თამარ მახათაძე

t.makhatadze1990@gmail.com





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:4, 10-11 გვ.

მე ყველა(ფერ)ში ვხედავ ქიმიას

თამარ მახათაძე

რეზიუმე: ლაბორატორია ის საოცარი ყუთი უნდა იყოს, რომელსაც შეუძლია სხვა სამყაროსა და სხვა რეალობაში გამოგზაუროს, გაგიტაცოს სახლისა და სკოლის ერთფეროვნებიდან, დაგანახოს ქიმიის სამყარო და დაგაფიქროს შენს ადგილზე სამყაროში.

საკვანძო სიტყვები: ქიმია, სწავლება, სწავლა

ჩემთვის, ქიმია ყველა(ფერ)ში(ა)! როგორც გინდათ, ისე გაიგებთ. ყველა(ფერ)ში ვხედავ ქიმიას და ქიმიაში ყველა(ფერ)ს ვპოულობ. თუმცა ბევრი უარყოფითად არის განწყობილი და შიშის თვალითაც უყურებს მას. იმდენად ეშინიათ, რომ ყველაფერს, სადაც ქიმია ელანდებათ, შიშით გაურბიან. ბევრ გამაგრილებელ სასმელს, სახელითაც არ მოიხსენიებენ და აღშფოთებული ამბობენ: არ დალიო! ქიმიაა!! არა და ძირითადად წყალს, შაქარს და ნახშირორჟანგს შეიცავენ.

 

ასე თუ ვიმსჯელებთ, ისინი გაცილებით ნაკლებ არიან „ქიმიები“ ვიდრე მე, ან ნებისმიერი თქვენგანი. ჩვენ, ყველა ცოცხალი არსება, უამრავი მოლეკულისაგან შევდგებით, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ, ხან ერთმანეთს სტუმრობენ, ხან ადგილებს უცვლიან ერთმანეთს, ხან რომელიმე მათგანი სხვის ადგილსაც ითვისებს და ხან ერთმანეთს ემშვიდობებიან კიდეც. ანუ, ჩვენ ყველანი განვიცდით ქიმიურ რეაქციებს, რომლითაც ვცოცხლობთ და არც დაშლის რეაქციის მიმართ ვართ გულგრილი, რომლითაც ვაცოცხლებთ. ამ დაშლის მერე, ჩვენი დაშლილი ატომები, რომლებსაც სული კრავდათ, გარდაიქმნებიან სხვა ნივთიერებათა ატომებად. სხვა თუ არაფერი, საჭმელს მაინც წარმოვადგენთ მატლებისთვის და სასუქს მიწისთვის… ამიტომ, როდესაც ქიმიის დაგმობას გადავწყვეტთ, ეს ყველამ საკუთარი თავის გმობით უნდა დავიწყოთ.

 

ქიმიას  უნდა ვუმადლოდეთ კომფორტულ საცხოვრებელს, ფერად და ლამაზ სამოსს, სასიამოვნო სურნელს, ნაირფერ ფრჩხილებსა და თმას, ჯანმრთელობას და ვინ მოთვლის კიდევ რამდენ სიკეთეს. ალბათ, არც დავფიქრებულვართ, რომ აბსოლუტურად ყველას გვაქვს სახლში საკუთარი ლაბორატორია, სადაც ბევრი ჩვენგანი საკუთარი ხელით ვატარებთ საინტერესო გარდაქმნებს, რომლის პროდუქტიც არჩევითი აუცილებლობაა, ხოლო ხშირად რეაქციის რეაგენტებს ვერც ვიტანთ. არ გჯერათ?! კარგით რამდენს გვიყვარს კვერცხი? რძე? ფქვილი? სახამებელი? მარგარინი? მათი უმრავლესობა თითქმის არავის გვიყვარს, მაგრამ თითქმის ყველას მოგვწონს ტორტი…

 

თუმცა სანამ ესა თუ ის რეაგენტი, ჩვენამდე სასურველი პროდუქტის სახით მოაღწევს, აუცილებლად უწევს ქიმიური გზის გავლა, რომელიც ხშირად საკმაოდ გრძელია. ქართველები, უზომოდ ამაყები ვართ ჩვენი ღვინით და ნაკლებად ვინტერესდებით იმ გზის სირთულით, რომელსაც ყურძენი გადის დაღვინებამდე. ღვინის დაყენების საქმეში, უპირველესი ტექნოლოგიური პროცესი ტკბილის დუღილია, რომლის დროსაც ყურძნის შაქრები ღვინის სპირტად და ნახშირორჟანგად იშლებიან, ეს ორი კომპონენტი  ძირითადი და საბოლოო პროდუქტია, ხოლო ფერმენტაციის პროცესში უამრავი შუალედური პროდუქტი მონაწილეობს. ზოგი მათგანი ერთი სახიდან მეორეში გადადის, ხოლო ზოგი კი ღვინოში რჩება და მას განსაკუთრებულ გემოვნებასა და არომატს ანიჭებს.

 

როდესაც ცხოვრება გვერთულება და გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება, მას ცოტა ქიმიურად უნდა შევხედოთ. ჩვენი ცხოვრების გზა არაფრით განსხვავდება ღვინის ქიმიური გზისგან. უნდა შევეგუოთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან ადამიანები და მოვლენები, რომლებიც ან ჩვენში დაილექებიან, ან აორთქლდებიან. არ უნდა შეგვეშინდეს, არც გაშვების და არც წასვლის. მაჭარი, თუ არ მოსცილდა ჭაჭას, ვერ დაღვინდება თუ ნახშირორჟანგს ჩაებღაუჭება და არ გაუშვებს, როცა ამის დრო მოვა, დაღვინებამდე დაიღუპება. მოკლედ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ცდილობს ქიმია ცხოვრება რომ გაგვიადვილოს. ქიმიას უნდა ვუმადლოდეთ გამოქვაბულში რომ აღარ ვცხობრობთ, გასათბობად რომელიმე ცხოველის ტყავში რომ არ ვეხვევით. წვიმის დროს, მშვიდი და ბედნიერი სახეებით რომ ვსხდებით ჩაის ფინჯანით, ან საინტერესო წიგნით ხელში ფანჯარასთან და თვალ-ყურს ვადევნებთ წვიმის ხეტიალს. დაბანილები რომ დავდივართ, დარეცხილი სამოსით, სასიამოვნო პარფიუმის სურნელით და უმოკლეს დროში გადავადგილდებით სხვადასხვა სახის კომფორტული ტრანსპორტით, რომელთაც მიწა ფეხქვეშ არ ეცლებათ და შესაბამისად, წყალი და უმიწობაც ვერ აბრკოლებთ.

 

ქიმიის დამსახურებაა, უამრავ დაავადებას რომ ვამარცხებთ და ტკივილს ვიქარწყლებთ. იმდენად მოსიყვარულე, მზრუნველი და ერთგულია, რომ ნებისმიერ ასაკში გვაძლევს ძალას, შევინარჩუნოთ ლამაზი ღიმილი ბუნებრივი იმპლანტების საშუალებით. გვეხმარება, დავეყრდნოთ ქიმიურ ფეხებს და ვენდოთ ქიმიურ გულს, როდესაც ბუნებრივები გვიღალატებენ.

 

თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც დაგმობა და განკითხვა უფრო გვიადვილდება. მარტივია, ვიფიქროთ, რომ ყველა, ვინც ქიმიის საგნით ინტერესდება, შეურაცხადია. საზოგადოების დიდ ნაწილს, ვერ წარმოუდგენია, რატომ უნდა დაკარგო დრო, ამ საშინლად რთული და მომაბეზრებელი პროფესიის შესასწავლად.  არა და ქიმია  სიხარულთან უნდა ასოცირდებოდეს, ყველაზე საინტერესო, მრავალფეროვანი და სახალისოა. უბრალოდ, მიდგომაა არასწორი, მოსაწყენი და ცოტა დამთრგუნველიც. მის შესახებ დამკვიდრებულია სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც, ქიმია არის გამოუსადეგარი და რთული საგანი, რომელის სწავლაც ჭირია, არ არის საჭირო. ამასთანავე, ის აუცილებლად უნდა გასწავლოს ,,ბოროტმა” და ,,საზიზღარმა” მასწავლებელმა, რომელსაც შეგვიძლია არ მოვუსმინოთ და გაკვეთილიც გავუცდინოთ. თუ ვიცით, რომ წყლის ფორმულა H2O-ა, ან თუნდაც H, პრობლემა არაა, უკვე საკმარისად ბევრი ვიცით. თუ ვალენტობა და ვალენტინობა ერთი ცნებები გვგონია, ესეც წარმატების საწინდარია.

 

საერთოდაც, რატომ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში ქიმია?! ქიმია ხომ მხოლოდ შერეკილებს (გვ)ხიბლავს?! არა და ქიმია ყველაზე უფრო მეტად არის ისტორიაც, ლიტერატურაც, მათემატიკაც, ხელოვნებაც და ფილოსოფიაც. უბრალოდ ქიმიის სწავლა შეუძლებელია ძალადობით, აგრესიით, შიშით და მტვრიანი და დაკეტილი სკოლის მიყრუებულ კუნჭულებში არსებული ლაბორატორიებით.

 

ლაბორატორია ის საოცარი ყუთი უნდა იყოს, რომელსაც შეუძლია სხვა სამყაროსა და სხვა რეალობაში გამოგზაუროს, გაგიტაცოს სახლისა და სკოლის ერთფეროვნებიდან, დაგანახოს ქიმიის სამყარო და დაგაფიქროს შენს ადგილზე სამყაროში.

 

ვფიქრობდი, ჩემთვის, ქიმია ოცნების ასრულების საშუალება იყო. გავხდებოდი მასწავლებელი, იმიტომ რომ წავსულიყავი ფშავში, ან ხევსურეთში და ბავშვებისთვის მესწავლებინა ქიმია, დიდი ალბათობით, მეც ისევე მოსაწყენად, როგორც ჩემამდე ბევრ სხვას. მეც ბედნიერი ვიქნებოდი და ბავშვებიც, მე - იქ ყოფნით, ბავშვები, იმ დღეებით, როცა ქიმია არ ექნებოდათ, ან თუ გაუცდებოდათ. თუმცა ამ ყველაფრისთვის, ქიმიის მასწავლებლობა სულ არ მჭირდება, ნებისმიერი სხვა საგნის მასწავლებლობაც გამომადგება. დიდი განსხვავება მაინც არ იქნებოდა, კვლავაც გავაბედნიერებდი ბავშვებს იმ დღეებით, როდესაც ჩემი გაკვეთილი არ ექნებოდათ.

 

ამის გამო, მასწავლებლობა არ ღირს, საშინელებაა! მასწავლებლობას თუ გადაწყვეტ, ეს მხოლოდ იმიტომ უნდა გააკეთო, რომ დაეხმარო ისწავლონ სიარული სხვა გალაქტიკებში, დაანახო სულ სხვა სამყარო, გააბედნიერო ყველა არ გაცდენილი გაკვეთილით და აცხოვრო შეხვედრის მოლოდინით.

 

ეს ყველაფერი მხოლოდ პატივისცემითა და სიყვარულით შეიძლება. ქიმიაც ამიტომ ამირჩევია. სიყვარული ყველა ფერში ერთადაა და ქიმიაა, სწორედ ყველაფერ(შ)ი და ჩემთვის, ის ისეთივე საინტერესო და ფერადია, როგორც ჩემთვის საოცნებო ხევსურეთი და ხევსურული ნაჭრელა, რომელსაც ქმნიდნენ ის ხევსური ქალები, ვინც არ იყვნენ ,,ქიმიკოსები” და არც რაიმე სხვა პროფესიის წარმომადგენლები.

 

თუმცა ქმნიდნენ საოცარ ფერებსა და ორნამენტებს, თავისი შექმნილი და შეღებილი ძაფებით. მათ ღებვის ტექნოლოგია არ უსწავლიათ უნივერსიტეტში, თუმცა მათი შეღებილი ძაფებით, შექმნილი ნაჭრელა, წლებისა და საუკუნეების შემდეგ ისევ ისეთი ფერადი და ხალასია. მათ ეს ყველაფერი ცხოვრებაში არსებული ქიმიის საშუალებით მოახერხეს. და თუ ჩვენც შევძლებთ, ჩვენშიც აღმოვაჩინოთ ქიმია, იგი აუცილებლად აგვავსებს ფერებით და ცხოვრებას გაგვიფერადებს.

 

გამოქვეყნებულია: 24-12-2019