ნატრული ტაბიძე

poti1@mes.gov.ge





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:7, ნომერი:2, 19-21 გვ.

რატომ გავხდი ქიმიკოსი

ნატრული ტაბიძე

ქ. ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის N1 საჯარო სკოლა

რეზიუმე: შავიზღვისპირა კოპწია ქალაქი, პარიზული დაგეგმარებით, ტაძრიდან გამომავალი თორმეტი ქუჩა... ერთ-ერთი აკაკი წერეთლის, სახლი N78, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ამავე ქუჩაზეა ისტორიული ქალაქის პირველი სკოლა, რომლის კარები 1948 წელს შევაღე. საკმაოდ ცნობისმოყვარე ვიყავი და ხარბადაც დავეწაფე სწავლას.

საკვანძო სიტყვები:

შავიზღვისპირა კოპწია ქალაქი, პარიზული დაგეგმარებით,   ტაძრიდან გამომავალი თორ­მე­ტი ქუჩა... ერთ-ერთი აკაკი წერეთლის, სახლი N78, სადაც დავიბადე და გავიზარდე.

ამავე ქუჩაზეა ისტორიული  ქალაქის პირველი სკოლა, რომლის კარები 1948 წელს შევაღე. საკმაოდ ცნობისმოყვარე ვიყავი და ხარბადაც დავეწაფე სწავლას.

სკოლა ცნობილი  იყო  და არის უნიკალური ქიმიის კაბინეტით,  რომელიც შექმნა   ლეგენ­და­რულმა ქიმიის მასწავლებელმა ქალბა­ტონმა თინა ჭოჭუამ. საგნისა და მოსწავლეების უსაზღვრო სიყვარული, უმაღლესი პროფესიო­ნალიზმი,  მუხლჩაუხრელი შრომა,  კრეატიუ­ლობა, სიკეთის უანგაროდ კეთება,  თავმდაბ­ლობა და ჩრდილში დგომა - ეს არის თინა მასწავლებლის  მახასიათებლების  არასრული ჩამონათვალი.

…მეშვიდე პირველი სექტემბერი! ახალი საგანი! გამარჯობა ქიმია! საოცნებო  ქიმიის გაკვეთილი!

...წამით წარმოიდგინეთ საოცრების წინაშე ფართოდ თვალგახელილი მოსწავლე, რომე­ლიც მოკრძალებით   იმსჭვალება და მოწი­წე­ბას გრძნობს იმ დიდი შრომის წინაშე, რო­მელიც ჩანს თვითნაკეთი ხელსაწყოებით  სავსე  საგამოფენო ოთახსა და ლაბორა­ტო­რიაში...

ქიმიის პირველი გაკვეთილი...ქიმიური სასწაუ­ლები თუ  ჯადოქრობა? არც კი ვიცი, რა ვუწოდო იმას, რაც გაკვეთილზე ვიხილე! თინა მასწავ­ლებელმა წყლისგან  რძეც   მიიღო, ჟოლოს   წვე­ნიც და გაზიანი წყალიც!

კვამლი უცეცხლოდ გააჩინა!

მაგიდაზე ვულკანმა გაიღვიძა!

თითოეული მოსწავლე  გარინდული, განცვიფრებული, დიდი ინტერესით  შევცქე­რო­დით მასწავლებელს. მან გაკვეთილზე ჩატარებული ყველა  ცდა     ქიმიას,   ნივთი­ერე­ბათა ურთიერთგარდაქმნების  შემსწავლელ  საბუნებისმეტყველო მეცნიერების საგანს  დაუკავშირა.

მოუთმენლად ველოდი ქიმიის მომდევნო გაკვეთილებს, რომლებიც ყოველთვის მაფიქ­რებდა, მხიბლავდა და მახალისებდა საინტე­რე­სო ქიმიური ექსპერიმენტებით! და არა მარტო  მე!

მახსოვს, ქიმიის ერთ-ერთ გაკვეთილზე, რომელიც  ნივთიერებათა ხსნადობას ეხებო­და, თინა მასწავლებელმა ჩაგვიტარა ცდა: აიღო ორი ქიმიური ჭიქა, თითოეულში ჩაასხა ტოლი მოცულობის უფერო სითხეები, პირველ­ში წყალი, მეორეში - გოგირდმჟავას ხსნარი. მეორე ჭიქიდან  ხსნარი ჩაასხა  პირველ- წყლიან ჭიქაში.  რამდენიმე მოსწავლეს  ხე­ლის­გუ­ლებით შეამოწმებინა ჭიქის სიმხურ­­ვალე,  ხსნარი გაცხელდა. მე ეჭვი გამო­ვთქვი, ორივე ხსნარი ცივი არ იქნებოდა-მეთქი... თინა მასწავლებელმა არ დაიზარა და თავიდან ჩაატარა ცდა. ორივე  ჭიქის ხსნარი შემამოწმებინა ხელის გულით,  ხსნარების შერევამდე და შერევის შემდეგ. ხსნარი ისე გაცხელდა, რომ ხელისგული დამთუთქა!!!

მაშინვე დავინტერესდი ამ ნივთიერებით. გოგირდმჟავას თურმე „ქიმიური მრეწველობის პურს“ ეძახიან. თითქმის არ არსებობს წარმოების არცერთი დარგი, სადაც არ გამოიყენება გოგირდმჟავა. ისიც გავიგე, რომ  მანქანის აკუმულატორში არის გოგირდმჟავა. მჟავასა და  აკუმულატორის ტყვიის ფირ­ფიტებს შორის მიმდინარეობს  ქიმიური რეაქცია, რა დროსაც  ავტომობილის ასამუშა­ვებლად საჭირო ელექტრო ენერგია გამოი­ყოფა.

ჩემთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მეშვიდე კლასში გაკვეთილი თემაზე „წყალბადი“. სადემონსტრაციო მაგიდაზე ეწყო სხვადასხვა სახის  უამრავი ხელსაწყო: გაზომეტრი, კიპის აპარატი, „მგრგვინავი გაზის“  დასაგროვებელი ხელსაწყო,  სასწორი - წყალბადის სიმსუბუქის დასადგენად, სადე­მონ­სტრაციო სინჯარა წარწერით „წყალბადი“, აირის ჭიქიდან ჭიქაში „გადასასხმელად“  და ა.შ. ამ ხელსაწყოების სახელწოდებები გაკვეთილზე გავიგე, სულმოუთქმელი ველოდი გაკვეთილის დაწყებას.  თინა მასწავლებელმა მისთვის დამახასიათებელი სიფაქიზით, სიზუს­ტით, აკურატულობით, უსაფრთხოების წესე­ბის გათვალისწინებით ჩაგვიტარა საგაკვეთილო თემის შესაბამისი ცდები: წყალბადის სიმსუბუქის დადგენა  სამი ცდით,  ერთ-ერთი იყო  წყალბადიანი საპნის ბუშტების გაფრენა, საინტერესო იყო ცდა -„წყალბადის სიმღერა“. თინა მასწავლებელმა  კიპის აპარატიდან ანთებული წყალბადიანი მინის მილი მოათავსა სხვადასხვა დიამეტრიან გრძელ მინის მილებში, საიდანაც სხვადასხვა ტონალობის  სასიამოვნო  მუსიკალური ბგე­რები  ჟღერდა! ამ ცდების ერთდროულად ჩატარებისას კი წყალბადის სიმფონიას   ვის­მენთ!  გაკვეთილის კულმინაცია იყო  „მგრგვი­ნავი  გაზის“   აფეთქება. საპნის ხსნარში გატარებულ „მგრგვინავი გაზის“  ბუშტებთან ანთებული კვარის მიტანისას გამაყრუებელი ხმა გაისმა! ცდამ  საოცარი ოვაცია გამოიწვია!   ამ ცდისთვის ასისტენტად თინა მასწავ­ლებელმა მამაცი მოსწავლე შეარჩია.

ყოველი  თემის შესწავლის შემდეგ თინა მასწავლებელი გვესაუბრებოდა  შესწავლილი  ნივთიერებების  მნიშვნელობის და გამოყე­ნების შესახებ. გვითითებდა  ლიტერა­ტურას, სადაც დამატებით ინფორმაციას ვეცნობო­დით. დღეს მოსწავლეებს  შესაშური წყაროები აქვთ ჩემი თაობის მოსწავლეებისაგან განსხ­ვავებით. დამაინტერესა მენდელეევის აეროს­ტატით გაფრენის ამბავმა.  მენდელეევს აეროსტატში ჰქონდა დიდი რაოდენობით რკინა და გოგირდმჟავა. მათი ურთიერთ­მოქმედების შედეგად გამოყოფილი წყალბა­დის ხარჯზე მიფრინავს აეროსტატი. რეაქტივების დასრულების შემდეგ  ყანაში დაეშვა. იქ მომუშავე გლეხები მენდელეევის დანახ­ვისას  დამფრთხალი გარბოდნენ ყვირი­ლით:  -„ღმერთი ჩამოვიდა დედამიწაზეო“...

