ლაშა ხუციშვილი

lkhut2019@agruni.edu.ge





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:4, ნომერი:1, 39-40 გვ.

ვაქცინების გვერდითი მოვლენები - რამდენად მაღალია რისკი?

ლაშა ხუციშვილი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

რეზიუმე: ვაქცინაციას უდიდესი წვლილი მიუძღვის დაავადებებთან ბრძოლებში, მაგრამ საზოგადოების ნაწილს სჯერა, რომ ვაქცინას, დაცვის მაგივრად, შეუძლია საფრთხე შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას. არაერთი ადამიანისგან გაგვიგია ამბები ალერგიულ რეაქციებთან თუ სხვა გართულებებთან დაკავშირებით ვაქცინის გაკეთების შემდეგ. მართალია, ვაქცინებს გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს, თუმცა მოდით, გავარკვიოთ, რამდენად დიდი რისკის შემცველნი არიან.

საკვანძო სიტყვები: ვირუსი, ვაქცინა, ვაქცინაცია

ვაქცინაციას უდიდესი წვლილი მიუძღვის დაავადებებთან ბრძოლებში, მაგრამ საზოგადოების ნაწილს სჯერა, რომ ვაქცინას, დაცვის მაგივრად, შეუძლია საფრთხე შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას. არაერთი ადამიანისგან გაგვიგია ამბები ალერგიულ რეაქციებთან თუ სხვა გართულებებთან დაკავშირებით ვაქცინის გაკეთების შემდეგ. მართალია, ვაქცინებს გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს, თუმცა მოდით, გავარკვიოთ, რამდენად დიდი რისკის შემცველნი არიან.

თქვენი იმუნური სისტემა მილიარდობით უჯრედის კომპლექსური არმიაა: ჯარისკაცების, საინფორმაციო უჯრედების და იარაღის ქარხნების. დღის მანძილზე თქვენი სხეული არაერთხელაა „მასპინძელი“ უცხო მიკროორგანიზმებისა, რომლებიც თქვენს ორგანიზმზე შეტევას ახორციელებენ. როგორც წესი, იმუნური სისტემა ამ ყველაფერს ერევა ხოლმე ისე, რომ თქვენ ვერც კი ამჩნევთ, მაგრამ თუ ინფექცია გართულდა, ჩვენი საინფორმაციო უჯრედები ზვერავენ და აგროვებენ ინფორმაციას შემტევებზე, რის შემდეგაც ააქტიურებენ იარაღის ქარხნებს. ეს იარაღი ანტისხეულებია. ისინი სამიზნე რაკეტებივით არიან, რომლებიც სპეციფიურ  დამპყრობელს მიზანმიმართულად ერჩიან. სამწუხაროდ, ამ პროცესს დასრულებისთვის რამდენიმე დღე სჭირდება, რაც შემოჭრილებს დიდ დროს აძლევს... ცნობილი სიბრძნის საწინააღმდეგოდ: „რაც არ გკლავს, გაძლიერებს“, ჩვენს სხეულს ნამდვილად არ სურს, რომ სერიოზული ბრძოლა კიდევ და კიდევ გაიმეოროს, ამიტომ ჩვენმა იმუნურმა სისტემამ გენიალური გზა გამონახა თავის გასაძლიერებლად. თუ ჩვენ შევებრძოლებით მტერს, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ გვაიძულებს გამოგვაყენებინოს ჩვენი ყველაზე მძიმე იარაღები, იმუნური სისტემა ავტომატურად ქმნის ე.წ. მეხსიერების უჯრედებს. ეს უჯრედები ჩვენს სხეულში წლობითაა, სძინავთ, არაფერს აკეთებენ, გარდა დამახსოვრებისა, თუმცა, როგორც კი მანამდე შემოსეული მტერი მეორეჯერ შეუტევს ორგანიზმს, მძინარე მეხსიერების უჯრედები მაშინათვე გამოიღვიძებენ და კოორდინირებული შეტევების ბრძანებას გასცემენ, რაც ანტისხეულების წარმოქმნაში გამოიხატება. ეს იმდენად სწრაფი და ეფექტურია, რომ ერთხელ გადატანილი ინფექცია მეორეჯერ ვერ დაგვაავადმყოფებს. მათ მიმართ შეიძლება მთელი ცხოვრება იმუნურები ვიყოთ... ეს, აგრეთვე, გამოდგება იმის ასახსნელად, თუ რატომ ავადმყოფობენ მუდმივად პატარა ბავშვები; მათ ხომ მეხსიერების უჯრედები ჯერ არ აქვთ. სწორედ ამ ბუნებრივ მექანიზმზეა დაფუძნებული ვაქცინაციაც [1].

 

როგორ მუშაობს ვაქცინები


პირველი ვაქცინის შემქმნელი ედვარდ ჯენერი [3]
.

როგორი კარგიც არ უნდა იყოს მეხსიერების უჯრედები, მათი მოპოვება ინფექციის გზით არასასიამოვნო და ზოგჯერ საშიშიცაა. ვაქცინაციით ჩვენ ორგანიზმს ერთგვარად ვატყუებთ, რათა მეხსიერების უჯრედები წარმოქმნას და, შესაბამისად, დაავადების მიმართ იმუნური გახდეს. ვაქცინა ვითომ სახიფათო ინფექციაა. ამის განხორციელების ერთ-ერთი გზა ორგანიზმში ისეთი დამპყრობლების ინექციაა, რომლებსაც ზიანის მიყენება არ შეუძლია ორგანიზმისთვის. ამისათვის საკმარისია, მაგალითად, მათი მოკვლა ან დაჭრა. ჩვენი იმუნური სისტემა ამ ტიპის ვაქცინებს საკმაოდ მარტივად უმკლავდება. ზოგჯერ აუცილებელია, რომ იმუნური სისტემა ავამუშაოთ უფრო ძლიერად, რათა უფრო მეტი მეხსიერების უჯრედები წარმოქმნას. ცოცხალი ვაქცინა უდავოდ მუშაა. მტერი, რომელსაც დარტყმის უკუგდება შეუძლია, უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე მოკლული. თუმცაღა, ერთი შეხედვით, ეს საშინელი იდეაცაა: იქნებ მიკრობებმა გაიმარჯვონ? ეს რომ თავიდან ავიცილოთ, მეცნიერები ნამდვილი მიკრობის სუსტ ბიძაშვილს ზრდიან ლაბორატორიაში. იმდენად ძლიერს, რომ იმუნური სისტემის მხოლოდ გაღიზიანება და მეხსიერების უჯრედები შექმნა შეძლოს. მოკლედ, ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომელთა მიხედვითაც გამოიყენება ვაქცინები. ისინი ჩვენს ორგანიზმში აპროვოცირებენ ბუნებრივ რეაქციას, რომელიც იმუნურს გვხდის საკმაოდ საშიში დაავადებების მიმართ. ზოგიერთი, როგორიცაა გრიპის ვირუსი, ისე ხშირად განიცდის მუტაციას, რომ ყოველ წელს ახალი ვაქცინაა საჭირო, მაგრამ უმეტესი ვაქცინა წლობით გვიცავს, ზოგჯერ მთელი სიცოცხლეც კი. მაგრამ, ისევე როგორც ყველაფერს ცხოვრებაში, ვაქცინებსაც აქვთ მონეტის მეორე მხარე... რა არის ეს გვერდითი ეფექტი და რა მოხდება თუ ბავშვი განავითარებს მას?

 

ვაქცინის რისკები


ინფოგრაფიკა [4]

რთულია ვაქცინაციის უკუეფექტების შედარება დაავადების ეფექტებთან. მაგალითად: დასავლეთში ასობით მილიონი ადამიანია ვაქცინირებული წითელაზე, მაგრამ 2018 წელს წითელას მხოლოდ 83 000 შემთხვევა იყო ევროპაში. ამ რიცხვს რომ შეხედოთ, შეიძლება შეგაშინოთ ვაქცინის სუსტმა გვერდითმა მოვლენებმა დაავადების საშინელ ეფექტთან შედარებით. 1963 წლამდე, სანამ წითელას ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდებოდა, დედამიწაზე თითქმის ყველა ბავშვს ეყრებოდა წითელა ზრდის რაღაც მომენტში: დაახლოებით 135 მილიონი შემთხვევა იყო ყოველ წელს 1950-იან წლებში. მაგრამ არის თუ არა წითელა ასეთი საშიში 2020 წელს? ჩვენი მოწინავე ჯანდაცვითა და ახალი ტექნოლოგიებით ღირს თუ არა ვაქცინის გვერდითი მოვლენების რისკი ავიღოთ?

მოდი, ჩავატაროთ ნამდვილ რიცხვებზე დაფუძნებული ჰიპოთეტური ექსპერიმენტი: პარალელურ სამყაროში წარმოიდგინეთ განვითარებული ქვეყანა, მათ აქვთ კარგი ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ ხალხი ვაქცინაციას წყვეტს. ამ პირობებში დავუშვათ, რომ 10 მილიონ ბავშვს შეეყარა წითელა. რა მოხდება?

  • 9 800 000-ს, ანუ 98%-ს, ექნება მაღალი სიცხე და გამონაყარი;
  • 800 000-მდე, ანუ 8%-მდე, ბავშვს სახიფათო ფაღარათი (დიარეა) დაემართება;
  • 700 000-ს, ანუ 7%-ს, ყურის ინფექცია შეაწუხებს, რაც მუდმივ სიყრუეს გამოიწვევს;
  • 600 000 ბავშვს, ანუ 6%-ს, დაემართება პნევმონია - წითელას ყველაზე საშიში ეფექტი, რომელიც 12 000 ბავშვს დაღუპავს;
  • 10 000 ბავშვს, ანუ 0.1%-ს, ენცეფალიტი შეაწუხებს;
  • 2 500 ბავშვს, ანუ 0.025%-ს, დაუდგინდება ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალი- ტი (SSPE), დაავადება, რომლის დროსაც წითელას ვირუსი ტვინში დასახლდება და რამდენიმე წელში გათიშავს მას.

ჯამში, სადღაც, 2.5 მილიონი ბავშვი წითელასგან სერიოზულ ეფექტს მიიღებს და დაახლოებით 20 000 ბავშვი დაიღუპება. ეს ყველაფერი არაა, ბავშვები, რომლებიც წითელას დაამარცხებენ, სასტიკად დაზიანებული იმუნური სისტემა დარჩებათ ხელთ და მის რეგენერაციას დიდი დრო დასჭირდება. გარდა ამისა, წითელაშეყრილ ბავშვს, გარანტირებულად, საკმაოდ ცუდი ორი კვირა ექნება წინ.

კეთილი, მაგრამ ვაქცინაციებით რა მოხდებოდა?

სამართლიანი იქნება, თუ ამ ჰიპოთეტურ ექსპერიმენტს გავიმეორებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში 10-ივე მილიონ ბავშვს წითელა-წითურა-ყბაყურაზე ავცრით. რა მოხდებოდა? ვაქცინაციის შემდეგ ამ 10 მილიონი ბავშვიდან:

  • 1 000 000 ბავშვს, ანუ 10%-ს, სიცხე მისცემს;
  • 100 ბავშვს, ანუ 0.001%-ს, შეიძლება სერიოზული ალერგიული რეაქცია ჰქონდეს, რომლის განკურნებაც აუცილებელი გახდება;
  • 10 ბიჭს, ანუ 0.0001%-ს, შეიძლება გენიტალიის ანთება დაემართოს;
  • 10 ბავშვს, ანუ 0.0001%-ს, შეიძლება ყველაზე საშიში გვერდითი მოვლენა, ენცეფალიტი, დაუდგინდეს.

ანუ ჩვენ ავცერით 10 მილიონი ბავშვი და ჯამში დაახლოებით 120 ბავშვს ჰქონდა სერიოზული უკუეფექტი, მაგრამ განვითარებულ რეგიონებში კარგი სამედიცინო მკურნალობის წყალობით თითქმის ყველა კარგადაა.

 

აუტიზმზე რა შეიძლება ითქვას?

ვაქცინასა და აუტიზმს შორის კავშირზე აზრი სათავეს მხოლოდ ერთი წყაროდან იღებს, რომელიც უამრავჯერ დამტკიცდა, რომ მცდარია [2]. ამიტომ, 2020 წელს სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ვაქცინები აუტიზმს არ იწვევენ!

 

სიკვდილზე რას ვიტყვით?

რთულია ითქვას, რომ ჩვენი აცრილი 10 მილიონი ბავშვიდან რომელიმე დაიღუპება. წითელა ათასჯერ უფრო საშიშია ბავშვისთვის, ვიდრე ვაქცინის ყველაზე ცუდი გვერდითი მოვლენაც კი. ვაქცინის ლეტალური ეფექტების ძებნა გამადიდებელი შუშით თივის ზვინის ქვეშ ნემსის პოვნას ჰგავს და ამ შემთხვევაშიც - შეიარაღებული თვალითაც - კი ძალზე რთულია, რომ იპოვო, მაგრამ წითელას მიერ გამოწვეული სიკვდილიანობის მონახვა ძალზე მარტივია. მხოლოდ 2017 წელს 110 000 ადამიანი დაიღუპა მსოფლიოს მასშტაბით წითელას ვირუსით. ანუ სტატისტიკურად დღეს საშუალოდ 300 ბავშვის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე წითელასგან, ვიდრე ამ სტატიას კითხულობთ.

 

ვაქცინები შეგვიძლია ღვედს შევადაროთ. არის თუ არა უცნაური შემთხვევები, რომლის დროსაც ადამიანი კვდება ღვედის გაკეთების გამო? დიახ, არის, მაგრამ, ფიქრობთ თუ არა, რომ უფრო უსაფრთხო იქნება მანქანით სიარული იმ შემთხვევაში, თუ ღვედს არ გაიკეთებთ?

 

თუ ბავშვი ალერგიულია ვაქცინის მიმართ? იქნებ, რა მაგალითებიც ზევით მოვიყვანე,  თქვენ სპეციფიკურ სიტუაციას არცერთი ერგება?

ამ შემთხვევაში თქვენ ყველაზე დიდი ვაქცინის მხარდამჭერი უნდა გახდეთ, რადგან, თუ თქვენი შვილის ვაქცინაცია (სამედიცინო კუთხით/შემოწმებით) გაუმართლებელია, მხოლოდ კოლაბორაცია თუ დაიცავს მას. ამას კოლექტიური იმუნურობა (herd immunity) ჰქვია და ეს ერთადერთი რამაა, რაც თქვენს შვილს დაიცვას. კოლექტიური იმუნიტეტი ნიშნავს, რომ საკმარისი რაოდენობის ადამიანს აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი დაავადების საწინააღმდეგოდ, იმდენს, რომ დაავადებას გავრცელება არ შეუძლია და ჩაიხშობა მანამ, სანამ მსხვერპლს მიაღწევს. თუმცა იმისათვის, რომ ამან იმუშაოს, თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების 95% აცრილი უნდა იყოს.

 

დასკვნა

პრობლემა ვაქცინაციის დებატებთან დაკავშირებით არის ის, რომ „ერთნაირი დონის მოედანზე“ არ მიმდინარეობს: მემარჯვენეები სტატისტიკით, კვლევებით და სამეცნიერო ნაშრომებით ასაბუთებენ საკუთარ აზრს, ხოლო მათი მოწინააღმდეგეების არგუმენტები, როგორც წესი, მოიცავს ხოლმე შინაგანი ხმის/გრძნობის, ურბანული ჭორებისა და დეზინფორმაციის ნარევს. გრძნობები ფაქტების მიმართ ხშირად იმუნურია... ჩვენ არ შეგვიძლია, დავმალოთ ანტივაქცინის კონსპირაცისტები რას ჩადიან: ლეტალურ წერტილამდე მიჰყავთ ბავშვები ვაქცინაციაზე უარის თქმით. ლეტალურ წერტილამდე მიჰყავთ ჯანმრთელი ბავშვები, რომლებსაც უბრალოდ არ გაუმართლათ (ვაქცინის მიმართ ალერგია და სხვ.); ისინი აცოცხლებენ გადაშენების პირას მყოფ უსაშიშეს დაავადებებს. ვაქცინის ყველაზე დიდი გვერდითი მოვლენა დაბალი სიკვდილიანობაა. ვაქცინა ყველაზე ძლიერი ხელთ არსებული ინსტრუმენტია, რომელსაც მონსტრების აღმოფხვრა შეუძლია. მოდი, არ დავაბრუნოთ „მხეცები“ უკან!

 

 

ლიტერატურა:

  1. Compound Interest. თარგმანი ლაშა ხუციშვილი. ვაქცინის ძირითადი კომპონენტები. ინფოგრაფიკა.
  2. Kurzgesagt – In a Nutshell. “The Side Effects of Vaccines - How High is the Risk?”. YouTube, 12 მაისი, 2019 წ.
  3. https://en.wikipedia.org/wiki/File:Edward_Jenner._Oil_painting._Wellcome_V0023503.jpg
  4. Leon Farrant. Vaccine Infographic. ინფოგრაფიკა.თარგმანი ლაშა ხუციშვილი.

 

 

გამოქვეყნებულია: 09-09-2020