რუსუდან ნუცუბიძე

nutsubidze.rusudan@gmail.com





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:7, ნომერი:2, 9-10 გვ.

ყველაფერი საიდანღაც იწყება...

რუსუდან ნუცუბიძე

სსიპ თბილისის N103 საჯარო სკოლა

რეზიუმე: იმ შენობაში ყველაფერს სპეციფიკური სუნი ჰქონდა, განსაკუთრებით ქიმიის კაბინეტში, სადაც მუდამ მოწესრიგებული ეთერი მასწი გამორჩეული სტილითა და მონდომებით ცდილობდა „მოვეწამლეთ“ „ქიმიური ჯადოქრობებით“ . ანდამატივით მიზიდავდა „ქიმიის სუნი“ და ეს „ჯადოქრობები“. კარგა ხანს ვერც ვხვდებოდი , რომ „მოვიწამლე“...

საკვანძო სიტყვები:

ყველაფერი ხომ საიდანღაც იწყება....

ჩემს ბავშვობაში სერიალები იშვიათი მოვლენა იყო. სერიალით „რვაფეხა“ ჩემთვის  სამყაროს კანონების შედარებით  უკეთ გაცნობიერებული აღსრულება დაიწყო. სიცილიური მაფია და ქიმია რა შუაშია? შუაში კი არა თავში აღმოჩნდა...პატარას გონებაში სიცილია ჩამრჩა საშიშ „ რაღაცად“ და როცა სილიციუმის არსებობის შესახებ შევიტყვე ჩემი სკოლის კოპწია ქიმიის კაბინეტში, იმთავითვე შიშით და ცოტა სიძულვილით განვეწყვე. როგორც „მაფიის“ ისე მეშინოდა სილიციუმის...ვითომ მარტო ბგერების ანალოგიით? - დღემდე ვერ მიპოვნია  პასუხი.

იმ შენობაში ყველაფერს სპეციფიკური სუნი ჰქონდა, განსაკუთრებით ქიმიის კაბინეტში, სადაც მუდამ მოწესრიგებული ეთერი მასწი გამორჩეული სტილითა და მონდომებით ცდილობდა „მოვეწამლეთ“ „ქიმიური ჯადოქრობებით“ . ანდამატივით მიზიდავდა  „ქიმიის სუნი“ და ეს „ჯადოქრობები“. კარგა ხანს ვერც ვხვდებოდი , რომ „მოვიწამლე“...

კლასში ყოველთვიური კედლის გაზეთი იკვრებოდა, რომელსაც არავინ კითხულობდა რედაქტორის გარდა. ისიც იძულების წესით. ქიმიით    „მოწამლულმა“  „ქიმიური ლექსი“ დავწერე, რომელიც კედლის გაზეთშიც მოვახვედრეთ. ლექსსზეც და კედლის გაზეთზეც  ჩემმა უფროსმა დამ გვარიანად დამცინა და მეც თავმოყვარეობაშელახულმა ცეცხლს მივეცი. აღარ დამრჩა ამ „შედევრის“ ალი-კვალი, ის კედლის გაზეთიც ვადის გასვლის შემდეგ ჩემივე ხელით ნაკუწებად ვაქციე და დავალევინე ჩაილურის წყალი. საკონტროლოს წერისას დამრიგებელი და ჩემი მათემატიკის მასწავლებელი დროის მოკვლას რომ ცდილობდა, გაზეთს მიადგა და  ჩემი „შედევრი“ წაიკითხა. ერთი ამას დამიხედეთ, რა დღეშია თურმე, ესე იგი, პითაგორა H2SO4-ით ჩაანაცვლე? კააარგიიიი..... გასაგეეებიიიაააა... რაკი გაიგო ქიმიკოსი მინდოდა გავმხდარიყავი, H2SO4  შემარქვა. სკოლა ამ  „კლიჩკით“ დავამთავრე.

და ჰოი, საოცრებავ! უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების სკამზე ჩემს ბილეთში ელემენტი სილიციუმი აღმოჩნდა ჩემი ქიმიის ცოდნის შესაფასებელი საკითხი. რაღას ვიზამდი, კი ძალიან მეჯავრებოდა, მაგრამ ვძლიე, არ დავნებდი, ვიყოჩაღე კია და შეფასება „5“-იც დავიმსახურე. სილიციუმით მიღწეულმა წარმატებამ  მომალბო. ვცდილობდი ზიზღი გამეფანტა, თუმცა, ვაღიარებ, გულის სიღრმეში მაინც მეჯავრებოდა...

ბუნებაში მარტო ქმედება რომ არ არსებობს და ურთიერთქმედებაა, ეს არ ახალია, თანაც ერთნაირი ბუნების ძალებით ხდება ეს ამბავიო და აბა, ამხელა ჭეშმარიტება ჩემთან და ჩემთვის როგორ შეიცვლებოდა?...არც შეიცვალა!!!.. როცა არჩევანი სპეციალობაზე გავაკეთე - ისევ სილიციუმი!!! თითქოს  მოჩვენებასავით დამყვებოდა  „სიცილია- სილიციუმი“. ჰოდა, იგივე ბუნების ძალით შემისრულააა!

მანამდე ერთი დღის ჩანაწერიც ლაბორატორიის გაყვითლებულ ფურცელზე, რომელსაც დღემდე  უძვირფასესი ნივთივით ვინახავ.

ბოლოს და ბოლოს... „შტანიჩკით“ და ტელეფონით ჩამწარებული საპაემნე დღე.

ახლა მე თითონაც არ ვიცი რა მინდა. ვზივარ ბოთესავით 61 -ე ლაბორატორიაში, თითქოს ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო იყოს  „ლაბორატორიის სუნი“( მე ხომ ამ სუნით მეშვიდე კლასიდან „მოვიწამლე“) ხან თავს დავდებ მაგიდაზე და დაძინებას დავაპირებ, მაგრამ ხელს მიშლის  არ ვიცი ცნობისმოყვარეობით გამსჭვალული  სტუდენტი-ახალგაზრდობა, ან კიდევ ირმას მნახველთა ჯარი; ხან სერედას ამოცანებს ჩავჭყიტავ, რატომღაც მომინდა ქიმიაში „დაკარგული“    ცოდნის  „აღდგენა“ ; ხან  საცოდავად მოთუხთუხე ცდას გავხედავ და მერე მახსენდება , რომ ტყუილად არ ვზივარ, ბოლოს და ბოლოს ცდა ხომ თუხთუხებს, დისერტაცია ხომ წინ-წინ  მიიწევს, რა თქმა უნდა,  მცირე ბიჯით და ჯერ კიდევ „შავი სამუშაოებით“ , მაგრამ  მაინც. ვაი, ჩემ პატრონს?!  უცადე, უცადე, ჩემო თავო,  დისერტაცია-დესერტაციას და კაი ჩიტსაც დეიჭერ! ახლა წესით პაემნებზე უნდა დარბოდე... თან რავალი საპაემზე ამინდია? ეს ტელეფონიც რომ  მიშლის ნერვებს თავისი უმუშევრობით, თორემ ხომ გამომიჩნდებოდა „რეალური“ საქმე? ცოტას ვიჭორავებდი ნაცნობ-მეგობრებში, მივიკითხ-მოვიკითხავდი ხალხს, ისინიც კმაყოფილნი იქნებოდნენ ჩემი ესრეთ „დიდი“ ყურადღებით ( „დიდი“ იმიტომ, რომ ხშირად ვერთობი ტელეფონით ანალოგიურ სიტუაციაში) და მეც ორმაგად კმაყოფილი დავრჩებოდი, რაკი დროის გასვლას ამით დავაჩქარებდი, ცდა თითქმის გადმოსადგმელი გახდებოდა ამასობაში,  და ბოლოს და ბოლოს, მართლა გართობა ხომ არ არის ყველაფერი? სახლში ქვეყნის საქმე მელოდება: ცდის დასრულებამდე ტელეფონზე აკრეფილი ჭორ-მართალი ნინოსთვის მექნებოდა „ჩასაბარებელი“, რასაც ხშირად სხვა საქმეების გაკეთებაც ეწირება; აქეთ  საჭმელი უნდა გააკეთო ან უკვე ნინოს გაკეთებული მიირთვა, მერე ღამის წყვდიადში დაბანაც გამახსენდებოდა, მერე იქნებ დამეძინა კიდეც, ბოლოს და ბოლოს  „კაცნი ვააართ“, ხვალ ბევრი საქმე  მელოდება, ზემოთ მოხსენიებულთა რიგში გარკვეული  შესწორებით. ახ, რა ბედნიერად აეწყობოდა მთელი დღე ტელეფონს რომ ემუშავა?! მართლაც და რა დიდი ბედნიერება იქნებოდა ტელეფონის ციფერბლატზე N-ჯერ აკრეფილ 4-01 ნომერს ერთხელ მაინც ეპასუხა და შეკითხვაზე : ბადრი ხომ არ მოსულა? ეთქვა-კიიი, ან მე ვარ ბადრიო. მაშინ ხომ ჩავიტანდი შლიფს და და ბოლოს და ბოლოს გავაკეთებდი ჩემი ცოდვით სავსე   „შტანიჩკას“?  მერე იქნებ „საპაემნე“ დღეც გამომეყენებინა და მომესწრო კიდეც არ ვიცი ვისთან პაემანი ( სასაცილოა , სატირალი რომ არ იყოს) „შტანიჩკის“ ძებნამ და „ლაბორატორიის სუნმა“ რომ წამართვა შანსები მგონი სამუდამოდ.

რაც ამ ფიქრებს გოგირდმჟავით ალაგ-ალაგ ამომწვარ, ყვითელ ფურცელს ვახუტებ, კარი არავის შემოუღია, ეტყობა იგრძნო ხალხმა რა „სამუშაო ატმოსფერო“ სუფევს ლაბორატორიაში და ბოლოს და ბოლოს .. ხელს ხომ არ შემიშლიან? ხელის შეშლა ვიცი როცა გძინავს, ან ტორტს ჭამ... შეფი მოვიდა და... „ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დაიჭირეო“. თურმე  „მუშაობის“ დროსაც შეიძლება ხელის შეშლა ... 30.06. 94 წელი.  ქ. თბილისი. თსუ, N 61 ლაბორატორია

ამ ამბებიდან ალბათ რამდენიმე დღეში ნიუტონის მესამე კანონი ჩემთვის სრულყოფილად აღსრულდა.  ბადრიც გამოვიჭირე, „შტანიჩკაც“  გავაჩალიჩე და მორიგი ცდის თუხთუხისას „სიცილია-სილიციუმის“ ნაერთმა, რომელიც ალბათ უკუქმედებისთვის  მომენტს ეძებდა, ისე მომწამლა, ბავშვობიდანვე  „ქიმიით მოწამლის“  ხელდასმით ჩაშლილ და ვერშემდგარ პაემნებს ვინღა დაეძებდა,  სიკვდილ-სიცოცხლის რეალურ ბრძოლაში გადამაგდო.  სილიციუმს, როგორც საგამოცდო ფურცელზე, ახლა გაცილებით მძიმე  ომიც მოვუგე! გადავრჩიიიი!!!! სილიციუმის ნაერთით  მოწამვლამ გამიარა, თუმცა „ქიმიით მოწამვლას“ არაფერი ეშველა! ეს „სენი“ ჩემთვის დღემდე უკურნებელი გახდა.

სამყაროში რომ არაფერი იკარგება, ესეც ხომ ფაქტია. ჩაიარა დისერტაცია-დესერტაციებმა, კიდევ ბევრმა გამოწვევამ  სამეცნიერო თუ პედაგოგიური საქმიანობის გზაზე  და ახლა  უკვე მე, ათეული წლებია   აუდიტორიაში თუ საკლასო ოთახში ვაგრძელებ ახალგაზრდების „ქიმიით მოწამვლას“.

 

გამოქვეყნებულია: 20-12-2024