"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:4, 24-25 გვ.
ვიზრდები მოსწავლეებზე დაკვირვებით
რეზიუმე: სასიამოვნო პროცესით მოსწავლეები სწავლობენ, მე კი მათზე დაკვირვებით ვიზრდები, როგორც მასწავლებელი. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სურვილი სწავლების პროცესში თავადაც ისწავლოს და მიიღოს ახალი გამოცდილება, რათა შეძლოს განვითარება პროფესიული კუთხით.
საკვანძო სიტყვები: ქიმია, ქიმიის სწავლება
როდესაც ესმით, მოსწავლეებს და სტუდენტებს, რომ მათი ქიმიის მასწავლებელი ვარ, რეაქცია უმეტეს შემთხვევაში ასეთია: რთული საგანია, ცდებს თუ ჩავატარებთ და ა.შ. თავის დროზე მეც რთულად მეჩვენებოდა „ქიმია“, რადგან ძალიან მინდოდა ექიმობა და ბავშვების სიყვარულით პედიატრობა, მაგრამ რამდენიმე წლიანი მცდელობის მიუხედავად ვერ მოვხვდი სამედიცინო უნივერსიტეტში და ჩავაბარე ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტზე. ჩემი მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებიდან უნივერსიტეტში თუ სკოლაში მივედი იმ დასკვნამდე, რომ მასწავლებელმა უნდა შეძლოს სწორად და საინტერესოდ მიაწოდოს მოსწავლეს საკითხი, თავიდანვე დააინტერსოს საგნით.
მე ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების პროფესიული განვითარების” პროგრამაში ვარ ჩართული, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას საბუნებისმეტყველო მეცნიერების საგნებში. ამ პროგრამის საშუალებით მიღებული ცოდნით ჩემს სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურს ვხდი. ვატარებ ექსპერიმენტებს, რომლებშიც ჩემი მოსწავლეები პირადად არიან ჩართულები და თავიანთი ინტერესების მიხედვით გეგმავენ რა სახის ცდებს ჩაატარებენ. ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს პროექტის ტრენინგები მე დამეხმარა შემექმნა მოსწავლეებზე კიდევ უფრო ორიენტირებული გარემო, რომელიც მათ თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენაში ეხმარება. მოსწავლეების ინტერესს განსაკუთრებით ზრდის ისეთი ტიპის გაკვეთილები, როგორიცაა სასწავლო ექსკურსიები, სადაც ბავშვები თეორიულთან ერთად პრაქტიკულ ცოდნასაც იძენენ. თეორიას ჩემი მოსწავლეები პრაქტიკაში იყენებენ და სასწავლო პროცესი ხდება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო.
მე როგორც მასწავლებელი, არ შემოვიფარგლები სტანდარტული გაკვეთილებით. (სტანდარტში იგულისხმება მხოლოდ თეორიული სწავლება) ჩემი აზრით, ტრადიციული სწავლების მეთოდით რთულია მიაღწიო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგს. მასწავლებლობა მაძლევს საშუალებას, ვეძებო სწავლების არაორდინალური გზები, რომელიც ჩემთვის ექსპერიმენტია და მოსწავლეებისათვის სასიამოვნო პროცესი. ჩემი გამოცდილება მკარნახობს, რომ ამ სასიამოვნო პროცესით მოსწავლეები სწავლობენ, მე კი მათზე დაკვირვებით ვიზრდები, როგორც მასწავლებელი.
მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სურვილი სწავლების პროცესში თავადაც ისწავლოს და მიიღოს ახალი გამოცდილება, რათა შეძლოს განვითარება პროფესიული კუთხით. ასეთ შემთხვევაში მას დიდი გამოცდილების მიღება და ყველაფრის სწავლა შეუძლია, სწავლების პროცესში მე შევძელი გამეთვითცნობიერებინა ღმერთმა „ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“, რომელიც გულისხმობს ყოველი მოსწავლის მიღებასა და მოსმენას, განურჩევლად შეხედულებისა, შესაძლებლობებისა, რელიგიური აღმსარებლობისა და ა.შ., ვისწავლე თითოეული ადამიანის პატივისცემა, ინდივიდუალური მიდგომა. მივხვდი ჩემთვის მთავარს – არ არსებობს მოსწავლე, რომელსაც ვერ დააინტერესებ საგნით, რომელსაც ქიმია ქვია. მასწავლებელს აქვს უზარმაზარი ძალა, უკეთესობისაკენ ან უარესობისაკენ შეცვალოს გარემო, სკოლა, ქალაქი, სოფელი, სამყარო, მთავარია მან გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა. მასწავლებლისათვის მოსწავლეებთან უკუკავშირი ყველაზე გულწრფელი, ობიექტური და ადეკვატურია, იმისათვის რომ გაიგოს როგორ ასწავლის, მოისმინოს მათი შეხედულებები და ასევე გაითვალისწინოს მათი რჩევები.
შემოქმედებითობა მეხმარება ჩემი მასწავლებლური ცხოვრება საინტერესო გავხადო, რომ ჩემთვის და ჩემი მოსაწავლეებისათვის გაკვეთილები არ იყოს მოსაწყენი, დამღლელი და პირიქით ვცდილობ სასწავლო პროცესისგან მივიღოთ სიამოვნება. მასწავლებლობა უდიდესი ბედნიერებაა და ვერაფერზე გავცვლი. ეს პროფესია დიდ პასუხისმგებლობასთან, მუდმივ განვითარებასთან, დაუღალავ შრომასთანაა დაკავშირებული. მთავარი საყრდენი ბავშვებისა და საქმის სიყვარულია და სურვილი, სხვა ადამიანებზე იზრუნო.
მასწავლებლის მიერ დაგეგმილი მრავალფეროვანი აქტივობები საშუალებას უნდა გვაძლევდეს სასწავლო გარემო გავხადოთ ეფექტური და სარგებლიანი მოსწავლეებისათვის. მოსწავლეთათვის ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა მასწავლებლის დახმარებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა უნდა იყოს, რომელმაც უნდა განაპირობოს მოსწავლეთა წარმატება, მოტივაციის ამაღლება, სასურველი შედეგის მიღწევა.
მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად მიზნობრივად უნდა იყენებდნენ სასწავლო რესურს. სასურველია სასწავლო რესურსი დამზადებული იყოს მოსწავლეების მიერ მასწავლებლის დახმარებით. მასწავლებელს შეუძლია საგანთშორისი კავშირის დამყარება. მე ამისათვის არ ვიყენებ მხოლოდ სახელმძღვანელოში არსებულ მასალებს. ვაწვდი ჩანაწერებს უფრო მარტივი და მათთვის გასაგები ენით. ვიყენებ მრავალფეროვან კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებისგან მოითხოვს დაფიქრებას, გააზრებას და მსჯელობას. ვიწყებ მარტივით და თანდათან ვართულებ. ვცდილობ, რომ ვიყო ფასილიტატორის როლში და მთელი კლასი ჩართული იყოს სწავლა სწავლების პროცესში. ჩვენ როგორც საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებაში და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში? მოცემული ინფორმაცია ნათლად არის მასწავლებელთა სახლის მიერ მოწოდებულ სატრენინგო მასალებში, რომელსაც ამონარიდის სახით მოგაწვდით:
- მასწავლებელი ღია უნდა იყოს სიახლეებისადმი--თუ პედაგოგს თავად არ აქვს განვითარებული კრიტიკული აზროვნება, პრაქტიკული კვლევის უნარები და არ არის ჩართული თვითანალიზის პროცესში, იგი ვერ შეძლებს მოსწავლეებში ამ უნარის განვითარებას;
- მასწავლებელმა ისე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლეებს, რომ მათ ფიქრის, განსჯის და განსხვავებული ინტერპრეტირების საშუალება დაუტოვოს.
- მასწავლებელმა უნდა ურჩიოს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა, მოსწავლემ კი თავად უნდა აირჩიოს უკეთესი და დაასაბუთოს. მნიშვნელოვანია ის ცდები და ექსპერიმენტები, რომლის ნახვის საშუალებაც სკოლაში არ გვაქვს, ინტერნეტიდან მოვიძიოთ და ვიდეოს სახით შევთავაზოთ.
- მოსწავლეს არ უნდა ქონდეს დარჩენილი საკითხის გარშემო კითხვები, დღევანდელი სკოლა ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა. ინტერნეტის მეშვეობით რაიონის და ქალაქის ბავშვისთვის თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ელექტრონული რესურსი.
- მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეთა თვითშეფასების ამაღლებას, უნდა აგრძნობინოს, რომ პატივს სცემს და ითვალისწინებს მათ აზრს, რაც აამაღლებს მოსწავლეებში თავდაჯერებულობისა და საკუთარი ღირსების გრძნობას.
საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვცდილობ მოსწავლეები დავაინტერესო საგნით და მასალა მივაწოდო მათვის გასაგებ ენაზე, რომ შემდეგ გაუჩნდეთ კითხვები და კითხვებზე თავად ეძიონ პასუხები. ერთად ვამზადებთ რესურსებს, და ასევე მუშაობენ პროექტებზე ხალისით. ძებნის, კვლევის პროცესში აღმოაჩენენ თუ რაოდენ საინტერესოა ქიმია. ჩემს მოსწავლეებს საშუალებას ვაძლევ თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში, ისწავლონ საგანი შეგნებულად და გააზრებულად, ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი, დასვან კითხვები და არ შეეშინდეთ შეცდომის დაშვების. ჩემი პროფესიული მიზანი არის ჩემი მოსწავლეებისათვის ქიმია ვაქციო საყვარელ საგნად რომელსაც ზოგი პროფესიულ გზად აირჩევს, ზოგი კი საგნის უბრალო მოყვარულად დარჩება.
გამოქვეყნებულია: 24-12-2019