"ქიმიის უწყებანი" ტომი:7, ნომერი:1, 3-6 გვ.
რამდენად სუფთაა მცირე მდინარეების წყალი ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე?
უფროსი მეცნიერ მკვლევარი, ეკოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
რეზიუმე: თბილისის მცირე მდინარეები ქმნიან რეკრეაციის, მოსახლეობის მშვიდად დასვენების ადგილებს და ამდიდრებენ ქალაქს ესთეტიკური პეიზაჟებით. მცირე მდინარეებს დიდი როლი ენიჭებათ, ასევე კლიმატური თავისებურებების ჩამოყალიბებაში. ისინი აწონასწორებენ და ანაწილებენ ტენს გარემოში. ცხელი ზაფხულის პერიოდში მათი წყლის ზედაპირები უზრუნველყოფენ დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებას, ჰაერის ნაკადების მოძრაობას და ქალაქის სივრცეების გაგრილებას. პროექტის ფარგლებში შესწავლილია მცირე მდინარეების, წავკისისწყლის და ვერეს, საკვლევ მონაკვეთებზე წყლის ხარისხის ორგანოლეპტიკური (ფერი, სუნი, სიმღვრივე, მცურავი მინარევები) და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები (pH, T-°C, Ec-µS/სმ, TDS-მგ/ლ, DO-მგ/ლ, SO42--მგ/ლ, Cl--მგ/ლ, TSS-შეწონილი ნაწილაკები-მგ/ლ). განხილულია მათი ცვლილება შემოდგომა-ზამთრის სეზონების მიხედვით. შესრულებულია შესაბამისი დასკვნები. მიღებული შედეგები ზედაპირული წყლისთვის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის (ზ.დ.კ) ფარგლებშია და არ აღემატება ნორმას. მცირე მდინარეების, წყლის სისუფთავე და ეკოლოგიური მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია. ჯანსაღი ეკოლოგიური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია მცირე მდინარეების წყლის რეგულარული მონიტორინგი.
საკვანძო სიტყვები: მცირე მდინარეები, წყალი, ექსპერიმენტი, სეზონი, ხარისხი.
შესავალი
მცირე მდინარეების არსებობა ქალაქ თბილისის ფარგლებში მეტად მნიშვნელოვანია ქალაქისა და მისი მოსახლეობისათვის. მათი მთავარი ღირშესანიშნაობა ისაა, რომ ქმნიან რეკრეაციის, მოსახლეობის მშვიდად დასვენების ადგილებს და ამდიდრებენ ქალაქს ესთეტიკური პეიზაჟებით. მცირე მდინარეებს დიდი როლი ენიჭებათ, ასევე კლიმატური თავისებურებების ჩამოყალიბებაში. ისინი აწონასწორებენ და ანაწილებენ ტენს გარემოში. ცხელი ზაფხულის პერიოდში მათი წყლის ზედაპირები უზრუნველყოფენ დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებას, ჰაერის ნაკადების მოძრაობას და ქალაქის სივრცეების გაგრილებას. მათ, სწორად გამოყენების შემდეგ, შეუძლიათ სასიცოცხლო გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება [1].
მცირე მდინარეები, ბუნებრივად ადვილად ზიანდებიან, რეაგირებენ უხეშ ანთროპოგენურ ჩარევაზე, თვითგაწმენდის დაბალი უნარით ხასიათდებიან და სწრაფად ბინძურდებიან. მცირე მდინარეებს თან მიაქვთ მრავალი დამაბინძურებელი ნივთიერება. დაბინძურება ძირითადად ხდება მათ ნაპირებზე განლაგებული მცირე საწარმოების და კვების ობიექტების ჩამდინარე წყლებით. მცირე მდინარეებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს აგრეთვე გამწმენდი საშუალებების არარსებობა, სასოფლო-სამეურნეო მიწები, საძოვრები და მეცხოველეობის ფერმები. ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი მდინარის ნაპირებზე ხელს უწყობს წყლის დაბინძურებას და კალაპოტის დაშრობას [2].
მცირე მდინარეების წყლის ხარისხის შესწავლა გარემოს დამცველების დიდ ინტერესს წარმოადგენს.
ძირითადი ნაწილი
თბილისის მცირე მდინარეების (ვერე, დიღმისწყალი, წავკისისწყალი, შინდისხევი, გლდანისწყალი, ლოჭინი, ხევძმარა, ორხევი და ნორისხევი) პრობლემები კომპლექსურ ხასიათს ატარებს. ისინი არ წარმოადგენენ ცალკე ჰიდროქსელს. როგორც მდინარე მტკვრის შენაკადები, მტკვართან ერთად ქმნიან ერთ მთლიან ჰიდროგრაფიულ სისტემას და თითოეული მათგანი წარმოადგენს მისი დაბინძურების მთავარ წყაროს.
პროექტის, "რამდენად სუფთაა მცირე მდინარეების წყალი ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე"?, კვლევის მიზანს წარმოადგენდა თბილისის ტერიტორიაზე მცირე მდინარეების, წავკისისწყლის და ვერეს, წყლის ხარისხის შესწავლა ქიმიური ანალიზის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. საკვლევი მცირე მდინარეების, წყლის სინჯის აღების ადგილები და ძირითადი ჰიდროლოგიური მახასიათებლები მოცემულია ცხრილში #1.
# | მდინარის დასახელება | წყლის სინჯის აღების ადგილი | კოორდინატები |
ძირითადი ჰიდროლოგიური მახასიათებლები (ვიკიპედიის მიხედვით) |
||
---|---|---|---|---|---|---|
სიგრძე, კმ. |
აუზის ფართობი კმ² |
წყლის ხარჯი, (საშ.), მ³/წმ | ||||
1 | წავკისის წყალი | აბანოთუბანი, სანაპიროს ქ. #4 | 41°41′22″N 44°48′39″E | 9 | 21,3 | 2,5 |
2 | ვერე | "მზიურის",კოშკები, ჭ. ამირეჯიბის ქ.#1 | 41°42&pribe43.8"N 44°46′00.8"E | 45 | 194 | 0,97 |
წავკისისწყალი - სათავე აქვს მთაწმინდის ქედის, უძოს მთის სამხრეთა აღმოსავლეთ კალთაზე ზღვის დონიდან 1200 მ სიმაღლეზე. საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. ახასიათებს გაზაფხულის წყალდიდობა და ძლიერი წყალმოვარდნა. მდინარე წავკისისწყალი ღრმად არის ჩაჭრილი ტუფოგენურ წყებებში. გამოირჩევა ციცაბო კალთებიანი ხეობით და დაბალი ნაპირით, რომელიც სხვადასხვა ტიპის მცენარეულობითაა დაფარული. ხეობის გაფართოებულ მონაკვეთში, ბოტანიკური ბაღია გაშენებული, სადაც მდინარე ქმნის მაღალ და წყალუხვ ჩანჩქერს. აქ მდინარის ფსკერი და მიდამოები შედარებით დაბალია და მოფენილია ნალექი ქანებით. მტკვარს ერთვის მარჯვნიდან, სოლოლაკის სერის აღმოსავლეთ დაბოლოებასთან. ლეღვთახევი დღეს ძველი თბილისის ყველაზე მიმზიდველი ისტორიული ადგილია და რეკრეაციული ხასიათის ტერიტორიაა [3].
ვერე - სათავეს იღებს თრიალეთის ქედის დიდგორის მთის მიდამოებში, ზღვის დონიდან 1672 მ სიმაღლეზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ზაფხულსა და ზამთარში. ახასიათებს პერიოდული წყალმოვარდნა. შუა დინებასა და ქვემოთში იყენებენ სარწყავად. გასული საუკუნის 80-იან წლებში, ვერეს დაბინძურება მაქსიმუმს აღწევდა. ამ დროისთვის მდინარეში ჩაედინებოდა მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოების მიერ ნახმარი წყალი, ასევე საცხოვრებელი კორპუსების კანალიზაცია. "მზიურის" მიმდებარედ, მდინარის რამდენიმე ასეულ მეტრიანი მონაკვეთი, ბეტონის ჯებირებშია მოქცეული. მდინარე მტკვარს ერთვის თბილისის ფარგლებში თამარ მეფის ხიდის ქვემოთ [4].
მდინარის წყლის ქიმიური ანალიზისთვის გამოყენებული იყო, თვისებითი ანალიზის ქიმიური ექსპერიმენტები და წყლის ხარისხის მობილური ანალიზატორი ხელსაწყოები: pH-Meter 0C/0F-HI 98128 - (მწარმოებელი – კომპანია Hanna instruments ა.შ.შ.), Sension 5 - (მწარმოებელი – კომპანია Hach Company, აშშ.) და DREL/2400 - (მწარმოებელი – კომპანია Hach Company, აშშ.), რომლებიც შესაბამისობაში მოდიან საერთაშორისო სტანდარტებთან. შესწავლილი იქნა წყლის ხარისხის მაჩვენებლების სეზონური დინამიკა. მიღებული შედეგები შეფასდა საქართველოში მოქმედი გარემოს დაცვითი ნორმატიული დოკუმენტების მიხედვით.
ექსპერიმენტული ნაწილი
პროექტის ამოცანებიდან გამომდინარე, მცირე მდინარეების წყლის ხარისხის საკონტროლო პუნქტებად, შერჩეული იქნა მდინარე წავკისისწყალი, აბანოთუბნის ტერიტორიაზე და მდინარე ვერე - "მზიურის" პარკის მიმდებარედ. საველე გასვლები მცირე მდინარეებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, ჩატარდა 2023 წლის შემოდგომაზე და 2024 წლის ზამთარში. საველე გასვლების დროს, გადავიღეთ გარემოს ფოტოები, ასევე - სინჯის აღების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.
წყლის ხარისხის დადგენის მიზნით, აღებული იყო წერტილოვანი სინჯები. აღება მოხდა წყლის ზედაპირიდან, ერთჯერადად, ხელით. სინჯებს გაუკეთდა იარლიყი, სადაც აღინიშნა სინჯის დასახელება, რიგითი ნომერი, აღების ადგილი და დრო. საველე სამუშაოების რვეულში გაკეთდა ჩანაწერი ამინდის პირობების შესახებ. სინჯების ასაღებად გამოვიყენეთ ზედაპირული წყლის ღია ტიპის ორი სინჯამღები. ერთი წარმოადგენდა ჩვეულებრივ ფართოყელიან ჭურჭელს, რომელიც დამაგრებული იყო თოკზე, მეორე კი - მყარი მასალის ტარზე [5]. წყლის სინჯის აღების ადგილზე გაიზომა წყლის pH-ი და ბუნებრივი ტემპერატურა (T-°C). წყლის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების განსაზღვრისთვის, გამოყენებული იყო თვისებითი ანალიზის ქიმიური ექსპერიმენტები [6]. ქვემოთ მოცემულია ქიმიური ექსპერიმენტების აღწერა.
წყლის შეფერილობის განსაზღვრა.
აუცილებელი ქიმიური ჭურჭელი: სინჯარა ან შუშის ჭურჭელი, თეთრი ქაღალდის ფურცელი.
განსაზღვრის მსვლელობა.
- შევავსეთ სინჯარა მდინარის წყლით 10-12 სმ სიმაღლეზე.
- დავათვალიერეთ სინჯარა ზემოდან თეთრ ფონზე, საკმარისი გვერდითი განათებით. აღვწერეთ შეფერილობა სიტყვიერად, ავირჩიეთ განმარტებები #2 ცხრილიდან.
წყლის შეფერილობის განმარტებები |
|
---|---|
1 | ოდნავ მოყვითალო |
2 | ღია მოყვითალო |
3 | ყვითელი |
4 | ინტენსიური ყვითელი |
5 | მოყავისფრო |
6 | მოწითალო ყავისფერი |
7 | სხვა (მიუთითეთ) |
წყლის სუნის განსაზღვრა.
