2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

2018 წლის 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გაიმართა “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ დაჯილდოების ცერემონია.

მიმდინარე წლის “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გახდა ბაღდათის მე-2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა კაპეტივაძე.

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ სპეციალური პრიზი გადასცა მის რჩეულს, საჩხერის მე-2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელს ელისო აბრამიშვილს.

ელისო აბრამიშვილის პედაგოგიური პრაქტიკა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებით გამოირჩევა. მოსწავლეთა ჩართულობის და მოტივაციის გაზრდის მიზნით იგი იყენებს მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს. ქიმიის გაკვეთილებს ატარებს ლაბორატორიაში, სადაც მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მისი მეთვალყურეობის ქვეშ თავად დაგეგმონ და განახორციელონ ექსპერიმენტები, განახორციელონ პროცესების მოდელირება და თეორიული ცოდნა დაუკავშირონ ცხოვრებისეულ სიტუაციებს. ელისო მოსწავლეებთან მუშაობის დროს ცდილობს საგნობრივი ცოდნის გენერირებასთან ერთად დაეხმაროს მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებაში, რათა შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა, პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, იყვნენ ემპათიურები და შემწყნარებლები. ელისოსთვის უმნიშვნელოვანესია მშობელთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში. სასკოლო საზოგადოების ყველა რგოლის გააქტიურების მიზნით, ის იყენებს პროექტული სწავლების მიდგომებს და კლუბური მუშაობის პრაქტიკას.

ელისოს მოსწავლეები წარმატებული სტუდენტები არიან STEM-ის მიმართულებითი. მის მიერ მოსწავლეების ჩართულობით განხორციელებულმა პროექტებმა არაერთგზის დაიკავეს საპრიზო ადგილები ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში, მათ შორის MEF უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტების ოლიმპიადაზე. აღსანიშნავია წარმატებული კვლევითი პროექტები: „მეორადი ნამწვი ზეთების უტილიზაცია და მათი ბიოდიზელად გარდაქმნა.”; „ფოსფორაპატიტის გამოყენება სტომატოლოგიასა და ძვლოვან ქირურგიაში“; „მენიუ კალორიებით - ერთი ნაბიჯი ჯანსაღი კვებისკენ“.

მისთვის უმნიშვნელოვანესია საგანმანათლებლო და პროფესიული საზოგადოების საქმიანობაში აქტიური ჩართულობა. ამ კუთხით, იგი საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის აქტიური წევრია. კოლეგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მხრივ მან დანერგა შეხვედრების პრაქტიკა, რომლის დროსაც პედაგოგები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. კათედრის მასწავლებლებთან ერთად ატარებს ინტეგრირებულ გაკვეთილებს, სოციალური ქსელით აქტიური კავშირი აქვს სხვა რეგიონის მასწავლებლებთან. თემის ჩართულობით ახორციელებს პროექტებს საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიზნით.



წყარო

  

გამოქვეყნებულია: 04-11-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას