სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია "STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსის" გამარჯვებული მასწავლებელი ელისო აბრამიშვილი



 

 

ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩემს სკოლას, მოსწავლეებს.

- ქალბატონო ელისო, პირველ რიგში ასოციაციის სახელით გულითადად გილოცავთ STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსში გამარჯვებას. ეს თქვენი მორიგი გამარჯვებაა და დარწმუნებული ვართ, კიდევაც მრავალ წამატებას მოგილოცავთ. თუ შეიძლება ჩვენს მკითხველს მოკლედ მოუყევით კონკურსის შესახებ.

STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსი  ხელს უწყობს STEAM განათლების პოპულარიზაციას. მასწავლებელთა  და მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას, გამოცდილების გაზიარებას, ურთიერთთანამშრომლობას. ეს მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა, რადგან „STEAM განათლება ეს არის განსხვავებული ფიქრი, კვლევა, ექსპერიმენტი, ახლის ძიება. ეს არის მომავლის სწავლება! STEM სწავლება აადვილებს სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურ მართვას, ხელს უწყობს ახალგაზრდებში იმ უნარების განვითარებას, რომლითაც ისინი შეძლებენ გახდნენ თანამედროვე საზოგადოების სრულფასოვანი წევრები – შეძლონ აწმყოს შეცვლა საუკეთესო მომავლის იმედით!”

 

- რა მიზანს ემსახურება STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსი?

პროექტის მთავარი მიზნები გახლავთ STEAM მიმართულების მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მათი მოტივაციის გაზრდა. STEAM მიმართულებით ინოვაციური მეთოდების გაზიარება მთელი საქართველოს მასშტაბით, STEAM მიმართულების ფარგლებში შექმნილი პროექტების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა მათ  შექმნაში. ჩემი აზრით, ეს ყოველივე ხელს შეუწყობს და წაახალისებს სწავლების პროცესში საინტერესო და ინოვაციური მიდგომების დანერგვას და მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემას, რაც თავის მხრივ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ქვეყნის განვითარებაზე აისახება.

 

- რამდენი ტურისგან შედგებოდა  კონკურსი?

კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე ხდებოდა  აპლიკაციების შერჩევა. მომდევნო ეტაპზე გადასულ მონაწილეებს უნდა ჩაეწერათ  ვიდეო, სადაც მონაწილე მასწავლებლები ისაუბრებდნენ STEAM პროექტებზე მუშაობის გამოცდილების შესახებ. მესამე ეტაპი მოიცავდა  გასაუბრებას და ფინალისტების გამოვლენას. მეოთხე ეტაპზე ფინალისტებს საგამოფენო სივრცეში უნდა წარედგინათ საკუთარ მატერიალური პროდუქტი მოსწავლეებთან ერთად. ბოლო ეტაპზე კი ჟიური დაასახელებდა და დააჯილდოვებდა საპრიზო ადგილის მქონე მასწავლებლებს, ასევე, გამოვლენდა წლის საუკეთესო STEAM ინოვატორ მასწავლებელს.

 

- რამდენი მასწავლებელი მონაწილეობდა STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსის თითოეულ ტურზე?

კონკურსში სულ 75 მასწავლებელი დარეგისტრირდა. კონკურსის შესარჩევ მეორე ეტაპზე გადავიდა და მონაწილეობა გააგრძელა 24-მა მასწავლებელმა. მესამე ეტაპზე მონაწილეობა გააგრძელა 15-მა მასწავლებელმა. ფინალური ეტაპისთვის შეირჩა 10 მასწავლებელი, რომლებმაც კონფერენციაზე წარადგინეს მოსწავლეებთან ერთად კლუბში განხორციელებული პროექტები. STEAM ინოვატორ მასწავლებელთა ბოლო ეტაპზე გამოვლინდა სამი საპრიზო ადგილის მფლობელი STEAM მასწავლებელი და დასახელდა საუკეთესო STEAM მასწავლებელი.

 

- რა დავალებების შესრულება გევალებოდათ თითოეულ ტურში?

პირველი ტურის დავალება იყო - საკონკურსო განაცხადის შევსება. მეორე ტური ავალებდა მასწავლებლებს შეექმნათ ვიდეო რესურსი, სადაც მასწავლებლები STEM მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და დაგროვილ გამოცდილებაზე ისაუბრებდნენ. მესამე ტურში მასწავლებლებს ჰქონდათ ონლაინ გასაუბრება ჟიურის წევრებთან, სადაც მათ უნდა ესაუბრათ ფინალურ ტურში წარსადგენ პროექტზე. ფინალურ ეტაპზე მოსწავლეებთან ერთად უნდა წარედგინათ STEAM პროექტი.

 

- თუ შეიძლება ცოტა უფრო დაწვრილებით გვითხრით კონკურსის შესახებ. რა გზა განვლეთ გამარჯვებამდე?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და “STEM მასწავლებელთა ასოციაციის” ერთობლივ პროექტზე STEAM  ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსზე რეგისტრაცია 26 ოქტომბერს დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა საქართველოში მოქმედ საჯარო და კერძო სკოლების სამივე საფეხურის STEAM მიმართულების საგნების მასწავლებლებს შეეძლოთ. პირველ ეტაპზე შევავსე კითხვარი. მოცემული კითხვები მოიცავდა ინფორმაციას STEAM კლუბში გაწეული მუშაობის, გამოცდილების, წარმატების შესახებ. კითხვარის შევსების დროს დეტალურად აღვწერე ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ საბუნებისმეტყველო კლუბში განხორციელებული აქტივობები, ჩვენი მიგნებები, გამოწვევები, ამ გამოწვევების გადასაჭრელი გზები და  ერთობლივი მუშაობით მიღწეული წარმატებები. მეორე ეტაპის დავალება მოიცავდა ვიდეო კონკურსს. ვიდეო კონკურსში უნდა წარმომედგინა STEAM კლუბის ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე და შესაბამისად გადავიღეთ ჩვენი კლუბის მუშაობის ერთი დღე, კერძოდ, როგორ ვგეგმავ კოლეგებთან ერთად ინტეგრირებულ პროექტებსა თუ გაკვეთილებს, სამუშაო პროცესს და განსახორციელებელ თეორიულ თუ ექსპერიმენტულ აქტივობებს. ვიდეო რგოლში მოსწავლეებმა კი ისაუბრეს იმ ცოდნასა და გამოცდილებაზე, რომელიც დაუგროვდათ პროექტზე მუშაობის დროს, საგანთშორისი ინტეგრირების როლსა და განხორციელებული ცოდნის ტრანსფერზე, STEAM პროექტების მნიშვნელობაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში. მესამე ეტაპზე მქონდა ონლაინ გასაუბრება ჟიურის წინაშე, სადაც უკვე დეტალურად ვისაუბრე  კონკრეტულად იმ პროექტზე, რომელიც უნდა წარმედგინა STEAM კონფერენციის ფინალურ ეტაპზე. ჟიურის წინაშე დავასაბუთე პროექტის აქტუალურობა და  საჭიროება. ვისაუბრე რა უნარები განუვითარდათ პროექტში მონაწილე მოსწავლეებს. ფინალურ ეტაპზე ჩემს მოსწავლეებთან ერთად  ჟიურის წინაშე წარვადგინეთ STEAM პროექტი, რომელიც თავის თავში მოიცავდა ქიმიის, ფიზიკისა და ინჟინერიის ინტეგრირებას. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა საშუალო საფეხურის სამი მოსწავლე: ლულა აბრამიშვილი, ალიკა კაპანაძე და თინათინ კირვალიძე. ჩვენ შევქმენით ხელსაწყო, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც სიმძლავრის მარეგულირებელი მოწყობილობა. ხელსაწყოს მუშაობის პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: სპილენძის ორ ფირფიტას შორის მოთავსებულია ხის ფირფიტა, სადაც ჩამაგრებულია გააქტიურებული ნახშირის აბები, ფირფიტები ერთმანეთთან შეერთებულია მიმდევრობით. როდესაც მოხდება წნევის ცვლილება (გარეშე ძალების მოქმედებით), მყისიერად იცვლება ნახშირის წინაღობა, იზრდება ნახშირის ფოროვანი ზედაპირის ფართობი, რაც იწვევს წრედში დენის ცვლილებას. ამ ხელსაწყოთი ჩვენ შეგვიძლია ვცვალოთ ძრავის ბრუნთა რიცხვი და ნათურის სიკაშკაშე. აღნიშნული ხელსაწყოს გამოყენება შესაძლებელია ელექტრო საწყობებში და დინამო მეტრებში, როგორც სიმძლავრის მარეგულირებელი მოწყობილობა.

 

-  თქვენი აზრით, რომელი ტური იყო ყველაზე რთული?

ჩემი აზრით, ყველა ტური იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოწვევა, რომელიც მასწავლებელს დაეხმარება შეაფასოს და გააზიაროს საკუთარი პედაგოგიური გამოცდილება STEAM სწავლების მიმართულებით;

 

- ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც თქვენს გვერდით იდგნენ და მხარს გიჭერდნენ მთელი კონკურსის განმავლობაში?

- ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩემს სკოლას, მოსწავლეებს. საბუნებისმეტყველო კათედრის ყველა წევრს, რომლებიც ჩემს გვერდით იდგნენ. განსაკუთრებით გამოვყოფდი ფიზიკის პედაგოგს და STEAM კლუბის ერთ - ერთი მენტორს, ბაია აბრამიშვილს, რომლის ფასილიტაცია მნიშვნელოვანი იყო ფიზიკის მიმართულებით; პროექტის ფარგლებში ბაია მასწავლებელთან ერთად მოსწავლეებმა სიღრმისეულად გაიარეს ელექტოგამტარობის, წნევისა და წინაღობის თეორიული ასპექტები და ხელსაწყოს შექმნის პროცესში ისინი აქტიურად ითვალისწინებდნენ მის მიერ გამოთქმულ რჩევებსა თუ მოსაზრებებს.

 

- რა რჩევას მისცემდით იმ პედაგოგებს, რომლებიც მომავალში დააპირებენ კონკურსში მონაწილეობას?

აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სკოლაში საბუნებისმეტყველო კლუბი. მოსწავლეებთან ერთად  უნდა განახორციელონ კვლევითი ინტეგრირებული პროექტები.

 

- რა არის თქვენი სამომავლო ამოცანები და მიზნები?

ვემზადებით ქიმიის კონფერენციისთვის „ოქროს რიცხვი 2023“, სადაც წარვადგენთ ქიმიის კლუბში „ მომავლის ქიმიკოსები“ განხორციელებულ კვლევით პროექტებს;

ვმონაწილეობთ  ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის, საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლისა და STEM მასწავლებლების ასოციაციის პროექტში "ციფრული მოქალაქეობა სკოლებში".

ჩართული ვართ  პროექტში „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში”;

ვემზადებით 2023 წლის 26-28 მაისს ვარშავაში (პოლონეთი) გამართულ  სამეცნიერო პიკნიკისთვის, სადაც ჩვენი კლუბი იღებს მონაწილეობას;

 

- დიდი მადლობა დრო რომ დაგვითმეთ. ბოლოს რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?

STEM-ის დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში და ის უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის განვითარებას, კეთილდღეობას, უახლეს სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს. ცნობილი გამონათქვამის მიხედვით, „მომავლის პროფესიები STEM პროფესიებია.”


STEAM ინოვატორ მასწავლებელთა კონკურსის ფინალური ტური

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 24-02-2023