ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-8 საერთაშორისო ოლიმპიადა

3 მაისს თბილისი მილის შენობაში საზეიმოდ გაიხსნა ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-8 საერთაშორისო ოლიმპიადა. ოლიმპიადის გახსნისადმი მიძღვნილ ოფიციალური ლენტის გაჭრის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, “ჩაღლარის” სასწავლო დაწესებულებებისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოების თავმჯდომარე ადემ ონელმა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა.



ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ მათ საკუთარი ინოვაციური გამოგონენები რაც შეიძლება ფართო წრეებს გააცნონ. ოლიმპიადა ერთი მხრივ ეხმარება ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ ინოვაციაზე დამყარებული ბიზნეს იდეების განვითარებას უწყობს ხელს. ოლიმპიადა ასევე ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდებს შორის კავშირების დამყარებას და კულტურული კავშირების გაღრმავებას.



სწორედ ამ მიზნით, ოლიმპიადაზე თითოეული ქვეყნის მონაწილეს საკონკურსო პროექტთან ერთად საშუალება ექნება საკუთარი ქვეყანა გააცნოს საზოგადოებას.



აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩამოსული 36 ქვეყნის წარმომადგენლების უმეტესობა მასპინძელ ქართულ ოჯახებში იცხოვრებს.



წლევანდელ ოლიმპიადაზე მონაწილეობას იღებენ სკოლის მოსწავლეები ევროპიდან, აზიიდან, ამერიკიდან და აფრიკიდან. გამარჯვებული მონაწილე კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს ასპარეზობას.



ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება VII-XII კლასის ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია, რომელსაც საკუთარი გამოგონება აქვს. ოლიმპიადის გახსნის ღონისძიებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, საელჩოების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ოლიმპიადის ფინალური ეტაპი და გამოფენა 4 მაისს დასრულდება და წარმოდგენილი იქნება 36 ქვეყნის 120 გამოგონება, ხოლო გამარჯვებულები 5 მაისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში დაგეგმილ ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან.



ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა VIII საერთაშორისო ოლიმპიადა - IYIPO (International Young Inventors Project Olympiad) ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მისი ორგანიზატორი საქართველოში მოქმედი ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებაა. “

მასალ იხილეთ სრულად Georgia News Daily-ის ვებ გვერდზე


  

გამოქვეყნებულია: 02-09-2014




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას