ხათუნა თეთვაძე

khatunatetvadze@gmail.com





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:4, 6-7 გვ.

ქიმია - ყველაფერია

ხათუნა თეთვაძე

რეზიუმე: ერთხელ თუ ქიმიის სიყვარული შეგეყარა, სამარადისოა. დიდი ხნის წინ ეს სიყვარული მეც შემეყარა და დღემდე არ გამნელებია. ცნობისმოყვარეობა ამ პროცესში ყველაზე მთავარი წამქეზებელი იყო. მოკლედ, ეს ისეთი ლაბირინთია, რომელშიც თუ ერთხელ შეხვალ ვეღარასოდეს გამოხვალ და არც მოგინდება, რადგან ყოველი ახალი მოსახვევი ახალ გზებს გიჩვენებს ქიმიის ამოუცნობ სამყაროში. ყოველი ახალი დარბაზი ახალ აღმოჩენებს გპირდება. რაც უფრო შორს შედიხარ, მით მეტად გიპყრობს და გითავისებს.

საკვანძო სიტყვები: ქიმია, სწავლება, ექსპერიმენტი

ერთხელ თუ ქიმიის სიყვარული შეგეყარა, სამარადისოა.  დიდი ხნის წინ ეს სიყვარული მეც შემეყარა და დღემდე არ გამნელებია. ცნობისმოყვარეობა ამ პროცესში ყველაზე მთავარი წამქეზებელი იყო. მოკლედ, ეს ისეთი ლაბირინთია, რომელშიც თუ ერთხელ შეხვალ ვეღარასოდეს გამოხვალ და არც მოგინდება, რადგან ყოველი ახალი მოსახვევი ახალ გზებს გიჩვენებს ქიმიის ამოუცნობ სამყაროში.  ყოველი ახალი დარბაზი ახალ აღმოჩენებს გპირდება. რაც უფრო  შორს შედიხარ, მით მეტად გიპყრობს და გითავისებს.

ასე გახდა ქიმია ჩემს ცხოვრებაში   ჰაერიც, პურიც და წყალიც, რომლის გარეშეც უსიცოცხლო გახდებოდა ირგვლივ ყოველივე.   ქიმიურ პროცესებად ვხედავ და აღვიქვამ ყოველგვარ ცხოვრებისეულ წვრილმანს და  ყოველგვარ ცვლილებას.

ხშირად გაგვიგონია ნაცნობ-უცნობებისგან,  რომ არ უყვარდათ სკოლაში ქიმია.

მახსენდება რამდენიმე წლის წინ, ერთ ჩვეულებრივ გაკვეთილზე, იქნებ უფრო არაჩვეულებრივი იყო, შემოსასვლელ კართან ახლოს მჯდომი მოსწავლის ხმამაღლა, ემოციურად წამოძახილი  სიტყვები - ,,ყველაფერი ქიმიაა’’. ამ დღის შემდეგ დამკვიდრდა კლასში ტერმინი და როცა მათ ცნობისმოყვარე თვალებში ქიმიურ პროცესებში ჩაწვდომის ნაპერწკალს დავინახავდი, მესმოდა: ,, ყველაფერი ქიმიაა“.

მე მიყვარს ის ქიმია, რომელსაც საკლასო ოთახში ჩემს მოსწავლეებს ვასწავლი. კოლბებში და  სინჯარებში მომწყვდეულ პატარა ისტორიებს ვუამბობ, თუ როგორ იშლებიან მოლეკულები, როგორ იბადებიან ახლები, იცვლიან ფერს, ილექებიან, ორთქლდებიან. როგორც ბრძოლის წინა ხაზზე ჯარისკაცები, რატომ არიან პირველ რიგში დალაგებული ტუტე მეტალები. რატომ ასოცირდება კალციუმი ჩემთვის სითბოსთან, ალბათ კირის ჩაქრობის გამო. რატომ არიან ზოგიერთი აირები ინერტულები და მათი მეზობელი ჰალოგენები კი ასე ძლიერ აქტიურები.  რომელი ერთი დავასახელო, ყველას თავისი დანიშნულება და ფუნქცია აქვს,  მაგრამ ნახშირბადის  მძივივით ასხმული ხელიხელჩაკიდებული გრძელი ჯაჭვების ფერხული მაინც ფასდაუდებელია. არ ავუჯანყდეთ პოლიმერებს, მათი დახმარებით გალამაზდა და  გაადვილდა  ცხოვრების ბევრ სფეროში ადამიანის ყოფა.  პოლიმერების დახმარებით შეიძლება  ეკოლოგიაზე ვიზრუნოთ და  უამრავი ხე გადავარჩინოთ,  ხის მერქნის ნაცვლად პოლიმერებით დამზადებული ნივთები არანაკლები სიმტკიცითა და სილამაზით გამოირჩევა, მთავარია  ადამიანებმა მათი სწორად და ეკონომიურად გამოყენება  ვისწავლოთ. 

ვუყვები საინტერესო ისტორიებად დალაგებულ ქიმიურ პროცესებს  და ასე თანდათანობით, წვეთ-წვეთობით ვუღვივებ ქიმიის ინტერესს, ვინ  იცის, მათ შორის იქნებ არიან მომავალი მკვლევრები  ქიმიის ლაბირინთის რომელიმე ამოუცნობ კარს რომ შეაღებენ და თამამად დაიძახებენ- ,,ევრიკა“.

 მიყვარს ქიმია, რომელიც ყველაფერშია, სამყაროს უკიდეგანო სივრცეებში და წყლის ერთ პატარა წვეთში, სიყვარულსა და სიძულვილში, სიცოცხლესა და სიკვდილში, ჩვენს სხეულებშიც,  რომელიც ერთ პატარა ნაწილს წარმოადგენს იმ უზარმაზარ ლაბორატორიაში, რომელსაც სამყარო ქვია. დიახ, სიხარულიც, შიშიც, სიყვარულიც და სიცოცხლეც კი, რომლის გაჩენაც დედამიწაზე, არ აქვს ჰიპოთეზების სიმრავლეს და სხვადასხვაობას მნიშვნელობა, ცილამ უზრუნველყო. რა იყო ის ძალა, რომელმაც ატომები ისეთი თანმიმდევრობით დაალაგა, რომელთა ერთობლიობამაც სიცოცხლის პირველი ნიშნები გამოავლინა. დაიწყო და გრძელდება დღემდე.

მე მიყვარს ის ქიმია, რომელიც ყოველ ცოცხალ ორგანიზმს აღავსებს სითბოთი და ენერგიით, როგორც მშობელი შვილზე ისე ზრუნავს ადამიანზე და ანებივრებს  მიგნებებით, რესურსებით, აღმოჩენებითა და ახალ-ახალი ნივთიერებებით, რაც ადამიანის ცხოვრებას მეტად საინტერესოს და შინაარსიანს ხდის, ან სულაც გადაარჩენს მას.

ყველა პროფესიის ადამიანს მეტ-ნაკლებად ესაჭიროება ქიმიის ცოდნა - მხატვრობაში,  სამშენებლო საქმეში, საინჟინრო ტექნოლოგიებში, სამედიცინო სფეროში, კვების ობიექტებში. მეტალურგიულ თუ პურის საცხობ, ან ღვინის ქარხნებში დასაქმებულ ადამიანებს როგორ და რისთვის ესაჭიროებათ  ქიმიური პროცესების ცოდნა და მართვა.

მე, გარდა იმისა რომ ქიმიის მასწავლებელი ვარ, ვარ დედა და ოჯახის დიასახლისი. ქიმიის ცოდნა მეხმარება საოჯახო საქმეების სწრაფად, ადვილად და ხარისხიანად კეთებაში, ვიცი როდის არის უმჯობესი ხილის მირთმევა და რატომ, რომელი საკვების ერთად მირთმევა არ შეიძლება, როგორ მოვაშორო ადვილად ჩაიდანს ნალექი,  გავრეცხო  სამზარეულოს ჭურჭელი და ტექნიკა, როგორ შევინახო ბოსტნეული ისე რომ სწრაფად არ დალპეს და ა.შ. 

რა იქნებოდა მედიცინა  ქიმიკოსების აღმოჩენების გარეშე. რამდენ ადამიანს უმსუბუქებს  ცხოვრებას, უამებს ტკივილს და უნარჩუნებს სიცოცხლეს მათი შექმნილი მედიკამენტები. აქაც შეეხო ჩემს ცხოვრებას ჩემთვის ასე საყვარელი სიტყვა - ქიმია, ოღონდ დაემატა თერაპია. მე ეს ქიმიაც მიყვარს. მზის სხივებისგან დასაცავად ტყვიის ფოლგაში შეხვეული, პოლიეთილენის ბალონში ჩასხმული წითელი სითხე, რომელიც ჩემი  სიცოცხლის გადასარჩენად მოედინება წვრილი მილაკებით. ვხუჭავ თვალებს და ვხედავ    ჩემი სხეულის ყოველ უჯრედს, უჯრედის შიგთავსს და ვგრძნობ როგორ მიჰყვება სისხლძარღვებს და დაეძებს გადაგვარებულ ცილას, რომელმაც მიღალატა,  უარი თქვა თავის ფუნქციის შესრულებაზე და  წარმოქმნა მეამბოხე უჯრედები.  ეს  მოღალატე ცილაც მიყვარს, ალბათ დაიღალა, ორმოც წელზე მეტია მემსახურება, ერთი და იგივე ფუნქციას ასრულებს, კი, ნამდვილად დაიღალა ან მოეწყინა ერთფეროვნება და სიახლე მოინდომა, გადასხვაფერდა, თავისებურად დაიწყო არსებობა და გამრავლება. მე ჩუმად, არავინ რომ არ გაიგოს  ვეჩურჩულები და ვეალერსები, ეს ჩემი წილი ტკივილია,  ამიტომაც არ მეშინია და არც ვტირი. იმედით ვიბრძვი ჩემი ამბოხებული ნაწილის დასამშვიდებლად, ჩვეულ ფორმაში დასაბრუნებლად და საბოლოოდ დასამარცხებლად, ეს არის ბრძოლა, სადაც საკუთარი თავი უნდა დაამარცხო, რათა გაიმარჯვო, სადაც ორგანიზმის  სასიცოცხლო ფუნქციები უნდა ჩაკლა, რათა იცოცხლო. ამ ყველაფერში ისევ და ისევ ქიმია მიდგას გვერდით, ჩემი მუდმივი თანამგზავრი, ლხინის და ჭირის გამზიარებელი.

 

გამოქვეყნებულია: 24-12-2019