩემეული მოსაზრება და თვალთახედვა.
პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ მანამდე სანამ პრობლემის გადაჭრას დავიწყებთ აუცილებელია საკითხის კარგად შესწავლა, რადგან საკითხის არცოდნით შეიძლება მცენარეს კიდევ უფრო დიდი ზიანი მივაყენოთ.
თავდაპირველად ვისაუბრებ ზოგადად პრობლემის გადაჭრის გზებზე და გამოვთქვავ ჩემს ვარაუდებს თუ რა გზით შეიძლება პრობლემა იქნას გადაჭრილი, შემდეგ კი ჩემს მიერ მოყვანილი მიკროელემენტების, მცენარეში უკმარისობით გამოწვეულ პრობლემების გადაჭრის გზებზე ვისაუბრებ.
ჩემი აზრით პრობელემის გადასაჭრელად აუცილებელია ორი რამ:
- განვსაზღვროთ თუ რა ელემენტების უკმარისობას განიცდის მცენარე,
- სწორად შევარჩიოთ ის სასუქები და დოზა რომელიც მცენარისათვის აუცილებელია. რა თქმა უნდა, დოზის განსაზღვრის გარეშე პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია, რადგან როგორც უკვე ავღნიშნე, ზედმეტმა დოზამ შეიძლება უფრო სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.
პრობლემის გადაჭრა შედარებით მარტივია ნაყოფის მომცემ ხეებსა და მცენარეებში, ვიდრე საძოვრეში. რადგან ხეებში დანამატის შეტანა ხორციელდება პრიდაპირ ხის ძირში, მაგრამ არსებობს ისეთი მიკროელემენტები, რომლებსაც მცენარე ზედაპირული შეწამლითა და დანამატების სახით იღებს ფოთლიდან. როდესაც საქმე საძოვრებს ეხება, ჩემი აზრით ზედაპირულად დანამატების შეტანა ცხოველისთვის საშიშია. ვფიქრობ, საძოვრებში ეს პრობლემა, რომ გადავჭრათ უკეთესი იქნება საძოვრების ზედაპირული გადახვნა და გადახვნულ ნიადაგში სპეციალური სასუქების შეტანა, იმის გათვალისწინებით თუ რა მიკროელემენტების უკმარისობას განიცდის ნიადაგი. ამისთვის კი აუცილებელი იქნება სასაძოვრე ნაკვეთების გაყოფა ორ ნაწილად, 1. საძოვრები, რომლებიც გადაიხვნება ნიადაგის მიკროელემენტებით გასამდიდრებლად, და 2. საძოვრები, რომლებიც გამოიყენება ცხოველთა გამოსაკვებად, იმ დროის განმავლობაში, ვიდრე სხვა საძოვრებზე მიკროელემენტებით გამდიდრებული ბალახი წამოიზრდება.
მაგალითად, ნიადაგი რომელიც განიცდის ბორის ნაკლებობას, ბორი უნდა შევიტანოთ ბორმანგანუმის სახით, რომელიც შეიცავს 6-7 % ბორის მჟავას (H3BO3) და 70-80 % მაგნიუმის სულფატს (MgSO4). თუ ნიადაგი განიცდის თუთიის დეფიციტს, მაშინ თუთიის სასუქად უნდა გამოვიყენოთ თუთიის სულფატის კრისტალჰიდრატი (ZnSO4∙7H2O), რომელშიც 22,5 % თუთიაა. ასევე, სპილენძის ნაკლებობის შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ პირიტის ნამწვი, რომელიც 0.3-0.8 % სპილენძს შეიცავს. სპილენძის სასუქები ხელს უწყობენ მცენარეს ყინვაგამძლეობას, აძლიერებენ მცენარეში კალიუმის შემთვისებლობის უნარს და იცავენ მცენარეებს ჩაწოლისგან.
სასუქების შეტანა მცენარეში ერთია, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე, სწორი „დიაგნოზის“ დასმის გარეშე პრობელის გადაჭრა შეუძლებელია. სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველო ნიადაგ შემსწავლელი ლაბორატორიების და კვლევითი ცენტრების დეფიციტს განიცდის, მათ გარეშე კი, ალბათ დამეთანხმებით, პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია. სწორედ, მაღალი ხარისხის ნიადაგ შემსწავლელი ლაბორატორიების არსებობა არის პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მთავარი საწინდარი, რადგან გამოკვლევის გარეშე რთულია საკითხის გადაწყვეტა. ჩვენ ამ დროს ერთგვარი „გარტყმის“ პრინციპით ვერ ვიხენმძღვანელებთ, მცენარეში დანამატის შეტანისას საჭიროა ძალიან დიდი სიზუსტე, იმისთვის, რომ ბალანსი არ დაირღვეს და დოზირება დაცული იყოს. ამისთვის კი საჭიროა თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები.
ასევე, კარგი იქნება ამ პრობლემასთან დაკავშირებით გლეხებში ცოდნის გაღრმავება, ერთგვარი კონსულტაციების საშუალებით იმის გაცნობა, თუ რა დიდი მნიშვნელობა გააჩნია მიკროელემენტებს მცენარეთათვის. ხშირად ვხვდები ხალხში იმ აზრს, რომ სასუქებით გამდიდრებული მცენარეებიდან მიღებული პროდუქტი უხარისხო და ჯანმრთელობისთვის საშიშია, მაგრამ მიკროელემენტების შემცველი სასუქების დამატების გარეშე ვერ მივიღებთ ჩვენთვის სასურველ პრიდუქტს, ამავდროულად ჩვენ ხელს ვუწყობთ მცენარის დაკნინებას და „სიკვდილს“. მართალია, კარგია როდესაც მცენარეს აქვს საკმარისი მარაგი მიკროელემენტების და შესაბამისად ადამიანის ჩარევაც არ არის საჭირო. მითუმეტს, იმის გათვალისწინებით, რომ ის აუცილებელი სასუქები და დანამატები, რომლებიც მცენარისთვის უმთავრესია, საკმაოდ ძვირი ღირს. მაგრამ, როდესაც მცენარე განიცდის მიკროელემენტების უკმარისობას, ჩარევა აუცილებელი ხდება და გვიწევს მცენარეების მიკროელემენტებით ხელოვნური გზით გამდიდრება.
საბოლოოდ, დასკვნის სახით, მცენარე არის სიცოცხლის უმთავრესი წყარო დედამიწაზე და შესაბამისად მიკროელემენტების როლიც საკმაოდ დიდია. შესაბამისად, ნიადაგში მიკროელემენტების უკმარისობას საკმაოდ სავალალო შედეგებამდე მივყავართ, რაც აისახება საციცოცხლო პროცესების მიმდინარეობაზე, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობისა და ხარისხის გაუარესებაზე, ხარისხის მკვეთრი დაცემა კი თავის მხრივ ხშირად ხდება ადამიანისა და ცხოველის დაავადებების მთავარი მიზეზი. ჩვენი მიზანი კი ამ პრობლემის გადაჭრაა! გადაჭრა მცენარის მიკროელემენტებით გამდიდრების გზით, ისინი თავისი საოცარი თვისებებითა და უმცირესი დოზით ახერხებენ ძლიერ ზემოქმედებას მცენარეში სასიცოცხლო პროცესების მიმდინარეობაზე და მცენარეთა იმუნიტეტის ამაღლებაზე.
გამოქვეყნებულია: 30-12-2014