2017 წლის ნობელის პრემია კრიო-ელექტრონული მიკროსკოპის შექმნისათვის

2017 წლის ნობელის პრემია ქიმიაში მიენიჭა სამ მეცნიერს ჯეკი დუბოჩეტს (ლოზანის უნივერსიტეტი), ხოაკიმ ფრანკს (კოლუმბიის უნივერსიტეტი) და რიჩარდ ჰერდენსონს (მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია, კემბრიჯი) „კრიო-ელექტრონული მიკროსკოპის შექმნისათვის, ხსნარებში ბიომოლეკულების სტრუქტურის მაღალი რეზოლუციით განსაზღვრისათვის“. ნობელის პრემიამ 1.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რომელიც თანაბრად განაწილდება სამივე მეცნიერზე.



კრიო-ელექტრონულ მიკროსკოპში ელექტრონების ნაკადით დასხივება წარმოებს გაყინულ ნიმუშზე, რომელიც როგორც წესი მოთავსებულია თხევად ეთანში. სინჯის გავლის შემდეგ ელექტრონები გადაიხრებიან სხვადასხვა მიმართულებით და მაღალი გარჩევადობის სურათს იძლევიან.



ელექტრონული ნაკადი, როგორც წესი, აზიანებს სინჯის ბიომოლეკულას. კრიო-მიკროსკოპირებისას კი ბიომოლეკულის დაზიანება მინიმუმამდე დადის. მასთანავე, ადგილი არ აქვს ვაკუუმ-კამერაში დეჰიდრატაციას.

კრიო-მიკროსკოპით მიღებული სურათების მაღალი გარჩევადობის გამო, ივარაუდება, რომ ახალი ტექნიკა დიდ დახმარებას გაწევს მეცნიერების არაერთ სფეროს.



ჯეკი დუბოჩეტი. დაიბადა 1942 წელს (აიგლი, შვეიცარია). 1973 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი. მუშაობდა ჟენევისა და ბაზელის უნივერსიტეტებში. ლოზანის უნივერსიტეტის (შვეიცარია) ბიოფიზიკის საპატიო პროფესორი. (დამატებითი ინფორმაცია )



ხოაკიმ ფრანკი. დაიბადა 1940 წელს სიეგენში (გერმანია), 1970 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი (მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი). კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოფიზიკის პროფესორი (დამატებითი ინფორმაცია).



რიჩარდ ჰერდენსონი. დაიბადა 1945 წელს ედინბურგში (შოტლანდია). 1969 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი (კემბრიჯის უნივერსიტეტი). კემბრიჯის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის პროგრამის ხელმძღვანელი. (დამატებითი ინფორმაცია)

 

 




წყარო:
nobelprize.org

გამოქვეყნებულია: 05-10-2017






უკან დაბრუნება 

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას