5 ოქტომბერს გაიმართა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დაჯილდოების ცერემონიალი

5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გაიმართა  „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“-ს დაჯილდოების ცერემონიალი.  წელს კონკურსი უკვე მესამედ ჩატარდა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა  განათლების კოალიციის ინიციატივით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით. კონკურსი გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია და მიზნად ისახავს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას.

 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში წელს 127 მასწავლებელი ჩაერთო. მათგან საუკეთესო განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.  2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი, გიორგი ჭაუჭიძე გახდა.

 

კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი. კონკურსი ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლიბერთი ბანკის, ტელეკომპანია იმედის, საზოგადოებრივი მაუწყებელის და მარკეტინგული კომპანიის „4MEDIA“ მხარდაჭერით.

 

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია, რომელმაც 2018 წელს დააფუძნა სპეციალური პრიზი კონკურსის მონაწილეთა საუკეთესო ათეულის ბუნებისმეტყველების მასწავლებლისათვის.  

 

მიმდინარე წელს სპქა-ს რჩეული მასწავლებელი გახდა  ქიმიის დოქტორი, ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი ხათუნა გოგალაძე.  

 

იგი 2017 წლიდან მუშაობს ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლად.  მან პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო 2005 წლიდან მარი ბროსეს სახელობის ქართულ-ფრანგულ სკოლა-ლიცეუმში, სადაც ასწავლიდა  ბიოლოგიას როგორც ქართულ, ასევე ფრანგულ ენაზე. 2011 წელს ქალაქ ლიონში, საფრანგეთის მასწავლებელთა მე-4 საერთაშორისო ფორუმზე, ხათუნა დასახელდა გამარჯვებულად და მიენიჭა ინოვატორი ექსპერტ-მასწავლებლის ტიტული.

 

ხათუნა მოსწავლეებთან მუშაობს არაფორმალური მიმართულებითაც საბუნებისმეტყველო კლუბში. პირველად კლუბი 2012 წელს დააარსა. ის მიიჩნევს, რომ მარტივი ექსპერიმენტები, კვლევითი პროექტები, ლაბორატორიული სამუშაოები, ზოგჯერ მულაჟებისა და მოდელების კეთება მნიშვნელოვნად ამაღლებს მოსწავლეთა საგნისადმი მოტივაციას, ხელს უწყობს მათი ცოდნის გააქტიურებას, რაც აუმჯობესებს  საგნობრივი კომპეტენციის ხარისხს. მოსწავლეები მიღებულ ცოდნას უკავშირებენ ყოფა-ცხოვრებას. ბიოლოგიის საგანი ხდება უფრო მიმზიდველი და დაძლევადი. ხათუნა აწყობს მეცნიერული კვირეულს, სადაც მოსწავლეები წარადგენენ კვლევითი პროექტებს. მოსწავლეებს უვითარდებათ გუნდურობის, თანასწორობის, საუბრის კულტურის, აუდიტორიის ფლობის, სხვისი აზრის პატივისცემის, საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დასაბუთების უნარი. კრიტიკული აზროვნების გასავითარებლად იყენებს თავის მიერ შექმნილ  მედიაწიგნიერების გაკვეთილებს. მისთვის პრიორიტეტულია მოსწავლეებში სწავლის მიმართ  გულისხიერი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

 

ბიოლოგიის საგნის პოპულარიზაციის მიზნით 2013 წელს მან დააარსა  არასამთავრობო ორგანიზაცია “ასოციაცია-ბიო”, რომლის, როგორც დამფუძნებელი, ასევე აღმასრულებელი დირექტორია. ორგანიზაციის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ორჯერ მოიპოვა საგრანტო პროექტი, რომლის ფარგლებში გამოცდილება გაუზიარა საქართველოს ბიოლოგიის მასწავლებლებს. გრანტის ფარგლებში მისი ორგანიზატორობით შედგა ორი კონფერენცია, როგორც აღმოსავლეთ, ასე დასავლეთ საქართველოში. ხათუნა მუდმივად უზიარებს გამოცდილებას ვებინარებსა თუ სამუშაო შეხვედრებზე ბიოლოგებს.

 

სპქა კიდევ ერთხელ გულითადად ულოცავს ხათუნა გოგალაძეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის კონკურსის ათეულში მოხვედრას და უსურვებს პროფესიულ წარმატებას.

 

 

  

გამოქვეყნებულია: 07-10-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას