იერსახე

მეტალური ერბიუმი

ძირითადი თვისებები

იერსახე: მოვერცხლისფერო-თეთრი
Ar (სტანდარ).: 167.259
Ar (დაყვანლი): 167.26

ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი

ატომური ნომერი: 68
ჯგუფი: -
პერიოდი: 6
ბლოკი: f
ელექტრონული კონფიგურაცია: [Xe]4f12 6s2
ელექტრონები ორბიტალებზე: 2, 8, 18, 30, 8, 2

ფიზიკური თვისებები

აგრეგატ. ფაზა (ნპ) მყარი
ლღობის ტემპ.,°C 1529
დუღილის ტემპ.°C 2868
სიმკვრივე, გ/სმ3 9.066
კრიტიკული წერტილი:
წვის სითბო: 19.90
აორთლების სითბო: 280
მოლური სითბოთევადობა: 28.12  

ატომის თვისებები

ჟანგვითი რიცხვები: 0,+1, +2, +3  
ელექტოუარყოფითობა: 1.24 
იონიზაცია: I: 589.3 kJ/mol
II: 1150 kJ/mol
III: 2194 kJ/mol 
ატომური რადიუსი: 176  
კოვალენტური რადიუსი: 189±6 

სხვა თვისებები

კრისტალური სტრუქტურა: ჰექსაგნალური 
თერმული გაფართოვება: 12.2 
თერმული გამტარებლობა: 14.5  
ელექტრული წინაღობა: 0.860  
მაგნიტურობა: პარამაგნიტური 
იუნგის მოდული: 69.9  
ბალკის მოდული: 44.4  

ისტორია

დასახელება: ადგილმდბარეობის მიხედვით - სოფელი იტერბი (შვედეთი) 
აღმოჩენა: კარლ გუსტავ მოსანდერი (1843) 
პირველი სინთეზი:  

ერბიუმი

ერბიუმი წარმოადგენს ლანთანის სერიის ქიმიურ ელემენტს, მისი სიმბოლოა Er, ხოლო ატომური ნომერი 68. ერბიუმი მოვერცხლისფრო თეთრი მეტალია. იგი ბუნებაში ყოველთვის გვხვდება იშვიათ მიწათა ელემენტებთან ერთად მინერალ გადოლინიტში.

ერბიუმი, ძირითადად გამოიყენება მისი ვარდისფერი Er3+ იონის სახით. მას ფლუორესცენტული თვისებები აქვს და ამიტომ გამოიყენება ლაზერებში, როგორც ოპტიკური გამაძლერებელი არეები.

 

ისტორია

ერბიუმი აღმოჩენილ იქნა 1843 წელს კ. გ. მოსანდერის (Carl Gustaf Mosander) მიერ. მან მინერალ გადოლინიტიდან გამოყოფილი ”yttria” დაყო სამ ფრაქციად, რომელთაც უწოდა იტრია, ერბია და ტერბია. ახალ ელემენტებს სახელი ეწოდა სოფელ იტერბის მიხედვით, სადაც დიდი რაოდენობით იყო ლოკალიზებული იტრიუმი და ერბიუმი. სუფთა Er2O3 დამოუკიდებლად გამოყოფილ იქნა 1905 წელს გ. ურბაინის (Georges Urbain) და კ. ჯეიმსის (Charles James) მიერ.

შედარებით სუფთა მეტალური ერბიუმი მიღებულ იქნა 1934 წელს, როდესაც კლემმა (Klemm) და ბომერმა (Bommer) უწყლო ქლორიდი აღადგინეს კალიუმის ორთქლით. 1990 წლებში ჩინეთიდან შემოტანილი ერბიუმის ფასი იმდენად დაბალი გახდა, რომ შესაძლებელი გახდა მისი გამოყენება სამხატვრო მინების პიგმენტებად.

 

იზოტოპები

ბუნებაში გავრცელებულია ერბიუმის 6 სტაბილური იზოტოპი: 162Er, 164Er, 166Er, 167Er, 168Er და 170Er. დომინანტი იზოტოპია 166Er (33.503% ბუნებრივი გავრცელება).

სულ დახასიათებულია 20 რადიოიზოტოპი, რომელთაგან ყველაზე მდგრადია 169Er (რომლის ნახევარდაშლის პერიოდია 9.4 დღე), 172Er (ნახევარდაშლის პერიოდია 49.3 საათი), 160Er (ნახევარდაშლის პერიოდია 28.5 საათი), 165Er (ნახევარდაშლის პერიოდია 10.36 საათი) და 171Er (ნახევარდაშლის პერიოდია 7.516 საათი). ყველა დანარჩენი რადიოიზოტოპის ნახევარდაშლის პერიოდი 3.5 სთ-ზე ნაკლებია.

ამ ელემენტს ასევე გააჩნია 13 მეტა მდგომარეობა, რომელთაგან ყველაზე მდგრადია 167mEr (ნახევარდაშლის პერიოდია 2.269 საათი).

 

ფიზიკური თვისებები

სამვალენტიანი, სუფთა მეტალური ერბიუმი ჭედადი და რბილი მეტალია. იგი ჰაერზე მდგრადია და სხვა იშვიათ მიწათა მეტალებისაგან განსხვავებით, სწრაფად არ იჟანგება. მისი მარილები ვარდისფერია. მას ახასიათებს მკვეთრი შთანთქმის სპექტრი ხილულ, ულტრაიისფერ და ინფრაწითელ უბნებში.

ერბიუმის სესქვიოქსიდს ეწოდება ”ერბია”. ერბიუმს არა აქვს რაიმე ბიოლოგიური როლი, მაგრამ ფიქრობენ, რომ მას შეუძლია იყოს მეტაბოლიზმის სტიმულატორი.

ერბიუმი 19K-ზე ქვემოთ ფერომაგნიტურია, 19-დან 80K-ზე ანტიფერომაგნიტური და 80K-ზე ზევით -  პარამაგნიტური.

 


ერბიუმ (III)ქლორიდი მზის სინათლეზე ამჟღავნებს ვარდისფერ ფლუორესცენციას

ქიმიური თვისებები

მეტალური ერბიუმი ჰაერზე ნელა მუქდება. ადვილად იწვის ერბიუმ(III) ოქსიდის წარმოქმნით.

4 Er + 3 O2 → 2 Er2O3

ერბიუმი საკმაოდ ელექტროდადებითია, ნელა რეაგირებს ცივ წყალთან, ძალიან სწრაფად ურთიერთქმედებს ცხელ წყალთან და წარმოქმნის ერბიუმის ჰიდროქსიდს.

2 Er (მყ) + 6 H2O (სითხე) → 2 Er(OH)3 (ხსნ.) + 3 H2 (აირი)

მეტალური ერბიუმი რეაგირებს ყველა ჰალოგენთან.

2 Er (მყ) + 3 F2 (აირი) → 2 ErF3 (მყ) [ვარდისფერი]

2 Er (მყ) + 3 Cl2 (აირი) → 2 ErCl3 (მყ) [იისფერი]

2 Er (მყ) + 3 Br2 (აირი) → 2 ErBr3 (მყ) [იისფერი]

2 Er (მყ) + 3 I2 (აირი) → 2 ErI3 (მყ) [იისფერი]

 

ერბიუმი სწრაფად იხსნება განზავებულ გოგირდმჟავაში და წარმოქმნის ქელატირებულ ერბიუმ(III) იონის შემცველ ხსნარებს, რომლებიც არსებობენ ყვითელი [Er(OH2)9]3+ ჰიდრატირებული კომპლექსების სახით.

2 Er (მყ) + 3 H2SO4 (ხსნ.) → 2 Er3+ (ხსნ.) + 3 SO24 (ხსნ.) + 3 H2 (აირი)

 

 

მონაზიტის ქვიშა

გავრცელება

დედამიწის ქერქში ერბიუმის კონცენტრაცია დაახლოებით 2.8 მგ/კგ-ია, ხოლო ზღვის წყლებში კი - 0.9 ნგ/ლ. ეს კონცენტრაცია საკმარისია, რათა ერბიუმი ჩაითვალოს დედამიწის ქერქში გავრცელებით ორმოცდამეხუთე ელემენტად, უფრო გავრცელებულად ვიდრე კარგად ცნობილი ელემენტი - ტყვია.

იშვიათ მიწათა ელემენტების მსგავსად, ერბიუმი არასოდეს არ გვხვდება ბუნებაში თავისუფალი სახით. იგი გვხვდება მონაციტის საბადოებში. მისი გამოყოფა სხვა იშვიათ მიწათა მეტალებიდან საკმაოდ ძნელია, მაგრამ მე-20 საუკუნის მიწურულს, იონგაცვლითი ტექნოლოგიების განვითარებამ გაამარტივა მათი  სუფთა სახით მიღება და მნიშვნელოვნად შეამცირა იშვიათ მიწათა მეტალების და მათი ნაერთების წარმოების ფასი. ერბიუმის ძირითადი კომერციული წყაროა მინერალები: ქსენოთაიმი და ეუქსენიტი. ამჟამად, ამ ელემენტის ძირითადი მომწოდებელია ჩინეთი. ამ საბადოებში იტრიუმი არის წონით ორი მესამედი, ხოლო ერბიუმი კი დაახლოებით 4-5%-ია.

 

 

მიღება

დაქუცმაცებულ მინერალებზე მოქმედებენ ქლორწყალბადით ან გოგირდმჟავათი, რის შედეგადაც უხსნადი იშვიათ მიწათა ოქსიდები გადადიან ხსნად ქლორიდებსა და სულფატებში. მჟავა ფილტრებს ანეიტრალებენ კაუსტიკური სოდით (ნატრიუმის ჰიდროქსიდი) pH 3-4-მდე. თორიუმი ხსნარიდან ილექება თორიუმის ჰიდროქსიდის სახით და სცილდება ხსნარს. ამის შემდეგ ხსნარი მუშავდება ამონიუმის ოქსალატით, რომელსაც იშვიათ მიწათა ელემენტები გადაჰყავს თავის უხსნად ოქსალატებში. ისინი გამოწვით გარდაიქმნებიან ოქსიდებში, რომლებიც შემდგომ იხსნება აზოტმჟავაში, გარდა ერთი ძირითადი კომპონენტის - ცერიუმისა, რომლის ოქსიდი არ იხსნება აზოტმჟავაში. ხსნარი მუშავდება მაგნიუმის ნიტრატით და წარმოიქმნება იშვიათ მიწათა მეტალების ორმაგი მარილების კრისტალური ნარევები. მარილების გამოყოფა ხდება იონ-გაცვლითი პროცესებით.

იშვიათ მიწათა იონები შემდგომ სელექციურად ირეცხება შესაბამისი კომპლექსური აგენტით. მეტალური ერბიუმი მიიღება მისი მარილებისა ან ოქსიდებისაგან 1450°C ტემპერატურაზე კალციუმთან გაცხელებით არგონის ატმოსფეროში.

 

 

გამოყენება

ერბიუმით შეფერილი მინა

ერბიუმის გამოყენება მრავალფეროვანია. მას იყენებენ ფოტოგრაფიული ფილტრებად,  ელასტიკური თვისებების გამო კარგი მეტალურგიული დანამატია. გარდა ამისა, ერბიუმი გამოიყენება ბირთვულ ტექნოლოგიებში ნეიტრონების შთანთქმის გამანაწილებელ ღეროებში.

ვანადიუმის შენადნობში ერბიუმის დამატება ამცირებს შენადნობის სიმაგრეს და ეს უკანასკნელი უფრო ადვილად დასამუშავებელი ხდება.

ერბიუმის ოქსიდი ვარდისფერია და იგი ზოგჯერ გამოიყენება მინის შეფერვისათვის. ერბიუმით შეფერილი მინები ხშირად გამოიყენება მზის სათვალეებში და იაფფასიან სამკაულებში.

ერბიუმ ჩანერგილი ოპტიკური კვარცის მინის ბოჭკოები აქტიურ ელემენტს წარმოადგენენ ერბიუმ ჩანერგილ ბოჭკოვან გამაძლიერებლებში (EDFAs), რომლებიც ფართოდ გამოიყენებიან ოპტიკურ კომუნიკაციებში. იგივე ბოჭკოები შეიძლება გამოყენებულ იქნას ბოჭკოვან ლაზერებში.

ერბიუმ-ნიკელის შენადნობს Er3Ni გააჩნია უჩვეულოდ მაღალი სპეციფიკური სითბოტევადობა თხევადი ჰელიუმის ტემპერატურაზე და გამოიყენება კრიოგამაცივებლებში: 65% Er3Co და 35% Er0.9Yb0.1Ni მოცულობის ნარევი საკმაოდ აუმჯობესებს სპეციფიკურ თბოტევადობასაც.

 

ბიოლოგიური როლი

სხვა ლანთანოიდების მსგავსად, ერბიუმის ნაერთები ზომიერად ტოქსიკურია, თუმცა მათი ტოქსიკურობა დეტალურად არ არის გამოკვლეული. მეტალური ერბიუმის მტვერი ცეცხლსაშიშია და შეიცავს აფეთქების რისკს.

 

 

მასალა მომზადებულია www.wikipedia.com -ის მიხედვით