კესარია ვახანია

pelagoni21@mail.ru





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:7, ნომერი:2, 7-8 გვ.

ქიმია არ გიღალატებთ...

კესარია ვახანია

სენაკის კერძო სკოლა „პელაგონი“

რეზიუმე: როდის მოხვალთ მასწავლებელო? ომიკო მეკითხება კლასის სახელით. ახლა უფრო ვსწავლობთ ქიმიას, ამბობს ჩემი ყველაზე ცელქი ომიკო. ნუთუ ეს უნდა შემხვედროდა, მისი ასეთი თანაგრძნობა რომ მეგრძნო, მისი სული აღმომეჩინა. სხვანაირად დავინახე, აქეთ მამხნევებდა, მეუბნებოდა რომ მელოდებიან, ვუყვარვართ და მარწმუნებენ რომ გავიმარჯვებ.

საკვანძო სიტყვები:

თვალი გავახილე და პირდაპირ საათის ისრებს შევხედე, რომელიც ჩემ წინ კედელზე ეკიდა და თითქოს ჩემს გაღვიძებას ელოდებოდა. ხუთის ნახევარი იყო, თვალები უკეთ დავჭყიტე და კიდევ ერთხელ შევხედე, ნამდვილად 2-ის ნახევარი იყო. ეს საათი მუშაობს?- შევეკითხე პალატაში

ფანჯარასთან გარინდულ თეთრხალათიან გოგოს. თქვენი ოპერაცია დამთავრდა... მიმიხვდა, რაც მაინტერესებდა, შვებით ამოვისუნთქე და მადლიერების გრძნობით  შევხედე საათის

ციფერბლატებს და ჩემს ცხოვრებაში დროის ახალი აღქმის სისტემა დაიწყო.

ნეტავ იცოდნენ ჩემმა ბავშვებმა ყველაფერი, ასე ადვილად რამ დამთავრდა, გავივლე გულში. ისინი ხომ ძალიან განიცდიდნენ ჩემს ასეთ მდგომარეობას. მახსოვს ერთხელ გაკვეთილზე, ახსნის შუა პროცესში, ვიკას ტირილი აუვარდა. ძნელია, როცა ყურადღების სხვა რამეზე გადატანა გიწევს, მაგრამ ბავშვის ცრემლებს უყურადღებოდ როგორ დავტოვებდი, შევწყვიტე ამინომჟავებზე საუბარი და ვკითხე: რა მოხდა? როგორც იქნა სლუკუნით ძლივს ამოღერღა: „მასწავლებელო, ჩემი მეზობელი ქალი გარდაიცვალა, სიმსივნე დაემართა, მასწავლებელო, რამდენი იწვალა, რამდენი იწამა, რა კარგი ქალი იყო, მასწავლებელო, რატომ არ მიიღეს ისეთი საშუალება, რომელიც ამ

ავადმყოფობას დაამარცხებდა? ვიკა თანაგიგრძნობთ, მეცნიერება წინ მიდის, მომავალში ესეც სხვა ავადმყოფობასავით დამარცხდება. ვეცადე, დამემშვიდებინა, მაგრამ, ვფიქრობ, ნაკლებად გამომივიდა, თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით ვუთხარი მას და რას ვიფიქრებდი, სულ მალე ვიკა და მისის მეგობრები ჩემზეც ინერვიულებდნენ.

 

ფიქრებით დავიღალე, რადგანაც ნარკოზიდან ახალი გამოსული ვიყავი და სხვა ჩივილები

დამეწყო. ღმერთო ჩემო, ძლივს გავიხსენე სიმნოპოლი თუ კალიფსოლი. „ოლი“, „ოლი“ ალბათ სპირტია ვიმეორებ ჩემს გონებაში. კიდევ ყოფილა პროპოფოლი, ესეც ნარკოზისთვის გამოიყენება, ნეტავ რომელი ნივთიერებაა ჩემთან, თითქოს ქიმიური ლაბორატორია ვარ და მიმდინარე რეაქციებს თვალს ვადევნებ. ეხ, ვიკა, ვიკა, თითქოს ფანტასტიკურ მოთხრობას ვწერ. მაგრამ ეს ყველაფერი

ჩემში ხდება. ამასობაში უნაზესი ექთანი საწვეთურებს მიდგამს და ექიმის უმკაცრეს მითითებებს უსიტყვოდ ასრულებს, რა ხსნარებს მისხამენ ღმერთმა იცის, როგორ იმოქმედებს ლაბორატორიაში, როცა ვმუშაობდი, ცდები ჩვენთვის ერთგვარად სახალისო და გასართობი იყო. მიყვარდა ლამაზი

ფერების ერთმანეთში გადასვლა, მერე ნალექების გახსნა. ყველაზე მეტად კი ტიტვრა მიყვარდა.

ერთი ფერის მყისიერად მეორეში გადასვლა, მერე კი ისევ იმ ფერის დაბრუნება და ა. შ. ახლა კი ამ პალატაში ერთი მკაცრი ფერია, თუმცა რატომ თეთრი, მთელი და ფანჯრიდან თავაწეული ხეებს თითქოს აქეთ ცდილობენ შემოსვლას, თავისი წითელი და ყვითელი ფოთლებით: „ მიყვარს

შემოდგომა ლამაზი წითელი და ყვითელი ფოთლებით“. მახსენდება ბატონი გოგის სიტყვები და ისედაც, რომ ზეინაბმა ქვემოჭალიდან ყვავილების თაიგულის ნაცვლად ფოთლების თაიგული რომ ჩამოუტანა. მაინც რა საოცრებაა სიმწვანე გადადის ლამაზ ფერებში, ქლოროფილი- მაგნიუმისეული ნაერთი, ქსანტოფილი და კაროტინი, ეს ჩემი საყვარელი ფერების გამაა, რომელიც ეს სილამაზეა, რომელიც სულს და გულს სასიამოვნოდ ესალბუნება.

