"ქიმიის უწყებანი" ტომი:1, ნომერი:1, 16-16 გვ.
სამყაროს წონასწორობა
ქიმიის მეცნიერებათ კანდიდატი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
რეზიუმე: დრომ წარმოშვა პრობლემა? ისევ დრო მოიტანს საშველს. რეცეპტი ბუნებაშია, მაგრამ მას დაკვირვება, მოსმენა და გაგება სჭირდება.
არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია, რომ ბუნების ენა ქიმიაა. ყოველშემთხვევაში ის მე ამ ენაზე მესაუბრება.
საკვანძო სიტყვები: ბუნება, წონასწორობა, ქიმია
სიმართლე .. რას ჰქვია სიმართლე? ვინ განმარტა მისი მნიშვნელობა? საიდან იწყება, რომელია მისი პირველი საფეხურები? სიმართლის დედა გონებაა, სიმართლეს ტვინის უჯრედები ქმნიან, მაგრამ მოდი და ამდენ სიმართლეში იპოვე ჭეშმარიტება.
სიმართლის გამოყენების არეალი ცხოვრებაა. მაგრამ ცხოვრება არც სიმართლეა და არც ჭეშმარიტება, ცხოვრება მხოლოდ ხელოვნებაა.
გარბის დრო - ალბათ ყველაზე დიდი სიმართლე - და უკანმოუხედავად მიჰყვება ცხოვრება... ნებით თუ უნებლიედ მივყვებით ჩვენც... ამ შეუსვენებელ სირბილში, ვფიქრობ, ყველაზე დიდი სიმართლეა იპოვო ის სილამაზე და სიბრძნე, რასაც ბუნება გვთავაზობს...…
ბუნება ქიმიის, ფიზიკის და მათემატიკის უზარმაზარი ურთიერთშეთანხმებული წონასწორობაა. მათი მოწესრიგებული შეთანხმება კი უზრუნველყოფს ჩვენამდე უკვე მოღწეული თუ მომავალში დასაბადებელი სხვა მეცნიერებების ჩამოყალიბებას.
წელიწადის ყოველი დრო ქიმიისა და ფიზიკის დამსახურებაა.
შემოდგომა გადაყვითლებული ფოთლებით მე პირადად მელირებულ ქალბატონებს მაგონებს. ბუნებისა და ქიმიის ურთიერთზრუნვის დამსახურებაა დღეს თმის ათასგვარი საღებარის არსებობა. თმის ღებვა წმინდა ქიმიური პროცესია, შედეგი კი ძალზედ მიმზიდველი.
აი კიდევ ერთი ყველაზე დიდი სიმართლე – დრო გვაბერებს. მაგრამ ქიმია ქალებს საშუალებას გვაძლევს თმებზე დათოვლილი წლები სხვადასხვა ფერად შევღებოთ და ახალგაზრდობასთან ხელიხელჩაკიდებულებმა ვიაროთ ისევ. მარტო თმები? ნაოჭებსაც ხომ სხვადასხვა ქიმიური ნაერთებისაგან დასინთეზებული კრემები გვისწორებს.
სხეულის ტკივილს ცუდ შემთხვევაში აყუჩებს, კარგ შემთხვევაში კურნავს და სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს წამლები, რომელთა მიღება, გასუფთავება და სარეალიზაციოდ გაშვება ქიმიის, ქიმიკოსების, ფარმაკოლოგებისა და ექიმების დამსახურებაა. თუმცა სინთეზურ წამლებს ყოველთვის ბუნებრივს ე.წ. მცენარეულს ამჯობინებს ზოგიერთი. მათში ბუნებისაგან მოფიქრებული და სინთეზირებული სტრუქტურებია.
დრო არ ჩერდება, დრო ვერ იცდის, დრო თავისას ითხოვს..
დროის ასეთი სწრაფი ქროლვის მიუხედავად ბუნება არ კარგავს გაწონასწორების უნარს, რაც თავის მხრივ წარმოშობს სამყაროს უზარმაზარ წონასწორობას.
დრომ წარმოშვა პრობლემა? ისევ დრო მოიტანს საშველს. რეცეპტი ბუნებაშია, მაგრამ მას დაკვირვება, მოსმენა და გაგება სჭირდება.
არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია, რომ ბუნების ენა ქიმიაა. ყოველშემთხვევაში ის მე ამ ენაზე მესაუბრება.
გამოქვეყნებულია: 12-03-2013