ელენე გაბოძე

egabo2016@agruni.edu.ge





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:4, 15-16 გვ.

ქიმია ჩემთვის გასაღებია

ელენე გაბოძე

რეზიუმე: რამდენი ხანი იყო საჭირო იმის გასააზრებლად, რომ ეს კარები თუ ვიღაცისთვის ნარნიას ჯადოსნურ ქვეყანაში გადასვლასთან ასოცირდება, შენთვის ლაბორატორიაში შებიჯებაა. სწორედ ეს კარები შევაღე სრულიად შემთხვევით აბიტურიენტობისას კონკურსზე აღმოჩენილმა, რომელზეც უბრალოდ მეგობარს გამოვყევი.

საკვანძო სიტყვები: ქიმია, სწავლება, პერსპექტივები

 ამბობენ ადამიანი ორჯერ იბადებაო, ერთხელ როცა ამ ქვეყანას ევლინება და მეორედ როცა საკუთარ მე-ს პოულობსო. თუ დავფიქრდებით, გავაცნობიერებთ, რომ ადამიანის გარდა ამ მეს პოვნა სხვა არცერთ არსებას არ შეუძლია. სწორედ ეს განასხვავებს ადამიანს სხვა ცხოველებისგან. ფიქრი იმაზე ვინ არის, რისთვის დაიბადა, რა უნდა გააკეთოს სიცოცხლის განმავლობაში, როგორ შექმნას რაიმე ღირებული ან ღირს კი რაიმე ღირებულის შექმნა. ადამიანის ცხოვრება საათის მექანიზმს გავს, სადაც საკუთარი თავის პოვნა იმ ამოქოქვასთან ასოცირდება, რის შემდეგაც ადამიანი რეალურად ცხოვრებას იწყებს. მილან კუნდერა წერდა: ,,ადამიანის ცხოვრება ისტორიას ჰბაძავს: ჯერ უამრავ სინელეშია ჩაფლული, მერე კი თანდათანობით ჩქარდება“. ზოგი ამ ამაჩქარებელ გასაღებს იმაზე ადრე პოულობს, ვიდრე ვინმესთვის წარმოსადგენია, ზოგი ფიქრობს რომ პოულობს, თითქოს ერგება კიდეც გასაღები ბოქლომს, მაგრამ რაღაც ისე ვერ არის და აცნობიერებს, რომ ახალი გასაღების მოძებნაა საჭირო. ქიმია ჩემთვის ის გასაღებია, რომელიც ჯერ ჯერობით წარმატებით ერგება ჩემ საკეტს, თუმცა ამოქოქვა ჯერ არ დაუწყია, თუმცა თითები გადაჯვარედინებული მაქვს. როცა ახალ ადამიანებთან გაქვს კონტაქტი, უამრავ კითხვას უსვამ საკუთარ თავს: რას ხედავენ, როცა გიყურებენ? რა კითხვებს დაგისვამენ? რა აინტერესებთ ან რა იციან შენს შესახებ? ამ კითხვებზე პასუხი რეალურად შენც გაინტერესებს.

წარმოიდგინე შენი თავი სრულიად განათებულ ოთახში, თეთრ ხალათში, სათვალითა და ხელთათმანებით აღჭურვილი, წარმოიდგინე რომ ამ ოთახში შემოსვლამდე სულ სხვანაირად გიყურებენ, სულ სხვა კითხვებს გისვამდნენ და სულ არ ფიქრობდნენ, რომ შენი ინტერესის სფერო ეს ოთახი იყო. რამდენ ხანს ფიქრობდი, სანამ ოთახში შეაბიჯებდი და შენ თავს დაინახავდი? რამდენი ხანი იყო საჭირო იმის გასააზრებლად, რომ ეს კარები თუ ვიღაცისთვის ნარნიას ჯადოსნურ ქვეყანაში გადასვლასთან ასოცირდება, შენთვის ლაბორატორიაში შებიჯებაა. სწორედ ეს კარები შევაღე სრულიად შემთხვევით აბიტურიენტობისას კონკურსზე აღმოჩენილმა, რომელზეც უბრალოდ მეგობარს გამოვყევი.

ყველაფერი, რაც იმ კონკურსზე გავაკეთე, თეორიულად ნაცნობი იყო ჩემთვის, თუმცა იმის აღმოჩენა, რომ ქიმიის სიყვარული შემეძლო ჩემს მომავალთან დამეკავშირებინა ბევრად უფრო რეალური გახადა იმ პატარა ცდებმა, რომელიც პირველად გავაკეთე ჩემივე ხელით. კონკურსის შემდეგ სულ არ გასულა დიდი დრო, როცა ღია კარის დღე გამოცხადა აგრარულ უნივერსიტეტში და მეც და ჩემი მეგობარიც ერთად მოვედით და ვნახეთ თეთრ ხალათიანი ბავშვები, რომლებიც ჩვენ გაოცებას ცდილობდნენ. მახსოვს მაშინდელი აღფრთოვანება პირს არ მაჩერებინებდა რამდენიმე დღე, ვლაპრაკობდი და ვლაპარაკობდი, რამდენად აღფრთოვანებული ვიყავი იმ საინტერესო რეაქციებით, რომელიც ვნახე. უკვე გადაწყვეტილი მქონდა სად ჩავაბარებდი, რომელ ფაკულტეტზე და რა მინდოდა მომავალში. ვიპოვე ის გასაღები, რომელიც მოერგო ჩემი მომავლის კლიტეს. საინტერესოა ის, რომ თუ თავიდან იმ ფერადმა და ლამაზმა რეაქციებმა გამიჩინა სურვილი - მეც ჩემი ხელით გამემეორებინა იგივე, ახლა ვხვდები, რომ ყველაზე პატარა ნაწილი იყო ქიმიის ის, რაც მაშინ ვნახე. ,,ქიმია ყველაფერია“-ო ჩემი ქიმიის მასწავლებელმა როცა გვითხრა მეცხრე კლასში ქიმიის პირველ გაკვეთილზე, სასაცილოდ არ გვყოფნიდა მაშინ. ახლა ეს უკვე გააზრებულად მესმის, და მადლობელი ვარ, რომ ისე შემაყვარა საგანი, რომ დღეს ჩემი ოცნება არათუ თეატრს, მათემატიკას ან რაიმე სხვა საქმიანობას, არამედ ქიმიურ კვლევებს უკავშირდება. საწყის ნაბიჯებს უკვე ვდგამ და ვფიქრობ, რომ მეცნიერება სამყაროს სწორედ ის ნაწილია, სადაც მინდა რომ ვინმეს ჩემი სახელი ახსოვდეს. დაახლოებით ერთი წლის წინ ერთ მუსიკოსთან საუბრისას ვთქვი, როგორ მინდოდა მეცნიერებაში ჩემი სათქმელი მეთქვა. მან მითხრა, უფრო სწორად მთხოვა: არ დანებდე, გთხოვ, და ბოლომდე იბრძოლე და დაიმკვიდრე სახელი მეცნიერებაშიო. მუსიკოსობაც და მეცნიერებაც ერთნაირად რთული მისაღწევია ჩვენს ქვეყანაშიო, თუმცა წარმოიდგინე რა საოცარი იქნება როცა მიზანს მიაღწევო. მაშინ იმ ადამიანს დავპირდი, რომ არ დავნებდებოდი და მის მიმართ დადებული პირობა, ჩემ თავთან დადებული პირობა უფრო იყო, რადგან დანებებას არ ვაპირებ და ქიმიისადმი ინტერესსაც დღითიდღე უფრო მეტად ვგრძნობ.

 

გამოქვეყნებულია: 24-12-2019