კესო ბარამიძე

kbara2012@agruni.edu.ge





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:1, ნომერი:2, 45-48 გვ.

მომავლის საწვავი

კესო ბარამიძე

სტუდენტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი,

რეზიუმე: „მცენარეული ზეთის გამოყენება ძრავების საწვავად დღეს შეიძლება მნიშვნელოვნად არ მიგვაჩნდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში მცენარეული ზეთის საწვავი ისეთივე მნიშვნელოვანი გახდება, როგორიც დღეს ნავთობის პროდუქტებია" - წერდა რუდოლფ დიზელი 102 წლის წინ.

საკვანძო სიტყვები: ბიოსაწვავი, მეთანოლი, განახლებადი რესურსები

„მცენარეული ზეთის გამოყენება ძრავების საწვავად დღეს შეიძლება მნიშვნელოვნად არ მიგვაჩნდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში მცენარეული ზეთის საწვავი ისეთივე მნიშვნელოვანი გახდება, როგორიც დღეს ნავთობის პროდუქტებია" - წერდა რუდოლფ დიზელი 102 წლის წინ.

დღესდღეობით ნავთობი და მისი პროდუქტები ადამიანისთვის ყველაზე ეფექტური, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. სწორედ მისი მეშვეობით გადაადგილდება მსოფლიო საქონლის უდიდესი ნაწილი, გამოიმუშავებს ენერგიას იმაზე გაცილებით ეკონომიურად, ვიდრე სხვა შესაძლო ალტერნატივები.

მაგრამ მონეტას ორი მხარე აქვსო და არც ეს შემთხვევა გახლავთ გამონაკლისი. კაცობრიობისთვის სამწუხაროდ, ზემოთხსენებულ სასიცოცხლოდ აუცილებელ (ამ შეფასების ჭეშმარიტებაში, ალბათ, დამეთანხმებით) დადებით თვისებებს სრულად აკომპენსირებს მისი „ბნელი“ მხარე.

ნავთობის წვლილი გარემოს დაბინძურებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდია და, სავარაუდოდ, ასეც დარჩება. უფრო მეტიც, დიდი ალბათობით, ე.წ. „საავტომობილო მოსახლეობის“ ზრდასთან ერთად, თითოეული ერთით მეტი ავტომობილი და მის მიერ გავლილი ერთით მეტი კილომეტრი უსწრაფესად გაზრდის ჩვენი პლანეტის გლობალურ საფრთხეებს.

გარდა ამისა, ნავთობის გავრცელება ხელს უწყობს ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურებას და, შესაბამისად, სიმსივნის, გულსისხლძარღვთა და სასუნთქი დაავადებების განვითარებას.

ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა დღევანდელ მსოფლიოში, რომლის გადაწყვეტის საუკეთესო გზად, პირადად მე, წიაღისეული საწვავის ბიო საწვავით ჩანაცვლება მიმაჩნია.

როგორ არ უნდა ჩავანაცვლოთ ბენზინი მცენარეული საწვავით?

დაახლოებით 8-9 წლის უკან შემთხვევით მოვისმინე ჩემი მშობლების მსჯელობა ერთ-ერთ უცხოურ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაზე მომავლის საწვავის შესახებ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნამდვილად გავოცდი, როცა გავიგე, რომ დაახლოებით 50 წლის შემდეგ ავტომობილებში იმ სითხის ნაცვლად, რომლის სუნიც ძალიან მიყვარდა და რომლის კვალიც წვიმის შემდეგ ჩემთვის გასაოცრად ლამაზ ცისარტყელის ფერებს ტოვებდა, ჩვეულებრივ ზეთს ჩაასხამდნენ (ზეთი კი, რატომღაც, ძალიან არ მიყვარდა). როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია ღრმად ჩამებეჭდა გონებაში. მომდევნო ზაფხულს სოფელში ავედით დასასვენებლად. რა თქმა უნდა, ბავშვები მამაჩემს მოსვენებას არ ვაძლევდით და დაჟინებით ვითხოვდით მდინარეზე წაყვანას, მას კი, ცხადია, სიზარმაცე სძლევდა და ათას მიზეზს პოულობდა. ერთ დღესაც ამ 1000 მიზეზში შევიდა შემდეგი: " ბავშვებო, ბენზინი არ მაქვს, ასე, რომ მდინარეზე ვერ წავალთ!" მე კი, ბევრი ფიქრის შემდეგ, გამოსავალი ვიპოვე და დარწმუნებულმა იმაში, რომ მამაჩემს უარის თქმის ყველანაირ გზას გადავუჭრიდი, მთელი ზაფხულის ზეთის მარაგი ბენზინის ავზში გადავუშვი.

