"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:3, 25-26 გვ.
საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების საფრთხე და მოსალოდნელი რისკების მართვა, რეგულირება
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,მეოთხე კურსი
რეზიუმე: ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქიმიური ნივთიერებების წარმოების მოცულობისა და ამ სფეროში ვაჭრობის სრაფმა ზრდამ, აგრეთვე პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებულმა შესაძლო რისკმა, მსოფლიო საზოგადოებისა და ოფიციალური წრეების შეშფოთება გამოიწვია. ამ მხრივ განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა იმ ქვეყნებში, სადაც არ არის შექმნილი ამ ნივთიერებების იმპორტსა და გამოყენებაზე მონიტორინგისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა.
საკვანძო სიტყვები: ქიმიური ნივთიერებები, პესტიციდები, უსაფრთხოება, რეგულირება
ბოლო დროს საზოგადოებისა და ოფიციალური წრეების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებულმა შესაძლო რისკებმა. დღესდღეობით, განვითარებად ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობს საშიში ქიმიკატების გამოყენების შემცირების კამპანია,რომლის მიზანია უსაფრთხო ქიმიკატების გამოყენების პოტენციალის ზრდა და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატიული საშუალებების დანერგვის ხელშეწყობა.
ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია საქართველოშიც. ამ პრობლემების დროული და ეფექტური გადაწყვეტისათვის კი მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან გონივრული და ქმედითი მექანიზმების ამუშავება. ასევე, საზოგადოების ფართო მასების ინფორმირებულობის გაზრდა სახიფათო ქიმიკატების მოხმარების წესებისა და მათი გამოყენების შემცირების აუცილებლობის შესახებ.
საშიშ ქიმიურ ნივთიერებებში, როგორც წესი, მოიაზრება გარემოსაა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ქიმიკატების ორი უმნიშვნელოვანესი ჯგუფი :
- მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები;
- ოზონდამშლელი ნივთიერებები;
მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები (ქიმიური ნივთიერებები) ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში პესტიციდების, ხოლო წარმოებაში აზბესტის სახით. მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები ჰალოგენშემცვლელი, კანცეროგენული, ტოქსიკური და მუტაგენური ნივთიერებებია, რომლებიც წყალსა და ჰაერში გადაადგილდებიან და აკუმულირდებიან ნიადაგსა თუ წყლის ეკოსისტემებში. რაც შეეხება ოზონდამშლელ ნივთიერებებს, ოზონი წარმოადგენს ჯანგბადის ალოტროპიულ სახესხვაობას და მოლეკულური ჟანგბადისაგან განსხვავებით იგი ხასიათდება სპეციფიკური სუნით. ძლიერი ჟანგვითი თვისებების გამო კი მას ხშირად იყენებენ მრავალი ორგანული ნივთიერების მისაღებად, აგრეთვე ქაღალდის გასათეთრებლად, ცხიმების ამოსაყვანად და სხვა;
უნდა აღინიშნოს ,რომ საქართველო 1996 წლიდან არის ვენის კონვენციისა და მონრეალის ოქმის მხარე- ქვეყანა, რაც ავალდებულებს მას ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ამოღებას ეტაპობრივად. გაეროს განვითარების პროგრამა კი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობით ეხმარება საქართველოს ამ საერთაშორისო ვალდებულების შესრულებაში.
