გაფართოებული ძებნა
"ქიმიის უწყებანი" ტომი:1, ნომერი:1, 57-57 გვ.
ჩემო პატარა მეგობრებო!
დოქტორი
რეზიუმე: რა არის ქიმია? რატომ შეიძლება იგი ადამიანს უყვარდეს და გადაწყვიტოს, რომ მთელი ცხოვრება დაუღალავად ემსახუროს, პატარა ბავშვივით ეფეროს და მისი კანონზომიერებების შეცნობაში ღამეები ათენოს.
საკვანძო სიტყვები: იონური ბმა, კატიონი, ანიონი
ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი მომენტი არსებობს. თუ ორივეში სწორ არჩევანს გააკეთებთ, ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყნად ძალიან ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით. ალბათ გაინტერესებთ, რას ვგულისხმობ. გეტყვით, ეს არის პროფესიის და მეორე ნახევრის არჩევა. ამჯერად კი თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ჩემს პროფესიაზე, რომელიც ძალიან მიყვარს და მას სახელად „ქიმიკოსობა“ ჰქვია.
რა არის ქიმია? რატომ შეიძლება იგი ადამიანს უყვარდეს და გადაწყვიტოს, რომ მთელი ცხოვრება დაუღალავად ემსახუროს, პატარა ბავშვივით ეფეროს და მისი კანონზომიერებების შეცნობაში ღამეები ათენოს. არ დაგიწყებთ იმაზე საუბარს, რომ იგი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებას მიეკუთვნება. ჩემი სურვილია, სხვა კუთხით და სხვა განზომილებებით დაგანახოთ მისი გენიალურობა. ავიღოთ თუნდაც იონური ბმა. როგორი საოცარი სისწრაფით მიიჩქარიან დადებითად და უარყოფითად დამუხტული იონები ერთმანეთისაკენ, რამდენ დაბრკოლებას უმკლავდებიან იმისთვის, რომ მტკიცე კავშირი შექმნან. ცდილობენ, რომ მათ მიერ შექმნილი პატარა „ოჯახი“ დაიცვან რღვევისგან, გარეშე ფაქტორებისგან, რათა დიდხანს არსებობდნენ ბუნებაში. განა ასე არ ხდება რეალურ ცხოვრებაშიც? სხვადასხვა „მუხტის“ მქონე ადამიანები ერთმანეთისკენ მიილტვიან, ერთ მთლიანობად გარდაიქმნებიან, რომელსაც ოჯახი ჰქვია და ქიმიური ნაერთების მსგავსად, ცდილობენ ცხოვრების ბოლომდე შეინარჩუნონ მათ შორის არსებული კავშირი.
სიტყვა „ქიმიასთან“ ასოცირდება ქიმიური გარდაქმნები და მათი კანონზომიერებები. ნებისმიერი რეაქციის ჩატარებას დიდი თმენა, ნებისყოფა, სიყვარული და მოფერება სჭირდება. სხვაგვარად ვერასოდეს ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგს. სხვაგვარად ყოველი ცდა ფუჭი და ამაო იქნება. განა რაიმე ლამაზი და მშვენიერი ამქვეყნად სხვაგვარად იქმნება? არასოდეს! ქიმიური რეაქციაც ხომ მშვენიერია. არასოდეს დამავიწყდება იმ წუთების სიხარული, როდესაც პირველად წარმატებულად ჩავატარე კონდენსაციის რეაქცია და მივიღე ჩემი საყვარელი ციკლი, რომელსაც მოჰყვა გარდაქმნების მთელი კასკადი და შედეგად კიდევ ერთი მშვენიერი კლასის ნაერთები შეემატა ორგანულ ქიმიას. ახლა მკითხავთ, როგორი პარალელის გავლება შეიძლება ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან მომენტებთან? ძალიან მარტივის. შვილებსაც ასე ვზრდით, ვეფოფინებით, ყველა კაპრიზსა თუ ახირებას ვუსრულებთ და ვცდილობთ, რომ ჩვენი სითბო და სიყვარული არ მოვაკლოთ და როცა ვხედავთ ჩვენი დაუღალავი შრომის ჯანსაღ შედეგს, ბედნიერებისგან ვტკბებით, რადგან კიდევ ერთი ღირსეული ახალგაზრდა შევმატეთ ჩვენს სამშობლოს.
დაუსრულებლად შემიძლია გესაუბროთ ქიმიაზე, მის არაჩვეულებრიობასა თუ კანონზომიერებებზე, მაგრამ ამჯერად თავს აღარ შეგაწყენთ. დაგემშვიდობებით კეთილი სურვილებით და თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრის იმედით.
გამოქვეყნებულია: 30-05-2013