ესმა წკრიალაშვილი

პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი,
599 22-44-16

esma55@mail.ru





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:1, ნომერი:2, 27-30 გვ.

კალციუმი, ფტორი და მომხიბვლელი ღიმილი

ესმა წკრიალაშვილი

რეზიუმე: მომხიბვლელ და მიმზიდველ ღიმილს განსაზღვრავს თეთრი და ჯანსაღი კბილები, ხოლო ჯანსაღი კბილებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორ, განსხვავებული ბუნების მქონე ქიმიურ ელემენტს - კალციუმს და ფტორს. სტატიაში განხილულია მათი როლი ცოცხალი ორგანიზმებისათვის, კერძოდ კბილებისა და ძვლებისათვის; ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ ფტორის მოქმედებას კარიესის წინააღმდეგ; კბილის პასტების ტიპები; კბილის პასტების ქიმიური შედგენილობა. აღნიშნულია ასევე ადამიანისათვის კალციუმის შემცველი საკვების მიღების აუცილებლობა. მოყვანილია ზოგიერთ საკვებ პროდუქტში კალციუმის რაოდენობრივი შემცველობის მონაცემები.

საკვანძო სიტყვები: კალციუმი, ფთორი, კბილის პასტა, შედგენილობა, კარიესი, ჰიგიენა



უდავოა ის ფაქტი, რომ ადამიანის მომხიბვლელობასა და კარგ იმიჯს დიდად განსაზღვრავს მისი ღიმილი, რომელიც ძირითადად კბილების მდგომარეობაზე, მათ სიჯანსაღეზეა დამოკიდებული. თეთრი კბილები ჯანმრთელობის პირველი ნიშანია. ჯანმრთელი ღიმილი კი საოცრად მიმზიდველია. გარდა კოსმეტიკური ეფექტისა, კბილები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. სწორედ მათზეა დამოკიდებული საჭმლის გადამუშავებისა და მონელების უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომლის დარღვევასაც მოსდევს სხვა ორგანოებსა და სისტემებში პათოლოგიურ ცვლილებათა განვითარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კბილების მოვლას და მათ ჯანმრთელ მდგომარეობაში ყოფნას. უმრავლესობისათვის ალბათ უცნობია ის ფაქტი, რომ კბილებზე დროული ზრუნვისა და კარგი მოვლის პირობებში, შესაძლებელია კარიესის განვითარების ალბათობაშევამციროთ 80%-ით.

ამჟამად კბილის მოვლის მრავალი საშუალება არსებობს: სხვადასხვა პასტები, ჯაგრისები, სავლებები, საწმენდი ძაფები(ფლოსები) და სხვა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია კბილის პასტები. მაგრამ კბილებიც და კბილის მოვლის საშუალებებიც, ისე როგორც ყველა საგანი ჩვენს ირგვლივ, ხომ ქიმიასთან არის დაკავშირებული.

კალციუმი და ფთორი - ორი განსხვავებული ბუნების ქიმიური ელემენტი (ერთი აქტიური ლითონი, მეორე ყველაზე აქტიური არალითონი) ცოცხალი ორგანიზმებისთვის და განსაკუთრებით კბილებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტებია.

კალციუმი, პერიოდული სისტემის როგორც სხვა ტუტემიწა ლითონი, აქტიურობით გამოირჩევა. იგი ბუნებაში გავრცელებულია სხვადასხვა მინერალის სახით: კალციტის, დოლომიტის, ქლორაპატიტის, ფთორაპატიტის, მლღობი შპატის, ფოსფორიტის, თაბაშირის, მერგელის სახით. დედამიწის ქერქში კალციუმის შემცველობა 2.96 %-ს შეადგენს.

კალციუმს შეიცავს ადამიანისა და ცხოველების კბილები, ძვლები, კუნთები, ნერვიული ნერვული ქსოვილები, სისხლი. იგი საკმაო რაოდენობით ასევე გვხვდება ბუნებრივ წყლებსა და ნიადაგში. კალციუმის იონები აუცილებელია ცხოველური ორგანიზმების ძვლის ქსოვილის ჩამოყალიბებისა და სისხლის მიმოქცევის პროცესისათვის. კალციუმი მონაწილეობას იღებს სისხლის შედედების პროცესში და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში. კალციუმის იონების კონცენტრაციის შემცირება სისხლში იწვევს ძარღვების გადაფსკვნებს პათოლოგიას და კიდურების ტკივილს [1]. კალციუმის მარილების ხსნარები ამცირებენ ალერგიული მდგომარეობით გამოწვეულ ქავილს, ამიტომ იგი ანტიალერგიულ საშუალებებშიც გამოიყენება. ადამიანის ორგანიზმში კალციუმი საშუალოდ 1 კგ-მდე შედის. კალციუმის ნაერთებიდან მედიცინაში გამოყენებულია კალციუმის ქლორიდი CaCl2 და გამომწვარი თაბაშირი 2CaSO4• H2O ორთოპედიულ სტომატოლოგიაში და ქირურგიაში სახვევისათვის.

კალციუმის უმეტესი ნაწილი ადამიანის ორგანიზმში არის ჩონჩხსა და კბილებში ფოსფატების სახით. კბილის მინანქარი ადამიანის ორგანიზმში არსებული ყველაზე მაგარი ქსოვილია. იგი მთლიანად ფარავს კბილის გვირგვინოვან ნაწილს. მისი ასეთი სიმაგრე აიხსნება მინერალიზაციის ძლიერ მაღალი ხარისხით. კბილის მინანქარი ყველაზე ნაკლები ხარისხით შეიცავს წყალს. წყლის შემცველობა მასში საშუალოდ 4%-ია. დანარჩენი 96% მშრალი მასიდან, დაახლოებით 1,3 % მოდის ორგანულ ნაერთებზე, ხოლო ძირითადი ნაწილი კი არაორგანული ნაერთებია.

მინანქრის მინერალური საფუძველია ჰიდროქსიაპატიტის - Ca10 (PO4)6(OH)2 კრისტალები, რომლებიც მინანქარში 75 %-ია. მათთან ერთად გვხვდება კალციუმის ფოსფატიც, რომელიც რვა ატომ კალციუმს შეიცავს Ca8H2(PO4)6 . 5H2O. კბილი შეიცავს აპატიტისმაგვარ სხვა ნაერთებსაც, რომელთა შედგენილობა პირობითად ასე გამოისახება - A10(PO4)6 X2 , სადაც Aარის: Ca, Cr, Ba, ხოლო X- ანიონები [2].

ჰიდროქსიაპატიტის გარდა მინანქარში გვხვდება კარბონატ აპატიტი 19 %,ქლორაპატიტი 4.4 %, ფთორაპატიტი 0.66 % და 2 %-მდე სხვა არააპატიტური წარმოშობის მინერალური ნივთიერებები.ჰიდროქსიაპატიტში კალციუმის სხვა ელემენტებით (Ba , Mg, Cr) ჩანაცვლებამ შეიძლება კალციუმის ხვედრითი წილის შემცირება გამოიწვიოს. ეს კი კალციუმ-ფოსფორის ბალანსს შეამცირებს, რაც მინანქარის შემდგომი დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს [3].

ფთორი ჰალოგენია და ახასიათებს ყველაზე მაღალი ელექტროუარყოფითობა. იგი ყველაზე აქტიური, რეაქციისუნარიანი, და აგრესიული არალითონია. მისი ადგილი პერიოდულ სისტემაში ,,არალითონური თვისებების პოლუსია", რის გამოც ფთორი ძლიერ რეაქციისუნარიანია და თითქმის ყველა ელემენტთან წარმოქმნის ნაერთებს. ფთორის ნაერთების რაოდენობა ნიადაგში მეტია, ვიდრე მდინარეებსა და ოკეანეებში. წყალი, ზღვები და ოკეანეები ფთორს შეიცავენ იონების სახით. ფთორის საერთო რაოდენობა ბუნებაში 0.92 %-ს შეადგენს. მოიპოვება მინერალების: ფლუორიტის - CaF2 (ყაზახეთი, ტაჯიკეთი), კრიოლითის - AlF3 . 3NaF (გრენლანდია) სახით, არის აპატიტების შედგენილობაშიც [Ca3(PO4)2 .CaF2].

ფთორი ცოცხალ ორგანიზმებში შედის ძვლებსა და კბილებში, განსაკუთრებით მინანქარში, რომლის შედგენილობა დაახლოებით პასუხობს ფორმულას - Ca5F(PO4)3. ფთორს დიდი მნიშვნელობა აქვს კბილებისათვის, რადგან იგი ხელს უშლის კარიესის განვითარებას. ფთორის მოქმედებას კარიესის წინააღმდეგ განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: ფთორი ხელს უწყობს რემინერალიზაციის პროცესს - ნერწყვი, რომელიც ფთორს შეიცავს, გროვდება რა კარიესულ ზედაპირზე, მიიზიდავს სხვა მინერალებს (მაგ. კალციუმს), რაც ხელს უწყობს კბილის ქსოვილის მინერალური სტრუქტურის აღდგენის პროცესს. რემინერალიზაციის პროცესში ფთორის მონაწილეობით წარმოქმნილი მინერალი (ფთორაპატიტი Ca5(PO4)3F) უფრო მდგრადია, ვიდრე კბილის შედგენილობაში არსებული მინერალები (ჰიდროქსიაპატიტი Ca5(PO4)3OH და ნახშირმჟავა ჰიდროქსიაპატიტი); ფთორი ხელს უშლის ბაქტერიების მიერ შაქრის გადამუშავების პროცესს, შესაბამისად, იგი ამცირებს კბილის ნალექში არსებული ბაქტერიების მიერ მჟავების გამოყოფას და ამით კარიესულ პროცესს.

ყველა ასაკში კბილებისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა ფთორის ზომიერ დოზებში მოხმარება, ვინაიდან ფთორის ნაერთების ნაკლებობა ან სიჭარბე იწვევს კბილების დაავადებას. მისი დეფიციტის შემთხვევაში ვითარდება კარიესი, ხოლო სიჭარბისას ფლუორიზი (მოყვითალო ლაქები კბილის მინანქარზე).

კბილის პასტების შედგენილობაში ფთორი შეჰყავთ ფთორიდების სახით. ამ მიზნით ნებადართულია: ნატრიუმის ფთორიდის (NaF), კალას ფთორიდის (SnF2) და ნატრიუმის მონოფთორფოსფატის (Na2PO3F) გამოყენება [4]. კარიესის საწინააღმდეგო მოქმედებას კბილის პასტებში ფთორიდებთან ერთად განაპირობებს კალციუმის (კალციუმის გლიცეროფოსფატის) შემცველობაც. კბილის პასტა ფთორს უნდა შეიცავდეს საკმარისი, ეფექტური და უსაფრთხო რაოდენობით. ფთორის შემცველი კბილის პასტები უნდა გამოვიყენოთ დღეში 2-3-ჯერ, რათა ნერწყვში დაგროვდეს ფთორის საკმარისი რაოდენობა; მაგრამ საჭიროა სიფრთხილე - პასტის გადაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭის გაღიზიანება და სხვა დაავადებები. განსაკუთრებით ეს ეხება ბავშვებს, მათ სპეციალური საბავშვო პასტები უნდა გამოიყენონ.

კბილების შედგენილობაში შედის 0.02%-მდე ფთორი.იგი ორგანიზმში ხვდება სასმელი წყლიდან. ჩვეულებრივ 1 ტ წყალი შეიცავს 0.2 მგ-მდე ფთორს. იმ ადგილებში, სადაც დადგენილია ფთორის ნაკლებობა, ხდება წყლის ხელოვნურად ფთორირება - წყალში ფთორის მარილების დამატება. სტომატოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ქალაქის წყალმომარაგების პირობებში წყალში ფთორის შემცველობის მომატებით ქალაქის მაცხოვრებელებში კარიესის განვითარება შემცირდა 40 % და ზოგ შემთხვევებში 70 %-ითაც კი.

რა ნივთიერებები შედის კბილის პასტების შედგენილობაში?

მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ბრენდის ზუსტი ფორმულა კომერციული საკუთრების უფლებაა, კბილის პასტების უმეტესობა მსგავს ინგრედიენტებს შეიცავს5.

ფთორი ს მარილები - ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია კბილის პასტაში.

აბრაზიული ნივთიერებები - აძლევენ კბილის პასტას გასუფთავების უნარს. ისინი კბილებს აცილებენ ლაქებს და აპრიალებენ. აბრაზიული ნივთიერებები შეიცავენ კალციუმის ფოსფატებს, კალციუმის კარბონატს და კვარცს.

დეტერგენტები- კბილის პასტებისთვის მნიშვნელობანია სუსტი აქაფების უნარი. პირის ღრუში პასტა ქაფდება ჯაგრისის გამოყენებით. ქაფწარმომქმნელ ნაერთად ყველაზე ხშირად გამოიყენება ნატრიუმის ლაურილსულფონატი, იშვიათ შემთხვევებში კი - ნატრიუმის ლაურილფოსფატიც.

დამატენიანებელი ნივთიერებები კბილის პასტას აძლევენ სინოტივეს და ხელს უშლიან გაშრობას. დამატენიანებლებად გამოიყენება გლიცერინი, ქსილიტი. ეს უკანასკნელი ყველაზე ძლიერ დამატენიანებლად ითვლება.

შემასქელებლები განსაზღვრავენ კბილის პასტის კონსისტენციას. შემასქელებლად გამოიყენება კარაგენანი, ცელულოზა, ქსანტანი.

არომატიზატორები სურნელოვანი ნივთიერებებია და აუცილებელია ინგრიდიენტებია პასტის უსიამოვნო სუნის დასაფარავად.

დამცავი საშუალებები - ხელს უშლიან პასტაში მიკროორგანიზმების ზრდას და გამორიცხავენ კბილის პასტის გაყინვის საჭიროებას. კონსერვანტებად, როგორც წესი, იყენებენ ნატრიუმის ბენზოატს, მეთილის პარაბენს და ეთილის პარაბენს.

დამატკბობლები აუმჯობესებენ კბილის პასტის გემოს. მათი უმეტესობა ხელოვნურია. ხშირად გამოყენებულია საქარინი.

საღებრები ფერს აძლევენ კბილის პასტას. გამოიყენება მხოლოდ კვების საღებრები.

დანიშნულების მიხედვით არსებობს ორი ტიპის კბილის პასტა: ჰიგიენური და სამკურნალო-პროფილაქტიკური. პირველი მოწოდებულია მხოლოდ კბილების გასასუფთავებლად საკვების ნარჩენებისაგან და პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გასაქრობად. ასეთი პასტების გამოყენება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აქვს ჯანმრთელი კბილები და რეგულარულად აკითხავს სტომატოლოგს. კბილის პასტების უმრავლესობა მიეკუთვნება მეორე ტიპს - სამკურნალო-პროფილაქტიკური პასტების ჯგუფს. გარდა კბილის გასუფთავებისა, მათ დანიშნულებაში შედის კარიესისა და პაროდონტიტის გამომწვევი მიკროფლორის დათრუნგვა, კბილების მინანქარის რემინერალიზაცია, ანთებითი მოვლენების შემცირება პაროდონტის დაავადებების დროს, ასევე კბილების გათეთრება. ამ ჯგუფში არჩევენ: კარიესის საწინააღმდეგო პასტებს, რომლებიც შეიცავენ კალციუმსა და ფთორს; ანთების საწინააღმდეგო მოქმედების და მათეთრებელ პასტებს.

როგორ ისუფთავებდნენ კბილებს ჩვენი წინაპრები?

კბილების წმენდის გავრცელებული საშუალება იყო ხის ნაცრის ფხვნილი, რომელსაც იღებდნენ არყის ხის დაწვის შედეგად. ამ ფხვნილით გაწმენდის შემდეგ პირში წყალს კარგად ივლებდნენ და სურნელოვანი საპნით იბანდნენ. ძალიან სასარგებლოდ ითვლებოდა წიწვოვანი მცენარეების - ნაძვის, ფიჭვის და ა. შ. საღეჭი ფისი. მას იმარაგებდნენ შემოდგომით და ნაჭრის ტომსიკებში ან ხის ქერქის კოლოფებში ინახავდნენ. ფისს გასასუფთავებლად ათავსებდნენ წვრილხვრელებიან ფიცარზე, რომელიც ქოთანს ეხურა. ნედლი ფისი ხვრელებით ქოთანში ეწვეთებოდა, ჭუჭყი კი ზემოთ რჩებოდა.

წარსულში კბილების გაწმენდის მრავალი სხვა ხერხიც არსებობდა. ბევრს აოცებდა აფრიკული ტომის - ბერგდამების - კბილების თვალისმომჭრელი სითეთრე. როგორც აღმოჩნდა, ისინი საკმაოდ მარტივ და ხელმისაწვდომ საშუალებას იყენებდნენ - განუწყვეტლივ ღეჭავდნენ ტყავის პატარა ნაჭერს.

კბილების გასაწმენდად კარგია წიწვოვანი ხეების ტოტების კანიც. მას აცლიან, შემდეგ ერთი მხრიდან კარგად ჩეჩქვავენ მძიმე საგნით და ფუნჯს ამსგავსებენ (დაღეჭვაც შეიძლება). ასეთმა ფუნჯმა საველე პირობებში თავისუფლად შეიძლება შეცვალოს ჯაგრისიც და პასტაც.

უნდა აღინიშნოს, რომ კარიესის განვითარება ბევრად არის დამოკიდებული კვებაზეც.

საკვები აუცილებლად უნდა შეიცავდეს ცილებს, ცხიმებს,ნახშირწყლებს, ვიტამინებს და ელემენტებს. ამ უკანასკნელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალციუმი, რომელსაც შედარებით დიდი რაოდენობით შეიცავს რძის პროდუქტები,ხორცი, თევზი და ზოგიერთი მცენარეზე (ლობიო, ცერცვი და სხვ.).კალციუმზე მოთხოვნილება დამოკიდებულია ასაკზე. ზრდასრულთათვის დღეღამეში საჭირო ნორმაა 800-1000 მგ, ბავშვებისათვის კი დოზა 600-900 მგ.

ქვემოთ მოყვანილია ზოგიერთ საკვებ პროდუქტში კალციუმის შემცველობის მონაცემები:

რძე 3 %

100

კომბოსტო

60

გარგარის ჩირი

170

რძე 1 %

120

ნიახური

240

ქიშმიში

56

ხაჭო

95

ხახვი

60

ნუში

254

მდნარი ყველი

300

ლობიო

40

არაქისი

70

ყველი

600

ზეთის ხილი

77

გოგრის თესლი

60

არაჟანი

100

ჭვავის პური

60

მზესუმზირა

100

თხის ყველი

300

ხორბლის პური

30

შებოლილი ძვლიანი თევზი                                    

3000

იოგურტი

120

ფორთოხალი

35

სარდიანი ძვლით

350

დიეტ.იოგურტი

85

ვაშლის ჩირი

45

მოხარშული თევზი

20-30

მწვანე სალათი

83

ლეღვი

57

ძროხის ხორცი

10-30

მიუხედავად იმისა, რომ ექიმები გვირჩევენ წელიწადში რამდენჯერმე ჩავიტაროთ კბილების პროფესიონალური გაწმენდა, კარიესის პროფილაქტიკის ძირითად მეთოდად კვლავ რჩება ინდივიდუალური ჰიგიენა.

როგორც ჩანს, კალციუმი და ფთორი ფოსფორთან ერთად, მეტად მნიშვნელოვანი ბიოელემენტებია კბილებისათვის, რომელთა ჯანმრთელ მდგომარეობაში ყოფნა ასე აუცილებელია ადამიანის მომხიბვლელი ღიმილისათვის.

ლიტერატურა:

1. მარქარაშვილი ე. ქიმია და მედიცინა. სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურა ქიმიაში, 2012, წიგნი №2, 10.

2. Rivera ME, Vargas M 1997; Rotstein I, Zalkind M 1991; McEvay SA 1989.

3. კობახიძე გ. ანტიოქსიდაციური თერაპიის გავლენა კბილის მაგარ ქსოვილებზე ენდოგათეთრების შემდეგ. დისერტაცია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისი, 2006, 20-21.

4. http://www.medportal.ge/aqtualuri_tema/sasargeblo_rchevebi/kbilebi_rCevebi.htm

5. Toothpaste – Wikipedia.

6. www.calciumd3.ru

 

გამოქვეყნებულია: 04-04-2014