სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია ივანე ჯავახიშვილს სახ. თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევების და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი დოქტორი ხათუნა კახიანი



მცირე ინფორმაცია ბიოგრაფიიდან:

1990 წელს წარჩინებით დაამთავრა ს. ს. ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ქიმია-ბიოლოგიის სპეციალობით; სადიპლომო ნაშრომი შეასრულა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის ინსტიტუტში.

1990-1998 წლებში მუშაობდა არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის ინსტიტუტში.

1998-1999 წლებში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) წლიური სტიპენდიანტი, კარლსრუეს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ფიზიკურ ქიმიაში, ტექნიკურ და ქიმიური ინჟინერიის სფეროში სწავლებისა და კვლევის საერთაშორისო სემინარში“ მონაწილეობისათვის.

1999-2004 წლებში მუშაობდა კარლსრუეს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლებისა და კვლევის მეცნიერ თანამშრომელის თანამდებობაზე, სადაც პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად სამეცნიერო კვლევით სამუშაოს ასრულებდა. 2004 წელს, ნაშრომისათვის „Modellierung des Einflusses der Molekülrotation auf die Kinetik thermischer unimolekularer Reaktionen“, მიენიჭა კარლსრუეს ტექნიკური უნივერისიტეტის (Universität Karlsruhe (TH)) დოქტორის აკადემიური ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (Dr.rer.nat).

2004 – 2006 მუშაობდა არგონის ნაციონალურ ლაბორატორიაში, ილინოისი, აშშ

2006 – 2009 მუშაობდა პოსტდოქტორ მეცნიერ თანამშრომლად ტექსას ტეხ უნივერსიტეტში, ტეხასი, აშშ.

სტუდენტობის დროს იყო სახელობითი სტიპენდიატი (1989-1990) და უნივერსიტეტებს შორის ქიმიის საკავშირო ოლიმპიადებში წარმატებული სტუდენტი (1987-1989).

ამჟამად კოორდინირებს პროექტს „EU CHEMLAB პროექტის იმპლემენტაცია საქართველოში“, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამების მიერ, კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავაკასიაში (GIZ PSDP SC) და კერძო სექტორის განვითარება საქართველოში, გახლავთ ფინანსურად და რჩევებით მხარდაჭერილი.

სამეცნიერო სტატიების და ერთი მონოგრაფიის ავტორი, სამეცნიერო კომპიუტერული პროგრამების ავტორი და თანაავტორი ასევე მუშაობს ინტერნეტ (ვებზე დაფუძნებული) სასწავლო რესურსების დახვეწაზე ფიზიკურ და ანალიზურ ქიმიაში. • 2009 წლიდან არის სკოლის მოსწავლეებისათვის საზაფხულო სამეცნიერო აკადემიის ორგანიზატორი და ავტორი, რომელიც ყოველწლიურად იმართება თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში.

არის ევროკავშირის FP7 პროგრამების ექსპერტი და ინგლისის ქიმიის სამეფო საზოგადოების წევრი.

არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული საგანმანათლებო პროგრამების შემუშავების ფასილიტატორი (ექსპერტი)

ფლობს ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

საზოგადოებრივი საქმიანობა:

არის ევროპის ალუმნების გაერთიანება საქართველოში გამგეობის წევრი.

 

 

EU CHEMLAB პროექტის იმპლემენტაცია საქართველოში

- ქალბატონო ხათუნა, მოგვიყევით პროექტის შესახებ მოკლედ, რატომ გაჩნდა მისი აუცილებლობა საქართველოში?

 

2009 წელს, როცა საქართველოში ახალი დაბრუნებული გახლდით, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. სწორედ მაშინ შემოვიდა უნივერსიტეტში და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე შეკითხვა მიუნხენიდან, ხომ არ იყო სურვილი გვეთანამშრომლა EU CHEMLAB I პროექტის ფარგლებში. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის და უნივერსიტეტის მხარდაჭერით მიუნხენში, პროექტის პირველ შეხვედრაში მივიღეთ მონაწილეობა.



CHEMLAB II ინოვაციის-გადაცემის პროექტი მიზნად ისახავს უზრუნველყოს და განავითაროს "ევროპული ხარისხის სტანდარტი ანალიზური ქიმიის პროფესიული განათლების სფეროში" ახალგაზრდების სამუშაო-ადგილზე ტრენინგისათვის. ევროპის ქიმიური მრეწველობის სფეროში არსებულ სპეციალისტთა დეფიციტის პრობლემის მოგვარება და ახალგაზრდობის უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელთან ბრძოლა სწორედ ხარისხიანი პროფესიული განათლების მეშვეობით არის შესაძლებელი. რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის გერმანია, ავსტრიასა, შვეიცარიაში ახალგაზრდობის უმუშევრობის დაბალი დონე სწორედ კარგად განვითარებული დუალური პროფესიული საგანმანათლებლო სისტების არსებობით აიხსნება. საქართველოში კადრების დეფიციტის საბაზრო კვლევები და თავად პროექტის მიზნები გახლდათ ფაქტორები, რამაც გადაწყვიტა ჩვენი ევროპულ პროექტში ჩართულობა.



CHEMLAB II პროექტის ფარგლებში შემუშავდა ინოვაციური პროფესიული სწავლების „VET-კონცეფცია“, რომელიც დაფუძნებულია თეორიული განათლების და ბაზარზე ორიენტირებული პრაქტიკული სწავლების კომბინირება-ინტეგრირებაზე თანამედროვე სამრეწველო განვითარების გამოწვევების საპასუხო მეთოდების გათვალისწინებაზე. რაც შეეხება გამოყენების სფეროებს, აღნიშნული პროფესიული სწავლების „VET-პროგრამა“ განსაკუთრებით ფოკუსირებულია ქიმიური, ფარმაცევტული, კვების, კოსმეტოლოგიურ და გარემოს დაცვის ინდუსტრიის მოთხოვნებზე.



- როდის დაიწყო პროექტი?

 

2011 წლის ნოემბრიდან, ევრო კომისია, პროგრამის „სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში“ „ლეონარდო და ვინჩი“ ფარგლებში, ხელს უწყობს Chemlab II პროექტს. აღნიშნული პროექტის კოორდინატორი გახლავთ დოქტორი თომას ლეტცელი, რომელიც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ურბანული წყლის რესურსების ანალიზური კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელია. CHEMLAB კონსორციუმში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასოცირებული პარტნიორი გახლავთ 2009 წლიდან.



"EU CHEMLAB პროექტის იმპლემენტაცია საქართველოში", რომლის კოორდინატორი მე გახლავართ, 2012 წლის ივნისში დაიწყო, დაფინანსების და პარტნიორი კომპანიების წინასწარი მოძიების შემდეგ და 2013 წლის დეკემბერში სრულდება.



- ვისი ხელშეწყობითა და ორგანიზებით ხორციელდება პროექტი?

"EU CHEMLAB პროექტის იმპლემენტაცია საქართველოში" გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამების მიერ, კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავაკასიაში და კერძო სექტორის განვითარება საქართველოში, გახლავთ ფინანსურად და რჩევებით მხარდაჭერილი. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბ-ნ ბრანკო ვენერტს (კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში) და ქალბატონ ელენე ცხაკაიას (კერძო სექტორის განვითარება საქართველოში), პროექტის მრავალმხრივი მხარდაჭერისა და რჩევებისათვის. ქართული პარტნიორი კომპანიების „ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერი“-ის და „ღვინის ლაბორატორიის“ ჩართულობა პროექტსა და ტრენინგებში უკვე 2013 წელს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმში გადაიზარდა. მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის მონაწილე ყველა ექსპერტს და ბენეფიციარს, თსუ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრს და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტს პროდუქტიული თანამშრომლობისათვის.



- რამდენი ორგანიზაცია არის ჩართული?

 

EU CHEMLAB II კონსორციუმში, რომელსაც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს, თურქეთის, საბერძნეთის და პოლონეთის უნივერსიტეტებთან, გერმანიის სავაჭრო პალატასთან, პროფესიულ სკოლებთან და ინდუსტრიის პარტნიორებთან ერთად, თსუ ასოცირებული პარტნიორის სახით მონაწილეობს. ქართულ პროექტში ჩართულია 5 ადგილობრივი კომპანია; 2 კომპანია („ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერი“და „ღვინის ლაბორატორია“) მატერიალურ ტექნიკური ბაზით და 9 ტრენერით, ხოლო 3 კომპანია საკუთარი თანამშრომლებით, რომლებიც ტრენინგებში მონაწილეობენ. ტრენინგებს მოდულარული და როტაციული ხასიათი აქვს, როცა ხდება რესურსების და ექსპერტიზის გაზიარება უნივერსიტეტის და კომპანიების მიერ. ერთი მოდულის ფარგლებში უნივერსიტეტში თეორიული და პრაქტიკული ტრენინგის შემდეგ სტუდენტები კომპანიებში პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ, რაც სამუშაო ადგილზე საჭირო კომპეტენციების განვითარებას უწყობს ხელს.



- მოკლედ მოგვიყევით პროექტის დადებით მხარეებზე და რა მოლოდინები გვაქვს მისგან?

პროექტის დადებითი მხარეა ევროპელი პარტნიორების, მიუნხენის სავაჭრო პალატის და ქართული მხარის კერძო სექტორის ჩართულობა, როგორც სასწავლო გეგმის შემუშავებაში, ასევე ტრენინგების განხორციელებაში.



ევროგაერთიანების პროექტი Chemlab II („European Apprenticeship Training for Chemical Laboratory Technicians“), პროფესიული განათლების ევროპულ საკრედიტო სისტემასთან (ECVET) ერთად, ქიმიკოს–ლაბორანტებს გერმანიაში, საქართველოში, საბერძნეთში, პოლონეთსა და თურქეთში დამატებითი კვალიფიკაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ECVET–ის მეშვეობით, ქიმიკოს–ლაბორანტის პროფესიის დაუფლების მსურველებს, შესაძლებლობა ეძლევათ სხვადასხვა მოდულები გაიარონ პარტნიორ ქვეყნებში და არა მარტო ახალი ცოდნა და უნარები, არამედ ინტერკულტურული გამოცდილება დააგროვონ. გარდა ამისა, გამოცდის ჩაბარების შემდეგ, ისინი მიიღებენ სამრეწველო და სავაჭრო პალატის მიერ გაცემულ, დამატებითი კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს.





- რა არის ECVET ?



გარდა დუალური განათლების სისტემისა, Chemlab II–მა, ECVET–ის საკრედიტო სისტემის მეშვეობით შეიმუშავა სხვადასხვა სტანდარტიზირებული მოდული. საუნივერსიტეტო ECTS (European Credit Transfer System) სისტემის მსგავსად, ECVET - პროფესიული განათლების ევროპულ საკრედიტო სისტემაა, ერთგვარი ვალუტა აღნიშნულ სფეროშო. ECVET საკრედიტო სისტემაში აქცენტი კეთდება ახალი უნარების შეძენაზე და არა სწავლების დროზე; მნიშვნელოვანია კომპეტენციების და ნაკლებად მნიშვნელოვანია დრო, რომელიც დასჭირდა აღნიშნული კომპეტენციების შეძენას. გასული ორი წლის მანძილზე, Chemlab II–მა მოდულები ყველა პარტნიორ ქვეყანაში განახორციელა. ასე მაგალითად, გერმანიაში სურსათის ანალიზის, საბერძნეთში გარემოს ანალიზის და საქართველოში გარემოს ანალიზის და გენმოდიფიცირებული პროდუქტების ანალიზის, თურქეთში წყლის ანალიზის და პოლონეთში კი კოსმეტიკური ანალიზის მოდულები განხორციელდა. პირველ მოდულს, მომავალი ქიმიკოს–ლაბორანტები საკუთარ სამშობლოში, ხოლო მეორეს კი პარტნიორ ქვეყანაში გადიოდნენ. მათ არა მარტო ლაბორატორიული გამოცდილება, არამედ ინტერკულტურული კომპეტენციებიც დააგროვეს, ეს კი, შრომის ბაზარზე მათ შანსებს უფრო აუმჯობესებს. ქართველმა მოსწავლეებმა ამჯერად ორივე მოდული საქართველოში გაიარეს. კომპანიის დატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო ისინი ტრენინგებში საღამოს საათებში მონაწილეობდნენ. დაგროვებული ECVET-–ქულების მნიშვნელობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სამრეწველო და სავაჭრო პალატამ, პროექტში მონაწილე უნივერსიტეტებთან ერთად დამატებითი სერთიფიცირების მექანიზმი შეიმუშავა.



- როგორ ხორციელდება სამრეწველო და სავაჭრო პალატის მიერ სერთიფიცირება ?



დამატებითი სერთიფიცირება პროფესიის დაუფლების მსურველებს დამატებითი კვალიფიკაციის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. ეს პროცესიც, ასევე, ტრანსნაციონალური იყო: სამრეწველო და სავაჭრო პალატის დამოუკიდებელი გარე აუდიტორები ახორციელებდნენ ტესტს (თეორიულს და პრაქტიკულს) მათ შორის საქართველოშიც.



