თამარ ბერიძე

beridze.tamar3@teachers.gov.ge





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:7, ნომერი:2, 25-26 გვ.

ვერასდროს დაივიწყებ სკოლის ლაბორატორიის სუნს

თამარ ბერიძე

ქვემო სობისის, ბერშუეთის და გორის N10 საჯარო სკოლა

რეზიუმე: ჩემსა და ქიმიას შორის ერთგვარი „ქიმიაა“, ჩემთვის ქიმია ყველგანაა და ყველაფერში ცხოვრებაში. როდესაც პროფესიის არჩევის დრო დადგა, სამედიცინო უნივერსიტეტი მინდოდა, მაგრამ ისე მოხდა, ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მაშინდელი სამოქალაქო ომის გამო მშობლებმა არ გამიშვეს თბილისში სასწავლებლად. როგორც იტყვიან, ყველაფერი სასიკეთოდ ხდებაო და ისე შემიყვარდა ქიმიის საგანი, დღეს რომ ცხოვრებას ახლიდან ვიწყებდე, ისევ ამ გზას ავირჩევდი.

საკვანძო სიტყვები:

ჩემსა და ქიმიას შორის ერთგვარი „ქიმიაა“,  ჩემთვის ქიმია ყველგანაა და ყველაფერში ცხოვრებაში. როდესაც პროფესიის არჩევის დრო დადგა, სამედიცინო უნივერსიტეტი მინ­დოდა, მაგრამ ისე მოხდა, ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მაშინდელი სამოქალაქო ომის გამო მშობლებმა არ გამიშვეს თბილისში სასწავლებლად. როგორც იტყვიან, ყველაფერი სასიკეთოდ ხდებაო და ისე შემიყვარდა ქიმიის საგანი, დღეს რომ ცხოვრებას ახლიდან ვიწყებდე, ისევ ამ გზას ავირჩევდი.

არ დამავიწყდება ჩემი პირველი ნაბიჯები ლაბორატორიაში და ჩემთვის, გაკვეთილების შემდეგ ჩუმად ჩატარებული ექსპერიმენტები, რომლის შედეგსაც გულისფანცქალით მოველოდი. ახლა როგორ მიხაროდა, როცა ამას მოსწავლეებთან ერთად  გავიმეორებდი და მათ გაოცებულ, ინტერესით მომზირალ ბედნიერ სახეებს ვხედავდი, ფრთები მესხმოდა. კიდევ და კიდევ მინდოდა მათი გაოცება, მათი დაინტერესება და ასე, დღი­თიდღე ბავშვებთან ერთად მეც ვსწავლობდი, ვიხვეწებოდი, ვვითარდებოდი, სითამამე და თავდაჯერებულობა მემატებოდა. პირველად სკოლაში კლუბი რომ გავხსენი, ყველა მოსწავლეს სურდა კლუბში გაწევრიანება,  მერე „თავისუფალი გაკვეთი­ლე­ბი“, სხვადასხვა პროექტები, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტ: მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით ფარგლებში ორჯერ გრანტის მოგება და დიდი პროექტების განხორციელება. გრანტის ფარგ­ლებში ლაბორატორიის აღჭურვა რეაქტი­ვებით.  ლაბორატორიაში რაიმეს შე­მა­ტება ხომ ჩემთვის ყველაზე ბედნიერი მომენტებია. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ილიაუნის და ამერიკის საელჩოს საჩუქარი, რომელიც სკოლაში მოგვართვეს ილიაუნის პიკნიკებში ყოველწლიურად აქტი­ური მონაწილეობისთვის. ყოველ მომდევნო პიკ­ნი­კამდე მოსწავლეებიც აქტიურად იძიებდნენ ექსპერიმენტებს, შესაძლო რეაქ­ციების ჩამონათვალს, რომლებსაც სხვადასხვა ინტერნეტ გვერდებზე და სახელმძღ­ვანე­ლოებში პოულობდნენ. ხშირად ზაფხულში, ღამის საათებშიც კი ჩაუგდიათ ვიდეო და მოუწერიათ სად შეიძლება ეს რეაქტივები ვიშოვოთ, რომ ეს რეაქცია ჩავატაროთო? ასეთ დროს განსაკუთრებით ბედნიერი ვარ. მიხარია, მოსწავლე რომ მეტყვის, მასწავლებელო, ისე შემაყვარეთ თქვენი საგანი, მეც ქიმიურზე უნდა ჩავაბაროო.

