"ქიმიის უწყებანი" ტომი:7, ნომერი:3, 5 გვ.
მოლის საერთაშორისო დღე
სტუდენტი, საქართველოს აგრარული უნივრსიტეტი
რეზიუმე: მოლზე მოლისფერ მოლოზანაზე მდგარ მოლაღურს შევსცქერი. მოლანდებებიც კი გარინდულან ოქტომბრის ამ უცნაურ დილას. მოლიბდენით მოქარგული კაცის გულიც კი მოლღვება ცვრიან ბალახზე მოლივლივე წყლის წვეთების დანახვისას. მკითხველო, მოლოდინი დიდი ნუ გექნება იმისა, რომ მოლაყბედ მომნათლავ. არა, თქვენ წარმოიდგინეთ და არც საქმე მოლევია ჩემს თავს... ფუჭად მოლაპარაკის რა პირი მიჩანს განა?! 23 ოქტომბრის დილაა, 6:02 წუთი. ნუთუ შემთხვევითია ეს რიცხვები?! ვნახოთ... შესაძლოა...
საკვანძო სიტყვები: მოლი, მოლის საერთაშორისო დღე,ავოგადროს რიცხვი
მოლზე მოლისფერ მოლოზანაზე მდგარ მოლაღურს შევსცქერი. მოლანდებებიც კი გარინდულან ოქტომბრის ამ უცნაურ დილას. მოლიბდენით მოქარგული კაცის გულიც კი მოლღვება ცვრიან ბალახზე მოლივლივე წყლის წვეთების დანახვისას. მკითხველო, მოლოდინი დიდი ნუ გექნება იმისა, რომ მოლაყბედ მომნათლავ. არა, თქვენ წარმოიდგინეთ და არც საქმე მოლევია ჩემს თავს... ფუჭად მოლაპარაკის რა პირი მიჩანს განა?! 23 ოქტომბრის დილაა, 6:02 წუთი. ნუთუ შემთხვევითია ეს რიცხვები?! ვნახოთ... შესაძლოა...
დღეს მოლის საერთაშორისო დღეა. არა, არა, არც ახლად ამოსული ცვრიანი ბალახის საერთაშორისო დღეა და არც სავაჭრო ცენტრების... იმ მოლის, რომელიც ნივთიერების საზომი ერთეული გახლავთ. მოლი ქიმიაში ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ცნებაა. ის გვაძლევს საშუალებას, განვსაზღვროთ და შევადაროთ სხვადასხვა ნივთიერების რაოდენობები არა უბრალოდ მასით, არამედ ნაწილაკების რაოდენობით. სწორედ ამაზეა დაფუძნებული მთელი რიგი ქიმიური გამოთვლები. რომ წარმოვიდგინოთ, რა ერთეულთან გვაქვს საქმე, გეტყვით, რომ დედამიწაზე არსებული ქვიშის მარცვლების საერთო რაოდენობა დაახლოებით 7.5×1021-ია, 1 მოლ წყალში კი, რომელიც ერთი სუფრის კოვზზეც კი დაეტევა, 6.02214076×1023 მოლეკულაა. მოლი განიმარტება, როგორც რაიმე ნივთიერების რაოდენობა, რომელიც შეიცავს იმდენივე სტრუქტურულ ელემენტს (მაგ. ატომს, მოლეკულას, იონს, ელექტრონს), რამდენ ატომსაც შეიცავს 12 გრამი ნახშირბადი (12C იზოტოპი). წყლის შემთხვევაში კი, ცხადია, ვამბობთ, 1 მოლი წყალი არის 6.02214076×1023 მოლეკულა, რადგან წყალს მოლეკულური სტრუქტურა აქვს, მაგრამ ხომ არსებობებ ნივთიერებები, რომელთაც ატომური(SiO2) ან იონური(NaCl) სტრუქტურა აქვთ.
საინტერესოა, რატომ აღნიშნავს მაინცდამაინც ეს რიცხვი (6.02214076 * 1023) ნივთიერების 1 მოლს?! რადგან ზემოთ აღნიშნული სტრუქტურული ნაწილაკები ძალიან პატარა ზომისანი არიან, ძნელია, ცალკეული ნაწილაკის მასის დადგენა. ამიტომ საჭირო გახდა ,,ეტალონის’’ ცნების შემოტანა. მეცნიერებმა ეტალონად აიღეს ნახშირბად-12 (ბუნებრივი იზოტოპი), რომელიც სტაბილურია, ყველა ორგანული ნივთიერების საფუძველია და ამიტომ მისი გამოყენება პრაქტიკული იქნებოდა. გადაწყდა, რომ 12 გრამი ნახშირბად-12 არის 1 მოლი. (ამ დროს არ იცოდნენ, ზუსტად რამდენი ატომი იყო 12 გრამ 12C-ში). იმის მოყოლა შორს წაგვიყვანს, თუ ვინ და როგორ დაადგინა 12 გრამ ნახშირბადში ატომთა რაოდენობა. მაგრამ ვახსენებ რობერტ მილიკენს (ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში), რომელსაც დიდი როლი აქვს ამ საქმეში, რა თქმა უნდა, სხვებთან ერთად.
დღეს ამ რიცხვს (6.02214076 * 1023) ავოგადროს რიცხვის სახელით ვიცნობთ. მაგრამ რატომ?! მას ხომ არ დაუდგენია 1 მოლ ნივთიერებაში სტრუქტურულ ნაწილაკთა რაოდენობა?! არა, მაგრამ ამედეო ავოგადრომ, იტალიელმა მეცნიერმა, 1811 წელს წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის თანახმად მარტივი აირების მოლეკულები შედგება ერთი ან რამდენიმე ატომისგან. ამ ჰიპოთეზის საფუძველზე ჩამოაყალიბა იდეალური აირების ერთ-ერთი ძირითადი კანონი, რომლის თანახმად, ერთი და იმავე ტემპერატურისა და წნევის პირობებში ერთი და იმავე მოცულობის სხვადასხვა აირი მოლეკულების ერთნაირ რიცხვს შეიცავს. ამ ჰიპოთეზამ კი მოგვიანებით შესაძლებელი გახადა ავოგადროს რიცხვის გამოთვლა. ალბათ, ძალიან ბევრმა იცის იური გაგარინის შესახებ, ვითარცა ავოგადროს შესახებ, მაგრამ მასთან შედარებით ძალიან ცოტამ თუ იცის გერმან ტიტოვზე, ვითარცა მილიკენსა და სხვებზე…
მოლქარგურია ჩვენ ირგვლივ არსებული ყველაფერი, ყველა სხეული. თავად მოლიც, მოლოზანაც, მოლაღურიც, მოლიბდენიც, მოლაყბეც კი… თქვენ გადაწყვიტეთ, რას ნიშნავს სიტყვა მოლქარგული…
23 ოქტომბრის საღამოა, 6:02 წუთი… რაღაც დამთავრდა. ნეტავ, რა?
გამოქვეყნებულია: 23-10-2025