სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია ონლაინ სკოლა “ზურგჩანთას“ მე-9 კლასის მასწავლებელი ანი ბასილიძე



 

 

მასწავლებლობა მუდმივად ახლის სწავლის სურვილი და ძიებაა

- გაგვეცანით. ვინ არის ანი ბასილიძე?

მოგესალმებით. 2016წ. დავამთავრე  სსიპ-ლესია უკრაინკას სახელობის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლა.

სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე მომავალში ცოდნა ქიმიის კუთხით გამეღრმავებინა. ამიტომ ჩავაბარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე, ქიმიის საბაკალავრო პროგრამაზე.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ვიყავი სახელმწიფო სტიპენდიანტი, ვცდილობდი აქტიური  მონაწილეობა მიმეღო ქიმიასთან დაკავშირებულ პროექტებსა და ღონისძიებებში: 2016 წელს ჩართული ვიყავი პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის პროექტში „ შეიყვარე პროფესია, შეაყვარე სხვას“. 2017 წელს-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ავიღე  მეორე ადგილი. 2018 წელს საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის  პროექტში „ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი“ კურატორობას ვუწევდი ზუგდიდი, მარტვილი, სენაკი, ჩხოროწყუ, ხობი, დუშეთის რაიონის სკოლების ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბებს. 2019 წელს ვიყავი  საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული  მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური კონფერენციის „ოქროს რიცხვი“ ორგანიზატორი.  ამავე წელს ავიღე სერთიფიკატი წარჩინებული სტუდენტისთვის „საწარმო პრაქტიკაში“.

 

- რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?

მასწავლებლის პროფესიის  ინსპირაცია ჩემში სკოლიდან დაიწყო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა, რადგან ჩემთვის, ამ დარგის (ქიმიის)  გაცნობა საკუთარ პროფესიაზე, უზომოდ შეყვარებულმა მასწავლებელმა დაიწყო. იგი  ყველა ბავშვისთვის ცდილობდა  (ახლაც ცდილობს)  დაენახვებინა  თუ რა ძალა აქვს  ცოდნას, წარმოექმნა  და გაეღვივებინა, ის ინტერესის ნაპერწკალი, რომელიც ეტაპობრივად მიიყვანს ადამიანს განათლებამდე.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდმა, კიდევ უფრო დამარწმუნა იმაში, რომ ნამდვილად მინდა მასწავლებლის პროფესიის დაუფლება.

უნივერსიტეტშიც იღბლიანი აღმოვჩნდი და მომიწია, ისეთ ლექტორებთან შეხება, რომლებმაც კიდევ და კიდევ, გაზარდეს და გაამყარეს სურვილი ამ პროფესიაში საკუთარი თავის დანახვის.

მასწავლებლობა პროფესიაზე ბევრად მეტია, იგი მუდმივად ახლის სწავლის სურვილი და ძიებაა, რათა ცოდნის  გაზიარება სწორად შეგეძლოს.

თუმცაღა, ამ პროფესიას  არა მხოლოდ ცოდნის მიღებაში, არამედ პიროვნულ აღზრდა-განვითარებაშიც უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლია. სწორედ ამიტომ, არის საჭირო მასწავლებელს შეეძლოს მუდმივად განვითარება,  დროის სვლისა და ახალი გამოწვევებისთვის ფეხის აწყობა.

მასწავლებლობა დღეს ჩემთვის გამოწვევაა,  რომელიც ცხოვრებისგან მივიღე, ძალიან დიდი სურვილი მაქვს მომავალში შევძლო და იმ  პროფესიონალებს დავემსგავსო, რომლებმაც შეძლეს  განესაზღვრათ  ჩემი ამ სფეროში მოღვაწეობა.

 

- რატომ აირჩიეთ ონლაინ სკოლა  „ზურგჩანთა“?

ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, სწორად აირჩიოს საიდან აიღებს სათავეს მისი პროფესიული განვითარება. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ საშუალებას მაძლევს სწორად გადავდგა პირველი ნაბიჯები ჩემს პროფესიაში.

ის ახერხებს,  განსხვავებულად და სწორი მიდგომებით   პოპულარიზაცია გაუწიოს დარგს, რომელიც აუცილებელია მომავლის განვითარებისთვის.

ჩვენს სკოლაში დამწყები მასწავლებლები ვცდილობთ გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება ქიმიით დაინტერესებულ ახალ თაობას,

ისევე როგორც ყველა მასწავლებელი ჩვენც მათთან ურთიერთებით ბევრ რამეს ვსწავლობთ.

 

- რას შესთავაზეთ მოსწავლეებს განსაკუთრებული და განსხვავებული ჩვეულებრივი სასწავლო პროგრამისა და სასწავლო პროცესისაგან ?

საბუნებისმეტყველო დარგის საგნები, როგორიც გახლავთ ქიმია, სამწუხაროდ ნაკლები პოპულარულობით სარგებლოს სკოლებში. ძირითად შემთხვევაში ბავშვებს ჰგონიათ, რომ ამ საგნის შესწავლა სირთულეებთან არის დაკავშირებული.  ონლაინ სკოლა „ზურგჩანთის“ მთავარ მიზანსაც სწორედ ის  წარმოადგენს, რომ მათ აჩვენოს ქიმია განსხვავებული კუთხით, დაარწმუნოს, რომ ის,  არც ისეთი რთული აღსაქმელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ონლაინ სკოლა "ზურგჩანთა" საშუალებაა დამატებითი ინფორმაცია მიიღონ ბავშვებმა  ქიმიის შესახებ.  იგი ონლაინ რეჟიმში არსებული ყველა საშუალებით ცდილობს  მრავალი კუთხით დაანახოს მსმენელს ქიმიის მრავალფეროვნება და საჭიროება,  რომელსაც ისინი არა მხოლოდ,  საგნის შესწავლისას,  არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აუცილებლად შეხვდებიან.

 

 

- რას ურჩევთ თქვენს მოსწავლეებს?

ცხოვრება საკმაოდ გრძელი და რთული გზაა, ამ გზაზე პროფესიის არჩევა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

იმისთვის, რომ შევძლოთ და სწორად ავირჩიოთ პროფესია ზოგადი განათლების მიღება აუცილებელი პირობაა.  თუმცაღა პროფესიაში საკუთარი თავი, რომ  ვიპოვოთ სხვადასხვა ინფორმაციასაც უნდა ვეძიოთ, იმ დარგზე რაც ჩვენ გვაინტერესებს.

უპირველეს ყოვლისა  მოსწავლეებს ვურჩევდი  დაისახონ მიზანი და მიზნისკენ სავალ გზაზე მიიღონ  ის გამოწვევები, რომელიც საკუთარ და პროფესიულ განვითარებაში შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს. სწორედ ეს გამოწვევები მიაღებინებთ მათ საჭირო გამოცდილებას, რომელიც საბოლოოდ მიიყვანთ მიზნამდე 

გამოცდილების მიუხედავად მათ სავალ გზაზე მრავალი სირთულე მოიყრის თავს, ზოგიერთ მათგანთან ჭიდილი კი შეიძლება წარუმატებლობით დასრულდეს, თუმცა  წარუმატებლობამ არ უნდა გამოიწვიოს ფარ-ხმლის დაყრა პირიქით ის უნდა გადავაქციოთ გამოცდილებად, რომელიც კვლავ დაგვეხმარება წინსვლისთვის.

ცხოვრება ზოგჯერ წარმატებას მოიტანს, ზოგჯერ კი - გაკვეთილს.

 

 

- უკვე ორი თვე გავიდა რაც ამ სკოლაში ასწავლით. როგორ შეაჯამებდით გავლილ პერიოდს?

განვლილი ერთი პერიოდი ნამდვილად შესანიშნავი გამოცდილება იყო. სწავლებასთან ერთად, პროფესიისთვის საჭირო უამრავი უნარ-ჩვევა შევიძინე, რომელიც უსათუოდ გამომადგება შემდგომი სწორი ნაბიჯების გადადგმაში.

ონლაინ სკოლა „ზურგჩანთის“ შემქმნელი ჯგუფი პროფესიონალი ქიმიკოსებისგან შედგება, რომლებიც ზრუნავენ დამწყები მასწავლებლებისთვის და ქიმიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის კოლეგიალური გარემო შექმნან,  რაც დაეხმარებათ  პროფესიულ ზრდა-განვითარებაში.

ვფიქრობ პროექტი,  ნამდვილად მოუტანს წარმატებას ქიმიის დარგის პოპულარიზაციას მომავალ თაობაში.

 

 

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 08-12-2021