ლიანა ქოიავა

thamkach@mail.ru





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:1, ნომერი:1, 45-54 გვ.

გენმოდიფიცირებული პროდუქტები - რეალური თუ ცრუ საფრთხე?

ლიანა ქოიავა, თამარ კაჭარავა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

რეზიუმე: თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეთოდების შედეგად შესაძლებელია მცენარის, ან ცხოველის ამა თუ იმ სახეობისათვის “სასურველი” თვისების მინიჭება. მაგრამ უსაფრთხოა თუ არა ადამიანისათვის გენურად მოდიფიცირებული პროდუქტები? სტატიაში განხილულია ორი საწინააღმდეგო თვალთახედვა, რომელთაგანაც ორივეს აქვს დამოუკიდებლად არსებობის უფლება.

საკვანძო სიტყვები: გენმოდიფიცირებული პროდუქტები, გენური ინჟინერია.

XX საუკუნის 70-იანი წლებიდან მოლეკულურ ბიოლოგიაში ახალი ტექნოლოგიების შემუშავებამ შესაძლებელი გახადა მეტი ინფორმაცია დაგროვილიყო ცოცხალი ორგანიზმების, მათი ურთიერთქმედების, ფუნქციებისა და გენეტიკის შესახებ. ამასთან ერთად ამ ტექნოლოგიების გამოყენებით მოხერხდა ერთი სახეობის ორგანიზმიდან სხვა სახეობის ორგანიზმში გარკვეული გენების და შესაბამისად, ნიშან-თვისებების გადატანა. პირველი ასეთი წარმატებული ექსპერიმენტი 1973 წელს ბაქტერია E.coli-ზე განხორციელდა. 1978 წელს, კი შეიქმნა E.coli-ის შტამი, რომელიც ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმის მარეგულირებელ ჰორმონს - ინსულინს ასინთეზირებდა. დღეს უკვე, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების წარმოებამ მასშტაბური ხასიათი შეიძინა და ასეთი ორგანიზმების შემცველი პროდუქცია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და მაინც რა არის გენმოდიფიცირებული ორგანიზმი, რა გამოყენება ჰპოვა ასეთმა ორგანიზმებმა და რა დადებით ან უარყოფით მხარეებთან არის დაკავშირებული ამ ორგანიზმების მიღება-გამოყენება?

გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გენეტიკურ კოდში ჩანერგილია არამონათესავე სახეობის გენეტიკური ინფორმაცია რაც ამ ორგანიზმს ახალი, მანამდე არარსებული ნიშან-თვისების მატარებელს ხდის. ამ გზით ხორციელდება ადამიანისთვის სასურველი თვისებების მქონე ორგანიზმის მიღება. მაგალითად, სიმინდის გენომში ბაქტერია Bacillus thuringiensis გენის შეტანით მცენარემ შეიძინა მავნე მწერებისადმი რეზისტენტობის (მდგრადობის) თვისება. ასეთივე გზით მიიღეს ბეტა კაროტინის (ვიტამინის პრეკურსორი) მასინთეზირებელი ოქროსფერი ბრინჯი, რომლის გენეტიკურ მასალაში ნარცისისა და ბაქტერიის გენები იქნა ჩართული.

თავიდან გამოყოფენ გენს, დონორი უჯრედიდან, ან ახდენენ მის ხელოვნურ სინთეზს; ამის შემდეგ ხდება გამოყოფილი გენის „ვექტორთან“ მიერთება. უმეტეს შემთხვევაში, ვექტორის როლს ასრულებს ბაქტერიის პლაზმიდა. (ბაქტერია შეიცავს ძლიერ ჩახლართულ ქრომოსომას და პლაზმიდას) პლაზმიდა რგოლური ფორმისაა და წარმოადგენს ორძაფიან მოლეკულას, აქვს რეპლიკაციის (გაორმაგების) უნარი. ფერმენტ რესტრიქტაზების (იღებენ ბაქტერიიდან- E.coli) მეშვეობით ხდება პლაზმიდის ჩაჭრა. შემდეგ ამ ღია პლაზმიდას უერთებენ გამოყოფილ გენს და ფერმენტ ლიგაზას მეშვეობით ხდება მათი „გაკერვა“. მიიღება ვექტორი. ვექტორს აბრუნებენ ისევ ბაქტერიაში და მოდიფიცირებული ბაქტერიით ახდენენ რეციპიენტი ორგანიზმის (მაგ. მცენარის) დასნებოვნებას, რომლის დროსაც მიიღება გენმოდიფიცირებული ორგანიზმი.

თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეთოდების შედეგად შესაძლებელია მცენარის, ან ცხოველის ამა თუ იმ სახეობისათვის “სასურველი” თვისების მინიჭება. კერძოდ, ხდება ამ “სასურველი” თვისების განმაპირობებელი გენის ჩანერგვა მცენარეში ან ცხოველში. სწორედ ამ გზით წარმოიქმნება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები. ამდენად, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი არის ის მცენარე ან ცხოველი, რომელსაც მისი გენეტიკური მასალის ცვლილებით (ახალი გენის ჩანერგვით) მინიჭებული აქვს რომელიმე ახალი “სასურველი” თვისება. მაგ. ყინვაგამძლეობა, სწრაფი სიმწიფე, უხვმოსავლიანობა და ა.შ..

თანამედროვე ბიოტექნოლოგიის საშუალებით ხდება ორგანიზმების გენეტიკური მასალის იმგვარი შეცვლა, რაც არასოდეს მოხდებოდა ბუნებრივი ევოლუციის პროცესში. თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მიღწევები, ძირითადად გამოიყენება მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში. გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან (ანუ გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარეებიდან და ცხოველებიდან) იწარმოება გენმოდიფიცირებული პროდუქტები – სამკურნალო საშუალებები, ვაქცინები, საკვები პროდუქტები (ადამიანისა და ცხოველის), კვებითი ინგრედიენტები, პარფიუმერული ნაწარმი, სათესლე და სანერგე მასალა და ა.შ. ამჟამად, გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან წარმოებული სათესლე/სანერგე მასალა და საკვები პროდუქტები მსოფლიო ბაზრის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

უსაფრთხოა თუ არა ადამიანისათვის გენურად მოდიფიცირებული პროდუქტები?

გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, რომელთა შესახებაც ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები არსებობს, ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თვალსაზრისით კვლევების ისტორია ძალიან ხანმოკლეა. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებისას არსებობს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ადამიანზე, ბუნებრივ გარემოსა და ბიომრავალფეროვნებაზე უარყოფითი ზეგავლენის პოტენციური რისკი (საშიშროება). აქედან გამომდინარე თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეთოდებისა და მათ შედეგად მიღებული ორგანიზმების გამოყენებისას ბიოუსაფრთხოების სათანადო დონის უზრუნველყოფის მიზნით მთელ რიგ ქვეყნებში და საერთაშორისო დონეზე შემუშავდა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები.

გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგულირების ჩარჩოების განსაზღვრა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მთავარი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ დამყარებულიყო სათანადო ბალანსი პოტენციურად მნიშვნელოვან სარგებელს გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობის გარანტირებულ უსაფრთხოებას შორის. ცხადი იყო, რომ ბიოუსაფრთხოების უზრუნველყოფა და რეგულირების ეფექტური სისტემების შექმნა, განსაკუთრებით გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტექსტში, შეუძლებელი იქნებოდა მსოფლიოს ყველა ქვეყნის კოორდინირებული მიდგომის გარეშე. სწორედ ამ მიზნით ბიომრავალფეროვნების კონვენციის ფარგლებში შემუშავდა საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი – ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმი, რომელიც ძალაში შევიდა 2003 წლის 11 სექტემბერს. ამჟამად, კარტახენას ოქმის მონაწილე მხარედ ითვლება 80-ზე მეტი ქვეყანა. საქართველომ 2010 წლის შემოდგომაზე რატიფიცირება მოახდინა და მიუერთდა კარტახენის ოქმის მონაწილე ქვეყნებს.

მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების მომხრეა ასეთი ორგანიზმების წარმოებისა და მოხმარების დადებით ასპექტებად ასახელებს სოფლის მეურნეობაში გაზრდილ პროდუქტიულობას, გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებასა და სამედიცინო სფეროში მათი გამოყენების ფართო შესაძლებლობებს.

კითხვა, უსაფრთხოა თუ არა ადამიანისათვის გენეტიკური მოდიფიკაციით მიღებული კვების პროდუქტები, ჯერ-ჯერობით პასუხის გარეშე რჩება. არსებობს ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები გენმოდიფიცირებული პროდუქტის გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე.

მეცნიერების ნაწილს მიაჩნია, რომ გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტები სავსებით უსაფრთხოა. მათი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ბიოინჟინერიის მეთოდების გამოყენება მრავალ სასარგებელო თვისებებს სძენს სასოფლო–სამეურნეო კულტურებს. გენმოდიფიცირებული კულტურებიდან მიღებული პროდუქტები გამოირჩევიან მაღალი ხარსიხით, აქვთ მომგებიანი სასაქონლო სახე და საკვებ ღირებულებას უფრო დიდხანს ინარჩუნებენ.

მსოფლიოში გენმოდიფიცირებული (გმო) პროდუქციის ერთ-ერთ უპირატესობად ასახელებენ იმას, რომ ამ გზით შესაძლებელია სასურსათო კრიზისის დაძლევა. დედამიწის მოსახლეობამ მიაღწია 6 მილიარდს და გამრავლების ასეთი ტემპი თუ შენარჩუნდა, მომავალი 50 წლის განმავლობაში 2-ჯერ გაიზრდება. მოსახლეობის საკვები პროდუქტებით მომარაგება სულ უფრო პრობლემატური ხდება და მსოფლიოს მრავალ კუთხეში შიმშილი მძვინვარებს. გენმოდიფიცირებული პროდუქტების საშუალებით ამ პრობლემის გადაჭრა რამდენიმე გზით შეიძლება. უპირველესად, გენმოდიფიცირებული ხილ-ბოსტნეული თავს იცავს მავნე მწერებისა და სარეველა ბალახისაგან, აქედან გამომდინარე, იმატებს ამ პროდუქტების მოსავლიანობა, თვითღირებულება კი იკლებს. არსებობს გენური ინჟინერიით გამოყვანილი მცენარეები, რომლებიც ადვილად უმკლავდებიან ვირუსებს, ბაქტერიებს და სოკოებს. ამ გზით მიღებული მცენარეები უძლებს ისეთ ყინვას, რაც ჩვეულებრივ გაანადგურებდა მოსავალს. ეს, თავის მხრივ, ზრდის აგროკულტურის ზონას. მესამე სამყაროს ქვეყნებში, სადაც ძირითადი საკვები პროდუქტი ბრინჯია, მოსახლეობის დიდ ნაწილს ვიტამინების ნაკლებობა აწუხებს. გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს ამ პრობლემის გადაჭრაც შეუძლია. ძირითადი პრობლემა A ვიტამინის ნაკლებობაა. ამისთვის შვეიცარიელმა მეცნიერებმა შექმნეს ბრინჯის ახალი ჯიში, რომელიც დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს (ვიტამინს) და რკინას შეიცავს. თუმცა, აღნიშნულმა შვეიცარიულმა კომპანიამ ვერ მოიპოვა მესამე სამყაროს ქვეყნებში ამ მცენარის თესლის გავრცელების უფლება, რისი მიზეზიც ევროპაში გენური ინჟინერიის საწინააღმდეგო მოძრაობები იყო. ისე კი, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, თუ საზოგადოებას პოზიციის დაფიქსირება უნდოდა, მსგავსი მოძრაობები ბევრად უფრო ადრე უნდა ჩამოყალიბებულიყო, რადგან 2000 წლისთვის უკვე 13 ქვეყანა აწარმოებდა გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს. ეს პროდუქტები შეადგენენ საერთო წარმოების 68 პროცენტს. ასე რომ, ჩვენ უკვე დიდი ხანია მივირთმევთ გენმოდიფიცირებულ საკვებს.

გარკვეულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტების საკვებად გამოყენებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია. განსაკუთრებით დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ მათ გამოყენებას ჩვილ ბავშვთა ასაკში, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევის ცხიმოვანი კომპონენტის შემადგენლობაში შედის მცენარეული ცხიმები, კერძოდ, სოიო, სიმინდი, პალმა, ქოქოსი და ა. შ. ალბათ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე მეტად სწორედ ზემოთჩამოთვლილი პროდუქტების გენმოდიფიცირება ხდება. საკვებ პროდუქტებთან მიმართებაში მომხმარებელი დაინტერესდა თვით პროდუქტის უსაფრთხოებით, რადგან მიიჩნეოდა, რომ თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელი იყო ახალი სახეობების შექმნა. იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი ეხება ბიოტექნოლოგიით შემუშავებულ სამედიცინო პრეპარატებს, მომხმარებელი უფრო დადებითად არის განწყობილი, რადგან თვლის, რომ ამ ტექნოლოგიით შექმნილი პრეპარატები დადებით გავლენას ახდენენ მათ მკურნალობასა და საერთოდ ჯანმრთელობაზე. ამ თემაზე წლებია, მეცნიერული კვლევები მიმდინარეობს. საბოლოო დასკვნა ჯერ-ჯერობით არ გამოქვეყნებულა. შესაბამისად, არ ვიცით, ასეთი პროდუქტების მიღებამ ორგანიზმზე რა შედეგი შეიძლება იქონიოს; როგორ მოქმედებს ზრდაზე, განვითარებაზე, რეპროდუქციაზე... სანამ სამეცნიერო დასკვნა არ იქნება გამოტანილი, მანამდე უვნებლად ვერ მივიჩნევთ. როგორც ჩანს, ასეთი გამოკვლევების გამოქვეყნება იზღუდება, მაგრამ არსებობს შრომები, სადაც ნაჩვენებია, რომ ასეთი პროდუქტის მიღებით სხვადასხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესი ირღვევა; იმ ცხოველებს, რომლებზეც ცდებს ატარებენ, მახინჯი ნაშიერები უჩნდებათ. არ ვამტკიცებ, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტის მიღება ორგანიზმისთვის დაუშვებელია, მაგრამ არსებობს რისკი, ადამიანი კი გონიერი არსება იმიტომ არის, რომ ეს რისკი აირიდოს. პროდუქტებზე აუცილებლად უნდა კეთდებოდეს მარკირება - მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რა პროდუქტს იძენს. გენმოდიფიცირებული პროდუქტების მიღებისგან ბავშვებმა და ორსულმა ქალბატონებმა მაინც უნდა შეიკავონ თავი.

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტში არის მითითება: ექსპერტები მოუწოდებენ, გარკვეული მეთოდი გენური ინჟინერიისა არ იყოს გამოყენებული - ე.ი. ექსპერტებმა მასში რაღაც საშიშროება დაინახეს... რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველო "კარტახენის ოქმს" შეუერთდა - ეს არის ბიოუსაფრთხოების ევროპული კონვენცია, რომელიც ქვეყანას ავალდებულებს, საკვები პროდუქტების მარკირება გააკეთოს. სამწუხაროდ, მარკირებულ პროდუქტს ჯერ-ჯერობით სავაჭრო ქსელში ვერ ვხედავ. ამას ყველა პუნქტზე, საიდანაც პროდუქტი შემოდის, სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორიები სჭირდება. გარდა ამისა, უნდა იყოს არბიტრაჟული ლაბორატორიები. როცა საზღვარზე დაიწერება დასკვნა, რომ შემოვიდა 200 ტონა ხორბალი, რომელიც გენმოდიფიცირებული არ არის, შესაძლო შეცდომის გამოსარიცხავად, ეს დასკვნა არბიტრაჟული ლაბორატორიის მიერ უნდა იყოს შემოწმებული.

თავდაპირველ ეტაპზე, ევროპის ბაზარზე შესული გენმოდიფიცირებული პროდუქცია, მომხმარებლის მოთხოვნილებას არ აკმაყოფილებდა არც, პრო-დუქციის დაბალი ღირებულებით, საკვების ხარისხით, გემური თვისებებითა და ა.შ. წესით გენმოდიფიცირებული თესლების პოტენციური შესაძლებლობა - მოსავლის რაოდენობის ზრდა, ფასთა დაწევა უნდა მოჰყოლოდა, თუმცა მოსახლეობის ყურადღება აქცენტირებული იქნა მხოლოდ რისკებზე. მომხმარებელთა მოთხოვნილება გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე განსაკუთრებით შემცირდა 90-იანი წლების II ნახევარში, როდესაც რიგ შემთხვევებში საზოგადოებამ გამოთქვა შეშფოთება საკვების უვნებლობის შესახებ, თუმცა ამ შეშფოთებას არავითარი კავშირი არ ქონდა გენმოდიფიცირებულ პროდუქტებთან.

ზემოქმედება განხორციელდა დისკუსიის პროცესზე, რომელიც შეეხებოდა გენმოდიფიცირებულ პროდუქციას. მომხმარებელი ეჭვქვეშ აყენებდა რისკების შეფასების საფუძვლიანობას და კრიტერიუმებს, რომელიც დაკავშირებული იყო გენმოდიფიცირებული პროდუქციის გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. ძირითადი ყურადღება ეთმობოდა გრძელვადიანი ზემოქმედების საკითხებს. მომხმარებელთ ორგანიზაციების დისკუსიების სხვა თემებს წარმოადგენდა ალერგენტობა და ანტიმიკრობული რეზისტენტობა. მომხმარებელთა განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია დისკუსიამ, რომელიც ეხებოდა გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირებას, მომხმარებლისთვის ინფორმაციული არჩევითობის თვალსაზრისით. ამავდროულად გართულდა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების არსებობის აღმოჩენა საკვებ პროდუქციაში, რიგ შემთხვევებში მათი დაბალი კონცენტრაციების გამო. ამჟამად ევროკავშირის ქვეყნებში აუცილბლობას წარმოადგენს ბიოტექნოლოგიის მეთოდით წარმოებული ან გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველი პროდუქციის მარკირება. კანონმდებლობა მოიცავს ბუნებრივი საკვები პროდუქტის გენმოდიფიცირებული მატერიით შემთხვევითი დაბინძურების პრობლემატიკასაც. კანონით განსაზღვრულია ერთპროცენტიანი მინიმალური ზღვარი დნმ-ისა ან ცილებისათვის, რომელიც წარმოიქმნება გენეტიკური მოდიფიცირების შედეგად. ამ ზღვარის ქვემოთ აუცილებელია პროდუქციის მარკირება.

მსოფლიო ჯანდაცის ორგანიზაციაში მიმდინარეობს ფართო მუშაობა პრობლემის სხვა ფაქტორების წარმოჩენისა და შესწავლის მიზნით. აღნიშნული საქმიანობის მეშვეობით, საფუძველი ჩაეყრება, უფრო კოორდინირებულ, მრავალპროფილურ და სისტემატიზირებულ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთქმედების ღონისძიებებს გენმოდიფიცირებული პროდუქციის უვნებლობის თვალსაზრისით.

გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტები გენური ინჟინერიის შედეგად არის მიღებული. გენური ინჟინერია ჩვეულებრივ გულისხმობს უჯრედულ დონეზე ხელოვნური მანიპულაციის შედეგად საჭირო გენის ერთი სახეობის ორგანიზმიდან სხვა, არამონათესავე ორგანიზმში გადატანას; შესაძლებელია ადამიანის გენის გადატანა ცხოველებში და - პირიქით. საქართველოში ასეთი პროდუქციის შემოტანა 1996 წლიდან დაიწყო. კითხვაზე - უსაფრთხოა თუ არა ადამიანისთვის გენეტიკური მოდიფიკაციის საფუძველზე მიღებული პროდუქტები? - ერთმნიშვნელოვანი პასუხი კვლავაც არ არსებობს. თუმცა ბოლო წლებში ცნობილი გახდა ზოგიერთი გამოკვლევის შედეგები, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებზე გენმოდიფიცირებული პროდუქტების უარყოფით ზეგავლენას ადასტურებს. როდესაც ადამიანის ორგანიზმში ასეთი პროდუქტი ხვდება და ამას სისტემატური ხასიათი აქვს, ეს მასში მთელ რიგ გენურ ცვლილებებს, ნივთიერებათა ცვლის მოშლას, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებებსა და სხვა პათოლოგიებს იწვევს. საერთოდ, გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ცოცხალი ორგანიზმებია, ამდენად, გამრავლებით, გავრცელებითა და საკუთარი გენების გადაცემის უნარით გამოირჩევა. ისინი ადამიანისთვის უცხო ხელოვნური ნივთიერებებით არიან გაჯერებული. მაგალითად, არსებობს ვირთაგვასგენიანი კომბოსტო, თევზისგენიანი პომიდორი და უამრავი სხვა ამგვარი. 2004 წლიდან ევროპის ქვეყნებში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს სპეციალური ნიშანდება მიენიჭა, რის შედეგადაც მოსახლეობას ეძლევა საშუალება, თავად გააკეთოს არჩევანი გენმოდიფიცირებულ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს შორის.

გენმოდიფიცირებული ორგანიზმები გამოიყენება, როგორც ბიოლოგიური და სამედიცინო კვლევების წარმოებისთვის, ასევე ფარმაცევტიკაში. ყველაზე ფართოდ კი დღეისათვის, გენმოდიფიცირებული ორგანიზმები სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში გვხვდება. სამრეწველო მიზნებით გენმოდიფიცირებული მცენარეები მოჰყავთ ათზემეტ ქვეყანაში, ხოლო მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში კვების პროდუქტების 60%-ზე მეტი გენმოდიფიცირებული ინგრედიენტების შემცველია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად უკვე არსებული მოხმარების ფართო მასშტაბისა, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს მდგომარეობაზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმების დადებითი და უარყოფითი ზეგავლენა ჯერ კიდევ შესწავლისა და განსჯის საგანია.

გაზრდილი პროდუქტიულობა და პროდუქტის მაღალი კვებითი ღირებულება. ყინვაგამძლე, სიცხისა და სიმშრალის ამტანი გემოდიფიცირებული თესლი, რომელიც ასევე მავნე მწერებისადმი მედეგობით გამოირჩევა დანაკარგების შემცირებისა და შესაბამიასად, უხვი მოსავლის მიღების საშუალებას იძლევა. გენმოდიფიცირებული თესლიდან მიღებული პროდუქტი მაღალი კვებითი ღირებულებით ხასიათდება, მაგალითად ბეტა კაროტინით მდიდარი ბრინჯი, რადგან 50%-ზე მეტი მსოფლიო მოსახლეობის საკვებ რაციონს ბრინჯი წამოადგენს. ასეთი პროდუქტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მოსახლეობის A ვიტამინით უზრუნველყოფაში. ამასთან ერთად იზრდება ფერმერთა შემოსავლებიც.

გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირება და დაზიანებული გარემოს აღდგენა. გენმოდიფიცირებული თესლით მოწეული მოსავლის მაღალი პროდუქტიულობა საშუალებას იძლევა მზარდი მოსახლეობის საკვები მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ნაკლები მიწისა და წყლის რესურსი იყოს გამოყენებული და ამასთან შენარჩუნდეს მეტი ბუნებრივი ეკოსისტემა. მავნებლების მიმართ რეზისტენტული ნათესები მნიშვნელოვნად ამცირებს შხამ-ქიმიკატების მოხმარების საჭიროებას, რაც არა მარტო გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების საშუალებაა, არამედ ასევე მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობის დაცვის საწინდარია. განვითარებად ქვეყნებში არამდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის შედეგად დამლაშებულ მიწებზე მომატებული მარილიანობისადმი ტოლერანტული გენმოდიფიცირებული მოსავლის მოყვანა ასეთი სახნავ-სათესი მიწების რეაბილიტაციის საშუალებაა. დაზიანებული ნიადაგის აღდგენა ასევე შესაძლებელია იმ გენმოდიფიცირებული ორგანიზმებითაც, რომელთა ფუნქციაც ნიადაგის სტრუქტურის აღდგენაა. მალფუჭებადი ხილისა და ბოსტნეულის გენმოდიფიცირება მათი დიდი ხნის მანძილზე შენახვისა და შესაბამისად, დანაკარგების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

სამედიცინო სფეროში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები გამოიყენება წამლებისა და ვაქცინების წარმოებაში. მათ ვირუსების მსგავსად გენურ თერაპიაშიც იყენებენ, რაც გულისხმობს ისეთი გენეტიკური დაზიანებებისა და დაავადებების მკურნალობას როგორიც არის მაგალითად, ნამგლისებური ანემია, კუნთების დისტროფია, კისტოზური ფიბროზი და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ დისკუსია ამ თემაზე მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს, გამოსაყოფია სამი ძირითადი პრობლემა ალერგიული რეაქცია (ალერგიულობა), გენის გადატანა და აუტოკროსინგი.

არ არის რეკომენდირებული გენის გადატანა ჩვეულებრივი ალერგენული საკვები პროდუქტიდან, იმ შემთხვევაში თუ არ არის ნაჩვენები, რომ გადატანილი გენის ცილოვანი პროდუქტი არ არის ალერგენული. თუმცა ტრადიციული მეთოდით გამოყვანილი პროდუქტები ჩვეულებრივ არ მოწმდება ალერგენულობაზე. გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციების მიერ გენმოდიფიცირებული პროდუქციის მიმართ ჩატარებული ტესტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ამჟამად სამომხბარებლო ბაზარზე არ არის ალერგენული გენმოდიფიცირებული პროდუქცია.

გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების გენის გადატანა კუჭნაწლავის ტრაქტის უჯრედებსა და ბაქტერიებში იმ შემთხვევაშია სახიფათო, თუ გადატანილი გენური მატერია უარყოფითად იმოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ გადატანილი გენი რეზისტენტულია ანტიბიოტიკების მიმართ, თუმცა ამგვარი გადატანის ალბათობა მაინც საკმაოდ დაბალია. ამასთან დაკავშირებით, FAO–ის [1] საექსპერტო კომისიების მიერ რეკომენდებულია ისეთი ტექნოლოგიები, რომლის დროსაც გამოირიცხება ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული გენების გამოყენება.

აუტკროსინგი ანუ ბუნებრივ პირობებში განხორციელებული, გენმოდიფიცირებული მცენარის გენის გადატანა-გადანერგვა ტრადიციულ კულტურებში, აგრეთვე ტრადიციული და გენმოდიფიცირებული კულტურების შერევა. აუტკროსინგი წარმოადგენს გარკვეულ რისკ-ფაქტორს, რადგან ახდენს ირიბ ზემოქმედებას სურსათის უვნებლობაზე. რისკ - ფაქტორი ნათლად წარმოჩნდა აშშ-ში მაშინ, როცა მაისას ტიპის მცენარეული ელემენტები, რომლებიც ნებადართული იყო საკვებ პეროდუქტად მხოლოდ მეცხოველეობისთვის, აღმოჩნდა ადამიანის საკვებში.

ტრასგენური (გენური ინჟინერიის შედეგად შექმნილი) ცილების მოქმედების შედეგად გამოწვეული პათოლოგიები:

  • იმუნიტეტის დაქვეითება;
  • კანის დაავადებები;
  • ალერგიული რეაქციები;
  • მეტაბოლური დარღვევები;
  • ნერვული სისტემის სხვადასხვა სახის დაზიანებები;
  • ორგანიზმში აუცილებელი ნივთიერებების მიწოდების შემცირება;
  • კანცეროგენული და მუტაგენური ეფექტები და სხვა.

ყოველწლიურად მატულობს მოსახლეობის რიცხვი ჩვენს პლანეტაზე, დემოგრაფიული მაჩვენებელი ყველა ქვეყანაში მაქსიმუმს აღწევს. რა თქმა უნდა ეს პროგრესია, მაგრამ ყველაფერს აქვს ორი მხარე. უარყოფითი ის არის, რომ რთულდება მოსახლეობისთვის საკვების მოძიება:

მიწა ნაკლებად ნაყოფიერია; მწერების უმეტესებოდას პესტიციდების მიმართ რეზისტენტობა აქვთ განვითარებული; სულ უფრო ნაკლებ ადამიანს სურს სასოფლო მეურნეობაში მუშაობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოაღნიშნული „შემშლელი“ ფაქტორები არ იარსებებს და შევძლებთ მოსავლის მოყვანას, მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ სრულად მისი საკვებით მომარაგება შეუძლებელია. ამიტომაც მეცნიერებმა შექმნეს გენმოდიფიცირებული პროდუქტები. ამ სახის პროდუქტები ადვილად „მოსაყვანია“ და გააჩნიათ იაფი ღირებულება. უბედურება ისაა, რომ ამ პროდუქტებს შეუძლიათ ადამიანის ორგანიზმში გარკვეული მუტაციებისა და ისეთი რთული დაავადების გამოწვევა, როგორიცაა მარგელონის დაავადება. სხვადასხვა გენმოდიფიცირებული ორგანიზმები შეიცავეს სხვადასხვა ტიპის გენებს, რომელთა შეყვანა განსხვავებული მეთოდით ხდება. მაშასადამე, გენმოდიფიცირებული პროდუქტებისა და მათი უსაფრთხოების შეფასება უნდა ხორციელდებოდეს ინდივიდუალურად და არა განზოგადებულად.

გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების რეგულირებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელმწიფოები იყენებენ გარკვეულ მეთოდებს. თუმცა რიგ სახელმწიფოებში ეს საკითხი არ რეგულირდება. ქვეყნები, რომლებმაც მიიღეს შესაბამისი კანონმდებლობა, ძირითად ყურადღებას უთმობენ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის ჯანმრთელობისა გარემოსდაცვით რისკებთან. რეგულირდება კონტროლის მექანიზმები, ვაჭრობის, ტესტირებისა და მარკირების თვალსაზრისით. იმის გათვალისწინებით, რომ კვლავ მიმდინარეობს დისკუსიები გენმოდიფიცირებული პროდუქციის შესახებ, მოსალოდნელია საკანონმდებლო ბაზის ცვლილებები და სრულყოფა.

გენმოდიფიცირებული ორგანიზმების წარმოება-გამოყენების ოპონენტებს კი განსხვავებული არგუმენტები აქვთ. ისინი ერთის მხრივ, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მხრიდან გარემოსათვის პოტენციური საშიშროების არსებობასა და მეორეს მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო უარყოფით ზეგავლენაზე მიუთითებენ. მათი აზრით, ძირითადი პრობლემა რაც გენმოდიფიცირებულ კულტურებს უკავშირდება არის ის, რომ უცნობია მათი გრძელვადიანი ზეგავლენა გარემოზე. ცოცხალი ორგანიზმების გენეტიკური სტრუქტურა რთულია და დაგროვილი ცოდნა ჯერ კიდევ არ იძლევა სრულ სურათს გენების ექსპრესიასა (გამოვლენისა) და მათ ურთიერქმედებაზე. შესაბამისად, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მოკლევადიანი შესწავლის შედეგები არ არის საკმარისი მათი გარემოში უსაფრთხო გამოყენების დასაბუთებისათვის. მაგალითად, გენმოდიფიცირებული თესლის გარემოში მოხვედრისას ყოველთვის იარსებებს საშიშროება, რომ შეუძლებელი გახდება ასეთი მცენარის გარემოდან ამოღება. მაგალითად, ევროპაში გენეტიკურად მოდიფიცირებულმა შაქრის ლერწამმა, რომელიც რეზისტენტული იყო გარკვეული ჰერბიციდისადმი, შემთხვევით სხვა ჰერბიციდებისადმიც გამოავლინა რეზისტენტობა და ინგლისში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში (სადაც ეს გენმოდიფიცირებული მცენარე კვლევას გადიოდა) მისი განადგურებისთვის (როცა სხვა კულტურების დათესვა იყო საჭირო) უფრო ძლიერი ჰერბიციდების გამოყენება გახდა საჭირო.

აქვე დგება მეორე საკითხიც, რა იქნება თუ ჰერბიციდებისადმი რეზისტენტობა სარეველა მცენარეებზეც გადავა? ეს შეუძლებელს გახდის მათ კონტროლს. ასევე, იბადება შეკითხვა, რა მოხდება თუ მავნებლები შეიძენენ რეზისტენტობას მათ მიმართ მედეგი გენმოდიფიცირებული მარცვლოვნებისადმი. ხომ არ აღმოვჩნდებით ე.წ. “სუპერმავნებლების” წარმოქმნის რისკის ქვეშ. ამასთან ერთად, ჰერბიციდებისადმი მდგრადი გენმოდიფიცირებული მარცვლოვნები, თვითონვე არიან რა პესტიციდების წარმომქმნელნი, შეიძლება ზიანის მომტანი იყოს კვებით ჯაჭვში მომდევნო რგოლებისთვის. მაგალითად, აშშ-ს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პეპელა მონარქის მატლების 44% დაიხოცა გენმოდიფიცირებული სიმინდის მტვრით გამოკვების შემთხვევაში. ასეთივე უარყოფითი, თუმცა არაპირდაპირი, ზეგავლენის მაგალითია ბრიტანეთში ჰერბიციდებისადმი გამძლე გენმოდიფიცირებული შაქრის ლერწმის გავლენა ტოროლას ადგილობრივ სახეობაზე. კერძოდ, აღნიშნული შაქრის ლერწმის დათესვამ მნიშვნელოვნად შეამცირა სარეველა მცენარეები, რომელთა თესლიც ზამთარში ამ ფრინველთა გამოკვების ერთადერთი წყარო იყო.

რაც შეეხება გენმოდიფიცირებული პროდუქტების შესაძლო ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, მათი საკვებად გამოყენება უკავშირდება ალერგიული რეაქციების განვითარებასა და გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტებიდან ადამიანის უჯრედებსა და კუჭნაწლავის ტრაქტის ბაქტერიებში გენის გადატანის შესაძლებლობას. ასეთი გენეტიკური მასალის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრამ შესაძლებელია მის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს. განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ გენმოდიფიცირებული ორგანიზმები შეიცავენ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულ გენს, რომელიც ზემოაღნიშნული გზით შეიძლება ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს.

რადგან დღეს არ არსებობს ცალსახა მეცნიერული მტკიცებულებანი, რომელიც დაადასტურებდა ან უარყოფდა გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებულ ზემოთმოყვანილ რისკებს, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ამ ორგანიზმების ბუნებაში ინტროდუქციის, საერთაშორისო ვაჭრობისა თუ სამომხმარებლო ბაზარზე ასეთი პროდუქციის მარკირების საკანონმდებლო დარეგულირების საკითხი. სხვადასხვა ქვეყანა ამ საკითხების დარეგულირებას განსხვავებული მიდგომით ახორციელებს. ევროკავშირის ქვეყნებში გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს მეტი სიფრთხილით უდგებიან. მაგალითად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ აკრძალონ ან შეზღუდონ გენმოდიფიცირებული პროდუქტების გაყიდვა ქვეყნის ფარგლებში თუ წარადგენენ მტკიცებულებას, რომ პროდუქტი რისკის მატარებელია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის, სანამ საწინააღმდეგო არ იქნება დამტკიცებული. ევროკავშირის კანონმდებლობა ასევე ადგენს მარკირების ვალდებულებას იმ საკვები პროდუქტებისთვის რომლის შემადგენლობის 1%-იც კი გენმოდიფიცირებულია. შესაბამისად ასეთი პროდუქტის ეტიკეტი შეიცავს მინიშნებას, რომ იგი შედგება გენმოდიფიცირებული ორგანიზმისგან ან შეიცავს გენმოდიფიცირებულ კომპონენტებს. ევროკავშირის კანონმდებლობა ასევე ავალებს წევრ ქვეყნებს თავის კანონმდებლობებში დაადგინონ ბუფერული ზონების მანძილები, რათა არ მოხდეს ბიომეურნეობების გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით დაბინძურება. დაბინძურების შემთხვვაში პასუხისმგებლობა ეკისრება ფერმერს, რომელსაც მოჰყავს გენმოდიფიცირებული პროდუქტი. შედარებით ნაკლები სიმკაცრით გამოირჩევა აშშ-ს კანონმდებლობა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში გაშვების საკითხებში. არსებული გენმოდიფიცირებული მარცლოვანი კულტურების თითქმის სამი მეოთხედი აშშ-ს ტერიტორიაზე მოჰყავთ, მაშინ როცა ევროპაში ასეთი კულტურების მოყვანა მინიმუმამდეა დაყვანილი.

ასევე განსხვავებული დამოკიდებულებით გამოირჩევა ევროპისა და აშ.შ-ს საზოგადოება გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების მოხმარების მიმართ. 90-იანი წლების ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით გენმოდიფიცირებულ საკვებ პროდუქტებს ჯანმრთელობისთვის სარისკოდ საფრანგეთის მოსახლეობის 76%, შვედეთის 65%, ავსტრიის 69% და გერმანიის 50% მიიჩნევდა, მაშინ როდესაც ამ მაჩვენებელმა აშ.შ-ს შემთხვევაში სულ რაღაც 14 % შეადგინა.

საქართველოში დღეს ეს საკითხი ეროვნული კანონმდებლობით არ რეგულირდება თუმცა ქვეყანა ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმის მხარეა და შესაბამისად, ვალდებულია უზრუნველყოს მისი მოთხოვნების შესრულება. კარტახენას ოქმის მიხედვით, ნებისმიერი ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმის მიღება, ტრანზიტი, ტრანსსასაზღვრო გადაადგილება, მართვა თუ გამოყენება უნდა განხორციელდეს იმ ფორმით, რომ ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას არ შეექმნას საფრთხე ან რისკის შემთხვევაში მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ეს რისკი და ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს ადამინის ჯანმრთელობისთვის საფრთხე. კარტახენას ოქმი ადგენს მინიმალურ მოთხოვნებს, რომლებიც სურვილის შემთხვევაში ქვეყნებს შეუძლიათ გაამკაცრონ ეროვნულ კანონმდებლობებში.

გენმოდიფიცირებული საკვები მიიღება ხელოვნურად შექმნილი თესლებისგან, რომლებიც შეიცავენ თანამედროვე ბიოტექნოლოგიების გამოყენებით მიღებულ გენომს. ეს არის ლაბორატორიული გზით შეცვლილი მცენარის ან ცხოველის გენი.

გმო ტექნოლოგიით ძირითადად მიიღება: სოიო, სიმიდი, ბამბა, შაქრის ლერწამი, კარტოფილი და პომიდორი. გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოების თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოს სურსათით უზრუნველყოფის პრობლემის გადაჭრა და შიმშილის დაძლევა. ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ აღნიშნული პროდუქტები იწვევს ალერგიას, იმუნიტეტის დარღვევას, ახალშობილთა სიკვდილიანობას და ინსულინს. მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ონკოლოგიური დაავადებების გახშირების მიზეზი არის გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტების საკვებად გამოყენება.

ცივილიზებული სამყარო გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტებისგან დაცულია, რადგან მათ გააჩნიათ კონტროლის მექანიზმები. ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნების კანონმდებლობით გმ მცენარეებზე აკრძალვებია დაწესებული, აკრძალვები ასევე დაწესებულია აზიასა და ლათინურ ამერიკაშიც. ზოგიერთ ქვეყნებში კი გენმოდიფიცირებული თესლების შეტანა და მათი გამოყენებაა აკრძალული, მაგალითად, რუსეთში მათი შეტანა იკრძალება კანონით. ფაქტია, ამერიკასა და ევროპაში ასეთი პროდუქტების მოძიება ნებისმიერ მაღაზიაშია შესაძლებელი, მაგრამ მათზე არის საკმაოდ მკაფიო და მკვეთრი წარწერა, რომელიც მყიდველს ატყობინებს, რომ აღნიშნული პროდუქტი გენეტიკურად მოდიფიცირებულია. განვითარებულ ქვეყნებში, ასევე, მკაცრად არის დარეგულირებული ბაზარზე მათი მოხვედრა, განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც კონტროლის მექანიზმები არ არსებობს და არ ვიცით, რას ვყიდულობთ, გენეტიკურად მოდიფიცირებულ საკვებს თუ ეკოლოგიურად სუფთას.

მსხვილი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქტები, რომლებიც ძირითადად განვითარებად ქვეყნებში ექსპორტირდება, მათ უმეტესობაში, დაახლოვებით 80%-ში, გენმოდიფიცირებული ნივთიერებებია გამოყენებული. ჩვენი ქვეყანაც ამ კატეგორიის ქვეყანას განეკუთვნება და უმეტესად სწორედ ასეთი პროდუქტები შემოდის. საქართველოს მოსახლეობას არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ხარისხიან და ეკოლოგიურად სუფთა საკვებს იყენებს. სახელმწიფო ორგანოებს არ გააჩნიათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის და რა რაოდენობის ასეთი პროდუქტი შემოდის საქართველოში. თუმცა, გვპირდებიან, რომ გმო-ს გასაკონტროლებლად მომავალში მიიღებენ შესაბამის კანონპროექტს. საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ ხელი მოაწერა "ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციას ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმს", რომლის ძირითად მიზანს-უსაფრთხოების სათანადო დონის დაცვა (ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გათვალისწინებით) წარმოადგენს, თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეთოდებით მიღებული ისეთი გმო-ს გამოყენებისას, რომელთაც შეუძლიათ უარყოფითი ზეგავლენა იქონიონ ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე. ოქმი ძირითადად მოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსასაზღვრო გადაადგილების საკითხებს ეხება და საშუალებას აძლევს იმპორტიორ ქვეყანას, დაიცვას თავისი ეკოსისტემა შესაძლო უარყოფითი ზემოქმედებისგან. ოქმი, ასევე, ითვალისწინებს მხარეების ვალდებულებას მოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტის თაობაზე გადაწყვეტილების მოღებამდე საზოგადოების ინფორმირებას და მოსახლეობასთან კონსულტაციების ჩატარებაზე. "კარტახენას ოქმი" ასევე ქვეყნებს გენმოდიფიცირებული პროდუქციის რეგულირებას ავალდებულებს. ეს ვალდებულება გამოიხატება მხოლოდ იმაში, რომ აღნიშნული პროდუქციის რეალიზება საქართველოში საერთაშორისო წესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ეს წესი პროდუქციაზე წარწერის გაკეთების ვალდებულებას ითვალისწინებს. აღნიშნული მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია, რადგან არ არსებობს არანაირი საკანონმდებლო ბაზა. საქართველოში მოქმედი არც ერთი კანონი და არც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დონეზე არ არეგულირებს გმო-სთან დაკავშირებულ საკითხებს. საქართველოს ტერიტორიაზე გმო-ს მოხვედრის ძირითად წყაროს ტრანსასაზღვრო გადაადგილება წარმოადგენს. 2010 წელს ქრისტიან-დემოკრატებმა შეიმუშავეს სპეციალური დადგენილება, რომლის მიხედვითაც შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა დაუყონებლივ უნდა დაწყებულიყო, თუმცა, მათი დადგენილება ვერ გავიდა, განიხილეს გიორგი გოგუაძის დადგენილება, რომლის მიხედვითაც ასეთი პროდუქტების მარკირება 2013 წლიდან დაკანონდება. გიორგი გოგუაძის ინიციატივა ითვალისწინებს არა გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანის აკრძალვას, არამედ იმ ორგანიზმების (როგორიცაა სათესლე მასალა), რომლებიც საზიანოა ნიადაგისთვის, გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

მთავრობამ მხარი დაუჭირა გოგუაძის მხოლოდ იმ ინიციატივას, რომელიც მარკირებას ეხებოდა. აღსანიშნავია, აგრეთვე, გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოსახლეობაში არსებული უარყოფითი დამოკიდებულება. საზოგადოების აზრი ძალიან ნეგატიურია. რამდენიმე წელია, რაც საქართველოს "მწვანეთა მოძრაობა" ამ საკითხზე მუშაობს. მოსახლეობა კარგად არის ინფორმირებული იმ უარყოფით მხარეებზე, რაც გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მოხმარებას უკავშირდება.

გმო-ს გამოყენების თაობაზე არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები. ზოგადი მოსაზრებებია: გმო-ს უხეში ჩარევა ბიოლოგიური პროცესების ბუნებრივ მიმდინარეობაში, რაც ევოლუციის კანონების დარღვევად შეიძლება ჩავთვალოთ. ასევე არსებობს ეჭვი, რომ თანამედროვე მეცნიერებას არ შეუძლია მთლიანად განჭვრიტოს გენეტიკური ინჟინერიის ყველა შესაძლო უარყოფითი შედეგი. მეორე მხრივ, არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომელსაც ამ სტრიქონების ავტორიც იზიარებს: გმო-ს არსებობა განიხილება როგორც იმ პროცესის გაგრძელება, რომელიც ადამიანების მიერ საუკუნეების მანძილზე მარცვლეულის, და ზოგადად მცენარეთა და ცხოველთა ჯიშების, გაუმჯობესებაში მდგომარეობდა. მართლაც, გენეტიკური ინჟინერიის მეთოდების მიმართ გაუცნობიერებელ შიშს თუ უგულებელვყოფთ, გმო-ს შექმნის პროცესი არაფრით არ განსხვავდება მცენარეთა და ცხოველთა ხელოვნური სელექციისგან, რომლის არსი სასარგებლო თვისებების გამორჩევა და გაძლიერებაა.

