სიახლეები

IChO-2021 საზეიმოდ დაიხურა

2 აგვისტოს,  თბილისის დროით 16:00 საათზე, დაიწყო ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის IChO-2021-ის საზეიმო დახურვის ცერემონიალი.

წლევანდელი ოლიმპიადა საქართველოს ეროვნული ნაკრებისათვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენმა გუნდმა  ბრინჯაოს სამი  მედალი მოიპოვა.

IChO-2021-ის ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ:

  1. ქეთევან პერანიძე - IChO-ს დებიუტანტი, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე (მე-10 კლასი), რომელმაც თავი ორგანული ქიმიის ურთულეს საკითხებს გაართვა და ძალიან მცირე ქულა დააკლდა ვერცხლის მედალი რომ მიეღო. წლევანდელი ამოცანები,  ბოლო წლების ქიმიის ოლიმპიადების ერთ-ერთ ყველაზე რთული გახლდათ.
  2. ნინო აბესაძე - საქართველოს ქიმიის ნაკრების ისტორიაში პირველი მონაწილე, რომელმაც სამ ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა და ბოლოს მაინც მედლით დაამთავრა თავისი ასპარეზობა.
  3. იოანე კაპანაძე - ჩვენი ნაკრების ისტორიაში პირველი მონაწილეა, რომელმაც მეცადინეობის ყველაზე მოკლე პერიოდში შეძლო IChO-ს მედალოსანი გამხდარიყო.

აქვე მინდა აღვნიშნო ჩვენი ნაკრების მეოთხე წევრის, ასევე მე-10 კლასელი  ლიზი დარჩიას თავდადება. ორი თვის წინ ჩატარებული მენდელეევის ოლიმპიადის შედეგებიდან (5%) ძალიან დიდი წინსვლა გააკეთა (28%). ეს კი იმის იმედს გვიტოვებს, რომ შემდეგ ოლიმპიადებზე ისიც გაგვახარებს თავისი წარმატებით.

 

მიღწეული შედეგი არაერთი ადამიანის თავდაუზოგავი და უანგარო შრომის შედეგია. პირველ რიგში უნდა ვახსენო ნაკრების მწვრთნელთა შემადგენლობა:  ვახტანგ კურცხალია, თინათინ ბუთხუზი და სოფიკო ფაცაცია. ნაკრების მომზადებაში ასევე ძალიან დიდი შრომა გასწიეს ქიმიის ოლიმპიადის წინა წლების მედალოსნებმა გიორგი პეტრიაშვილმა და ლაშა ხუციშვილმა.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ თეორიული ტურის ლოკალური საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს ეკა მიქაუტაძეს,  გია ხატისაშვილს, მარიამ ღაჭავას,  თამარ ბოკუჩავას და თამარ ხატისაშვილს, რომელთაც თეორიული ტური IChO-ს საერთაშორისო კომიტეტის მოთხოვნების სრული დაცვით ჩაატარეს.

დიდი მადლობა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდს, საქართველოს ნაკრების ოლიმპიადაში მონაწილეობის ფინანსური მხარდაჭერისათვის.

დიდი მადლობა საქართველოს აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებს, რომელიც ტრადიციულად  უანგაროდ და უშურველად გვითმობს  თავის ინფრასტრუქტურას მთელი წლის განმავლობაში ნაკრების მომზადებისათვის.

 

გამოქვეყნებულია: 10-09-2021


 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები