გაფართოებული ძებნა
"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:4, 4-5 გვ.
წითელი და შავი... და ცისფერი
რეზიუმე: ადრე ადამიანებს ერთი მთლიანობა ვეგონეთ. მერე მიხვდნენ, ასე შორიდან იმიტომ ვჩანვართ გამუდმებით ხელჩაკიდებულნი რომ დავრბივართ. გასაკვირი არაა საუკუნეების განმავლობაში რომ არ გვიცნობდნენ - ისინი ხომ არასდროს გვისწორებენ თვალს... როცა მათ პირისპირ აღმოვჩნდებით უმალ თვალებს ხრიან. დედა ამბობს ჩვენი რცხვენიათო. რატომ? არ გვეუბნება. დარწმუნებული ვარ, ის არ სცდება. დედა ყველაფერს ხედავს.
საკვანძო სიტყვები: ტინდალის ეფექტი
ნუ იხედები მანდ, ფეხი დაგიცდება და ჩავვარდებით! მოიცა რას შვრები?! ხომ გაგაფრთხილე.
არა, ხელს ნუ მიშვებ!
ხელი არ გამიშვა!
აჰა, ჩავცვივდით, გუბეში ვართ, ჯანდაბა, წელში გარდავტყდით! კარგი, არაუშავს. ნუ გეშინიათ. ხომ იცით, აქ არ დაგტოვებთ. მოკლედ, ჩემიანებო, იმ ორ კონცხს შორის სჯობს გადაჭიმვა. წამის მესამედში ავიღუნებით...
* ადრე ადამიანებს ერთი მთლიანობა ვეგონეთ. მერე მიხვდნენ, ასე შორიდან იმიტომ ვჩანვართ გამუდმებით ხელჩაკიდებულნი რომ დავრბივართ. გასაკვირი არაა საუკუნეების განმავლობაში რომ არ გვიცნობდნენ - ისინი ხომ არასდროს გვისწორებენ თვალს... როცა მათ პირისპირ აღმოვჩნდებით უმალ თვალებს ხრიან. დედა ამბობს ჩვენი რცხვენიათო. რატომ? არ გვეუბნება. დარწმუნებული ვარ, ის არ სცდება. დედა ყველაფერს ხედავს.
ჩვენ სამყაროში ფერები შემოგვაქვს. რასაც კი შევეხებით, მაშინვე ვაფერადებთ, თუმცა თავადაც ფერებით ვიკვებებით. თუკი რომელიმე ჩვენგანს ფეხი დაუცდება და წვიმის წვეთში ჩავარდება, ყველა მაშინვე გუბეში აღმოვჩნდებით და იქიდან რამდენიმე ნაწილად დამტვრეულები ამოვდივართ, მერე სიგრძის ზრდის მიხედვით ვლაგდებით. ჩვენ გვძულს წვიმა, მაგრამ მასზე უფრო შავი სხეულები არ გვიყვარს, ისინი გვიჭერენ და უკან საერთოდ აღარ გვიშვებენ...
** მგონი, აქ არც ისე ცუდია. ხო ყველა ხართ? კორპუსკულ, თავს ნუ იდანაშაულებ, ხომ იცი, ასე ხშირად ხდება. ამ ხალხს რა უხარია ნეტა, ფეხებში რატომ გვიძვრებიან... შეხედეთ ერთი, რას დაამსგავსეს ეს ქვეყანა, ერთ მწვანე ბალახს ვერ ნახავ დასასინთეზებლად. ის სად წავიდა? ახლა რაღას დაეჯახა... შე კაი ცხრათვალიშვილო, რო ხედავ მეტალია. ხო იცი, არ გაგატარებს, აუარე რა გვერდი, ვაა...
იძახით დაბერდით, დაგრძელდით და ბუზღუნა გახდითო, როგორ არ ვიჩხუბო... თქვენ იმედზე შავმა ხვრელმა იარა, თქვენ რო ქვეყანა განდოთ მთლად გადაწვავთ. ისე კი არიან ღირსნი...
