ირინა გობაძე

Irinagobadze17@gmail.com





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:7, ნომერი:2, 6 გვ.

გრძნობების ქიმია

ირინა გობაძე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რეზიუმე: მოღრუბლული, მოქუფრული, მელანქოლიური დილაა. გზას მიუყვება უსასრულობისკენ და ისე გამოიყურება, თითქოს ამ ცხოვრების არავითარი დარდი არ გააჩნია. თუმცა რას გაუგებ ადამიანს, მაშინ როცა თვითონაც ვერ აანალიზებს საკუთარ მდგომარეობას. მიუხედავად ამისა, პიროვნების ნაცვლად, სხეულში არსებული ქიმიური ნივთიერებები იღებენ გადაწყვეტილებებს ადამიანის მდგომარეობის შესახებ.

საკვანძო სიტყვები:

დაიბადა ადამიანი, დაიბადა ქიმია. გაჩნდა გრძნობა, გაჩნდა ქიმია.

მოღრუბლული, მოქუფრული, მელანქოლიური დილაა. გზას მიუყვება უსასრულობისკენ და ისე გამოიყურება, თითქოს ამ ცხოვრების არავითარი დარდი არ გააჩნია. თუმცა რას გაუგებ ადამიანს, მაშინ როცა თვითონაც ვერ აანალიზებს საკუთარ მდგომარეობას. მიუხედავად ამისა, პიროვნების ნაცვლად, სხეულში არსებული ქიმიური ნივთიერებები იღებენ გადაწყვეტილებებს ადამიანის მდგომარეობის შესახებ. მიმართულების გარეშე მიმავალი, გრძნობს ემოციას, რომელსაც სახელს ვერ არქმევს. უცებ ტვინში არსებული სეროტონინი იღებს ბრძანებას მათი რაოდენობის შემცირების შესახებ. მოცემული ნივთიერებები დიდი ხანია გრძნობდნენ მოსალოდნელ მდგომარეობას. არ უნდათ ერთმანეთთან განშორება, მაგრამ ეს ბრძანებაა „უზენაესისგან“. მასთან შეწინააღმდეგება არ შეუძლიათ და დროა ერთმანეთთან დაცილების. თავს დაუცველად და უძლურად გრძნობენ, თითქოს შეწინააღმდეგებასაც ცდილობენ, მაგრამ იციან რომ ვერაფერს გახდებიან. თითოეული ნივთიერების განშორება განაპირობებს ცრემლების მოზღვავებას, სულიერი მდგომარეობის შესუსტებას. განიცდიან, იქნებ ერთმანეთს ვეღარ შევხვდეთო ფიქრობენ.

მიუყვება გზას უმისამართოდ. გადის დრო და ნელ-ნელა იცვლება ადამიანის მდგომარეობა. სხეულში არსებული გლუკოზა ჯარისკაცივით მიეშურება სისხლსა და კუნთებში. ორგანიზმი ივსება ენერგიით და გლუკოზა მზად არის იპოვოს თითოეული  დაკარგული ნივთიერება და დაიცვას საკუთარი სიცოცხლის ფასად. მზად არის შური იძიოს იმ ბოროტმოქმედებისთვის, რაც გაუკეთეს მის ახლობელს, მაგრამ რას გახდება უბრალო ადამიანი „უზენაესის“ წინააღმდეგ. გლუკოზა მაინც არ ნებდება, დადის, დადის და ამზადებს სხეულს, თუმცა მის გარდა არავინ გამოთქვამს სურვილს შეეწინააღმდეგოს განგებას. რა ქნას გლუკოზამ? მისი მოჭარბებული ენერგია ვერ გამოიყენა. თავს ხელში იყვანს და თოკავს ენერგიას, იქნებ სხვა დროს გამიმართლოსო ფიქრობს. 

მიუყვება გზას. ბევრი რამ განიცადა. ბუნება თანდათან უფრო მშვიდდება. ღრუბლებს ამოფარებული მზეც იჭყიტება სამალავიდან. გრძნობს მზის პირველ სხივებს, რომლებიც სახეზე ეთამაშება. ახსენდება ის ბედნიერი მომენტები, რომლებიც საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარა. სხეულში იმატებს ოქსიტოცინის რაოდენობა. ისინი ბედნიერები არიან, ერთად არიან. ყოველი წამი მნიშვნელოვანია მათთვის, ცდილობენ ხელი არ გაუშვან ერთმანეთს, უყვართ ერთმანეთი. მოგონებები, რომლებსაც ნათლად წარმოიდგენს, აძლიერებს და უფრო მეტი სიყვარულით აღავსებს. გრძნობა, რომელსაც სიტყვები ზუსტად ვერ აღწერს, გადმოიცემა ქიმიური ნივთიერების ოქსიტოცინის სახით.

მიუყვება გზას, თუმცა ახლა მისამართი აქვს. მიზანი დაისახა, რომ იცხოვროს, შეიგრძნოს, შეიყვაროს. ამ ყველაფერში უკვე დამხმარეც ჰყავს - ქიმია. ისინი მარტო აღარ იქნებიან.

 

გამოქვეყნებულია: 20-12-2024