სპეციალური სერტიფიკატის მისაღებად ჩვენი პროექტის მონაწილე კომპანიების თანამშრომლებმა 4 და 5 ნოემბერს (2013) პრაქტიკული და თეორიული კომპეტენციების დადგენის ტესტიც გაიარეს, რომელიც ექსპერტის, მონიკა პარტშის (მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, EU CHEMLAB პროექტის ექსპერტი), ზედამხედველობით ჩატარდა თბილისში. აღნიშნული სერიფიცირების ნაწილია ასევე ტესტირება მათემატიკურ და კომპიუტერულ უნარ-ჩვევებში, ინგლისურენოვანი სასწავლო ინტერნეტ რესურსის matheplus® გამოყენებით, რომელზე წვდომაც ევროპელი პარტნიორების სპონსორობით გახდა შესაძლებელი. ჩვენს მიერ შექმნილი ორივე ECVET მოდული „გემნოდიფიცირებული საკვები პროდუქტების ანალიზი“ და „გარემოს ობიექტების ანალიზი“ ვალიდირებულია გერმანიის მიუნხენის სავაჭრო პალატის მიერ (წარმომადგენელი: იორგ ენგელმანი). უკვე შემუშავებულია სერტიფიკატის ფორმა და ქართველი მოანაწილეები ელოდებიან მათი კომპეტენციების ტესტირების შედეგებს.



- დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისათვის და დასასრულს როგორია თქვენი მომავლი გეგმები?


შემდგომ პროექტში უკვე, Chemlab II–ის ECVET-მოდულების, დამატებითი მოდულებისა და სერთიფიცირების ინტეგრირება გვინდა მოხდეს პროექტში მონაწილე ქვეყნებისა და, ასევე, სხვა ქვეყნების ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემაში. როგორც ეს დოქტ. თომას ლეტცელმა აღნიშნა „ამ გზით ჩვენ გვსურს მომავალ ქიმიკოს–ლაბორანტებს, დამატებითი კარიერული შანსები მივცეთ“.



გერმანიაში ქიმიკოს–ლაბორანტის პროფესიის შესწავლა, პროფესიული განათლების ნაციონალურ – – დუალურ სისტემაზეა აგებული, ამიტომაც, დასაქმებულები, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ გერმანული შრომის ბაზრით შემოიფარგლებიან. ევროპის ბევრ ქვეყნებში და არც საქართველოში არ არსებობს დუალური განათლების სისტემა და არსებული განათლების ფორმები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია. Chemlab II–ის თვალსაზრისით, გამოსავალი, ევროგაერთიანების მასშტაბით, სერთიფიცირებული დუალური სწავლების სისტემის შემოღებაშია, რომელიც გერმანულ მოდელს ეფუძნება. ეს უკანასკნელი კი სკოლაში სწავლების და საწარმოში პრაქტიკული სწავლების კომბინირებას გულისხმობს. სწორედ ამ გზით შეუძლიათ პროფესიის დაუფლების მსურველებს თეორიული, პრაქტიკული და საერთაშორისო ცოდნის მიღება.



ეს სამომავლოდ, მანამდე კი "EU CHEMLAB პროექტის იმპლემენტაცია საქართველოში" ფარგლებში შექმნილი საუნივერსიტეტო სასერტიფიკატო კურსის ტრენინგები გვინდა შევთავაზოთ დაინტერესებულ პირებს თსუ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის მეშვეობით. კურსზე მიღების გამოცხადება ფასის განსაზღვრის შემდეგ უახლოეს მომავალში იგეგმება.



მდგრადობის უზრუნველსაყოფად ასევე გვინდა ეროვნული აკრედიტაციისათვის წარვადგინოთ შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროექტი, რომელიც ამჟამად არსებული პროფესიულ სტანდარტის მიხედვით მომზადდა. აღნიშნულით ქმედებით ქვეყანაში არსებული მოთხოვნების გათვალისწინება ხდება, მაგრამ იგი მაინც უცვლის სახეს შექმნილ პროდუქტს და სავარაუდოდ გააძნელებს მომავალში დაგეგმილ Chemlab II–ის ECVET-მოდულების, დამატებითი მოდულებისა და სერთიფიცირების ინტეგრირებას ქვეყნის/ქვეყნების ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემაში.



ვფიქრობთ კარგი იქნება ქვეყნის საგანმანათლებლო სივცეში არსებობდეს შესაძლებლობა, უკვე არსებული პროგრამების ფორმატის პარალელურად, დუალური საპილოტე პროფესიული პროგრამების დანერგვისათვის. აღნიშნული ხელი შეუწყობს საპილოტე მოდელების განვითარებას, ამავდროულად კი უკვე არსებულს შეეძლება იარსებოს. მხოლოდ ამგვარად მივაღწევთ მდგრად განვითარებას.



კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას პარტნიორებს, ექსპერტებს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალრიცხოვან თანმშრომლებს მხარდაჭერისათვის.



ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში პროგრამის (GIZ PSDP SC) წვლილს, რომლის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე აღნიშნული პროექტი ვერ განხორციელდებოდა.



მოგილოცავთ ყველას დამდეგ ახალი წელს და წარმატებას გისურვებთ. გმადლობთ მოწვევისათვის.

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 27-12-2013