ამასწინათ უწყება მოვიდა დაბლიდან... დაუჭერიათ ერთი, ფოტორაღაცაში გამოუმწყვდევიათ და უჩხიკინებენ აქედან და იქედან. დაუჩემებიათ, სამყარო უნდა გამოვიკვლიოთ ელემენტარულ დონეზეო. კაი ერთი ფოტონი კი არადა, თუ კაცი ხარ. ხო გაიგეთ, ზღვის ტალღებივით ვართ, ოღონდ მშრალი წვეთებით. ვიმტვრევით, ვიშლებით, ვიფანტებით - მეტს რაღას ეძებთ. მართლა უნდა ავიკრათ გუდანაბადი და ავახვიოთ აქედან, როგორც მაშინ... მაგრამ ის არ შვრება, ყოველ ახალ დღეს ახალ შანსს აძლევს სამყაროს.
***
მისტერ ტინდალიმ წიგნი დახურა. ახლახან გააცნობიერა, რომ ჩაბნელებული ოთახის ერთადერთი მანათობელი ვიწრო ჭრილში შემოპარული მზის სხივები იყო. ფანჯარასთან მივიდა, შუქის წინ ხელის თითები გაშალა, მერე ცერისა და საჩვენებელი თითის ერთმანეთზე მიდებით წრე შეკრა. გაახსენდა, ბავშვობაში როგორ ცდილობდა მტვრის ნაწილაკების დაჭერას. გრძელ წვერზე ხელი ჩამოისვა, ბეჭებში გაიმართა, მზეს ისე გახედა, როგორც ახლახან გაცნობილს, მაგრამ გეზი მაინც ლაბორატორიისკენ აიღო. ლაბორატორია მიწის ქვემოთ, სახლის სარდაფში გაუმართავს. აქ ყველა სხივს მკაცრად განსაზღვრული მიმართულება და მისია აქვს. მისტერ ტინდალიმ მორიგი ექსპერიმენტი ჩაატარა- სახამებლის განზავებულ წყალხსნარზე სინათლის ძლიერი სხივი გვერდიდან დასცა, სათვალეები მოირგო, მიკროსკოპს ჩახედა და დაკვირვება ამჯერად თითოეული ნაწილაკის მიერ გაბნეულ სინათლეზე დაიწყო.
გენიალურია! მშვენიერია! ყოველთვის ასეთი კმაყოფილი როდია თავისი ნამუშევრით, მაგრამ ახლა, როცა კონუსი დაფიქსირებულია, ულტრამიკროსკოპიის პრინციპიც სახეზეა - დაკვირვება უნდა მოხდეს არა ნაწილაკებზე, არამედ ამ ნაწილაკების მიერ გაბნეულ სინათლეზე. ახლა უკვე ცხადია, ბავშვობაში რატომ ვერ იჭერდა მტვრის ნაწილაკებს. სინამდვილეში, მათი შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია. საქმე ისაა, რომ როცა გვგონია, ვუკვირდებით მტვერს მზის სხივებში, სინამდვილეში ჩვენ ვუკვირდებით მტვრის ნაწილაკების მიერ გაბნეულ სინათლეს. კოლოიდური ზომის ნაწილაკები გააბნევენ სინათლეს, რითაც ისინი შეიძლება გავარჩიოთ ჭეშმარიტი ხსნარებისგან. მაგალითად, საქაროზას წყალხსნარში ისინი ვერ დაიკვირვა.
მისტერ ტინდალი ამჯერად დაბინდულ არეში გაბნეულ სინათლეს გვერდიდან დააკვირდა და თვალწინ მოლურჯო-მოცისფრო შეფერილობა წარმოუდგა. ფურცელზე რაღაც ჩაინიშნა, განტოლების წევრებს შორის უკუპროპორციული დამოკიდებულება ახსენა და დაასკვნა - უმთავრესად გაიბნევიან მოკლე ტალღები სპექტრის ლურჯი და იისფერი ნაწილიდან. პირდაპირ გამავალ სინათლეზე კი იგივე კოლოიდური ნაწილები შეიფერა მოწითალო ფერად.
ამით აიხსნება, თუ რატომაა უფერო ზოლის და მინერალის ნარინჯისფერი-მოწითალო შეფერილობა პირდაპირ გამავალ სინათლეზე და ცისფერი გვერდითი განათებისას. ამასთანაა დაკავშირებული ცის ფერი აისისა და დაისის დროს.
გენიალურია, მშვენიერია - გაიმეორა კვლავ და ოთახში ავიდა. მეცნიერმა ლაბორატორიის კარი ღია დატოვა, ოთახის ყველა ფარდა გადასწია და კვლავ გააგრძელა წიგნის წერა.
გამოქვეყნებულია: 24-12-2019