მერი ზანდუკელი

zandukeli.meko@yahoo.com





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:3, 29-29 გვ.

ქიმიის განვითარების ისტორია საქართველოში

მერი ზანდუკელი. ია შაშვიაშვილი

თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის სტუდენტი

რეზიუმე: დღეს, როდესაც ქიმიის როლი მსოფლიოში უფროდაუფრო იზრდება და მისი ცოდნა აუცილებელია თითქმის ყველა დარგის განვითარებისთვის. საინტერესოა, თუ საიდან იწყება ამ მეცნიერების ისტორია და როგორ ვითარდებოდა იგი საქართველოში სხვადასხვა პერიოდში.

საკვანძო სიტყვები: ალქიმია, ქიმიის განვითარება, ქიმიის სწავლება.

ქიმიის ისტორია უძველესი დროიდან იწყება, თუმცა თვითონ სიტყვა „ქიმია“ საიდან წარმოიშვა და როდის გამოიყენეს პირველად, რთული სათქმელია. ამაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, თუმცა დღემდე ვერ მოხერხდა საერთო აზრზე შეჯერება.

პერიოდიზაციას რომ მივყვეთ, ქიმიის ისტორიაში გამოიყოფა 6 პერიოდი:

1. წინაალქიმიური პერიოდი- III საუკუნემდე;

2. ალქიმიური პერიოდი –III-XVI საუკუნეები;

3. გაერთიანების პერიოდი XVII-XVIII საუკუნეები;

4. რაოდენობრივი კანონების პერიოდი-1789-1860 წწ.;

5. კლასიკური ქიმიის პერიოდი-1860-XIX საუკუნის ბოლო;

6. თანამედროვე ქიმია- XX საუკუნის დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე;

ალქიმია ადამიანთა ისტორიაში უძველესი დროიდან ჩნდება, იგი ჯერ კიდევ მაშინ ვითარდებოდა, სანამ მეცნიერები ატომს აღმოაჩენდნენ. მისი ერთადერთი მიზანი იყო, რომ ყველა მეტალი ოქროდ ექცია და ადამიანისთვის უკვდავება ებოძებინა. სამწუხაროდ, ალქიმიამ თავის მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა მისი მეშვეობით მოხერხდა ექსპერიმენტული ქიმიის ჩასახვა, ნივთიერებაზე ცოდნის დაგროვება და პირველი ქიმიური თეორიების შექმნა.

უკვე XVII-XVIII საუკუნეებში ქიმია მთლიანად განთავისუფლდა ელემენტებზე ნატურფილოსოფიური და ალქიმიური შეხედულებებისაგან. ასევე, ამ პერიოდში განვითარდა ექსპერიმენტული მეთოდების გამოყენება, ქიმიური მოვლენების შესწავლისათვის.

რაოდენობრივი კანონების პერიოდი XIX საუკუნის პირველ სამოც წელს მოიცავს და ხასიათდება ქიმიის გარდაქმნით ზუსტ მეცნიერებად, რომელიც დამყარებულია არა მარტო დაკვირვებაზე, არამედ გაზომვაზეც.

ამის შემდეგ, ანუ 1860 წლიდან იწყება კლასიკური ქიმიის პერიოდი, ამ დროს შეიქმნა ქიმიური ელემენტების პერიოდულობის სისტემა.

რაც შეეხება თანამედროვე ქიმიას, იგი დღემდე გრძელდება და ქიმიის ოქროს პერიოდი ეწოდება, რადგან საუკუნეზე ცოტა ხანში იქნა შემუშავებული ელემენტების პერიოდული კლასიფიკაცია და ვალენტობაზე წარმოდგენა.

ქიმია, როგორც უკვე აღვნიშნე, ანტიკური პერიოდიდან წარმოიშვა, იგი არამხოლოდ აღმოსავლეთში, ისლამურ დასავლეთშიც საკმაოდ მაღალი ტემპებით ვითარდებოდა.

კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოშიც საკმაოდ ადრეულ ხანაში დაიწყო ალქიმიის განვითარება. საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნმა სხვადასხვა ისტორიულმა ძეგლებმა ცხადყო, რომ ჩვენმა წინაპრებმა კულტურული განვითარების ხანგრძლივი პროცესი გაიარა: პალეოლითი, ნეოლითი, ენეოლითი, ბრინჯაოს ადრინდელი, საშუალო, გვიანი პერიოდები, რკინის დამუშავება და სხვ. კულტურის ასეთი მიმდევრობა მაუწყებელია რომ აქ ყოველთვის ერთიდაიგივე ტომი ცხოვრობდა, დაწყებული III ათასწლეულიდან.

განვიხილოთ თითოეული განვითარების ეტაპი სათითაოდ:

პალეოლითი–იგივე ძველი ქვის ხანა. დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილია ამ პერიოდის ძეგლები და იარაღები. შავი ზღვის სანაპიროზე აშელის არსებობა მიუთითებს ქვედა პალეოლითის პერიოდის მანძილზე ამ ტერიტორიაზე ადამიანთა ცხოვრებას.

ნეოლოთი–ახალი ქვის ხანა. ამ დროიდან იცვლება ქვის იარაღების დამზადების ტექნიკა. იწყება მიწათმოქმედების და მესაქონლეობის ჩასახვა. მნიშვნელოვანი პროგრესია მეთუნეობა, თიხის გამოწვა. ამან ადამიანს საშუალება მისცა კერძი დაემზადებინა და შეენახა.

კერამიკულ რკინებზე წარწერები მიგვითითებს, რომ ქართველებმა შორეულ წარსულში იცოდნენ ფიზიკურ–ქიმიური პროცესების გამოყენება.

ენეოლითი–სპილენძისა და მისი დამუშავების პერიოდია. საქართველოში იგი იწყება ძვ.წ. IV-V ათასწლეულში, რასაც ადასტურებს აფხაზეთისა და დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური მონაპოვარი.

ამავე პერიოდში დაიწყო ფიზიკური და ქიმიური თვისებების შეცნობა და მათი პრაქტიკული გამოყენება. საქართველო ითვლება მეტალურგიული კულტურის უძველეს კერად.

ბრინჯაოს ხანა–ადრინდელი პერიოდის მონაპოვარი მოწმობს ლითონის დამუშავებას და მეტალურგიის მაღალგანვითარებას საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში, ადრინდელი ბრინჯაოს დამუშავებას ხელი შეუწყო სპილენძის მადნების არსებობამ.

ქიმიის თვალსაზრისით, ბრინჯაოს პერიოდში საყურადღებოა მინარევების პროპორცია, ბრინჯაოს თვისებების გაუმჯობესებისათვის. ამ დროს დადგინდა მინარევთა (კალის, ანტიმონის, ტყვიის) გარკვეული პროპორციები. შემუშავდა თავისებური რეცეპტი და რეჟიმი შენადნობის მისაღებად.

რკინის ხანა–საყოველთაოდ ცნობილია ქართული ტომების როლი რკინის დამუშავებაში, რასაც ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიაზე რკინის მადნების არსებობამ. მისი გამოყენებით ამზადებდნენ სხვადასხვა იარაღს თავდაცვისა თუ სხვა მიზნით. როგორც ცნობილია, ბერძნებმა სწორედ ქართველებისგან გადაიღეს რკინის დამუშავების წესები.

უკანასკნელ წლებში, დასავლეთ საქართველოში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა კვლევებმა გამოავლინა ძვ.წ. VI-IV ს–ით დათარიღებული მეტად ღირებული მასალა, ისეთი დარგების დასახასიათებლად, როგორიცაა კერამიკული წარმოება, რკინის დამუშავება და ოქრომჭედლობა.

საქართველოში ოქროს მოპოვების და დამუშავების ისტორიას ბერძნული წყაროებიც ადასტურებენ. მაგ: სტრაბონის ცნობით, „კოლხეთში მდინარეებს ჩამოჰქონდათ ოქრო, რასაც დახვრეტილი ვარცლებითა და ტყავებით აგროვებდნენ“. სწორედ აქედან მომდინარეობს მითი „ოქროს საწმისის“ შესახებ.