აუცილებელი ქიმიური ჭურჭელი: ცეცხლგამძლე კოლბა (ერლენმეიერის) საცობით.
მოწყობილობა: ქურა დახურული სპირალით.
განსაზღვრის მსვლელობა.
- შევავსეთ კოლბა 1/3-მდე მდინარის წყლით და დავახურეთ საცობი.
- შევანჯღრიეთ კოლბის შიგთავსი.
- გავხსენით კოლბა და ფრთხილად, ჰაერის არაღრმად ჩასუნთქვით, დავადგინეთ სუნის ინტენსივობა. სუნის ინტენსივობა შევაფასეთ ქულებით ცხრილი #3-ის მიხედვით.
შენიშვნა: როდესაც სუნი დაუყოვნებლივ არ შეიმჩნევოდა ან გაურკვეველი იყო, ცდა გავიმეორეთ კოლბაში წყლის გაცხელებით ≈60° C ტემპერატურამდე. ამისთვის კოლბა მოვათავსეთ ცხელ წყალში.
სუნის ინტენსიურობა |
სუნის დახასიათება |
სუნის ინტენსიურობის შეფასება |
|
---|---|---|---|
1 |
არა |
სუნი არ შეიმჩნევა |
0 |
2 |
ძალიან სუსტი |
სუნი მაშინვე არ იგრძნობა, მაგრამ ვლინდება ფრთხილად წყლის გაცხელებისას |
1 |
3 |
სუსტი |
სუნი შესამჩნევია, თუ ამას ყურადღებას მივაქცევთ |
2 |
4 |
შესამჩნევი |
სუნი ადვილად შეიმჩნევა და იწვევს უარყოფით დამოკიდებულებას წყლისადმი |
3 |
5 |
გამოკვეთილი |
სუნი იპყრობს ყურადღებას და გაიძულებს თავი შეიკავო დალევისგან |
4 |
6 |
ძალიან ძლიერი |
სუნი იმდენად ძლიერია, რომ წყალი გამოუსადეგარია |
5 |
წყლის სიმღვრივის განსაზღვრა.
აუცილებელი ქიმიური ჭურჭელი: სინჯარა სადგამით ( სიგრძე 15 სმ.).
განსაზღვრის მსვლელობა.
- შევავსეთ სინჯარა მდინარის წყლით 10-12 სმ-ის სიმაღლემდე.
- დავათვალიერეთ სინჯარა ზემოდან მუქ ფონზე საკმარისი გვერდითი განათებით.
- სიმღვრივის შეფასებისთვის შევარჩიეთ შესაბამისი განმარტება #4 ცხრილიდან.
სიმღვრივის შეფასება |
|
---|---|
1 |
სიმღვრივე არ შეიმჩნევა |
2 |
გამჭვირვალე |
3 |
სუსტი გამჭვირვალე |
4 |
სუსტი მღვრიე |
5 |
მღვრიე |
ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები (Ec-µS/სმ, TDS-მგ/ლ; DO-მგ/ლ), სულფატები (SO42--მგ/ლ), ქლორიდები (Cl--მგ/ლ) გაიზომა ხელსაწყოების Sension 5-ის და DREL/2400-ის გამოყენებით. ხელსაწყოები მომზადდა და მაჩვენებლების გაზომვები ჩატარდა მწარმოებელი კომპანიების ინსტრუქციების (გაიდლაინების) მიხედვთ. შეწონილი ნაწილაკების განსაზღვრა ჩატარდა გრავიმეტრიული ანალიზის გამოყენებით, ISO 11923:1997 სტანდარტის მიხედვით, რომელიც არის განსაზღვრის ტრადიციული და ყველაზე ზუსტი მეთოდი. მეთოდი დამყარებულია ნიმუშიდან შეწონილი ნაწილაკების გამოყოფაზე ფილტრაციით და გაშრობის შემდეგ, ფილტრზე ნალექის აწონვით მუდმივ წონამდე [7].
მიღებული შედეგები და მათი განსჯა
მდინარის წყლის ქიმიური შედგენილობის ფორმირებაში დიდ როლს ასრულებს ნიადაგურ-გეოლოგიური, გეომორფოლოგიური, კლიმატური და ანთროპოგენური ფაქტორები.
ქვემოთ, ცხრილი #5-ში, მოცემულია მცირე მდინარეების წყლის საველე და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების გაზომვების შედეგები.
# | მდინარის წყლის სინჯის დასახელება | სინჯის აღების თარიღი | საველე გაზომვები | წყლის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
pH | T °C | შეფერილობა | სიმღვრივე | სუნი, ქულა | მცურავი მინარევები | |||
1 | წავკისისწყალი, ნაპირიდან | 17.11.23 | 7.82 | 14 °C | უფერო | არ შეიმჩნევა | 2 | არ შეინიშნება |
2 | წავკისისწყალი,ხიდიდან | 17.11.23 | 7.95 | 13 °C | უფერო | არ შეიმჩნევა | 1 | არ შეინიშნება |
3 | ვერე, ხიდიდან | 17.11.23 | 8.15 | 10 °C | ოდნავ ნაცრისფერი | სუსტი მღვრიე | 0 | არ შეინიშნება |
4 | წავკისისწყალი,ნაპირიდან | 02.02.24 | 8.15 | 7 °C | უფერო | არ შეიმჩნევა | 1 | არ შეინიშნება |
5 | წავკისისწყალი, ხიდიდან | 02.02.24 | 7.96 | 7 °C | უფერო | არ შეიმჩნევა | 1 | არ შეინიშნება |
6 | ვერე, ხიდიდან | 02.02.24 | 8.23 | 6 °C | ოდნავ ნაცრისფერი | სუსტი მღვრიე | 0 | არ შეინიშნება |
მცირე მდინარეების წყლის, საკვლევ მონაკვეთებზე, წყლის ხარისხის მაჩვენებლები და მათი ცვლილება შემოდგომა - ზამთრის სეზონების მიხედვით ასეთია:
pH-ი - მდინარე წავკისისწყალში შემოდგომაზე შეადგენს 7.82-7.95, ზამთარში - 8.15-7.96, მდინარე ვერეს წყალში შემოდგომაზე - 8.15, ზამთარში - 8.23. დაბალი рН-ის დროს წყალს აქვს მაღალი კოროზიული აქტივობა, ხოლო მაღალი აქტივობისას წყალი იძენს სახასიათო ქაფიანობას. წყლის ტემპერატურა - მდინარე წავკისის წყალში შემოდგომაზე შეადგენს -14 0C -13 0C, ზამთარში - 7 0C -7 0C, მდინარე ვერეს წყალში შემოდგომაზე - 10 0C, ზამთარში - 6 0C. წყლის ბუნებრივი ტემპერატურა დიდწილად მიჰყვება ჰაერის ტემპერატურას, რაც დამახასიათებელია არაღრმა მდინარეებისთვის. ტემპერატურა, განიცდის რა სეზონურ ცვლილებებს, ზემოქმედებს ფოტოსინთეზისა და დაშლის ხარისხზე.
