სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია სან დიეგოს უნივერსიტეტის ქიმია-ბიოქიმიის მიმართულების სტუდენტი გიორგი მეშვილდიშვილი



მცირე ინფორმაცია ბიოგრაფიიდან:

1968 წლიდან მოყოლებული მსოფლიოში ყოველ წელს ტარდება ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. საქართველომ პირველად ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო 2014 წელს ვიეტნამში, ჰანოიის ქიმიის 46-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში. სწორედ ოლიმპიადის ერთ-ერთი ყოფილი მონაწილე გახლავთ გიორგი მეშვილდიშვილი.

 

 

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა-მომავალი წარმატების გარანტია

-გამარჯობა გიორგი. რომელ უნივერსიტეტში სწავლობ?

-გამარჯობა. ვსწავლობ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმია-ბიოქიმიის ფაკულტეტზე.

 

-ქიმიის რა მიმართულებით აპირებ კარიერის გაგრძელებას?

- სიმართლე რომ გითხრათ ჯერ ბოლომდე არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ალბათ არჩევანს ორგანულ ქიმიასა და ბიოქიმიას შორის გავაკეთებ, რადგან ეს ორი მიმართულება ძალიან საინტერესოა ჩემთვის. ამასთანავე, ამ ორმა მიმართულებამ დიდი წვლილი შეიტანა კაცობრიობის განვითარებაში, მაგრამ ბევრი პროცესი და მათი გამომწვევი მიზეზები, რაც ამ დარგებს შეეხება ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ამიტომ გახდა ქიმიის ეს ორი დარგი ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი.

 

-უნივერსიტეტში ან სხვა დაწესებულებებში რაიმე სახის პრაქტიკა ხომ არ გაქვთ გავლილი?

-ეროვნული ოლიმპიადის გარდა მოსწავლეობის პერიოდში მონაწილეობა მივიღე ერუდიტის ოლიმპიადაში, სადაც პირველი ადგილი დავიკავე. ასევე, სულ ახლახან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული საგნობრივ ოლიმპიადაში ავიღე მეორე ადგილზე. ამასთანავე 2016 წელს ნორჩ-გამომგონებელთა კონკურსში - „ლეონარდო და ვინჩი“ მე და ჩემმა პარტნიორმა, ალექსანდრე ფიჩხაძემ გადავედით ფინალში და ამავე წელს იგივე პროექტით ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა კონკურსზე (IYIPO) ავიღეთ ვერცხლის მედალი.

 

- როგორ ვიცი, სკოლის მოსწავლეობის დროს იყავი ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილე, შეგიძლიათ თუ არა თქვენი გამოცდილება გაგვიზიაროთ?

-დიახ ვიყავი და ეს ჩემს ცხოვრებაში იყო ყველაზე ამაღელვებელი და საინტერესო წლები, რადგან ყოველი დღე იწყებოდა ქიმიის მეცადინეობით და ოლიმპიადაზე ფიქრით. მიუხედავად იმისა რომ კონკურენცია დიდი არ იყო, ვნებათაღელვა სტარტს იღებდა ეროვნული ოლიმპიადის პირველივე ტურიდან და გრძელდებოდა საერთაშორისო ოლიმპიადის დასრულების ბოლო წუთამდე. ოლიმპიადაში პირველად ჩავერთე მე-10 კლასში და სრულიად წარმოუდგენლად მეჩვენებოდა თუ ოდესმე გავხდებოდი საქართველოს ქიმიის ეროვნული ნაკრების წევრი. თუმცა, პირველ წელს, როდესაც ეროვნული ნაკრების რეზერვში მოვხვდი, იმედი მომეცა და გავაანალიზე, რომ თუ მოვინდომებდი ეს საკითხი ასე მიუღწევლად აღარ მომეჩვენებოდა და მართლაც მომდევნო წელს უკვე საქართველოს ქიმიის ეროვნული ნაკრების წევრიც გავხდი. მართალია მედალი ვერ ავიღე, თუმცა ეს წლები ჩემთვის იყო ერთგვარი გამოწვევა და ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი.

 

- რა სახის კურსები გაიარე, სანამ საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებდი?

- მეცადინეობა გვიტარდებოდა ქიმიის ყველა დარგის მიმართულებით და გვყავდა ძალიან მაღალი დონის ტრენერები. მეცადინეობა იწყებოდა დილის 9 საათზე და გვიმთავრდებოდა საღამოს 7-ზე. ეს იყო დრო, როცა ჩვენ მთლიანად მოწყვეტილი ვიყავით გარე სამყაროს და უშუალოდ ვერთვებოდით ამოცანების გამოყვანაში და თეორიის შესწავლაში. სიმართლე გითხრათ ეს პროცესი იმდენად საინტერესო იყო, რომ დაღლილობის შეგრძნებაც არ გვქონდა. ამისთვის არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ბატონ ელიზბარ ელიზბარაშვილს, ბატონ ვახტანგ კურცხალიას და ქალბატონ თინათინ ბუთხუზს.

 

-თქვენი აზრით ასეთი სახის კონკურსებში და ინტელექტუალურ შეჯიბრებში მონაწილეობის მიღება რა სახის გამოცდილებას აძლევს მოსწავლეებს და როგორ ეხმარება მათ მომავალში განვითარებაში?

-ასეთი სახის კონკურსები ზრდის ინტერესს გარკვეული საგნის მიმართ. მოსწავლე უფრო ღრმად სწავლობს იმას, რასაც სკოლაში ძალიან ზედაპირულად ასწავლიან, რაც უფრო საინტერესოს ხდის მასალას. ამასთანავე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით, რომ ასეთი სახის ოლიმპიადები დიდ გავლენას ახდენენ მომავალი პროფესიის არჩევაზე. შეიძლება სკოლაში სწავლებით ვერ გახადო მიმზიდველი ქიმია, ფიზიკა ან ბიოლოგია, მაგრამ ამ ოლიმპიადებისთვის მეცადინეობის პერიოდში ბავშვი ხვდება და იაზრებს, თუ რამდენად საინტერესოა კონკრეტული საგნის სამყარო და რა თქმა უნდა იზრდება ინტერესი მის მიმართ. გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნული ოლიმპიადების დახმარებით მოსწავლე ეჩვევა სწრაფ აზროვნებას, მცირე დროში გადაწყვეტილების მიღებას და ხვდება თუ რას ნიშნავს დროის მენეჯმენტი, რადგან მარტო ცოდნა ოლიმპიადაზე შედეგს ვერ მოგიტანს.

 

-გიორგი, როგორც იცი წელს ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ჩვენმა ნაკრებმა 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. როგორ შეაფასებ ამ წარმატებას?

- პირველ რიგში მინდა მივულოცო მათ ეს დიდი წარმატება და მჯერა რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და დარწმუნებული ვარ მომავალში უფრო წინ წავალთ და ბრინჯაოსაც აღარ დავჯერდებით. ეს არამარტო მათი გამარჯვება, არამედ ქვეყნის გამარჯვებაა, რადგან საქართველომ უკვე თქვა თავისი სიტყვა ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე. ჩემთვის, სიმართლე რომ გითხრათ, მოსალოდნელიც იყო ესეთი შედეგი, რადგან ბავშვები იმდენად მომზადებულები იყვნენ ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ წელს საქართველო უფრო მეტ მედალს აიღებდა ვიდრე შარშან. კიდევ ერთხელ ვულოცავ მედალოსნებს და უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ მათ მომავალში.

 

-დიდი მადლობა.

ესაუბრა იბრაგიმ მამედოვი

გამოქვეყნებულია 20-07-2017