არქეოლოგიურმა გათხრებმა საქართველოს ტერიტორიაზე მინის დამუშავების ტრადიციაც დაადასტურა. აქ აღმოაჩინეს არამარტო მინის ჭურჭელი, არამედ მინის საწარმოებიც. მინა ძველ საქართველოში ძირითადად ჭურჭლის, ასევე სამკაულების დასამზადებლად გამოიყენებოდა. ქართულ მასალის მხრივ (თიხა, ლითონი, ხე, ქვა და სხვა) მრავალფეროვან ჭურჭელს შორის მინას ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უკავია. თანდათან იზრდებოდა მინის ნაწარმზე მოთხოვნა და მინა დროთა განმავლობაში ფუფუნების საგნიდან ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ნივთად იქცა. აღმოჩენილი მასალა I-XVIII საუკუნის პერიოდს განეკუთვნება.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ დღემდე სათანადოდ არ არის შესწავლილი რიგ ადგილებში აღმოჩენილი მინის ჭურჭელი.

ქიმიის სწავლება საქართველოში ვახტანგ VI-ის პერიოდიდან იწყება, მართალია მანამდეც ისწავლებოდა მეცნიერების სხვადასხვა დარგი, თუმცა XVIII საუკუნე დიდად ნაყოფიერია მეცნიერების განვითარების მხრივ, რაც სწორედ ვახტანგ მეფის დამსახურებაა. მას შეუდგენია „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა“, იგი თვითონაც აწარმოებდა ქიმიურ ცდებს. ამავე სახელმძღვანელოზე უმუშავია ვახუშტი ბატონიშვილსაც, რომელსაც მისთვის ფიზიკისა და ქიმიის დარგში ცდების საწარმოებლად მაშინ ხმარებულ ხელსაწყოთა ზოგიერთი ნახაზი დაურთავს“.

ქიმიის განვითარება და შესწავლა დღესაც მიმდინარეობს საქართველოში, აქ უამრავი პროფესიონალი ქიმიკოსია და ცდილობს თავისი ცოდნა გადასცეს თაობებს სხვადასხვა გზით. ქართულ უნივერსიტეტებში კვლავაც აქტიურად ისწავლება ქიმია და შეიძლება ითქვას, ამ სფეროში თანდათან წინ მივდივართ.

დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთდ, ქიმიის სფეროში სპეციალისტთა მომზადებისა თუ გადამზადების გარკვეული მიმართულებები ჩამოყალიბდა. ასევე, შეიცვალა ქიმიური მრეწველობის სტრუქტურაც, გაიზარდა სხვა რესურსების როლი (პოლიმეტალები, კირქვები, მინერალური, წყლები, სასოფლო, სამეურნეო პროდუქცია, მოწინავე ტექნოლოგიები). სრულიად შეიცვალა მოთხოვნილება ქიმიკოსის კომპეტენციებთან მიმართებაში. სხვადასხვა საჯარო და კერძო სამართლის ორგანიზაციებს ესაჭიროებათ ქიმიკოსები მათი საქმიანობის სრულყოფილი წარმართვისათვის. ეს ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოების ცხოვრებაში და ეკონომიკურ განვითარებაში. ისინი უზრუნველყოფენ საზოგადოებას საჭირო მასალებით, მედიკამენტებით, საკვები პროდუქტებით და მომსახურებით.

თუმცა, ამის მიუხედავად მაინც არის რიგი პრობლემები ამ სფეროში, რამაც შეიძლება შეაფერხოს განვითარება. პირველ რიგში, ეს არის დანადგარების და აპარატურის სიძვირე, რაც ართულებს ექსპერიმენტების ჩატარებას და შედეგების მიღებას. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია საქართველოს მსგავსი პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის. ამის მიუხედავად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი კეთდება ამ დარგის განვითარებისთვის.

ლიტერატურა:

1.რ. გახოკიძე–ქიმიის ისტორიული განვითარების ძირითადი მომენტები: ქიმია ანტიკურ სამყაროში. ქიმიის ცოდნის ელემენტების ჩასახვა ძველ საქართველოში. 1975 წ. [4ა] გვ 27–33. [4ბ] გვ 28–34.

2. ლელა ჩხარტიშვილი. საქართველო მინის მწარმოებელი ერთ–ერთი უპირველესი ქვეყანაა. სტატიის ჟურნალი „კარიბჭე“. 2007 წ. http://karibche.ambebi.ge/qristianuli-ckhovreba/qristianuli-khelovneba/2206-saqarthvelo-minis-mtsarmoebeli-erth-erthi-upirvelesi-qveyanaa.html

 

გამოქვეყნებულია: 15-02-2019