წყლის შეფერილობა, სიმღვრივე და სუნი - მდინარე წავკისის წყალში, შეფერილობა და სიმღვრივე არ იცვლება. ის უფეროა, არ აქვს სიმღვრივე. სუნი იცვლება - შემოდგომაზე 2-1 ქულა, ზამთარში - 1-1 ქულა. სპეციფიკური სუნი განსაკუთრებით შეიგრძნობოდა შემოდგომაზე. მდინარე ვერეს წყალში, შეფერილობა, სიმღვრივე და სუნი, არ იცვლება. წყალი ოდნავ მონაცრისფეროა და აქვს სუსტი სიმღვრივე. წყლის შეფერილობა ძირითადად განპირობებულია სხვადასხვა ფერის შეწონილი ორგანული და მინერალური ნივთიერებების არსებობით, სუნი - სახასიათო აქროლადი ნივთიერებებით. მათი ინტენსივობა დამოკიდებულია ნივთიერებების რაოდენობაზე და იმ პირდაპირ და არაპირდაპირი ფაქტორებზე, რომლებიც ზემოქმედებენ წყალზე (ქანები, ნიადაგი, ცოცხალი ორგანიზმები, ადამიანის სამეურნეო საქმიანობა, კლიმატი, რელიეფი, მცენარეულობა, ჰიდროგეოლოგიური პირობები და სხვა). წყლის ყველაზე დაბალი სიმღვრივე შეინიშნებოდა ზამთარში. სიმღვრივის მატებას იწვევს კარბონატების, ჰიდროქსიდების, ჰუმუსური წარმოშობის მაღალმოლეკულური ორგანული მინარევების გაზრდა, აგრეთვე რკინისა და მანგანუმის ნაერთების დაჟანგვა ატმოსფერული ჟანგბადით. მცურავი მინარევები, მდინარეების წყალში არ შეინიშნებოდა. წყლის ზედაპირზე წარმოქმნილი, სხვადასხვა მცურავი მინარევები (ცხიმოვანი, ნავთობის და სხვა აპკები), ხელს უშლის აერაციას, აფერხებს თვითგანწმენდის პროცესებს და ხელს უწყობს ფოტოსინთეზის ინტენსივობის შემცირებას.
ქვემოთ, ცხრილი #6-ში, მოცემულია მცირე მდინარეების წყლის ხარისხის ზოგიერთი ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებელი.
# | მდინარის წყლის სინჯის დასახელება | სეზონი | წყლის ხარისხის მაჩვენებლები | |||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
Ec -µS/სმ |
TDS- მგ/ლ |
DO -მგ/ლ | SO42--მგ/ლ | Cl--მგ/ლ |
TSS-შეწონილი ნაწილაკები- მგ/ლ |
|||
ზ.დ.კ. მგ/ლ | ||||||||
- | 1000 | 4-6 | 500 | 350 | - | |||
1 | წავკისისწყალი | შემოდგომა | 856 | 430.5 | 8.13 | 228.4 | 32.9 | 12 |
2 | წავკისისწყალი | შემოდგომა | 825 | 420.7 | 8.26 | 220.6 | 31.1 | 10 |
3 | ვერე | შემოდგომა | 693 | 350.8 | 7.95 | 60.2 | 39.8 | 18 |
4 | წავკისისწყალი | ზამთარი | 997 | 661.2 | 9.56 | 324.8 | 46.2 | 11 |
5 | წავკისისწყალი | ზამთარი | 992565.4 | 9.54 | 305.1 | 40.5 | 10 | |
6 | ვერე | ზამთარი | 854580.8 | 8.90 | 78.7 | 42.2 | 14 |
შენიშვნა: "ზდკ* - ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია, ზედაპირული წყლის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. TDS - Total Dissolved Solids, შეესაბამება ტერმინი მინერალიზაცია.
წყლის ხარისხის მაჩვენებლების ცვლილება შემოდგომა-ზამთრის სეზონების მიხედვით ასეთია: ელექტროგამტარობა: მდინარე წავკისის წყალში შემოდგომაზე შეადგენს 856 - 825 µS/სმ, ზამთარში - 997 - 992 µS/სმ. მდინარე ვერეს წყალში შემოდგომაზე - 693 µS/სმ, ზამთარში - 854 µS/სმ. მინერალიზაცია: მდინარე წავკისის წყალში შემოდგომაზე შეადგენს 430.5 - 420.7 მგ/ლ, ზამთარში - 661.2 - 565.4 მგ/ლ. მდინარე ვერეს წყალში შემოდგომაზე - 350.8 მგ/ლ, ზამთარში - 580.8 მგ/ლ. წყალში გახსნილი ჟანგბადი: მდინარე წავკისის წყალში შემოდგომაზე შეადგენს 8.13 - 8.26 მგ/ლ, ზამთარში - 9.56 - 9.54 მგ/ლ. მდინარე ვერეს წყალში შემოდგომაზე - 7.95 მგ/ლ, ზამთარში - 8.90 მგ/ლ. სულფატები: მდინარე წავკისის წყალში შემოდგომაზე შეადგენს 228.4 - 220.6 მგ/ლ, ზამთარში - 324.8 - 305.1 მგ/ლ. მდინარე ვერეს წყალში შემოდგომაზე - 60.2 მგ/ლ, ზამთარში - 78.7 მგ/ლ. ქლორიდები: მდინარე წავკისის წყალში შემოდგომაზე შეადგენს 32.9 - 31.1 მგ/ლ, ზამთარში - 46.2-4.5 მგ/ლ. მდინარე ვერეს წყალში შემოდგომაზე - 39.8 მგ/ლ, ზამთარში - 42.2 მგ/ლ. შეწონილი ნაწილაკები: მდინარე წავკისის წყალში შემოდგომაზე შეადგენს 12-10 მგ/ლ, ზამთარში - 11- 10 მგ/ლ. მდინარე ვერეს წყალში შემოდგომაზე - 18 მგ/ლ, ზამთარში - 14 მგ/ლ.
ელექტროგამტარობა (მნიშვნელობა 2000 μS/სმ დაახლოებით შეესაბამება 1000 მგ/ლ მინერალიზაციას) და შეწონილი ნაწილაკები არ არის ნორმირებული სიდიდეები. მინერალიზაციის შედარებით დაბალი კონცენტრაცია შემოდგომაზე და მომატებული - ზამთარში, შეიძლება აიხსნას იმით, რომ ზამთრის პერიოდში მდინარეები გადადიან მიწისქვეშა საზრდოობაზე [8]. მდინარეების წყალი, მინერალიზაციის ხარისხის მიხედვით, შემოდგომაზე მიეკუთვნება, საშუალოდ მინერალიზებული წყლების კატეგორიას და მომატებული მინერალიზაციის წყლების კატეგორიას - ზამთარში [9]. წყალში გახსნილი ჟანგბადის კონცენტრაცია შედარებით დაბალია შემოდგომაზე და მომატებულია ზამთარში, რადგან ზამთარში წყლის ტემპერატურა შედარებით დაბალია. მაღალი გაჯერება ჟანგბადით, ასევე განპირობებულია კარგი აერაციით სინჯის აღების ადგილებზე.
ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების მიღებული შედეგები არ აღემატება ზედაპირული წყლისათვის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის (ზ.დ.კ) მნიშვნელობებს [10]. მიღებული შედეგები არ შეიძლება მოულოდნელად ჩაითვალოს, რადგან კვლევის ობიექტებად აღებულ, მცირე მდინარეების საკონტროლო პუნქტებში, ადგილი არ აქვს ანთროპოგენურ ზემოქმედებას. მიზეზი არის სამრეწველო წარმოების შემცირება და შედეგად დაბინძურებული ჩამდინარე წყლების ჩაშვების შემცირება.
უნდა აღინიშნოს, რომ "მზიურის" პარკში ესთეტიკური მიზნებისთვის შექმნილია ხელოვნური ტბა. ის მრავალფეროვნებას ანიჭებს პარკის ლანდშაფტს, დადებითად მოქმედებს მის მიკროკლიმატზე, სასიამოვნო და შესანიშნავი ადგილია დასასვენებლად. ტბა ივსება წყლით მისი აორთქლების შესაბამისად და მასში არაერთი ჯიშის თევზი ბინადრობს. იმისათვის რომ შენარჩუნებული იქნას ხელოვნური ტბის მცირე ეკოსისტემა, აუცილებელია მისი რეგულარული მონიტორინგი წყლის ხარისხის სხვადასხვა მაჩვენებელზე.
დასკვნა
შესწავლილია მცირე მდინარეების საკვლევ მონაკვეთებზე, წყლის ხარისხის ორგანოლეპტიკური (ფერი, სუნი, სიმღვრივე, მცურავი მინარევები) და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები (pH, T-°C, Ec-µS/სმ, TDS-მგ/ლ, DO-მგ/ლ, SO42--მგ/ლ, Cl--მგ/ლ, TSS-შეწონილი ნაწილაკები-მგ/ლ). განხილულია მათი ცვლილება შემოდგომა-ზამთრის სეზონების მიხედვით.
- მდინარეების წყალი საკვლევ მონაკვეთებზე, მინერალიზაციის მიხედვით, შემოდგომაზე მიეკუთვნება, საშუალოდ მინერალიზებული წყლების კატეგორიას და მომატებული მინერალიზაციის წყლების კატეგორიას - ზამთარში.
- pH-ის, მინერალიზაციის, წყალში გახსნილი ჟანგბადის, სულფატების, ქლორიდების (pH, T-°C, TDS-მგ/ლ, DO-მგ/ლ, SO42--მგ/ლ, Cl--მგ/ლ), მიღებული შედეგები ზედაპირული წყლისთვის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის (ზ.დ.კ) ფარგლებშია და არ აღემატება ნორმას.
- შესწავლილი წყლის ხარისხის მაჩვენებლების მიხედვით, მცირე მდინარეების წყლის სისუფთავე და ეკოლოგიური მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია. ჯანსაღი ეკოლოგიური მდგომარეობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მცირე მდინარეების წყლის რეგულარული მონიტორინგი.
ვინაიდან წყლის ქიმიური შედგენლობა, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხსა და პრაქტიკულ ვარგისიანობას, ბევრ ურთიერთ დაკავშირებულ ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომ ბუნებრივი წყლების ხარისხის შესწავლა გაგრძელდება და იქნება შემდგომი კვლევების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება.
მცირე მდინარეები თბილისის საგანძურია. დღესდღეობით მცირე მდინარეების უმეტესი ნაწილის მიმდებარე ტერიტორიები არ გამოიყენება სარეკრეაციო სივრცეებად. სასურველია, შემდგომში მთავარი პრიორიტეტი გახდეს მათთვის სარეკრეაციო-საზოგადოებრივი სივრცეების ფუნქციის მინიჭება. ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს მცირე მდინარეების რეაბილიტაცია-გადარჩენას, გარემოს გაჯანსაღებას და დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესებას.
მადლიერება
სტატია მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსის "მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით" ფარგლებში. პროექტი: რამდენად სუფთაა მცირე მდინარეების წყალი ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე? საგრანტო ხელშეკრულება SCR-23-188.
ლიტერატურა
- სალომე მაყაშვილი "თბილისის მცირე მდინარეთა ხევების (მათ შორის "მშრალის") ლანდშაფტურ-ეკოლოგიური რეაბილიტაცია", 85-ე კონფერენცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გვ. 3-4, 2013 წ.
- სალომე მაყაშვილი "თბილისის მცირე მდინარეთა ხევების (მათ შორის "მშრალის") ლანდშაფტურ-ეკოლოგიური რეაბილიტაცია", 85-ე კონფერენცია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გვ. 7, 2013 წ.
- htps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AC%E1%83%90%. უკანასკნელად გადამოწმებულია 25.03.2024.
- https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1%83. უკანასკნელად გადამოწმებულია 25.03.2024.
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №26, 2014 წლის 3 იანვარი ქ. თბილისი. ტექნიკური რეგლამენტის „წყლის სინჯის აღების სანიტარიული წესების“ დამტკიცების შესახებ.
- https://infourok.ru/obsledovanie-sovremennogo-sostoyaniya-malih-rek-3975866.html. "Обследование овременного состояния малых рек". უკანასკნელად გადამოწმებულია 25.03.2024.
- შეწონილი ნაწილაკები: TSS ISO 11923:1997, Water quality — Determination of suspended solids by filtration.
- Г. Д. Супаташвили Гидрохимия Грузии. Изд. Тбилисского Университета. Тбилиси, стр. 341, 2003 г.
- სუპატაშვილი გ. გარემოს ქიმია (ეკოქიმია). უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, გვ. 187, 2009 წ.
- ზედაპირული წყლის ტექნიკური რეგლამენტი. (საქართველოს მთავრობი დადგენილება №425, 2013 წლის 31 დეკემბერი, ქ. თბილისი).
გამოქვეყნებულია: 12-04-2024