სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ აგლაძე







მცირე ინფორმაცია ბიოგრაფიიდან:

პროფ. თამაზ აგლაძის სამეცნიერო კვლევის სფერობია: ელექტროდული პროცესების კინეტიკა, კოროზია, მეტალებისა და შენადნობების პასივაცია და ელექტროდალექვა, სრაორგანული ნაერთების ელექტროსინთეზი, ნანონაწილაკები და ნანოკომპოზციები, და სხვა. კითხულობს შემდეგ სალექციო კურსებს: შესავალი თეორიულ ელექტროქიმიაში, ელექტროქიმიური ინჟინერინგის პრინციპები, ნანოელექტროქიმიის შესავალი.

 

 

აკადემიკოსი რაფიელ აგლაძე - 100

- მოგესალმებით ბატონო თამაზ. პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია აგრძელებს ინტერვიუების ციკლს ქიმიკოსებთან. წელს როგორც ვიცით იუბილეა გამოჩენილი ქართველი ქიმიკოსის,აკადემიკოს რაფიელ აგლაძის.

ჩვენ სწორედ ამასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ ინტერვიუ აგვეღო თქვენგან. ინტერნეტში ჩვენ მხოლოდ რაფიელ აგლაძის მოკლე და ასე ვთქვათ მშრალი ფაქტებისაგან შემდგარი ბიოგრაფია მოვიძიეთ.ბატონმა რაფიელმა 1935 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, 1938 წელს მოსკოვის დ. მენდელევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა.საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროქიმიის წარმოებათა ტექნოლოგიის კათედრის გამგე (1944-1985). სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი(1947-1951), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის დაარსების ინიციატორი და მისი პირველი დირექტორი(1945-1951), გამოყენებითი ქიმიის და ელექროქიმიის ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი(1956-1960). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ჟურნალის "მეცნიერება და ტექნიკის" გამოცემის ინიციატორი და პირველი რედაქტორი(1949-1951). შრომები აქვს გამოქვეყნებული ელექტროქიმიიასა და ელექტრომეტალურგიის დარგში. მისი ხელმძღვანელობით დაინერგა წარმოებაში ლითონური მანგანუმის მიღების ელექტროლიზური მეთოდი (სსრკ სახალხო მეურნეობის კრებაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით,1962),იყო პ. მელიქიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი(1977), სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს II და III მოწვევების დეპუტატი.დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენითა და მედლით.

ხომ ვერ გვიამბობდით მის ბავშვობაზე ან თუნდაც სტუდენტობის წლებზე?

რაფიელ აგლაძე დაიბადა 1911 წლის 29 დეკემბერს, მისი მშობლები დედ-მამა, ილია აგლაძე და ოლღა ბეჟანიშვილი იყვნენ ძველი ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები. ბატონი რაფიელ აგლაძე პირველ საცდელ-საჩვენებელ სკოლაში ჩაირიცხა, როგორც მაშინ უწოდებდნენ, დიდი ჰუმანიტარული ტრადიციებით სახელგანთქმულ პირველ გიმნაზიას. მამის ინიციატივით იგი გადაყვანილი იქნა ქიმიური ტექნიკუმის მოსწავლეთა რიცხვში. ქიმიურ ტექნიკუმში მას ასწავლიდნენ მაღალკვალიფიცირებული ინჟინერ-ტექნოლოგები, ქიმიკოსები, მეტალურგები. მისი ინტერესები გაიზარდა სამეცნიერო საგნების მიმართ. 1928 წელს სამი თვის განმავლობაში მუშაობდა კოქს-ბენზოლის ქარხანაში. აქ აითვისა ქარხნის საწარმოო პროცესები,რაზეც სპეციალური მოწმობა მიიღო. მან 1929 წელს დაიცვა პროექტი თემაზე “ასაფეთქებელი მასალების“ შესახებ და მას ქიმიკოს-ტექნიკოსის წოდება მიენიჭა. ეს თემა მას შემდგომშიც იტაცებდა. 1929 წელს რაფიელ აგლაძე ირიცხება საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტის სამთო-ქიმიურ ფაკულტეტის ქიმიურ-ტექნოლოგიური განყოფილების სტუდენტად. თავის სპეციალობად ელექტროქიმია შეარჩია. 1935 წელს დაამთავრა ინსტიტუტი. 1938 წელს კი დაამთავრა მოსკოვის დ.მენდელევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა. აქ ის დოცენტის თანამდებობაზეც კი დაინიშნა.

 

- ხომ არ იცით რატომ აირჩია ბატონმა რაფიელმა მოღვაწეობის სფეროდ მაინც და მაინც ქიმია? იქნებ ეს შემთხვევითიც იყო?

რაფიელი ძალიან კარგად წერდა ლექსებს და მოთხრობებს,ლიტერატურით იყო ძალიან გატაცებული, ხშირად დადიოდა თეატრში. ერთხელაც ბატონი რაფიელის მამას ხელში ჩაუვარდა შვილის "თხზულებების" რვეული. პირველი გვერდის გადაკითხვის ,გრამატიკული და სტილისტური შეცდომების აღმოჩენის შემდეგ შვილს უთხრა: “საქართველოს ეყოფა უნიჭო ლიტერატორები,სჯობს სხვა დარგშიც სცადო ბედი“. მამის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე პირველი სკოლიდან რაფიელი გადაყვანილი იქნა ქიმიურ ტექნიკუმში. ქიმია მისი ცხოვრების პროფესიად იქცა.ინსტიტუტში გაკეთებული არჩევნის- ელექტროქიმიის ერთგული იგი მთელი მისი ცხოვრების მანძილზე დარჩა.მან შემდგომი კვლევის ობიექტად მანგანუმი შეარჩია.რაც საკმაოდ გააზრებულიარჩევანი იყო.სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაინერგა მანგანუმის მიღების ელექტროლიზური მეთოდი.

 

- რა შეგიძლიათ გვითხრათ ბატონი რაფიელის სამეცნიერო მიღწევების შესახებ?

ბატონი რაფიელის ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად შეგვიძლია მივიჩნიოთ, სამოცდაათიან წლებში, მანგანუმიანი დამჟანგველების მიღების სფეროში შესრულებული სამუშაო, რომლისათვისაც მას მეცნიერებათა აკადემიაში პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემიაც მიენიჭა. სწორედ რაფიელის ხელმძღვანელობით დაინერგა საწარმოებში მანგანუმის ელექტროლიზური მიღების მეთდი, ასევე რუსთავის ქარხანაში დაინერგა კალიუმპერმანგანატის მიღების ორიგინალური მეთოდი, ამიტომაც სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე დაჯილდოვდა მედლით. ბატონმა რაფიელმა ძალიან ახალგაზრდამ მიიღო ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო -სახელმწიფო პრემია. ეს ყველაფერი მიღწეული იქნა მისი დაუზოგავი შრომის საფუძველზე. ასევე წარმატების საწინდარი იყო ის, რომ ბატონი რაფიელი ყოველთვის საჭირო ადგილზე იმყოფებოდა, იღბალი ამაშიც წყალობდა.ის იყო მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი და დიდი პრაქტიკოსი.

 

- როგორ დაახასიათებდით ბატონ რაფიელს? როგორია იყო დიდი მეცნიერის შვილი?

რაფიელ აგლაძეს ახასიათებენ როგორც სწრაფად მზარდ მეცნიერ მუშაკს. მას კარგად შეეძლო დროის რაციონალურად გამოყენება, ღრმად ერკვეოდა თითოეულ საკითხში, ენერგიული და უნარიანი საქმიანობით მან მოკლე ხანში მოიპოვა დიდი ავტორიტეტი. როგორც მამა იყო საკმაოდ მკაცრი და პრინციპული, შვილებიდან ყოველთვის მაქსიმუმს მოითხოვდა , ამიტომაც - იყო რაფიელ აგლაძის შვილი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს როდესაც მისი პროფესიის ხარ.

 

- თქვენ რატომ გადაწყვიტეთ ქიმიკოსის პროფესიის არჩევა? როგორ შეხვდა ბატონი რაფიელი ამ გადაწყვეტილებას?

-ეს გადაწყვეტილება ოჯახის რჩევის საფუძველზე განხორციელდა. რაფიელმა ორივე ვაჟი გვაზიარა ელექტროქიმიური ტექნოლოგიის პროფესიას. ვაგრძელებთ იმ დიდ საქმიანობას რომელიც რაფიელმა დაიწო.

 

ესაუბრა მარიამ ბარამიძე და ნინო ბერიაშვილი

გამოქვეყნებულია 13-06-2011