"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:4, 22-23 გვ.
ქართული საოცრება
რეზიუმე: პრაქტიკული ქიმიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სწორედ საოცარი პროდუქტი - ჩურჩხელაა, რომლის ენერგეტიკული ღირებულების შესახებაც კარგად იცოდნენ შორეულ წარსულში.
საკვანძო სიტყვები: ქიმია, ჩურჩხელა
მილიონიანი ქალაქი. ცათამბჯენები. ცხოვრების აჩქარებული რიტმი. ადმიანების გაყინული სახეები. ამ უზარმაზარ მეგაპოლისში სრულიად უსახსროდ დარჩენილი ქართველი ემიგრანტი... არ იცი სად წახვიდე, ვის სთხოვო დახმარება, ვის მოუყვე შენი გასაჭირი, შიში უიმედობა... თავშესაფრისა და საკვების გარეშე დარჩენილი ფეხებს ვეღარ იმორჩილებს, დაიღალა... ტროტუარზე ჩამოჯდა, მხოლოდ ახლა იგრძნო, რომ შიოდა, ძალიან შიოდა... წუთით სასოწარკვეთა დაეუფლა, როგორ უნდოდა თავი ჩაედო დედის კალთაში და პატარა ბავშვივით აქვითინებულიყო.. წამით გონება გაუნათდა, უცებ ზურგჩანთას იხსნის, მასში დედის მიერ ჩაწყობილი ჩურჩხელებია. იღებს, მას მშობლიური მიწის სურნელება და კახური მზის სითბო ჩამოჰყოლია. ეს იყო ერთადერთი იმედი, რომელიც შიმშილისა და დაღლილობის შეგრძნებიდან დროებით იხსნიდა, თვალთ რომ არ დაბნელებოდა და არ წაქცეულიყო. უფრო საოცარი რამ შემდეგ მოხდა, როცა გაკვირვებული ამერიკელი ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდა უცნაურ საკვებს, ბიჭმა შენიშნა მისი ცნობისმოყვარე მზერა და ჩურჩხელა შესთავაზა... ჩაკბიჩა, დააგემოვნა და კმაყოფილების ნიშნად თავი გადააქანა, სანაცვლოდ კი ერთი დოლარი შესთავაზა.... ეს ის ერთ დოლარიანი იყო, რომელმაც ამჯერად მეორედ გაუნათა გონება, ზურგჩანთაში ხომ ასეთი 50 ცალი ჩურჩხელა ჰქონდა და... თანხა შეაგროვა, რომლთაც დაიწყო ქართველი ემიგრანტის ამერიკული ცხოვრება....
ამ ისტორიაში საკვირველი ის იყო, რომ საუკუნეების წინათ ჩვენი წინაპრების წარმოებული პროდუქტი, რომელსაც ათასწლეულების განმავლობაში საგზლად ატანდნენ ოჯახიდან წასულს ომში თუ ქვეყნის გარეთ მიმავალ ქართველს 21-ე საუკუნეშიც არ დაუკარგავს მნიშვნელობა და ფუნქცია. ჩურჩხელის დამზადებას დიდი ხნის ისტორია აქვს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეულით დათარიღებული სამარხის გათხრისას აღმოაჩინეს თიხის ფირფიტები, რომლებზეც ჩურჩხელის დამზადების სცენებია ასახული და თიხის სპეციალური ჭურჭელი, რომელშიც ძველი ქართველები ჩურჩხელას ინახავდა. ჩურჩხელა ომში მიმავალ მებრძოლთა განუყრელი ატრიბუტი იყო, მას დღესაც განსაკუთრებული ადგილი უკავია მთიელი მწყემსების აბგაში. დიდი სამამულო ომის დროს ზურგში მყოფი ქართველები ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად ფრონტზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სწორედ ყურძნის ბადაგისაგან დამზადებულ ტკბილ კვერებსა და ჩურჩხელებს აგზავნიდნენ, ძველ საქართველოში კი აუცილებელ გადასახადთა ნუსხაში იყო შესული.
პრაქტიკული ქიმიის საწყისები საქართველოში ჯერ კიდევ ანტიკურ ხანას უკავშირდება. საუკუნეების განმავლობაში იზრდებოდა და იცვლებოდა მისი გამოყენების სფეროები და ქართველთა ცხოვრებაში თანდათან ფეხს იკიდებდა პრაქტიკული ქიმია, რომელსაც ჩვენი წინაპრები ყოველდღიურ საქმიანობას უკავშირებდა. პრაქტიკული ქიმიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სწორედ საოცარი პროდუქტი -ჩურჩხელაა, რომლის ენერგეტიკული ღირებულების შესახებაც კარგად იცოდნენ შორეულ წარსულში. გარდა ამისა, მის დამზადებას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ის ქართველი მეომრის აუცილებელი საგზალი იყო. თუ მას ჩურჩხელა ჰქონდა, შეეძლო რამდენიმე დღე მხოლოდ ამ საკვებით ეარსება, მტერთა შემოსევების და ხიზნობის დროსაც მოსახლეობა ჩურჩხელით ირჩენდა თავს.
მაინც რა ენერგეტიკული ღირებულება აქვს ჩურჩხელას?-ქართული ჩურჩხელა ხასიათდება მაღალკალორიულობით, შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, ორგანიზმისათვის საჭირო სხვა სასარგებლო ნივთიერებებს და ეხმარება ორგანიზმს ნივთიერებათა ცვლაში. შეიცავს 31.1 -51.7 %-მდე იოლად მოსანელებელ ნივთიერებებს, გლუკოზას და ფრუქტოზას. მასში მოიპოვება 1.04-2.04%-მდე ღვინის, ვაშლისა და ორგანიზმისათვის საჭირო სხვა მჟავები, აზოტოვანი და მთრიმლავი ნივთიერებები.
ქართული ჩურჩხელა განსხვავდება სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული ჩურჩხელისაგან მისი ენერგეტიკული ღირებულებით, დამზადების ტექნოლოგიისა და შენახვის პირობებით. ვაზის ჯიშთა ფართო ასორტიმენტში განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა დათმობილი საბადაგე ანუ ჩურჩხელის დასამზადებელ ჯიშებს: ბუერა, მხარგრძელი, ცხენის ძუძუ და სხვა. ამოვლების შემდეგ ჩურჩხელა 10-15 დღის განმავლობაში შრება, შემდეგ ახვევენ ტილოში და ინახავენ მშრალ გრილ ადგილას ხის ყუთში. კარგად შენახული ჩურჩხელა შაქრდება და იფარება შაქრის ფენით.
დღეს ადვილი შესამჩნევია, რომ უცხოელი სტუმრების ინტერესის სფეროს, კონკრეტული ადგილების გარდა, სწორედ ქვეყანაში არსებული ტკბილეულის სახესხვაობები წარმოადგენენ. მანამ სანამ დონატი ჩვენი რაციონის წამყვან ადგილს იკავებს, ქართული დესერტის სახეობები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს იღებს. ჩურჩხელა იმ პროდუქტის ნაწილია, რომელსაც ჩვენი წინაპრები მიირთმევდნენ და დღეს ის ამაზონზეც კი იყიდება.
.... და ვინ იცის, კიდევ რამდენი სამშობლოდან გადახვეწილი ქართველის მხსნელად იქცევა.
გამოქვეყნებულია: 24-12-2019