თ. ქარქუსაშვილი

t.karkusashvili@gtu.ge





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:1, ნომერი:1, 55-56 გვ.

კრიმინოლოგიური კვლევის მეთოდიკა

თ. ქარქუსაშვილი

ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 238-79-00

რეზიუმე: კრიმინოლოგიური კვლევის მეთოდები კრიმინოლოგიური ცოდნის ჩამოყალიბებისა და დასაბუთების ხერხებს წარმოადგენენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი დანაშაულზე, მისი ფუნქციონირების კანონზომიერებებზე, დამნაშავეების პიროვნულ თვისებებზე და დანაშაულთან ბრძოლის გზებზე ინფორმაციის შეგროვების, მისი დამუშავებისა და ანალიზის საშუალებების ერთობლიობაა.

საკვანძო სიტყვები: კრიმინოლოგია, სტატისტიკური კვლევა, სოციალური სტატისტიკის მაჩვენებლები

კრიმინოლოგიური კვლევის მეთოდები კრიმინოლოგიური ცოდნის ჩამოყალიბებისა და დასაბუთების ხერხებს წარმოადგენენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი დანაშაულზე, მისი ფუნქციონირების კანონზომიერებებზე, დამნაშავეების პიროვნულ თვისებებზე და დანაშაულთან ბრძოლის გზებზე ინფორმაციის შეგროვების, მისი დამუშავებისა და ანალიზის საშუალებების ერთობლიობაა.

კრიმინოლოგიაში კონკრეტულ–კრიმინოლოგიური მეთოდების გამოყენება მიზნად ისახავს დანაშაულობაზე რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სურათის შექმნასა და კრიმინოგენურ ფაქტორთა შემეცნების პრობლემის გადაწყვეტას.

სისტემურად გამოყოფენ კრიმინოლოგიური კვლევის მეთოდებს:

  • ინფორმაციის შეგროვების მეთოდს; (გამოკითხვა, დაკვირვება, დოკუმენტების ანალიზი, საექსპერტო შეფასება, ფსიქოლოგიური ტესტები, სტატისტიკური მეთოდები და ა.შ).
  • მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის მეთოდს; (ფაქტორული, ლატენტურ–სტრუქტურული, კორელაციური, რეგრესიული, დისპერსიული ანალიზი, რანჟირება, სკალირება, ინდექსირება და ა. შ.).
  • თეორიის შექმნის მეთოდს; (დედუქციური, ინდუქციური, შედარებითი, მიზეზობრივი, სტრუქტურულ–ფუნქციური, გენეტიკური და სხვ.).

ნებისმიერი სახის კრიმინოლოგიური გამოკვლევა, მისი კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების მიუხედავად, პირველ რიგში, კვლევის პროგრამის შედგენით უნდა დაიწყოს. კვლევის პროგრამაზე მუშაობა უკვე კრიმინოლოგიური კვლევის დაწყებას ნიშნავს და ის ფრიად საპასუხისმგებლო ეტაპს წარმოადგენს.

კვლევის შედგენის ძირითადი ეტაპებია:

  • პრობლემის ჩამოყალიბება;
  • კვლევის ობიექტის, საგნის მიზნების და ამოცანების განსაზღვრა;
  • ძირითადი ცნებების ლოგიკური ანალიზი;
  • ჰიპოთეზების წამოყენება;
  • შერჩევითი ერთობლიობის განსაზღვრა;
  • ინსტრუმენტარის შედგენა;
  • პილოტაჟი;
  • საველე გამოკვლევა;
  • მიღებული მონაცემების დამუშავება;
  • მათი ინტერპრეტაცია;
  • სამეცნიერო ანგარიშის მომზადება.

სისხლის–სამართლებრივი (სტატისტიკური) მეთოდი. კრიმინოლოგიაში ხშირად გამოიყენება სტატისტიკური მეთოდი. ეკონომიკური, დემოგრაფიული, სოციალური სტატისტიკის მაჩვენებლები შეიცავენ მნიშვნელოვან ინფორმაციას დანაშაულის მიზეზებისა და პირობების შესახებ, ამიტომაც კრიმინოლოგები მათ ხშირად იყენებენ, მაგალითად, კრიმინოლოგიაში დამტკიცებულადაა მიჩნეული დანაშაულსა და საზოგადოების ეკონომიკურ მდგომარეობას შორის კავშირის არსებობის ფაქტი. აგრეთვე, არსებითად მიიჩნევა დემოგრაფიული პროცესების, კერძოდ, ურბანიზა-ციისა და მიგრაციის დანაშაულთან კავშირიც. თავის მხრივ, სოციალური პრობლემატიკა, ასევე, დიდ ადგილს იკავებს დანაშაულის მიზეზების შესწავლაში. უმუშევრობა, ალკოჰოლიზმი და ნარკომანია, ოჯახური აღზრდის, სასწავლო პროცესის, თავისუფალი დროის ორგანიზების ნაკლოვანებანი წარმოადგენენ იმ სოციალური პრობლემების ძირითად ჩამონათვალს, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან კრიმინოლოგიის ძირითადი ინტერესების სფეროში.

სისხლისსამართლებრივ (სტატისტიკურ) მეთოდს კრიმინოლოგიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მის ქვეშ იგულისხმება დანაშაულის შესახებ მონაცემების სისტემური შეგროვება და მათი განლაგება შესაბამის კატეგორიებში. ამ მეთოდის გამოყენების დროს კრიმინოლოგიაში თანმიმდევრულ გადაწყვეტას პოულობს დანაშაულობის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, დანაშაულზე მოქმედი კრიმინოგენური ფაქტორების ხარისხის შეფასება და დანაშაულის პროგნოზირება.

ისტორიულად სისხლისსამართლებრივი სტატისტიკის ფუძემდებლებად ითვლებიან ფრანგი ანდრე–მიშელ გერი (1802–1866) და ბელგიელი ადოლფ–ჟაკ კეტლე (1796–1874).

პირველი სასამართლო სტატისტიკის მონაცემები გამოქვეყნდა 1825 წელს საფრანგეთის იუსტიციის სახელმწიფო მინისტრის ჟაკ გერი ნანეფის (1788–1852) მიერ. მას მიბაძეს სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც – ბელგიამ, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა. დანაშაულზე მონაცემების გამოქვეყნება მიზნად ისახავდა საზოგადოების მორალური მდგომარეობის შესწავლას.

მხოლოდ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გახდა საქართველოში სისხლის-სამართლებრივი სტატისტიკა ხელმისაწვდომი მოსახლეობისათვის. ეს მოხდა საბაზრო ურთიერთობებსა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე გადასვლის პირობებში.

დღეისათვის საქართველოში სისხლისსამართლებრივ სტატისტიკას დიდი ყურადღება ეთმობა. დანაშაულის შესწავლაში კომპიუტერული მეთოდების გამოყენებამ გააფართოვა მისი ანალიზისა და განზოგადების შესაძლებლობები.

დღეისათვის საქართველოში დანაშაულობის სტატისტიკური შესწავლა ეყრდნობა სამართალდამცავი ორგანოებიდან მიღებულ ინფორმაციას. აუცილებელია იმის კონსტატაციაც, რომ რეალობასთან ყველაზე მიახლოებულ სურათს შეიძლება გვაძლევდეს მხოლოდ პოლიციის სტატისტიკა, მაშინ როდესაც, სასამართლო და განსაკუთრებით, პენიტენციალური სისტემის სტატისტიკა ნაკლებად ზუსტად წარმოაჩენს რეალურ კრიმინალურ სურათს. სისხლისსამართლებრივი სტატისტიკის აღნიშნულ ნაკლთან დაკავშირებით გ. შნაიდერი ამბობს, რომ ოფიციალურ სტატისტიკას მხოლოდ ერთი ფუნქცია გააჩნია – იყოს ინდიკატორი, „დანაშაულის ნამდვილად არსებობის“ სიმპტომია. მის გამო დანაშაულს ხშირად აისბერგსაც ადარებენ, რომლის დიდი ნაწილი არ ჩანს, ხოლო ხილული მცირე ნაწილი დანაშაულობის იმ ნაწილის ანალოგიაა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ არის რეგისტრირებული.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სახეები. ექსპერტიზის ჩვენება შეუზღუდავია. მისი ჩვენება შეეხება ნებისმიერ იმ საკითხს, რომელზეც „ექსპერტს“ აქვს აზრის გამოთქმის შესაძლებლობა ზოგადად მიღებულ სამეცნიერო პროფესიულ, ბიზნეს თუ სხვა საკითხებზე, რომელიც სცდება ადამიანის ჩვეულებრივი შესაძლებლობებს. სასამართლოებს აქვთ ფართო დისკრეცია იმის გადაწყვეტისას თუ ვის მიიჩნევენ ექსპერტ-მოწმედ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს „ექსპერტი“, თუ მას შეუძლია დაუმტკიცოს მოსამართლეს, რომ ის ფლობს კონკრეტულ ცოდნას, მიღებული აქვს სპეციალური განათლება ან გააჩნია შესაბამისი გამოცდილება, ან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ერთობლიობა, რაც სასამართლოს დაეხმარება დაადგინოს სიმართლე კონკრეტულ საქმეზე.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 3, პარაგრაფი 21–ე „ექსპერტს“ შემდეგნაირად განმარტავს: „ექსპერტი“ – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში“.

 

გამოქვეყნებულია: 05-03-2013