ჩემი ინტერესი ქიმიისადმი თანდათან იზრდებოდა. ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებადი ნივთიერების არეალიც  ფართოვდებოდა. საინტერესო პრაქტიკულ  სამუშაოებს ვასრუ­ლე­ბდით.  მახსენდება  საოცარი პრაქ­ტიკული სამუშაო - შაბიამნის მიღება.  საო­ცარია აბა რა!   გოგირდმჟავას უფერო ხსნარის და კუპრივით შავი სპილენძ(II)-ის ოქსი­დის ურთიერთ­მოქ­მედების  შედეგად ულამაზესი ლურჯი კრისტალების წარმოქმნა მიღებული ხსნარის გაფილტვრით და შემდგომი აორთქლებით. 

განსაკუთრებით მხიბლავდა   კატიონებისა და ანიონების აღმომჩენი რეაქციები. მახსენდება  რკინა (III)- ის იონის იდენტიფიცირება  ამონიუმის როდანიდით. თინა მასწავლებელმა იკითხა,  იყვნენ თუ არა  კლასში  ერთმანეთზე გაბუტული მოსწავლეები? სამწუხაროდ,  აღმოჩ­ნდნენ ასეთებიც. ორი მათგანი გამოიძახა სადემონსტრაციო მაგიდასთან. ერთს ხელისგულზე რკინა (III)-ის ქლორიდის ხსნარი დააწვეთა, მეორეს ამონიუმის როდა­ნიდის. შემდეგ  სთხოვა ხელი ჩამოერთვათ ერთმანეთისთვის. ორივეს ხელისგულები გაუწითლდა, მარილების ურთიერთქმედების შედეგად  წითელი ფერის რკინა(III)-ის როდანიდის წარმოქმნის გამო. თინა მასწავლებელმა ღიმილით დას­ძი­ნა,  სისხლი აღებუ­ლია, მტრობა დას­რუ­ლებული!

მახსენდება გაკ­ვე­თი­ლი თემაზე  -  მოლი,  ავო­გად­როს კანონი. ქი­მიის კაბინეტში ერთ-ერთი კარადის თავზე მოთავსებულია  22.4 ლ  მოცულობის მინის ლამაზი კუბი. ეს კუბი შევადარე  20 ლიტრი ტევადობის მინის ბალონს, რომელსაც ოჯახში ვიყენებთ ღვინის შესანახად  და ეჭვი გამოვთქვი,  ეს კუბი 22.4 ლ ვერ დაიტევს-თქო. თინა მასწავლებელმა გამაზომინა კუბის სიგრძე, სიგანე, სიმაღლე  და გამომათვლევინა კუბის მოცულობა.

უამრავი ცდა მახსენდება... ულამაზესია „ვერ­ცხ­ლის სარკის“ რეაქცია. სახლიდან პატარა მინის საგნები მოვიტანეთ და გაკვეთი­ლების შემდეგ   დავამზადეთ ნაძვის ხის სათა­მაშოები...  საინტერესო და დაუვიწყარი ექსკუ­რ­სია გვქონდა  სარკეების დამამზადებელ საამქროში.

ქიმიისადმი გაღვივებულმა ინტერესმა ქალა­ქის ნორჩ ტექნიკოსთა სადგურის ქიმიის წრემდე მიმიყვანა. წრის ხელმძღვანელი ჩემი თინა მასწავლებელი ბრძანდებოდა! სამი წელი დავდიოდი ქიმიის  წრეზე და რამდენი რამ შევისწავლე, რომელიც სტუდენტობის  დროს გამომადგა.

სკოლაშიც ფუნქციონირებდა ქიმიის წრე. ადვილი არ იყო ქიმიის წრის წევრობა. ჯერ ქიმიის წევრობის   კანდიდატის სტატუსი უნდა  მიგეღო. თუ გამოავლენდი სათანადო უნარებს,   წრის წევრიც გახდებოდი! ქიმიის წრე რამდე­ნიმე სექციისგან  შედგებოდა.  მათგან მნიშვ­ნელოვანი იყო თვითნაკეთი ხელსაწ­ყო­ე­ბის დამზადებაზე ორიენტი­რე­ბული სექცია, სადაც  შესაბამისი უნარების მოსწავლეები   ერთიან­დებოდნენ. ხატვა, ლა­მა­ზი კალი­გრა­ფია და ხელმარჯვეობა იყო წრის წევრო­ბისათვის საჭირო,  უმთავრესი უნარები. ხელსაწყოების სექციის წევრები  ამზადებდნენ თვითნაკეთ ხელსაწყოებს, ხატავდნენ, ანოტაციას წერდნენ და რესპუბლიკურ კონკურსში „ნორჩი ტექნიკოსი სამშობლოს“ - წარმატებით   მონაწილეობდნენ.

რამდენი რამ გავიხსენე და  კიდევ რამდენი დამრჩა გასახსენებელი...

ვფიქრობ, ახლა  ადვილი გასაცემია პასუხი კითხვაზე, თუ  რატომ გავხდი ქიმიკოსი.

 

გამოქვეყნებულია: 20-12-2024