ანა ჯინჭარაძე

anajincharadze1122@gmail.com





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:7, ნომერი:2, 11-12 გვ.

ყოვლისშემძლე ანტიდოტი

ანა ჯინჭარაძე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რეზიუმე: სწრაფი ნაბიჯებით მიდის ლაბორატორიისკენ. კარს ბრაზით იჯახუნებს და იწყებს საჭირო მასალების ძებნას. აღელვებული იღებს მინის ბოთლს და თვალწინ წარმოიდგენს როგორ უმოწყალოდ ცემენ მის თანატოლებს, თანამოქალაქეებს, თანამოძმეებს, თავისუფლებისათვის და ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებს...

საკვანძო სიტყვები:

სწრაფი ნაბიჯებით მიდის ლაბორატორიისკენ. კარს ბრაზით იჯახუნებს და იწყებს საჭირო მასალების ძებნას. აღელვებული იღებს მინის ბოთლს და თვალწინ წარმოიდგენს როგორ უმოწყალოდ ცემენ მის თანატოლებს, თანამოქალაქეებს, თანამოძმეებს, თავისუფლებისათვის და ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებს... ამზადებს ფიზიოლოგიურ ხსნარს, ასხამს მინის ქილებში და ზურგჩანთაში დებს წიწაკის სპრეისთან ერთად. წასვლის დროა, ახლა მეც უნდა ვთქვა ჩემი სათქმელიო - გულში ფიქრობს და საცაა ლაბორატორიიდან უნდა გავიდეს უკან იხედება, ხომ არაფერი რჩება და აი, უეცრად ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის ცხრილის თავზე დაკიდებულ, დიდ ჩარჩოში ჩასმულ დიდწვერა კაცის ფოტოსურათს მისწვდა მისი მზერა, უყურებს... ფიქრობს და ვერ წყვეტს რომელი ემოციის გამოხატვა შეეფერება ამ სცენას. იცის, რომ ამ კაცისგან ბევრი ისწავლა, ისიც იცის დღეს ქიმია მის ცხოვრებაში რომ არსებობს ამ კაცის დამსახურებაცაა, მას ხომ დიდი წვლილი მიუძღვის ქიმიის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ხოდა გადაწყვეტს: დროა ჩემი ცოდნა დღეს გამოვიყენოო „მათ“ წინააღმდეგოო, კარებს კეტავს და შენობიდან გადის. ფოტოზე გამოსახული დიდწვერა კაცი პერიოდულობის კანონის აღმომჩენი და პერიოდული სისტემის ფუძემდებელი რუსი მეცნიერი დიმიტრი მენდელეევი გახლდათ.

რუსთაველის გამზირისკენ მიემართება… მიდის და ყურში ჩაესმის სირენების, ყიჟინის, რამდენიმე ფეხის ერთდროულად გადადგმის, ფარების ერთმანეთზე ხახუნის ხმები... სადღაც შორიდან ისმის, რომ შეკრებილ ხალხს დაშლისკენ მოუწოდებენ, სხვა შემთხვევაში კი ჰპირდებიან რომ მათ წინააღმდეგ გამოგონებულ იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, მაგრამ ხალხი არსად წასვლას არ აპირებს, პირიქით მათი რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება. უყურებს ხალხის ამ გრძელ რიგს, რომელიც არა და არ მთავრდება და თვალები სიამაყის ცრემლებით ევსება, მას ასეთი ერთიანი საქართველო ჯერ არ უნახავს.

მისვლიდან მალევე აქციის დაშლა იწყება. სპეციალური დანიშნულების რაზმი ხალხისკენ იღებს გეზს. ხალხი ერთმანეთს არ ტოვებს. იქეთ კუთხეში ვიღაც წაუქცევიათ და ზედ  „დუბინკებიც“ დაუმატებიათ... დროა! - ფიქრობს გულში და ზურგჩანთას ხსნის. უცებ ერთ-ერთ სპეცრაზმელს თვალს უსწორებს, უნდა თვალებში ჩახედოს, რას მეტყველებენ ისინი. ნუთუ ის სისხლისმსმელი ჯალათის თვალებია, თითქოს მასში ამოიკითხავს, რომ მას აქ დგომა და ასე სასტიკად მოქცევა არ სურს, თითქოს მას სხვა არჩევანი არ აქვს... მასში ადამიანური გრძნობები იღვიძებს მთელი გულით ეცოდება სპეცრაზმელი და ფიქრობს რომ არ შეუძლია მისი თანამემამულის წინააღმდეგ წიწაკის სპრეის გამოყენება, მასში ხომ ამხელა სისასტიკე არ დევს. ზურგჩანთას კეტავს, მაგრამ სპეცრაზმელი მას არ ინდობს... სროლის ხმა გაისმის და მისკენ ნისლის დიდი კორიანტელი მოდის. თვალების ტკივილს გრძნობს, თითქოს ყელიც ჩასწვია. ეს ცრემლსადენი გაზი უნდა იყოსო ფიქრობს და ზურგჩანთიდან ფიზიოლოგიური ხსნარის ამოღებას ცდილობს, მაგრამ უცებ თვალები ებინდება და გონებას კარგავს, ყრუდ ჩაესმის რომ ვიღაც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ითხოვს.

ძილბურანშია. თანდათან თვალებს ახელს. ირგვლივ ჩამიჩუმი არ ისმის. მის მეგობარს ხედავს სასთუმალთან მჯდომს, პლედმოხვეულს. როგორც ჩანს, მთელი ღამე აქ გაუტარებია. უღიმის...

- რა მოხდაო?- ეკითხება

- ბევრი გაზი გიყლაპია, ნამდვილ ქიმიკოსად მონათლულხარო,- იცინის.

ისევ თვალებს ხუჭავს...ახსენდება, როგორ გადაიფიქრა ბოლო წუთს და წიწაკის სპრეი როგორ ჩადო ჩანთაში... ნელა ხსნის ბაგეებს და ძლივს გასაგონად, ჩურჩულით ამბობს: მადლობა ღმერთო, რომ მიხსენ ცოდვისგან...

ყველაზე ძლიერი ანტიდოტი ქიმიკოსისთვის სამშობლოს სიყვარული აღმოჩნდა, რომელმაც იგი ღრმა ძილიდან გამოაღვიძა.

 

 

გამოქვეყნებულია: 20-12-2024