გავლენა “კვებით ჯაჭვზე": გმო-ს მოწინააღმდეგეთა აზრით, ასეთი ორგანიზმების საკვებში გამოყენება ხელს უწყობს ახალი სახის ალერგენებისა და ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის განმსაზღვრელი გენების გავრცელებას. ჯერ-ჯერობით ამგვარი ბრალდებები საფუძველს მოკლებულია, რადგან არც ერთი გამოქვეყნებული კვლევა არ ადასტურებს ჯანმრთელობის გაუარესებას გმო მცენარეების პროდუქტებით კვების შედეგად. თანაც, ალერგენების წარმოქმნა გამორიცხული არ არის “კლასიკური" ხელოვნური სელექციის შედეგადაც. რაც შეეხება ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის განმსაზღვრელ გენებს, ტექნოლოგიის საწყის ეტაპებზე ისინი მართლაც გამოიყენებოდა “გენეტიკურ ნიშნულად" რეკომბინანტული დნმ-ის შექმნის პროცესში, მაგრამ თანამედროვე, უფრო დახვეწილ მეთოდებში ამ გენების გამოყენებას გვერდს უქცევენ: ძირითადი მიზეზი იმ უაღრესად მცირე შანსის გამორიცხვაა, რომ ასეთი გენები ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას “ადგილობრივ" მიკროორგანიზმებში (მაგალითად, მომნელებელი სისტემის მიკროფლორაში) შეაღწევდნენ და მათ გენეტიკურ ცვლილებას გამოიწვევდნენ. გამონათქვამი, რომ გმო საკვები “არაბუნებრივია და, ესე იგი, არ არის უსაფრთხო", უფრო ემოციებზეა დაფუძნებული, ვიდრე ფაქტებსა და მსჯელობაზე. მიუხედავად ამისა, ამ შეხედულებების გავლენით მრავალ სახელმწიფოში მიღებულია კანონები, რომლების მიხედვით ადამიანთა კვებისთვის განკუთვნილი ყველა ახალი ორგანიზმის უსაფრთხოების შემოწმება აუცილებელია. რასაკვირველია, ამგვარი კანონების არსებობა დადებითი მოვლენაა, თუნდაც იმ მოსაზრებით, რომ ასეთი შემოწმების შედეგად დაგროვილი “დადებითი შედეგები" საზოგადოებაში გმო-ს მიმართ არსებულ უნდობლობას შეამცირებს.

გმო და “ბუნებრივი" ორგანიზმების ურთიერთქმედება: გმო-ს კრიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტია არგუმენტი სახეობათა ბუნებრივი მრავალფეროვნების შემცირების შესახებ. ეს შემცირება, ამ არგუმენტის თანახმად, გმო-ს გავრცელების გარდაუვალი შედეგია: ჯვარედინი დამტვერვის შედეგად ხდება მცენარეების შეჯვარება ადგილობრივ ჯიშებთან, რაც ამ უკანასკნელთა თანდათანობით გაქრობას იწვევს და ართულებს გმო-აგრობიზნესის თანაარსებობას ტრადიციულ მეურნეობასთან. ამ შემთხვევაშიც ეს პროცესი არაფრით განსხვავდება ბუნებაში არსებულ შეჯვარებისგან ჯვარედინი დამტვერვის მქონე მცენარეებს შორის, რისი შედეგიც ხშირადაა ახალი ჰიბრიდების წარმოქმნა და ზოგჯერ ტრადიციული ჯიშების გავრცელების არეალის შემცირება. ასე რომ, არც ეს არგუმენტი გამოდგება გმო-სთვის “სპეციფიკურ ბრალდებად". ამით მხოლოდ გმო კულტურების ფართო გავრცელების (იხ. ზემოთ) შესაძლო შედეგების პროგნოზირება თუ შეიძლება.

გმო ორგანიზმების შექმნა მეცნიერებისა და ზოგადად კაცობრიობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად უნდა ჩაითვალოს. გმო-ს გავრცელების უდავო დადებითი მხარეებია მაღალპროდუქტიული და დაავადებებისადმი ნაკლებად მგრძნობიარე კულტურების გავრცელება, ზოგიერთ ქვეყანაში საკვების ნაკლებობის პრობლემის შესაძლო გადაჭრა ასეთი გავრცელების შედეგად, აგრობიზნესისთვის ოპტიმიზებული და მომგებიანი კულტურების დამკვიდრება. გმო-სთან დაკავშირებული პრობლემების უმეტესობა ტექნოლოგიურ და მეთოდოლოგიურ საკითხებთანაა დაკავშირებული. ამ საკითხების გადაჭრასთან ერთად, იმედია, პრობლემებიც გაქრება. გმო-საკვების მიმართ არსებული უნდობლობაც მომავალში უნდა შემცირდეს ასეთი ორგანიზმების რაოდენობის ზრდისა და მათი უსაფრთხოების დამამტკიცებელი მაგალითების დაგროვების შედეგად.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე სანამ ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის კუთხით არსებობს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული რისკები, მნიშვნელოვანია სახელმწიფო იღებდეს პასუხისმგებლობას მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და ამის განსახორციელებლად ატარებდეს შესაბამის საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ თუ სხვა ღონისძიებებს.

ლიტერატურა:

1. ა. კორახაშვილი. საკვების ხარისხის შეფასების თანამედროვე მეთოდები : პრობლემური ლექციების კურსი სას. სამ. ინ-ტის აგრონომიული ფაკულტეტის სტუ-ის/ საქ. აგრარული უნ-ტი ; [რედ.: მოსაშვილი ი.]. - თბ., 1991 (სსს-ის სტ.). - 50გვ. ; 20სმ.. - ISBN 5-8120-0017-4 : 25კ., 500ც
2. ა. კორახაშვილი. გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები - მითი და რეალობა. თბ., 2007. - ISSN: 1512-4134. - ივლისი. - N10. - გვ.25-30
3. http://www.placewoman.ru/gmo/
4. http://lurkmore.to
5. http://gmo.com.ua/
6. http://www.ambioni.ge/genmodiqicirebuli-produqti-safrtxe-janmrtelobisatvis
7.http://www.apocalypse.ge/sxv_eqimebi_gvaprtxileben_tavi_aaridet_gmp_s.html
8. http://en.wikipedia.org/wiki/Genetically_modified_organism
9.http://www.forbes.com/sites/rachelhennessey/2012/11/03/gmo-food-debate-in-the-national-spotlight/
10.http://www.gmo-compass.org/eng/home/

 

 

გამოქვეყნებულია: 19-04-2013