...გახარებული ვარ. სახლში გამწერეს მედიკამენტების მთელი ამალით, ყველას ანოტაციას ვკითხულობ, ეს ჩვევად მაქვს. მაგრამ, ეტყობა ქიმია არ მანებებს თავს, უფრო ღრმად იჭრება

ჩემში. ექიმი მეუბნება, რომ ქიმია და დასხივება დამჭირდება. თითქოს ცივი წყალი გადმომასხეს, ამას ნამდვილად არ ველოდი, როგორ მინდოდა ეს წელი დამემთავრებინა, ჩემს ბავშვებს ბანკეტი

 აქვთ, სკოლას ამთავრებენ. ვიდეო ვნახე გულისამაყუაჩებელი, ლექტორთან რომელიც ონკოლოგიით არის შეპყრობილი სტუდენტები მოდიან. ის ფანჯრიდან იყურება, ახალგაზრდები ხელს უქნევენ

ერთმანეთს შორიდან ეფერებიან და ამხნევებენ საყვარელ ლექტორს. ნინოს სწორედ ონკოლოგობა უნდა. ძლიერი ჭკვიანი გოგოა. შრომისმოყვარე და ჰუმანური. მისგან კარგი ექიმი დადგება.

ეროვნული გამოცდებისთვის როგორ დავეხმარებოდი, ჩემი ხელი დააკლდა.

როდის მოხვალთ მასწავლებელო? ომიკო მეკითხება კლასის სახელით. ახლა უფრო  ვსწავლობთ ქიმიას, ამბობს ჩემი ყველაზე ცელქი ომიკო. ნუთუ ეს უნდა შემხვედროდა, მისი ასეთი თანაგრძნობა რომ მეგრძნო, მისი სული აღმომეჩინა. სხვანაირად დავინახე, აქეთ მამხნევებდა, მეუბნებოდა რომ მელოდებიან, ვუყვარვართ და მარწმუნებენ რომ  გავიმარჯვებ.

როდის ჩამოხვალთ, მასწავლებელო?

--მე ქიმია დამჭირდა ბავშვებო, ძალას ვიკრებ და ძლივს ვეუბნები.

- „თქვენ ქიმია არ გიღალატებთ, მასწავლებელო“ თითქოს ყველა ერთად მეუბნება.

ქიმიოთერაპია, ქიმიოთერაპია, ამ საუკუნის მეგონა, თურმე არსებობდა ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთის დროიდან, ამას ვერ წარმოვიდგენდი, ნეტა რა პრეპარატები იყო მაშინ? ნეტა რა მედიკამენტები გადააქვს სისხლს უჯრედებამდე?

ნივთიერებებიც ადამიანებივით განსხვავებულები არიან, ჩემი ქიმიოთერაპიის ნივთიერება ცოტა ვერაგული აღმოჩნდა, არ მელოლიავება, ჩემი ექიმივით მკაცრია, რომელიც ანალიზიდან გამომდინარე, არ მიწყვიტავს კურსს. გაუძლებ, ნუ გეშინია გაუძლებ. სანამ ბოლომდე არ ჩავამთავრე არ მომეშვა ორი საათი 2-ჯერ მეტი მეჩვენება. ვზივარ და თითო გადასხმაზე გალაქტიონის თითო ლექსს ვსწავლობ და დრო გადის. დედა, დღესაც გალაქტიონს კითხულობ?-- მეკითხება ჩემი შვილი და ვინ იცის, როგორი მადლიერია გალაკტიონის, რომელიც ასე მეხმარება.

ბოლო გადასხმაა, უკვე არაფერი მინდა, ღონემიხდილი ვარ, ვერ ვუძლებ. ყოველგვარი აზრი მიწყდება, უკვე არაფერი მინდა, გავდივარ. კარისკაცი მეორეს ეჩურჩულება: თავსაფრიანები ონკოპაციენტები არიან, გაატარე. ძლივს დღის სინათლე გვხვდება და თვალს მიჭრის, თვალებს ვერ ვუჯერებ. ჩემი ბავშვები გასასვლელთან ერთმანეთს მიყუჟული, ერთად შეკრული მეცოდებიან მოწყენილი დაღვრემილი სახეებით ჩემს დანახვაზე სახე უბრწყინდებათ და მეხვევიან. ყველაფერი შორს რჩება, თითქოს არც არაფერი ყოფილა კედელთან მყარად ვდგებით, ვცდილობ. არ წავიქცე, უცნაური ძალა მეუფლება. ეს სითბო სხეულში ჩამდგარი ცივ სითხეს მინეიტრალებს. მიქაელი რაფაელოს მაწვდის ლამაზი გულიანი კოლოფით, რომელიც მამაოს მამამისს აჩუქეს. ბავშვებო, ბავშვებო ცრემლნარევი ვლოცულობთ, თანდათან ვთბები და ამ სითბოს ვერანაირი სიცივე ვერ მოერევა. ეს სითბო ნუთუ ქიმიამ მომიტანა, რომელიც ვცდილობ ვასწავლო ბავშვს, რომ ირგვლივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში გაიხედონ ქიმიური თვალებით და ქიმიას კი შეხედონ ლამაზი ფერებით. მათ შევაყვარებ, მათ დავანახებ, მე მეყვარება, მათ ვეყვარები და ეს სიყვარული დუმბაძის „მარადისობის კანონის“ არ იყოს, ჯაჭვურ რეაქციასავით გაგრძელდება.

 

 

გამოქვეყნებულია: 20-12-2024