დღეს უკვე ყველა აღიარებს, იმ ფაქტს ,რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროცესში მინერაულური და ორგანული სასუქების, ასევე მცენარეთა დაცვის ქიმიურ საშუალებათა არასწორ გამოყენებას მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია გარემოზე, რაც საბოლოო ჯამში ნიადაგისა და ატმოსფეროს, მცენარეული და ცხოველური პროდუქტების, სასმელი და სარწყავი წყლის დაბინძურებას გამოიწვევს. პესტიციდების ერთ-ერთი ყველაზე საშიში თვისება მუტაგენური აქტივობაა, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანისა და მისი შთამომავლობის ჯანმრთელობაზე. საუბედუროთ, საქართველოს ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა ქიმიური პესტიციდებით. ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა დღეისათვის დარეგისტრირებულია დაახლოებით 190-მდე აქტიურად მოქმედი ნივთიერება და მათი სხვადასხვა კომპლექსური ნაერთების 400-მდე პესტიციდური პრეპარატი. მათი უმეტესი ნაწილი ჩინეთში, ინდოეთში, თურქეთსა და ბულგარეთში წარმოებულ დაბალი ხარისხის ქიმიურ პესტიციდებზე მოდის. სრული ბურუსითაა მოცული პესტიციდების დანიშნულების მიხედვით გამოყენების მდგომარეობაც. გარდა ამისა, არ წარმოებს აღრიცხვა თუ რომელ რეგიონში რა რაოდენობით და რა სახეობის პესტიციდი იქნა გამოყენებული. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, იმისათვის ,რომ განისაზღვროს სავარგულების პესტიციდური დატვირთვა .
ფოტო www.etmdh.wordpress.com
პრობლემას წარმოადგენს ისიც ,რომ მაშინ ,როცა საზოგადოების ზეწოლის შედეგად მაღალგანვითარებულ რეგიონებში შემოღებულია პესტიციდების მარეგულირებელი გაძლიერებული ნაციონალური სისტემები , კორპორაციები ახდენენ მათი ექსპორტის აქტიურ ზრდას განვითარებად ქვეყნებში, სადაც რეგულირება სუსტია ან საერთოდ არ არსებობს. ასეთ საზოგადოებებს არ აქვთ სრული ინფორმაცია მავნე ნივთიერებათა ზეგავლენის შესახებ, შესაბამისად პესტიციდებით მოწამვლის შემთხვევები აქ ბევრად აღემატება განვითარებული ქვეყნებისას.
2006 წელს დუბაიში ოქმის სახით მიღებულ იქნა სტრატეგიული მიდგომა ქიმიური ნივთიერებების საერთაშორისო მართვის შესახებ (Strateguc Approach to Sound Management of Chemicals, SAICM), რომლის საფუძველზეც განისაზღვრა, რომ 2020 წლისთვის მთელს მსოფლიოში ქიმიური ნივთიერებების წარმოებისა და გამოყენების უარყოფითი ზემოქმედება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი. ამისათვის კი სტრატეგიულად გათვალისწინებულ იქნა სამეცნიერო კვლევების, ინფორმაციის შეგროვების, გაცვლის და მათზე დამყარებული მართვის გაუმჯობესება, როგორც საერთაშორისო, ისე თითოეული ქვეყნის დონეზე.
დასკვნა: საბოლოოდ შეიძლება ითქვას რომ ადამიანის მიერ ქიმიური ნივთიერებების, განსაკუთრებით კი პესტიციდების ხანგრძლივმა და არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი მოხვედრა თითქმის ყველგან : ატმოსფეროში, ჰიდროსფეროში, ნიადაგსა და მცენარეებში, მათ შორის, ადამიანებისა და ცხოველების ორგანიზმშიც კი. ამიტომ, პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია გარკვეულ რეგულაციათა გატარება ,როგორც კანონმდებლობის ცვლილების ,ისე საზოგადოების თვითშეგნების ამაღლებისა და ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით.
ლიტერატურა:
- საქართველოს მწვანეთა მოძრაობა , N 1(19) .2012 წელი. 2-4 გვ
- https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/28090?publication=6
- საქართველოს ქიმიური პროფილი.2009 წელი. თავი 2 .34-40 გვ, თავი 6 .102 გვ
- http://www.saicm.org/About/SAICMOverview/tabid/5522/ language/en-US/Default.aspx
- http://www.fao.org/ag/portal/ags/ags-news/detail/en/ c/453956/
გამოქვეყნებულია: 25-01-2019