მოდით, ამ ისტორიის დაბოლოებაზე ნუღარ ვისაუბრებთ და გადავიდეთ ბიოსაწვავის ხელმისაწვდომად გახდისა და დანერგვის გზებზე.

მცენარეული ზეთი არის ალტერნატიული საწვავი დიზელზე მორგებული ძრავებისთვის. დღეისათვის სხვადასხვა სახის ცილების შემცველი ნედლეულიდან ბიოსაწვავის წარმოების სხვადასხვა ტექნოლოგია არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტუტე-მაკატალიზირებელი მეთოდია.

მიუხედავად ამისა, ამ მეთოდს აქვს რამოდენიმე უარყოფითი მხარე. მაგალითად, იმ წყლის წარმოქმნა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ანთროპოგენურ მოვლენებზე, დეაქტივაციის დაჩქარება, ბიოდიზელისგან კატალიზატორისა და გლიცერინის გამოყოფის სირთულე და ა.შ. არაკატალიზური ბიოსაწვავის წარმოება მეთანოლის გამოყენებით გვთავაზობს რამდენიმე უპირატესობას კატალიზურ ტრანსესტერიფიკაციასთან შედარებით. მათ შორის, წარმადობის მაღალ მაჩვენებელს. ამ მეთოდის გამოყენებით მარტივად ხდება ნარევიდან საბოლოო პროდუქტის გამოყოფა და, რაც მთავარია, არ წარმოიქმნება ე.წ. „მავნე წყალი“.

აღნიშნული მეთოდის ერთ-ერთი მაგალითია ზეთის ტრანსესტერიფიკაცია (ალკოჰოლიზი) მეთანოლის გამოყენებით.

ტრანსესტერიფიკაციის შედეგად ცილის შემცველი ნედლეულიდან (მცენარეული ზეთები, ცხოველური ცხიმები) შეგვიძლია მივიღოთ ბიოსაწვავი. უშუალოდ ამ პროცესის დროს ხდება ტრიგლიცერიდის ესტერის (ზეთის ან ცხიმის) გარდაქმნა ალკილესტერად. უფრო ზუსტად კი, ტრიგლიცერიდი რეაქციაში შედის მეთანოლთან, მიიღება გლიცეროლი და მეთილესტერი (ეს ყოველივე კატალიზატორის მოქმედების შედეგად ხდება).

როგორც ვხედავთ, ტრანსესტერიფიკაცია საკმაოდ მარტივი გზაა (სხვა მეთოდებთან შედარებით) ბიოდიზელის მისაღებად. მით უმეტეს, რომ მეთილ ესტერი იწვის პირდაპირ არამოდიფიცირებულ დიზელის მექანიზმებში.

რეაქციის შემდეგ მეთილ ესტერის გარდა გამოიყოფა გლიცეროლი, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა დანიშნულებით (კოსმეტიკაში, საკვებში, ცელულოზის დამუშავებაში და სხვა).

როგორც ვიცით, ურბანული წყლების დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი გამოყენებული საკვები ზეთია, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით გროვდება დროის მცირე მონაკვეთში. ჩვენ კი მისი გამოყენება შეგვიძლია ბიოსაწვავის მისაღებად.

ასე, რომ მინიმალური დანაკარგებით და მაქსიმალური ეკონომიკური მოგებით შევძლებთ შევქმნათ საწვავი, რომელიც გაცილებით კარგად მოერგება დედამიწას და კაცობრიობას, ვიდრე ჩვენთვის კარგად ცნობილი „შავი ოქრო“.

იმედი მაქვს, მსოფლიო მალე დაინახავს ჭეშმარიტებას რუდოლფ დიზელის ზემოთ მოყვანილ სიტყვებში და მალევე გადადგამს პირველ გადამწყვეტ ნაბიჯს წიაღისეული საწვავის მცენარეულით ჩანაცვლებისკენ.

 

 

 

გამოქვეყნებულია: 30-12-2014