 ვარ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების კოორდინატორი და ხშირად გვაქვს გასვლითი ღონისძიებები მეგობარ სკოლებში, ერთობლივი ექსპერიმენტები. სამ სკოლაში ვასწავლი და ამ სკოლის კლუბის წევრებს ქიმია გვაერთიანებს, თავისუფალი უნივერსიტეტის ქიმიკოსთა კონფერენცია “ოქროს რიცხვზეც“ ყოველწლიურად  ერთად დაგეგმილი კვლევები გაგვაქვს. ჩვენც ვეცნობით სხვების ნაშრომებს, რათა იდეები მოვაგროვოთ, ჩვენებური ინტერპრეტაცია მივცეთ და განვახორციელოთ.

 ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულად გამახ­სენ­დება ვარშავაში, დევიდ კოპერნიკის სამეცნიერო ფორუმზე გატარებული დღეები, რამ­დენი ახალი ექსპერიმენტი და სახალისო ცდა ვნახე, როგორ მენანებოდა, მარტო მე რომ ვუყურებდი და მოსწავლეები ვერ ხედავდნენ ამას. სულ ყველაფერს ტელეფონით ვიდეოებს ვუღებდი და სამშობლოში დაბრუნებულმა რისი საშუალებაც კი იყო, ყველაფერი ჩავა­ტარეთ მოსწავლეებთან ერთად. მეორედაც ვი­ყა­ვი ამ ფორუმზე, კიდევ უფრო განახლებული პროგრამაც ვნახე, საკუთარი გამოცდილებაც გავუზიარე უცხოელებს და ჩემს მიერ გამო­გონილი სამაგიდო თამაშიც ვასწავლე „ქიმიური დიმინო“. როგორი ამაყი ვიყავი, მათ აღფრთოვანებულ სახეებს რომ ვხედავდი, ჩემს საკონტაქტო მისამართს რომ მთხოვდნენ...  მაგრამ ჩემი ოცნებაა ასეთი სა­მეცნი­ერო ცენტრი საქართველოშიც გაიხს­ნას, რათა ქართველმა ბავშვებმაც მშობ­ლებთან ერთად იხილონ,  დაინტერეს­დ­ნენ, დასვან კითხვები, ეძიონ პასუხები, აღმოაჩინონ ახალი.

ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ მასწავლებელი ვარ, იმიტომ რომ ქიმიას ვასწავლი, საგანს-რომელიც თუ შეიყვარე, ვერასდროს დაივიწყებ სკოლის ლაბორატორიის სუნს, მის „ქიმიას“. ხშირად სკოლადამთავრებული მოსწავლეებიც შემომივლიან ხოლმე, სიამოვნებით ჩაისუ­ნთქავენ ამ სუნს და მომიყვებიან სიახლეებს, უნივერსიტეტში სწავლის ამბებს.  ძალზედ უხარიათ, რომ ის, რაც სხვა სტუდენტებს დიდი ქალაქის, ან კერძო სკოლების ყოფილ მოს­წავ­ლეებს უკვირთ უნივერსიტეტში, მათ უკვე ნანახი, ჩატარებული ან გამოცდილი აქვთ. ხში­რად ყოფილა, რომ გაკვეთილზეც დამ­სწრ­ე­ბიან, ერთგვარი მასტერკლასი გაუმა­რთ­ა­ვთ მოსწავლეებისთვის და ქიმიაზე შეყვა­რე­ბუ­ლებს  გულდაწყვეტით უთქვამთ; „მოგენა­ტრ­ე­ბათ ეს წუთებიო“.

 

გამოქვეყნებულია: 20-12-2024